"მე უკვე ვეღარ ჩამოვდივარ საქართველოში..."
font-large font-small
"მე უკვე ვეღარ ჩამოვდივარ საქართველოში..."
ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ამერიკაში ქართულ საქმეს აკეთებს

"ამერიკაში საქართველოს დღეების დაარსება უკვე ისტორიაა. დღეს, თუნდაც რაიმე მომივიდეს, წყნარად შემიძლია იმ ქვეყნად წასვლა. როგორც ყველა, მეც იმას მივიღებ უფლისგან, რაც დავიმსახურე. აბა, 23 წლის წინ, ჯიბეში 132 დოლარით ამხელა კონტინენტს ტყუილად ხომ არ გადმოვუფრინე, ამერიკაში ცხოვრება ნულიდან რომ დამეწყო", - ამბობს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ქველმოქმედი, ქალბატონი დიანა ბაგრატიონი, რომელიც წლებია, ძალიან მნიშვნელოვან ქართულ და მსოფლიო მასშტაბის საქმეებს აკეთებს.


ის და მისი მეუღლე პროფესიონალი პროდიუსერები არიან და მსოფლიოს ვარსკვლავებთან მუშაობენ, მათ შორის - ბარბრა სტრეიზანდთან, როდ სტიუართთან, უკრაინისა და რუსეთის შოუბიზნესის წარმომადგენლებთან და ა.შ. მაგრამ კომერციული საქმიანობის პარალელურად, მათ თითქმის თორმეტი წლის წინ დააარსეს საქველმოქმედო ორგანიზაცია - "დიანა ბაგრატიონის ფონდი", რომელიც მრავალ ღონისძიებას აწყობს და შემოსული თანხით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება, თანაც - არა მარტო საქართველოში, იაშვილის ცენტრში, არამედ - ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ეროვნების, რელიგიისა და კანის ფერის განურჩევლად. გვარი "ბაგრატიონიც" უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის თხოვნით, საგანგებოდ ამ ფონდისთვის აიღო ქალბატონმა დიანამ - მას ბებია ჰყავდა ბაგრატიონი. "ზოგიერთი მეუბნება, მთელი მსოფლიოს ბავშვებს ხომ ვერ გადაარჩენო, მაგრამ... თითო პროექტიდან თითო ბავშვიც რომ გადავარჩინო, ესეც ხომ უდიდესი საქმეა? ეს ჩემთვის ჟანგბადის ტოლფასია და სხვაგვარად ვერაფრით ვიცხოვრებ", - ამბობს ქალბატონი დიანა.

- 34-35 წლის ვიყავი, ამერიკაში სამუშაოდ რომ წამოვედი. მანამდე კი... თბილისში, "პლეხანოვზე", სუნდუკიანის #11-ში ვცხოვრობდი, იტალიურ ეზოში. სპეციალობით მუსიკოსი ვარ, მე-4 მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე ფრიადზე, ფორტეპიანოს კლასში თავად ქსენია ჯიქიას მოსწავლე ვიყავი, სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალს დიზი ხელაშვილი მასწავლიდა. დედაც მუსიკოსია, დამსახურებული პედაგოგი სვეტა გიგაური და დღესაც, 80 წლის ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის. მამა - ირაკლი გიგაური და ბიძა - ნოდარ გიგაური ცნობილი კომპოზიტორები იყვნენ. მამას სიმღერებს დღესაც ბევრი მღერის - "პაპანაქება ზაფხულში", "მე ვარ თამადა" და სხვა. იგი ნუგზარ ფოფხაძის დროს ტელევიზიაში მუშაობდა. მეც იქ, მუსიკალურ რედაქციაში ვმუშაობდი. ვაჟა აზარაშვილის ხელში გავიზარდე. მე და მერაბ სეფაშვილი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მამაჩემის შვილს რომ არ მემღერა, წარმოუდგენელი იყო. 1984 წლიდან სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი ვიყავი და სცენაზეც იმ პერიოდის ვარსკვლავებთან ერთად გამოვდიოდი...
- ამერიკაში როგორ აღმოჩნდით?
- პირველი მეუღლე გვარად ისაკაძე მყავდა და მასთან ტყუპი ქალ-ვაჟი - ირაკლი და ლანგა შემეძინა. სამწუხაროდ, ერთად ცხოვრება ვერ ავაწყვეთ და დავცილდით. 90-იანი წლები იყო, ცხოვრება ჭირდა, ბავშვები ფეხზე უნდა დამეყენებინა და წასვლაც ამიტომ გადავწყვიტე. არც გამძნელებია, რადგან მსახიობ-მომღერლების კუთხით ფილარმონიის დირექტორმა, ბატონმა მერაბ დონაძემ ისეთი წერილობითი დახასიათება მომცა, აშკარად გაჭრა. შვილები დედას ჩავაბარე და ნიუ-იორკში გამოვფრინდი. სტუდიოს ტიპის ოთახში 4 ქართველი გოგონა ვცხოვრობდით. ბრუკლინში, იმხანად არსებულ ერთადერთ ქართულ რესტორან "თბილისში" საკუთარი რეპერტუარით მივედი და სამსახურში იოლად მიმიღეს. ერთ დღეს "თბილისში" ვმუშაობდი, მეორე დღეს - ბრაიტონზე, რესტორან "ნაციონალში", დანარჩენ დღეებში კი - მოხუცებულ ქალთან. ორთოდოქს ებრაელს ვუვლიდი და საკმაოდ მძიმე სამუშაო მქონდა - სამსართულიან სახლს მუხლებზე დაჩოქილი, ხელით ვხეხავდი. მერე კი ჩემს ცხოვრებაში საოცრება მოხდა... 1989 წელს, ფილარმონიაში მუშაობისას, მოსკოვში კონცერტებზე ბევრ კოლეგას დავუმეგობრდი და მათ შორის იყო ვალერი კურტეი (Vალერი Kოურტეყ), ცნობილი პროდიუსერი და მოსკოვის ცნობილი ჯგუფის - "ლიუბეს" იმჟამინდელი დირექტორი. ვალერი სანახევროდ უკრაინელია, სანახევროდ - ფრანგი, მაგრამ მოსკოვში გაიზარდა. ერთ საღამოს, ბრუკლინის "თბილისში" მუშაობისას, ქაღალდის ნაგლეჯი გადმომცეს: მე-4 მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს ჩემთან გასაუბრება უნდოდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ მივედი და... სწორედ ის ვალერი დამხვდა. თურმე ჩემზე ადრე ჩამოსულა ამერიკაში და ამდენი წლის შემდეგ, შემოსვლისთანავე ვუცნივარ. რასაკვირველია, მეც ვიცანი. ძალიან გავიხარეთ და მეგობრობაც გავაგრძელეთ. ვალერი უკვე ამერიკის მოქალაქეც იყო და იმხანად 11 სექტემბერს დანგრეულ ერთ-ერთ ცათამბჯენში, პროგრამისტად მუშაობდა. კვირაობით მართლმადიდებლურ ეკლესიაში მასთან ერთად დავიწყე სიარული. ოჯახი არც მას ჰყავდა და რამდენიმე თვეში შემომთავაზა, დავქორწინდეთ, შვილი გამიჩინეო. უარს რატომ ვეტყოდი, ყოველთვის ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ცოცხალი ენციკლოპედია, სიტყვის კაცი და ეკლესიით დაწყებული, სულიერადაც ბევრი რამ გვაერთიანებდა. მოკლედ, ხელიც მოვაწერეთ და ჯვარიც დავიწერეთ. ცოტა ხანში ჩემი ტყუპიც ჩამოვიყვანეთ და 14 წლიდან ვალერიმ გაზარდა, გზაზე დააყენა. ჩემი ქალ-ვაჟი მას "მამას" ეძახის. მალე საერთო შვილიც შეგვეძინა - მიხეილი. ჩემი ვაჟკაცი დღეს 20 წლისაა, მსოფლიოს საუკეთესო, კოლუმბიის უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტზე სწავლობს და თან საღამოობით მაღაზიაში მუშაობს. შრომას 13 წლიდან შევაჩვიე. ორმეტრიანი ბიჭია და ქართულ ღონისძიებებზე სულ ჩოხით დადის. ქალ-ვაჟი კი უკვე 32 წლისანი არიან. ირაკლიმ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მეორე პროფესიად კი პროგრამისტობა აირჩია, არ დაოჯახებულა და სხვათა შორის, ფიქრობს, ცოლად ქართველი გოგონა შეირთოს. ლანგა წარმატებული დიზაინერ-სტილისტია, თუმცა დღესდღეობით შვილებს ზრდის. შაბათობით ჩვენთან ვიკრიბებით, სადილს ერთად ვამზადებთ და ბევრს ვსაუბრობთ.
GzaPress
- ამერიკაში ბევრ ქართულ საქმეს აკეთებთ. საქართველო-ამერიკის დღეებიც კი დააარსეთ...
- ამისთვის სამი წელიწადი დამჭირდა. მახსოვს, პირველი "თბილისობის" მოწყობაში ამერიკაში არსებული ქართული კულტურის სახლს - "ფესვებს" დავეხმარე - ამერიკელი კონგრესმენები, ჟურნალისტები მოვიწვიე, სხვა ქვეყნების შემსრულებლები ჩამოვუყვანე, ტექნიკური პრობლემები გადავუჭერი, მაგრამ მერე დავფიქრდი, რომ ეს უფრო თბილისის ზეიმი იყო, რადგან ამერიკაში არა მარტო თბილისელი, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. აქ აჯობებდა, საქართველოსა და ამერიკის დღეები მომეწყო. რადგან ვთქვი, უნდა გამეკეთებინა კიდეც. "დიანა ბაგრატიონის ფონდის" სახელით სად აღარ შევიტანე განაცხადი - ამერიკის სენატში, კონგრესში, პასუხი კი მხოლოდ 3 წლის შემდეგ მივიღე... 2019 წლის 27 მარტს, ერთდროულად ინფარქტისა და ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში აღმოვჩნდი - ვერც ვლაპარაკობდი და ვერც ვინძრეოდი, მაგრამ... არ მოვკვდი და ეს მხოლოდ უფლის წყალობა იყო. ერთ თვეში კი, სწორედ საავადმყოფოში ყოფნისას, მომივიდა წერილი: გთხოვთ, გამოცხადდეთ ნიუ-იორკის მერიაში, საქართველოს დღეებთან დაკავშირებით დასტური გაქვთო. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდი? რამდენ ხანს ველოდი ამ დღეს, მე კი ძლივს ვლაპარაკობდი და ვერ დავდიოდი! ამ მომენტში ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ნიკა ჩხეიძე ამომიდგა მხარში. სამ შვილსა და ორ შვილიშვილს გეფიცებით, სიხარულისგან მგონი, სასწრაფოდ გამოვკეთდი, ლაპარაკიც დავიწყე. მერიაში ჩემი მეუღლისა და სიარულისას დამხმარე ლითონის ე.წ. უოლკერის მეშვეობით მივედი. დღეც დაითქვა - საქართველოს დღეები 2019 წლის სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო. ნიუ-იორკის შტატში საქართველოს განსაკუთრებით დიდი ემიგრაცია გვყავს და ღონისძიებაც ღირსეულ ადგილას უნდა მოგვეწყო, ამიტომ ქალაქის მერია შევარჩიეთ, ისტორიული ადგილი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ამერიკის მოქალაქეობას იღებს. იქვე დავდგით 1.76-მეტრიანი ძეგლი, რომელიც უფასოდ გააკეთა ქართველმა მოქანდაკემ - ქართველი და ამერიკელი სიყვარულით უყურებენ ერთმანეთს და ართმევენ ხელს, მათ შორის მეგობრობის ხიდია. ქართველს აცვია ჩოხა, ამერიკელს კი - ემპაირ სტეიტ ბილდინგის ტანსაცმელი. ქართველი ამერიკელზე ოდნავ დაბალია, განა იმიტომ, რომ ამერიკაზე დაბლა ვდგავართ, პირიქით, ვფიქრობ, ბევრი რამით უფრო მაღლაც ვართ. მოქანდაკეს ვთხოვე, ქართველისთვის თავზე პატარა ჩიტი დაესვა, თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ და სწორედ ამ ჩიტით სიმაღლეში გავათანასწორე ქართველი და ამერიკელი... ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას თხოვნით, ფილადელფიიდან წამოვიყვანე ახალშექმნილი ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფი, რომელსაც ემიგრანტი ქართველი ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობდა. საქართველოს დღეებზე მათ ცეკვა "ქართულის" სოლო შევასრულებინე, მათმა ცეკვამ კი მთელი დარბაზი, სადაც ჩვენი დიასპორას წარმომადგენლების გარდა, უამრავი ამერიკელი მყავდა მოწვეული, ფეხზე დააყენა. ჩემი მიზანიც ხომ ის არის, რომ ქართული კულტურა ამერიკელ საზოგადოებას კარგად გავაცნო. აბა, მარტო ომითა და არეულობებით ხომ არ უნდა გვიცნობდნენ?! ერთადერთი სამწუხარო ის იყო, რომ მიუხედავად ოფიციალური მოწვევისა, ამერიკაში მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიდან ვერავინ მოახერხა, საქართველო-ამერიკის დღეებს დასწრებოდა; დღესასწაულს, რომელსაც ამერიკის კონგრესისა და სენატის ბევრი წარმომადგენელი სიამოვნებით დაესწრო.
სხვათა შორის, მანამდე ამერიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით, საქართველო-ისრაელის დღეებიც "დიანა ბაგრატიონის ფონდმა" მოაწყო, ჩვენი ერების 26-საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნავად. მაშინ საქართველოდან ჯგუფი "ალილო" ჩამოვიყვანე, ქართული ეკლესიის წარმომადგენლებიც ჩამობრძანდნენ. ხელოვნების წყალობით, მთელი საქართველო გავაცანით გადაჭედილ დარბაზს, საღამო კი სცენაზე შესრულებული "ჩემო კარგო ქვეყანათი" დავასრულეთ - ქართველ მეუფესა და მღვდლებთან, ებრაელ რაბინებთან, ასევე, საერო პირებთან ერთად მეც ვიმღერე. სიმღერამ სასწაული ემოცია მოიტანა. საოცარი არ არის მისი სიტყვები? - "ჯერ კიდევ რა დროიდან ელის სიმშვიდეს ჩვენი საქართველო!.. ყოველ არასამთავრობო კონცერტს ამ სიმღერით" ვამთავრებ და მუდამ ვფიქრობ, ნეტავ ჩემს ქვეყანას ოდესმე მაინც ეღირსება სიმშვიდე (აქ კი ქალბატონ დიანას ხმა გაებზარა და ვიგრძენი, ატირდა. - ავტ.)? საქართველო, რომელიც დედამიწის რუკაზე წერტილად მოჩანს, სინამდვილეში, ძალიან დიდი ქვეყანაა. ვნატრობ, რომ რაც უნდა იცვლებოდეს პოლიტიკაში, ამერიკასა თუ სხვა უცხო ქვეყანაში ჩასულმა და ჩემ მსგავსად მეტ-ნაკლებად წარმატებულმა ყოველმა ქართველმა რაიმეთი აუცილებლად ასახელოს თავისი ქვეყანა.
მე უკვე ვეღარ ჩამოვდივარ საქართველოში. სამწუხაროდ, ხერხემალზე სიმსივნე მაქვს და მან თირკმელიც ჩაითრია, ცალი ამომიღეს კიდეც, ამას დიაბეტიც დაერთო, გულიც დამიზიანდა, ამიტომ ექიმები 14-საათიან ფრენასაც კი კატეგორიულად მიკრძალავენ. მაგრამ მთელი არსებით მაინც ჩემს ქვეყანაში ვარ და ვიდრე პირში სული მიდგას, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მჯერა, ოდესმე დაგვიდგება დრო და ყველა ემიგრანტი დავუბრუნდებით სამშობლოს, ჩვენს მიწა-წყალს. პირადად მე, როდესაც ინფარქტი და ინსულტი დამემართა, ნიკა ჩხეიძეს ვუთხარი, - რომ მოვკვდე, ძალიან გთხოვ, კუბოთი წაყვანა თუ ვერ მოხერხდება, ფერფლად მაქციეთ, ის ფერფლი საქართველოში ჩაიტანე და ზემოდან მიმოფანტე ისე, რომ მთელ საქართველოს ჩავეხუტო, ან თუ დასაფლავებას მოინდომებთ, ამერიკაში არ დამტოვოთ, საქართველოს მიწაზე დამასაფლავეთ-მეთქი...

P.S. ქალბატონ დიანას კვლავ ცრემლებმა შეაწყვეტინა ლაპარაკი და მეც მეტად აღარ შევაწუხე. მას უპირველესად ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ და ცხადია, თავის სანატრელ საქართველოში დაბრუნებას.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.