უჩვეულო ისტორიები ქორწინების სახლიდან
font-large font-small
უჩვეულო ისტორიები ქორწინების სახლიდან
როგორ დააქორწინეს ქართველებმა "სოფი ლორენი"?

ოდესმე გიოცნებიათ, რომ ქორწინების სახლში გემუშავათ? - ალბათ, არასოდეს. ამაზე არც ჩვენს სტუმარს უფიქრია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მთაწმინდის პარკში გახსნილი ქორწინების სახლის მენეჯერი გახდა, თავისი საქმე ძალიან შეიყვარა და 10 წელია, ერთგულად ემსახურება ბედნიერ წყვილებს. ეს სიმპათიური ქალბატონი ჩვენი ყოფილი კოლეგა - ნატა გოგოლიძეა.


- პროფესიით ჟურნალისტი ვარ და რამდენიმე ტელევიზიაში ვმუშაობდი - ჯერ პირველ არხზე, მერე - "თამარიონში", შემდეგ კი - "იბერვიზიაში". ბუნებით ოპტიმისტი, ხალისიანი ადამიანი ვარ და რატომღაც ტელევიზიაში ყოველთვის პოზიტიური, სასიამოვნო ამბების გაშუქება მიწევდა. ქორწილებთან შეხება არასოდეს მქონია, მაგრამ 2009 წელს, ბადრი პატარკაციშვილის თაოსნობით მთაწმინდის პარკი გაიხსნა. მისი სურვილი იყო, ამ მშვენიერ პარკში ქორწინების სახლიც ყოფილიყო. სწორედ იმ დროიდან ვმუშაობ აქ მენეჯერად. ჩემს მოვალეობაში ქორწილის და ხელის მოწერის ორგანიზება და წყვილებისთვის სარიტუალო პაკეტების შერჩევა შედის. ყველაფერს თავიდანვე ვათანხმებთ, ქორწილის დღე რომ მათთვის დაუვიწყარი იყოს. ისინიც მოდიან და თავიანთ იდეებს გვიზიარებენ, ჩვენთან ერთად ცდილობენ საქორწინო რიტუალის გალამაზებას.
- მაინც, რა შედის სარიტუალო პაკეტში?
- მუსიკა და შამპანური ნებისმიერ პაკეტში შედის, დამატებით მომსახურებაში კი, წითელი ხალიჩა, ცოცხალი მუსიკა და სხვა შეთავაზებებიც გვაქვს. წყვილებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგან, ძალიან ლამაზ, სასიამოვნო გარემოს ვახვედრებთ. ყველამ იცის, რომ მთაწმინდის პარკი ისედაც ძალზე ლამაზია, საოცარი ლანდშაფტი და ულამაზესი ხედები ამშვენებს და ამას სასიამოვნო რიტუალიც ემატება. ალბათ ამის ბრალია, რომ ბევრი უცხოელი მოდის და სურვილს გამოთქვამს, ხელი ჩვენს ქორწინების სახლში მოაწეროს.
- ალბათ ბევრი დაუვიწყარი, სასიამოვნო რიტუალის მოწმე ხართ...
- რასაკვირველია. ათი წელია, რაც აქ ვმუშაობ და აღარც კი მახსოვს, რამდენი ქორწილის მოწმე ვყოფილვარ. მათ შორის გამორჩეული და დაუვიწყარი ქორწილებიც იყო. ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ერთი წყვილი, რომელსაც ცერემონიალის დროს ძალიან ლამაზი, პატარა ძაღლი ახლდა. თურმე, ეს ძაღლი ბიჭმა გოგონას შეყვარებულობის პერიოდში აჩუქა. გოგონამ ისე გაწვრთნა, რომ თითქმის ყველაფერს უჯერებდა. ქორწილში ისიც სადღესასწაულო კაბაში იყო გამოწყობილი და სიძე-პატარძალს წინ მიუძღოდა, კბილებით ლამაზი თაიგული ეჭირა და მაყრიონს ამაყად მიჰყვებოდა. ამ პატარა, საყვარელმა არსებამ თავისი "როლი" ისე კარგად ითამაშა, რომ ალბათ, ვერც ერთი ადამიანი ვერ აჯობებდა.
GzaPress
- ხუმრობთ ხოლმე, რომ სოფი ლორენიც კი დააქორწინეთ... ეს როგორ მოხდა?
- ეს წყვილიც არ მავიწყდება: უცხოელები იყვნენ და ქორწილამდე ერთი თვით ადრე მოგვაკითხეს. 50 წლის ქალბატონი იყო, საოცრად ელეგანტური და ეშხიანი, თანაც, იმდენად ჰგავდა სოფო ლორენს, დარბაზში პირველად რომ შემოვიდა, გავოგნდი და დავიბენი - ნამდვილად მსახიობი მეგონა. რუსი ებრაელები იყვნენ. მთელი ერთი თვე ვარჩევდით, რა როგორ უნდა ყოფილიყო, ლამის, სრული პაკეტი შეგვიკვეთეს. მოვიდა ქორწილის დღეც. წყვილს წითელი ხალიჩა ჰქონდა შეკვეთილი, რომელიც ქორწინების სახლამდე მისასვლელ ბილიკზე უნდა ყოფილიყო დაგებული. ჩვენი თანამშრომელი - ბატონი თამაზი ხალიჩას რომ აგებდა, ტურისტების ჯგუფი მიუახლოვდა და ჰკითხა, - ვისთვის აგებთ ამ ხალიჩასო? იმასაც ნანახი ჰყავდა ეს ქალბატონი, აღფრთოვანებას ვერ მალავდა და გაიხუმრა, - სოფი ლორენი უნდა დავაქორწინოთო. ამას ისიც დაერთო, რომ ერთი თვით ადრე სოფი ლორენი მართლაც თბილისში იყო და ტურისტებმაც დაიჯერეს. საქორწინო რიტუალის დრო ახლოვდება, ფანჯრიდან გავიხედე და რას ვხედავ: ეს ჩვენი წყვილი ქორწინების სახლს უახლოვდება, ტურისტების ჯგუფი გაზრდილა და შემოსასვლელთან უამრავი ხალხი მოგროვილა, რომ "სოფი ლორენს" შეხვდეს და მასთან ფოტოები გადაიღოს... ასეც მოხდა, ყველა ამ ქალბატონს შემოეხვია, ოვაციები გაუმართეს და სურათები გადაუღეს. ულამაზესი თეთრი კოსტიუმი და ქვედაბოლო ეცვა, ისეთივე ლამაზი აღნაგობა ჰქონდა, როგორიც სოფი ლორენს და თავზეც ულამაზესი შლაპა ეხურა. ხალხის ნაკადი რომ გაიზარდა, ბატონი თამაზი დაიბნა და ძახილი დაიწყო: არ არის ეს სოფი ლორენი, უბრალოდ, გავიხუმრეო...
- თავად "სოფი ლორენს" როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ამბავზე?
- მას საერთოდ არ გაჰკვირვებია: ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარო, გვითხრა. ბევრს ვმოგზაურობ და როცა სადმე ჩავალ, ბევრი მთხოვს ავტოგრაფსაც და ფოტოს გადაღებასაცო. ამ ქორწილში კარგად ვიხალისეთ. უნდა გენახათ, ყველა როგორი აღფრთოვანებით შესცქეროდა ლორენის ორეულს. ცერემონიალი ოვაციების და ჟრიამულის ფონზე ჩავატარეთ.
- ალბათ, შვილის არჩევანით უკმაყოფილო დედებიც გყოლიათ.
- ჩვენამდე რომ მოვლენ, უკვე ყველაფერი გარკვეული აქვთ და მომავალი სიდედრები თუ დედამათილები არაფერს იმჩნევენ, მაგრამ ერთი ასეთი შემთხვევა მაინც გვქონდა: ქართველი გოგონა დავაქორწინეთ შრილანკელზე. ბიჭი ფერადკანიანი იყო. სასწავლო პროგრამით გაუცნიათ ერთმანეთი უცხოეთში. გოგონა მეგრელი იყო, ხობის რაიონიდან. აშკარად ეტყობოდა, რომ ყურებამდე შეყვარებული გახლდათ თავის საქმროზე, მისი დედა კი ცრემლებს ღვრიდა. ყველანი ვამშვიდებდით, მაგრამ ერთ ნახვად ღირდა, როგორ ამშვიდებდა სიდედრს ახალგამომცხვარი სიძე მეგრულად... მეგრული უკვე იცოდა და იმდენი მოახერხა, რომ სიდედრი თანდათან დაამშვიდა, ფოტოც გადაიღეს და მათ დანახვას არაფერი სჯობდა...
კიდევ ერთი უჩვეულო ქორწილი მახსენდება: ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი ქორწინდებოდნენ. რიტუალი დაიწყო და როგორც ყოველთვის, მომავალ მეუღლეებს შეკითხვა დაუსვეს - ხართ თუ არა თანახმა, რომ იქორწინოთო?.. ამ დროს დარბაზის უკანა მხრიდან გოგონას ხმა გაისმა: მე ვარ წინააღმდეგიო. მთელი დარბაზი გაირინდა. აღშფოთებულმა პატარძალმა თაიგული დააგდო და დარბაზიდან გაიქცა, სიძეც გაეკიდა. ყველამ ძალიან ვინერვიულეთ და აღარ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. სულ მალე გაირკვა, რომ სიძემ გაიხუმრა და ეს გოგონა მისი კარგი ნაცნობი იყო. საბედნიეროდ, გაქცეული პატარძალი დაბრუნდა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
- ასაკით განსხვავებული წყვილები თუ დაგიქორწინებიათ?
- ასეთი წყვილიც მახსოვს: ქალი მომავალ მეუღლეზე 18 წლით უფროსი იყო, უცხოელები იყვნენ. კიდევ ერთი წყვილი მახსენდება, რომელიც ერთ-ერთმა ტურისტულმა ბიურომ მოგვიყვანა. ორივე შუახნის ასაკის. ქალისთვის ეს მესამე ქორწინება გახლდათ, ხოლო მამაკაცისთვის - პირველი. თურმე ერთმანეთი ბავშვობიდან ჰყვარებიათ, მერე მათი გზები გაიყარა. ეს ქალი ორჯერ გათხოვდა, ხოლო კაცი უცოლო იყო, რადგან პირველ სიყვარულს ვერ ივიწყებდა. ორი ქორწინების შემდეგ მათი გზები ისევ გადაიკვეთა. მახსენდება ხელის მოწერის დროს როგორი ემოცია ჰქონდათ, განსაკუთრებით ეს კაცი ღელავდა, ცუდად გაგვიხდა და წამალიც კი დაგვჭირდა, რომ გამოკეთებულიყო. გვიყვებოდა, როგორ უყვარდა და ელოდა. ქალბატონიც ამბობდა, რომ ბავშვობის სიყვარული არ იკარგება. ისეთი რომანტიკული იყო ეს ყველაფერი, რომ სიტყვით ვერ გადმოგცემთ. კიდევ ერთი გამორჩეული წყვილი მყავდა: ბიჭმა დაიჩემა, ჩემს ქორწილში ალ კაპონეს ფორმაში უნდა გამოვეწყოო. მართლაც, პატარძალი დარბაზში დააყენა და თვითონ მთელი ბილიკი მარტომ გამოიარა - თეთრებში ჩაცმული, სიგარით ხელში, ძალიან კარგი სანახავი იყო. დარბაზში კი ენიო მორიკონეს ცნობილი მუსიკა ისმოდა, რომელიც "ნათლიაში" ჟღერს.
- თქვენი დაკვირვებით, შერეული ქორწინებები ხშირია?
- საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ქართველი წყვილი გვყავს, მაგრამ ბოლო წლებში შერეული ქორწინებებიც გახშირდა. მახსენდება ქართველი გოგონა, რომელიც ცოლად ინდოელ ბიჭს გაჰყვა. დიდი სიყვარული ჰქონდათ და მითხრეს, რომ ერთმანეთი პარიზში გაიცნეს, გოგონა ქართულ სამოსში იყო გამოწყობილი, ბიჭსაც ჩოხა-ახალუხი ეცვა, გულზე კი ორივეს თაიგული ეკიდა - ეს ინდოელების ქორწილისთვის აუცილებელი ატრიბუტია. ქართველი და შოტლანდიელი წყვილის ქორწილიც უნდა გავიხსენო: ულამაზესი გოგონა იყო, ულამაზეს ქართულ კაბაში გამოწყობილი, სიძეს კი თავისი ეროვნული სამოსი - კილტი ეცვა. აქეთა მხრიდან ჩოხოსნები იყვნენ და შოტლანდიელებსაც ეროვნული სამოსი ეცვათ. ძალიან ლამაზი ქორწილი გამოგვივიდა. ძალიან თბილად მახსენდება ერთი ებრაელი წყვილი, რომელიც ჩვენთან ბაბუამ მოიყვანა. მისი გადმოცემით, 1970-იან წლებში ლესელიძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, მერე კი მთელი ოჯახი ისრაელში წავიდა. ბაბუამ თავისი შვილიშვილი სპეციალურად ჩამოიყვანა საქართველოში, რომ აქ, მთაწმინდის პარკში ხელი მოეწერათ. მთელი ჩემი ბავშვობა თბილისთან და მთაწმინდის პარკთან არის დაკავშირებული და აქაურობა ძალიან მიყვარსო, - გვითხრა. თურმე, შვილის ქორწილის გადახდაც თბილისში უნდოდა, მაგრამ 1990-იანი წლები იყო და ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ოცნება შვილიშვილმა მაინც აუსრულა.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ წყვილებთან?
- ძალიან ბევრ წყვილთან ვმეგობრობ. სოციალურ ქსელშიც მიმეგობრდებიან. მაგალითად, ქართველი გოგონა ირლანდიაში გათხოვდა და ხელი ჩვენთან მოაწერა. ახლა უკვე 3 წლის გოგონა ჰყავთ და როცა ჩამოდიან, ყოველთვის მნახულობენ. ზოგი ქუჩაშიც მაჩერებს და მეუბნება, რომ ქორწილი ჩვენთან გადაიხადა...
- დაბოლოს, თქვენი ქორწილი როგორ გახსენდებათ?
- ოჯახი 1997 წელს შევქმენი, გავიპარეთ და ქორწილი არ გვქონია. საქორწინო კაბაც არ მცმია, რასაკვირველია. მეც მქონდა სურვილი, თეთრი კაბა მცმოდა, ამაზე ყველა გოგონა ოცნებობს, მაგრამ მაშინ ამის დრო და საშუალება არ იყო. ახლა მინდა ჩემს ბიჭებს დავამახსოვრო თავიანთი ქორწილის დღე და ამას აუცილებლად შევძლებ. ტყუპის დედა ვარ - უკვე 18 წლისები არიან. მომავალს, როგორც ყოველთვის, იმედით შევყურებ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.