მუზეუმი, სადაც ფოტოგრაფიის ისტორია ინახება
font-large font-small
მუზეუმი, სადაც ფოტოგრაფიის ისტორია ინახება
"ჭიათურა ყოველთვის იქცევდა ფოტოგრაფების განსაკუთრებულ ყურადღებას"

ჭიათურის კულტურის ცენტრში მოწყობილ პატარა სამუზეუმო სივრცეში ძველი თაობის ასამდე ფოტო და კინოკამერა ინახება. მათი შეგროვება წლების წინ ჭიათურის მკვიდრმა, ლადო მუმლაძემ დაიწყო. ჯერ მობილური ტელეფონით ფოტოკადრების გადაღებას მიჰყო ხელი, ცოტა ხანში ჭიათურის ფოტოგრაფიის ისტორიითაც დაინტერესდა და ქალაქში ცნობილი ფოტოგრაფების ოჯახებიდან საჩუქრად მიღებული, სხვადასხვა პერიოდში წარმოებული ფოტოაპარატებისა და ფოტოინვენტარის შეგროვება დაიწყო. 2017 წლის 25 მაისს, ქართული ფოტოგრაფიის დღეს, მათი საჯარო გამოფენაც გადაწყვიტა, დიდი მოწონებაც დაიმსახურა და მას შემდეგ, წლების მანძილზე რუდუნებით ნაგროვებმა და ნალოლიავებმა ექსპონატებმა ჭიათურის ხელოვნების სახლში, საგანგებოდ მოწყობილ პატარა მუზეუმში დაიდო ბინა.


ეს პატარა ფოტომუზეუმი ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია, სიძველეების, ფოტოგრაფიითა და ფოტოტურიზმით დაინტერესებულებისთვის ხომ ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს.

ლადო მუმლაძე, ფოტოგრაფი, მუზეუმის დამფუძნებელი:
- მუზეუმი მრავალმხრივაა საინტერესო, განსაკუთრებულ ხიბლს კი ფოტოაპარატების სიძველე სძენს. უბრალო დამთვალიერებლებში, მოგზაურებსა და ფოტოხელოვნების მოყვარულებში ინტერესს სწორედ ექსპონატების სიძველე, ფოტოგრაფიის ისტორია და მათი მუშაობის პრინციპის გაცნობა იწვევს.

ფოტო და კინოკამერების გვერდით, მუზეუმში მრავლად ნახავთ ძველ ფოტოსაც. ნაწილი ინდუსტრიული ქალაქის წარსულ სამრეწველო ყოფასა და მაღაროებში დასაქმებული ადამიანების ცხოვრებას ასახავს. მათ გადასაღებად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები.

- ჭიათურა ყოველთვის იქცევდა ფოტოგრაფების განსაკუთრებულ ყურადღებას. ქალაქს ორიგინალურ იერს საბაგირო გზებიც სძენს, მდებარეობიდან გამომდინარე კი, მის ირგვლივ ულამაზესი ხედები იშლება. ჩვენი რეგიონი გამორჩეულია ბუნების ხელთუქმნელი ძეგლებითაც.

1900-იან წლებში, ჭიათურას ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ფოტოგრაფები: ქუთაისიდან - ვასილ ცხომელიძე, საჩხერიდან - დავით აბაშიძე. მათ გადაღებული აქვთ იმდროინდელი ჭიათურის ხედები და სამრეწველო ობიექტები, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს მაინც ინდუსტრიული ქალაქის სამრეწველო პროცესებისა და მაღაროებში მომუშავე ადამიანების ყოფის ასახვა წარმოადგენდა. მათ მიერ გადაღებულ ფოტოებს დღესაც ნახავთ მუზეუმში.
ლადო 2012 წლიდან აგროვებს ფოტოექსპონატებს, დღეს კი მუზეუმში ერთად თავმოყრილი სხვადასხვა პერიოდის ფოტოინვენტარი დამთვალიერებელს ფოტოგრაფიის ისტორიას აცნობს და წარსულში ამოგზაურებს.

- დაარსების დღიდან, უამრავ დამთვალიერებელს ვუმასპინძლეთ. ვფიქრობ, მუზეუმში მოვაწყო ფოტოლაბორატორიაც, სადაც მსურველები ძველი მეთოდებით ფოტოს ბეჭდვის პროცესის ნახვას შეძლებენ. ექსპონატებს წლების მანძილზე ვაგროვებდი, მათი უმეტესობა ჭიათურაში ცნობილი ფოტოგრაფების ოჯახების სახსოვარია. 2017 წლის 25 მაისს, ჭიათურის კულტურის ცენტრში ძველი ფოტო და კინოექსპონატების გამოფენა მოვაწყვე. გამოფენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გადაწყდა, მუდმივად ქცეულიყო. კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონი ირაკლი გიორგაძის თანადგომით, ფოტომუზეუმის დაარსებაც შევძელით.
მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული ფოტოგამოსახულების შექმნა ციფრული საუკუნის ხანაშიც არც ისე მარტივია, დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში სასურველი კადრის ფოტოგადაღება მაინც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, არცთუ შორეულ წარსულში კი ფოტოს გადაღება და საბოლოო სახით გამოსახულების მიღება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ძველად ბეჭდვა და ფოტოგადაღება მართლაც დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვდა. ამავდროულად, ტექნიკურადაც საკმაოდ რთული გახლდათ. გამოსახულების შესაქმნელად, ფოტოგრაფი აპარატში ათავსებდა სპეციალური ზომის მინას. მასზე დატანილი იყო შუქმგრძნობიარე ჟელე, რომელიც სინათლის სხივებზე რეაგირებდა. აპარატში მინის მოთავსების შემდეგ, ფოტოგრაფი გახსნიდა ფოტოაპარატის ხუფს და შუქმგრძნობიარე ჟელეზე სინათლის სხივების რეაგირების შედეგად, მასზე ობიექტის გამოსახულება აისახებოდა. მიღებული გამოსახულების ქიმიური დამუშავება ხდებოდა ლაბორატორიაში და საბოლოოდ, ქაღალდზე გადაჰქონდათ. ფოტოს მიღების პროცესს რამდენიმე დღე სჭირდებოდა.

ცოტა რამ ფოტოგრაფიის ისტორიის შესახებ
ფოტოგრაფიამ, როგორც დამოუკიდებელმა დარგმა, თავისი ისტორიის ათვლა 1839 წელს დაიწყო და დაარსების დღიდანვე პოპულარული გახდა. გამოსახულების მიღება მანამდეც იყო შესაძლებელი. პრობლემას წარმოადგენდა მიღებული გამოსახულების შენახვა და დაფიქსირება. ფოტოკამერის წინამორბედი გახლდათ კამერა ობსკურა, რაც ბნელ ოთახს ნიშნავს. ეს უმარტივესი ოპტიკური ხელსაწყო იყო, რომელიც შუქშეუვალი ყუთისგან შედგებოდა და ობიექტის ოპტიკური გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა.
კამერა ობსკურას ეფექტს პირველად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში ჩინელი ფილოსოფოსი მო ძი აღწერს. გაცილებით გვიან, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ანალოგიური მოწყობილობა აღწერეს ბერძენმა მეცნიერებმა - არისტოტელემ და ევკლიდმა, ხოლო აღორძინების ხანის გენიალური მხატვარი და გამომგონებელი ლეონარდო და ვინჩი დეტალურად აღწერდა მისი მუშაობის პრინციპს. მოგვიანებით, კამერა ობსკურაში, ნახვრეტის ნაცვლად, გამოიყენეს ოპტიკური ხელსაწყო - ლინზა, რომელმაც საგრძნობლად გააუმჯობესა გამოსახულების ხარისხი. ეს მე-16 საუკუნეში მოხდა.
GzaPress
და მაინც, ფოტოგრაფია, როგორც დარგი, აღიარებული იქნა მხოლოდ 1839 წელს, პარიზში. ეს დაკავშირებული იყო არა გამოსახულების მიღებასთან, არამედ - შენახვასთან, დაფიქსირებასთან. დარგის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ფრანგ გამომგონებელ ნისეპორ ნიეპსს, რომელმაც პირველმა დაიწყო გამძლე ფოტოგამოსახულების მიღებაზე მუშაობა და ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, ჰელიოგრაფიად წოდებული ტექნოლოგია შემოიღო და პირველ შედეგს 1826 წელს მიაღწია. მართალია, შუქმგრძნობიარე ფირფიტის დაბალი მგრძნობელობის გამო, გადაღებას 8 საათი დასჭირდა და გამოსახულებაც საკმაოდ ბუნდოვანი გამოვიდა, ნიეპსის მიერ გამოგონებული მეთოდი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დიდი ფოტოგრაფიის განვითარების გზაზე.
ნიეპსის გამოგონებით მალევე დაინტერესდა მხატვარი, ქიმიკოსი და გამომგონებელი ლუი დაგერი, რომელმაც შეძლო გამოსახულების მიღება ვერცხლით დაფარულ ფირფიტებზე. ამ პროცესს დაგეროტიპია ეწოდა, ხოლო სურათებს - დაგეროტიპები. მან ყველაზე სრულყოფილი დაგეროტიპი 1838 წელს შექმნა. დაგეროტიპული გამოსახულება არ იყო გამძლე, ამიტომაც ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარმა მოაღწია.
იქიდან მოყოლებული დღემდე, ფოტოგრაფიამ განვითარების არაერთი ეტაპი განვლო: გაჩნდა ნეგატივი, რომელმაც განუსაზღვრელი რაოდენობით პოზიტიური სურათების ბეჭდვის შესაძლებლობა შექმნა, შავ-თეთრ ფოტოგრაფიას ფერადი შეემატა და ა.შ. მე-20 საუკუნის დამლევს, ციფრული ფოტოაპარატიც გაჩნდა, ხოლო დღეს თითოეულ ჩვენგანს მობილურ ტელეფონში ინტეგრირებული ფოტოკამერის ხარისხი გვაოცებს.
მაგრამ მოდი, ისევ ჭიათურას, მის "ფოტოპოტენციალსა" და ტურისტულ პერსპექტივას მივუბრუნდეთ.

გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფი, მოგზაური:
- კარგი ფოტოს გადასაღებად, ფოტომოყვარული ყოველთვის საგანგებოდ არჩევს პანორამას, სამზერ ადგილს, საიდანაც კარგად ჩანს ბუნების პეიზაჟები თუ სხვადასხვა ობიექტი. ქალაქ ჭიათურის შემთხვევაში, იდეალური ადგილი სოფელ შუქურთის მიმდებარედ გაშლილი ხედია. პანორამების გამო, ეს ადგილი უნიკალურია ფოტოტურებისთვისაც, რაც ტურიზმის სფეროში საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. ერთი წერტილიდან შენ თვალწინ იშლება სამი მთავარი ხეობა - მდინარე ყვირილა და მისი შენაკადები და მიმდებარე სივრცე. ჯერი მხოლოდ ფოტოგრაფის არჩევანზეა.
ბევრ ქვეყანაში მსგავსი პანორამები სპეციალურად იქმნება, საქართველოში კი ასეთი ადგილები ბუნებრივად გვაქვს და მნიშვნელოვანია მათზე პანორამული ხედების შექმნა. დაცულ ტერიტორიებზე, ბევრგან ძალიან კარგად მუშაობს სამზერი ადგილები, საიდანაც აკვირდებიან ხედებს და ხდება სასურველი ობიექტების გადაღებაც. განსაკუთრებით აქტუალურია ფრინველებზე, სხვადასხვა ობიექტსა თუ მოვლენაზე დაკვირდება და ფოტოგადაღება. ამ მხრივ გამორჩეულია ჭიათურაც. ჭიათურის სხვადასხვა ხეობაში ხშირად მიმოგზაურია მოგზაურთა ჯგუფებთან, მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად. ქალაქის ხედები ყველას მოწონებას იმსახურებს. ინდუსტრიული მემკვიდრეობა და საბაგირო გზა კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის ქალაქს ფოტოგრაფიით დაინტერესებულებისთვის. მართალია, ამჟამად ჭიათურაში საბაგირო მიმოსვლა დროებით შეჩერებულია, მაგრამ უახლოეს მომავალში ახალი ტიპის საბაგიროები დამონტაჟება და ძველების აღდგენაც მოხდება.
პანორამულ ადგილებში აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც დიდ ფინანსებს არ მოითხოვს, სამაგიეროდ, ძალიან ბევრ ტურისტსა და ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანს მოიზიდავს. დაინტერესების შემთხვევაში, თუნდაც მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობაც კი, მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ აქტივობებს. საწყის ეტაპზე მთავარია მოეწყოს (საინფორმაციო) ჩარჩოები, სადაც ერთდროულად გამოჩნდება ცა და ხედი. ფოტოს გადაღების შემთხვევაში კი, ისეთ შთაბეჭდილებას შექმნის, თითქოს ფოტო ჰაერშია გადაღებული. პირველ რიგში, შეიძლება პანორამული ადგილების მოკვლევა და შეფასება. მაგალითად, შარშან ჩარჩოს კონსტრუქცია სვანეთში გააკეთეს და ძალიან გაამართლა. მსგავსი ადგილები კარგად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზეც.
შორენა მერკვილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.