ჩინეთის ტოპდიჯეების ასეულში პირველ ადგილზე გასული ქართველი
font-large font-small
ჩინეთის ტოპდიჯეების ასეულში პირველ ადგილზე გასული ქართველი
"მნიშვნელოვანია, ბრძოლისას კონცენტრაციის უნარი გქონდეს"


შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, 31 წლის გენადი ჟორჟოლიანი, მეტსახელად ჟორჟიკა ბავშვობისას ჯერ ფეხბურთმა გაიტაცა, მერე - რაგბიმ. შესაძლებლობები ბევრგან მოსინჯა და ბოლოს, სპორტის ამ სახეობით დაინტერესდა. ცდილობს, ქუჩაში არასდროს გამოიყენოს ფიზიკური ძალა და არ იჩხუბოს. მიაჩნია, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება სიტყვითაც შეიძლება. ოცნებობს ჩამოაყალიბოს არაოლიმპიური ფედერაცია, რომელიც მოქმედსა და იმედისმომცემ სპორტსმენებს შეუწყობს ხელს.


- სამტრედიაში დავიბადე და გავიზარდე, ბავშვობიდანვე მიზიდავდა სპორტი. ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ რატომღაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა. 2009 წლამდე ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე ვცხოვრობდი, საშინელი პირობები გვქონდა. მახსოვს, ბიჭები კარტოფილს "კერასინკაზე" ვხარშავდით და ვიყოფდით... მერე რაგბიზე მივედი, მაგრამ მალევე დავანებე თავი.
- საბრძოლო ხელოვნებით რატომ ან როდის დაინტერესდი?
- შარიანი არასდროს ვყოფილვარ, უფრო - სუსტებს ვიცავდი. მეგობრები, ძმაკაცები ხშირად ჭიდაობაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ჩხუბი მეადვილებოდა (იცინის), არასდროს აღმოვჩენილვარ ისეთ სიტუაციაში, ვინმეს რომ ვეცემე ან დავეჩაგრე. არასდროს ვიწყებდი ჩხუბს, მაგრამ ვცდილობდი, ჭკუა მესწავლებინა, როცა ვინმე რამეს დააშავებდა. მერე "შავფაროსნელი" ბიჭები გავიცანი და მათთან ერთად ვვარჯიშობდი. 2012 წელს შავი ზღვის ჩემპიონატი იყო სანდაში. ჩემი წონის მხოლოდ ერთი სპორტსმენი იყო, ჩავეწერე და მოვუგე. მძიმე წონაშიც თუ შეხვდები ვინმესო? - მკითხეს. მართალია, რინგისთვის მომზადებული არ ვყოფილვარ, მაგრამ დავთანხმდი და 2 რაუნდში დავამარცხე. იმ პერიოდში ბათუმში ტარდებოდა კონკურსი "ჩვენ გვიყვარს ცეკვა", რომლის მონაწილეც გახლდით. მეორე დღეს ნახევარფინალში უნდა გავსულიყავი. დარწმუნებული ვიყავი, ვაჯობებდი და არც სახეზე მექნებოდა ნაკაწრები. მედალსა და სიგელში 35 ლარი უნდა გადაიხადოო, - მითხრეს. ფული არ მქონდა, ადგნენ და ორივე იმას მისცეს, ვინც დავამარცხე.
GzaPress
- სანდას შესახებ გვითხარი რამე...
- სანდა, ანუ "არასანქცირებული ბრძოლა", ჩინური ორთაბრძოლის ხელოვნებაა, რომელიც ტრადიციულ კუნ-ფუს სწავლასა და პრაქტიკაზე, თანამედროვე საბრძოლო ტექნიკაზე იყო დაფუძნებული. ის ითავსებს კიკბოქსინგის სრულ-კონტაქტს, რომელიც შეიცავს ხელითა და ფეხით დარტყმას, ჭიდაობას, პარტერში ბრძოლას, გდებებს, მოცელვებს, დარტყმების დაჭერებს, ზოგიერთ შეჯიბრებაში კი - იდაყვითა და მუხლით დარტყმასაც. ბრძოლა წესების გარეშე, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ისე იბრძოლო, როგორც გინდა. ბრძოლას უნდა გრძნობდე და შენეული ტაქტიკაც გქონდეს: ზოგი თავიდანვე უტევს, ზოგიც - მერე, ჩხუბის დროს ხურდება. მე ვარჩევ, თავიდანვე გადავიდე შეტევაზე და ვიდრე მეტოქე ჩემს ხასიათსა და ტაქტიკას მიხვდება, ვაჯობო. მთავარია, შიში არ გქონდეს, - ეს არის პირველი ნაბიჯი წაგებისკენ.
- ასე მოულოდნელად "მოინათლე" რინგზე, მერე რა მოხდა?
- იმ პერიოდში გამიჩნდა შანსი, ანიმატორად მემუშავა თურქეთში. იქაც ვვარჯიშობდი, ვაკვირდებოდი სხვა წარმატებული სპორტსმენების, მსოფლიოს ჩემპიონების ილეთებს, ბრძოლის ტაქტიკას და ა.შ. ერთხანს გული ამიცრუვდა სპორტზე. თურქეთიდან რომ ჩამოვედი, მალევე წავედი ჩინეთში და მუშაობა დავიწყე კლუბში როგორც დიჯეიმ და "ემსიმ" - მაყურებელს და მსმენელს "ვახურებდი". სამსახურის შემდეგ თავისუფალი დრო მრჩებოდა და დარბაზში დავიწყე ვარჯიში. ტაილანდელები ტაილანდურ ბრძოლას ასწავლიდნენ. ვესპარინგებოდი ვიღაცებს, მაგრამ ჩემი წონის იქ არავინ იყო.
- ბრძოლის დროს არასდროს შეგშინებია?
- არასდროს. არც დამიშვია, რომ ვინმე მომერეოდა და მცემდა. ბევრს არ მირტყამენ, მაგრამ მაინც თვალჩალურჯებული გამოვდივარ. ამის გამო დედა ყოველთის ნერვიულობს, მაგრამ რაღას იზამს?!
GzaPress
- საბრძოლო ხელოვნებაში წარმატების მისაღწევად მთავარი რა არის?
- ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლისას კონცენტრაციის უნარი გქონდეს, უნდა აღიქვამდე, ირგვლივ რა ხდება. საერთოდ, სპორტის ყველა სახეობაში ასეა. სეკუნდანტის ხმა სულ უნდა გესმოდეს, რომ გაითვალისწინო, რა მითითებებს გაძლევს. გარდა ამისა, ბრძოლის ჟინი უნდა გქონდეს და ზარმაცი არ უნდა იყო, - მაშინ ყველაფერი გამოგივა. ჩინეთში 6-წელიწად-ნახევარი ვიყავი, ჩინურიც ვისწავლე, ყოველ შემთხვევაში, გაქცეულ ჩინელს მოვაბრუნებ. საკმაოდ პრესტიჟული დიჯეი ვიყავი, ჩინეთის ტოპდიჯეების ასეულში პირველ ადგილზე დამასახელეს. საკმაოდ კარგი გასამრჯელოც მქონდა, მაგრამ 6 და მყავს, მშობლები და დიდხანს ვერ დავრჩებოდი უცხო ქვეყანაში.
- რამ გაგაკვირვა ჩინეთში ყოფნისას?
- ალბათ უფრო დისციპლინამ და იქაურების შრომისმოყვარეობამ. საქართველოში დაბრუნებისთანავე, შოთა ბეთლემიძესთან მივედი რჩევის საკითხავად. ბევრი რამ მასწავლა, რისთვისაც მისი და კიდევ, გიორგი ტაბატაძის მადლობელი ვარ. ამ სპორტში სპარინგ-პარტნიორი თუ არ გყავს, ძნელია. შარშან, 10 მარტს, პირველად მივიღე ბრძოლაში მონაწილეობა, ირანელი დავამარცხე. სულ 5 ორთაბრძოლა მქონდა, აქედან 4 მოვიგე. ბოლო წაგებული ბრძოლა კი გასაჩივრებული მაქვს.
- წინასწარ ეცნობი ინფორმაციას მეტოქის შესახებ?
- არა, ჩემი ბრძოლა ინსტინქტზეა დაფუძნებული. როცა იბრძვი, არ უნდა იფიქრო მოწინააღმდეგის ხასიათზე, რა ილეთს გამოიყენებს და ა.შ. როგორც ინსტინქტი გიკარნახებს, ისე უნდა მოიქცე. როგორც ჩანს, ჩემი ტაქტიკა ამართლებს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.