ბაზიერი მარტვილიდან, რომელიც ბავშვებს ფრინველების გაწვრთნას უანგაროდ ასწავლის
font-large font-small
ბაზიერი მარტვილიდან, რომელიც ბავშვებს ფრინველების გაწვრთნას უანგაროდ ასწავლის
"ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს"

ბაზიერობა საქართველოში ერთ დროს ძალზე პოპულარული იყო. განსაკუთრებით მარტვილის ლამაზ კუთხეში, ბანძაში უძველესი დროიდან იყვნენ ამ საქმით გატაცებულები. წვრთნიდნენ ქორს, მიმინოს, შევარდენს. თავადი დადიანები და დიდგვაროვანი ოჯახები სანადიროდ ამ მტაცებელი ფრინველებით მიდიოდნენ და ეს ერთგვარი რიტუალიც იყო. მართალია, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამ ტრადიციას ბანძაში დღესაც გამოუჩნდნენ გამგრძელებლები და მტაცებელ ფრინველებს წვრთნიან. ამ კუთხეში ყველამ იცის, რომ ბაზიერობით განთქმულია ბახიების ოჯახი. ანზორ (მურთაზ) ბახია წინაპრების ტრადიციას მისდევს. უფრო მეტიც, მან ახალი თაობა, ბავშვებიც კი დააინტერესა ამ საქმით და ამჟამად 30 მოზარდს ასწავლის ბაზიერობას.


ანზორ (მურთაზ) ბახია:
- ბაზიერობა დამჭერი მტაცებელი ფრინველით, ანუ ბაზით ნადირობას ნიშნავს. ბაზი მეგრულ-ლაზური სიტყვაა. ბაზიშ ერი, ანუ ჩვენ ვიყავით მეშევარდნეთა ერი. ბანძა უძველესი ტრადიციის მქონეა, აქ იწვრთნებოდა: ქორი, მიმინო, შავთვალი, შევარდენი და ალალი. უფრო დიდი დრო უნდა არწივის გაწვრთნას, მაგრამ რამდენჯერმე არწივიც გამიწვრთნია. ძალიან მინდა ეს ტრადიცია გაგრძელდეს. მიხარია, ახალგაზრდები რომ ინტერესდებიან. კარგი იქნებოდა სკოლაშიც რომ ისწავლებოდეს, ეს ტრადიცია არ უნდა "მოკვდეს". იუნესკომ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა ბაზიერობა.
- როდის დაინტერესდით თქვენ ამ საქმით?
- ბანძაში დავიბადე და გავიზარდე. 5 წლის ვიქნებოდი, მამამ გალია რომ გამიკეთა. დავიჭირე ჩიტი ღაჟო, მეგრულად ჯიხვა. კარგად ვუვლიდი. საერთოდ, ჩემი წინაპრები მისდევდნენ ამ საქმეს, მე ფაღავების შთამომავალი ვარ, მათი შვილთაშვილი. ცნობილია, დადიანებს უყვარდათ ბაზიერობა და მათთვის ჩვენები წვრთნიდნენ ფრინველს. მამა პროფესიით ეკონომისტი იყო, მაგრამ ბაზიერობა უყვარდა და მეც მასწავლა, პატარაობიდან დავდიოდი ველზე სანადიროდ.
- მტაცებელი ფრინველი პირველად როდის დაიჭირეთ?
- ამისთვის სპეციალური მომზადება იყო საჭირო. მაშინ ბადის ქსოვა არ ვიცოდი, მაგრამ ვცდილობდი. ემზარ ქაჯაიამ მაჩუქა ძველი ბადე, რომელიც თხილის ბაღში გავშალე და პირველი ფრინველი დავიჭირე. მე და ჩემმა მეგობარმა, გოჩა ქაჯაიამ პირველი მიმინო რომ დავიჭირეთ, 9-10 წლისები ვიყავით. მის დასაჭერად გამოვიყენეთ ჩიტი ღაჟო. მახეში გაბმული ფრინველი შინ წამოვიყვანე და მისი მოთვინიერება დავიწყე. რომ შემეჩვია, ხორცი მივაწოდე. კიდევ მეტად რომ შემეჩვია, დავიწყეთ ვარჯიში, ჯერ ჯოხზე დაჯდა, მერე სხვა დავალებაც შეასრულა...
GzaPress
- როგორ წვრთნით მიმინოს?
- როგორც კარგ ქალს სჭირდება მოვლა-პატრონობა, ისე უნდა მოუარო მიმინოსაც. ძალიან სათუთად უნდა მოექცე, ფრინველმა შენგან სითბო უნდა იგრძნოს. ყველაფერს ვაკეთებდი მიმინოსთან სიახლოვე რომ მქონოდა და ჩემ მიმართ შიში კი არა, სიყვარული გასჩენოდა. თავზე გადავუსვამდი ხელს, ვესაუბრებოდი, ვეთამაშებოდი. ჩემი დაჭერილი პირველი მიმინო კარგა ხანს მყავდა, მერე კი გავუშვი, რადგან იოლი არ არის ფრინველის გამოზამთრება. თუ სანადიროდ არ დაგყავს, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა მისი შენახვა. მიმინოს შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქორისა და შევარდნის. ქორს ხოხობზე სანადიროდ ვიყენებთ. მასაც იმავე ხერხით ვიჭერთ, როგორც მიმინოს... ფრინველს ვესაუბრებით, ხელზე ვისვამთ, ოთახში შემოგვყავს, ადამიანებს ვაჩვევთ. ვისაც მიეჩვევა, მხოლოდ მისგან მირთმეულ საჭმელს ჭამს. მტაცებელთან ურთიერთობისას სიფრთხილე გვმართებს: მქონია შემთხვევა, როცა ქორი დავიჭირე, გაქცევა სცადა და დაკაწვრა დამიპირა. სპორტსმენი ვიყავი, ფიზიკურად ძლიერი და ვერ მომერია. შევარდნის მოთვინიერებას წელიწადი სჭირდება, შავთვალას მაქსიმუმ ერთი თვე, ქორს და მიმინოს კი ხშირად 15 დღეც ჰყოფნის.
- მხოლოდ ფრინველებზე ნადირობთ?
- ხოხობს ვიჭერ და მოვდივარ ან 10-მდე მწყერს, ტყის იხვს. კურდღელზეც შეიძლება ინადირო ქორით. როცა მსხვერპლს დაიჭერს, ქორი იმ ადგილზე ჩერდება, მერე მიდიხარ და შენ აგყავს. მტაცებელს კისერზე ეჟვანი აქვს შებმული, რომ ხმას მივყვეთ. ბანძაში გვყავს ადამიანი - რეზი დარსაველიძე, რომელიც გვიმზადებს სპეციალურ ეჟვნებს. ბუნებრივია, ძაღლსაც ვიყენებთ ნადირობის დროს. ძაღლი ააფრენს ფრინველს და გაწვრთნილი ქორი ან შევარდენი იჭერს.
- მოსწავლეებზე რას გვეტყვით?
- მოსწავლეს პირველ რიგში ვასწავლი, როგორ მოექცეს ფრინველს, როგორ დაამყაროს მასთან კონტაქტი, როგორ აჭამოს ხელით ხორცი. 50 მეტრამდე მანძილიდან, ის საუბრის გარეშე უნდა მოდიოდეს შენთან - თუ ასე ხდება, ე.ი. ფრინველი არ გიღალატებს და შეგიძლია უკვე სანადიროდ გაიყვანო. ამასთან, ვიდრე სანადიროდ წაიყვან, უნდა ჩასვა წყალში, კარგად რომ გაგრილდეს. თუ სწყურია, გაგიფრინდება. შეიძლება მთაში აიჭრას, მერე დაბრუნდება, მაგრამ არ იცი, ეს რამდენ ხანში მოხდება და იძულებული ხარ დატოვო გაწვრთნილი ფრინველი. ამიტომ წინასწარ უნდა იბანაოს, წყალი დალიოს...
სხვათა შორის, როცა შინ არ ვარ, დედაჩემი უვლის, ის აჭმევს. მიხარია, რომ ბევრი ქალია დაინტერესებული ამ საქმით და როცა შეჯიბრებები იმართება, პრიზიორებს შორის მანდილოსნებიც არიან.
- ზამთარში რითი კვებავთ?
- საქონლის ხორცს ვყიდულობ და ვაჭმევ. კარგად რომ გამოკვებო, სეზონზე 80 კილო ხორცი სჭირდება. წარმოიდგინეთ, ეს რა თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ბაზიერებს სახელმწიფოს დახმარებაც სჭირდებათ. რაც შეეხება მიმინოს, ამ ფრინველს 35 კილო ხორცი ჰყოფნის. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც თვეობით არ ყიდულობს თავისთვის ხორცს, მაგრამ აჭმევს ფრინველს. ყველაზე კარგი მოსავლელი ქორი და შევარდენია.
GzaPress
- ქორი სოფელში საშიშია, ფრინველებს იტაცებს, ამის გამო მეზობლებთან პრობლემები არ გექმნებათ?
- სოფელში საშიშია, მაგრამ ჩემს სახლში არ ერჩის ფრინველებს. ქორი წიწილებთან ერთად გამიზრდია, ერთად დადიოდნენ ეზოში. მერწმუნეთ, ჩემს სახლში არ ჭამდა არც წიწილებს და არც ქათამს. ხორცს როცა ვაჭმევდი, მოსულა ქათამი, მასაც დაუწყია ჭამა, მაგრამ არც მაშინ გამოჰკიდებია ქორი. თუმცა, მეზობლებისთვის საშიშია, რადგან იტაცებს წიწილას. ამიტომ როცა ბუნებას ვუბრუნებ, სოფლიდან შორს, ტყეში ვუშვებ, რათა არც ხალხი დააზარალოს და არც ის მინდა, ვინმემ მოკლას: როცა ამდენი ხანი უვლი, შენი ხელით აჭმევ, გიყვარდება.
- თქვენს წინაპრებს რომელი ფრინველით უყვარდათ ნადირობა?
- მაშინ თურმე მეტწილად მიმინო ჰყავდათ, ქორი და შევარდენი თავადებს უფრო მოსწონდათ სანადიროდ. გლეხი კაცი სამუშაოდ რომ მიდიოდა, ამ მტაცებელს სახლში ქალი უვლიდა, ამიტომ მიმინოს ვეძახი ქალების ფრინველს, ქორი და შევარდენი უფრო კაცებისაა. ბანძა თავადების თავშეყრის ცენტრი იყო, იქ მოდიოდნენ უცხოელი სტუმრებიც და მეტწილად, ნადირობით ერთობოდნენ... ძალიან მინდა ეს ტრადიცია ავაღორძინო. თუმცა ამისთვის დახმარება და სახსრები გვჭირდება. ჯერ ერთი, აღარ გვაქვს სანადირო მინდვრები და ამიტომ გვიწევს ვიღაცის საკუთრებაში, ყანაში შესვლა. აუცილებელია გამოიყოს მინდვრები სანადიროდ. ასევე, კარგი იქნება რომ გვქონდეს ვოლიერის გაკეთების საშუალება და იქ გვყავდეს ფრინველები, თუნდაც შევარდენი, ქორი, შავთვალა და ალალი. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ გადაშენების პირას მყოფ ფრინველებზეც და ვოლიერებში გავამრავლოთ. ეს კარგი იქნება ტურისტების მოსაზიდადაც. მოგეხსენებათ, როგორი თვალწარმტაცია მარტვილის ბუნება, რამდენი საინტერესო ადგილია და უამრავი ტურისტი ჩამოდის. ასეთ დროს სანადირო ზონაც თუ გვექნება მოწყობილი, ეს კარგ შემოსავალს მოუტანს რაიონს, სახელმწიფოს და რა თქმა უნდა, ბაზიერებიც უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან. მინდა, ამ კუთხით მარტვილი პირველი მერცხალი იყოს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამ საქმის პოპულარიზაციისთვის ეწყობა შეჯიბრებები, სადაც მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობენ. ბაზიერთა ფესტივალიც დავაარსეთ, რომელიც მარტვილში შემოდგომაზე იმართება. სამეგრელოს გუბერნატორს, ბატონ ალექსანდრე მოწერელიას ვესაუბრეთ და დაგვპირდა დახმარებას. იმედია, პირობას შეასრულებს და ყოველ ჭყონდიდელობას ჩატარდება მარტვილში ეს ფესტივალი. აქვე გეტყვით, რომ გუბერნატორი დაჯილდოებულია საქართველოს ბაზიერთა გაერთიანების საპატიო დიპლომით.
GzaPress
- როგორც თქვით, სპორტსმენი ხართ. რომელ სახეობაში გაქვთ მიღწევები?
- ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პრიზიორი ვარ; კარატეს, მკლავჭიდსაც მივდევდი, ბავშვებს ვავარჯიშებ ტაიკვანდოში და ამ დროის მანძილზე 160 მედალი და უამრავი სიგელი მოვიპოვეთ. სამწუხაროდ, ახლა ფინანსების გარეშე ვართ, დახმარება გვჭირდება. კარგი სპორტსმენების გაზრდის დიდი პოტენციალია მარტვილში და ამასაც მიხედვა უნდა... ჩემს ვარჯიშს უყურებდა შორიდან 15 წლის ბიჭი, ეს შევნიშნე და დავუძახე. მითხრა, რომ სურვილი ჰქონდა შეესწავლა. უარი არ მითქვამს. ვარჯიში დაიწყო, ამის წყალობით სიგარეტის მოწევაც მიატოვა და იმდენი იშრომა, საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა. ახლა ერთი ჯგუფი მყავს ბანძაში, მარტვილში სამწუხაროდ, ვერ ვამზადებ ბავშვებს, არადა, მართლა ბევრი ნიჭიერი მოზარდი გვყავს.
- კიდევ რა საქმით ხართ დაკავებული?
- ჩვენს ოჯახში შემორჩენილია უძველესი ტრადიციული ხალხური მედიცინის რეცეპტები და დღემდე ვამზადებთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალო მცენარეულ წამლებს. რეცეპტი წინაპრებისგან ვიცით. ახლა ხან დედა ამზადებს, ხან - მე. ხალხური მედიცინა მნიშვნელოვანი რამ არის. უამრავი სამკურნალო ბალახი გვაქვს და არც ეს არ უნდა დაიკარგოს. როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან ჩემი წინაპრები ექიმბაშები იყვნენ და ვთვლი, რომ მათი ტრადიცია უნდა გავაგრძელო, ადამიანებს გამოჯანმრთელებაში დავეხმარო.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მხატვარი, რომლის ნახატიც სოციალურ ქსელში აიტაცეს
"ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საკუთარ თავში ახალი უნარები უნდა აღმოვაჩინოთ"
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს.
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის
მკერავ-დიზაინერი, რომელიც ნიღბებს უანგაროდ არიგებს
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.