"რაოდენ პატარები ვართ ადამიანები დიდ ხელოვანებთან შედარებით!.."
font-large font-small
"რაოდენ პატარები ვართ ადამიანები დიდ ხელოვანებთან შედარებით!.."
საქართველო და ტიხრული მინანქარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ

ფეხმძიმე ქალბატონმა საავადმყოფოს მისაღების მაგიდაზე ჟურნალი ნახა, სადაც დაბეჭდილი იყო ხელით ნაქარგი ხატების ფოტოპირები და მაშინ თქვა, თუ განსაცდელს გადაურჩებოდა, აუცილებლად ამოქარგავდა წმინდა გიორგის...


1995 წელს, როცა ჯერ კიდევ ძალიან უპერსპექტივო ქვეყნად ითვლებოდა საქართველო, თბილისის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში კითხვის ნიშანი დაესვა ახალგაზრდა ქალისა და მისი პირმშოს სიცოცხლეს. სამედიცინო კონსილიუმი ბჭობდა ყველაზე უკეთეს გამოსავალზე, რომელიც დედა-შვილიდან ერთ-ერთის გადარჩენას შეეხებოდა, თუმცა ყველაფერი იმაზე უკეთ დასრულდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო: დედა-შვილი, ნათია და გიორგი, ხატიაშვილების ოჯახში ჯანმრთელები დაბრუნდნენ.
GzaPress
ნათიას არასდროს უსწავლია სახვითი ხელოვნება, სასკოლო პერიოდის ხატვის გაკვეთილებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. არც განსაკუთრებული შეხება ჰქონია ფერწერასთან, იმ პატარა გამარჯვების გარდა, მეშვიდეკლასელს რომ ერგო წილად. მისი ნახატი "ბალერინა" დიდხანს იყო 103-ე სკოლის საპრეზენტაციო კედელზე გამოფენილი. ამ "ბალერინის" ისტორია შთამბეჭდავი გახლდათ: საგამოფენოდ დავალებული ნახატი ფანქრით შეასრულა პატარა გოგონამ, მამის რჩევით კი მერე ფუნჯით დაამატა იის და ვარდისფერები. არავინ იცის, რამდენჯერ შეუხედავს ნათიას თავისი ნახატისთვის სასოებითა და სიამაყით, მაგრამ მაშინ, მშობლების მკაცრი გადაწყვეტილებით, ხელოვნების დარგებიდან მხოლოდ მუსიკას სწავლობდა. ზოგჯერ ქარგავდა ხელსახოცებს, სუფრებსა და პერანგის საყელოებს. ადრე ჟურნალ "ბურდას" ბეჭდური სასწავლო-სამაგალითო მასალები ითვლებოდა ყველაზე პოპულარულად და მისი ზეგავლენით იქმნებოდა ფერადი ძაფების სინთეზი, რომელიც ფანტაზიისა და მარჯვე ხელებისთვის ერთობ შეზღუდული რესურსი იყო! შემდეგ გადაწყვიტა, მდიდარი პალიტრის მისაღწევად თექა მოესინჯა, რაც ნამდვილად არ გამოუვიდა ცუდად, მით უფრო, რომ ერთ-ერთ პირველ ნახელავში 70 ლარი გადაუხადეს და იტალიაში წაიღეს... მაშინ ნათიამ არ იცოდა, რაოდენ ფასეული იყო ევროპულ ქვეყნებში ნატურალური მასალით დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. შემდეგი ნახელავი გერმანიის ფედერაციაში მოხვდა...
იმედგაცრუებებისა და უიმედობისათვის ნათიას არასდროს ეცალა, მას სამი შვილი ჰყავდა გასაზრდელი. მეუღლესაც მინიმუმ, მორალური თანადგომა ესაჭიროებოდა ტოტალური სიდუხჭირის პერიოდში. შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი ყოველთვის იპოვის გამოსავალს. ზოგჯერ გასაჭირი დაფარული შესაძლებლობების გამომჟღავნების საუკეთესო საშუალებაა და ერთ დღესაც, როცა ნათიას სტუდენტმა შვილმა მოკრძალებულად ინატრა თექის ხელჩანთა, დედა შვილს დაჰპირდა, რომ უნივერსიტეტში ყველაზე ორიგინალური ჩანთა ექნებოდა... და პირობა აასრულა!
ნაქარგზე მეტი ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას იძლეოდა თექა, მასზე უფრო საინტერესო ტიხრული მინანქრის წარმოება აღმოჩნდა, რომლითაც ასე იწონებს თავს ქართული ხელოვნების ისტორია. ღუმელი, რომელიც 750 გრადუსზე ცხელდება, ხელოვანის თვალწინ ფერების კალეიდოსკოპს ჯადოსნურად ცვლის და ნატიფი გემოვნებით, ფაქიზი დეტალებით იქმნებოდა ჯვრები, სხვადასხვა სამკაული და "საქართველოები". მინანქარიც რწმენასთან კავშირში აღმოჩნდა - პირველი ნახელავი ჯვარი იყო და დედას აჩუქა ხელოვანმა. ნათიას შემოქმედებაში ყველაზე საინტერესო საქართველოს რუკის ფორმის სუვენირებია. გერმანიაში მცხოვრებმა ერთმა შვილმა მეორის პირით დედას სთხოვა, რამე ქართული გამიმზადეო. ეს ის დრო იყო, როცა დავითგარეჯაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა აზერბაიჯანმა პრეტენზია... "რამე ქართული" კი აღმოჩნდა საქართველოს კონტურში დეტალურად ჩასმული მთა და ბარი, მავთულხლართებით გამოყოფილი სამაჩაბლო და აფხაზეთი, მდინარეები და რაც მთავარია, უდიდესი მოთმინება და სიყვარული, რაც თბილისიდან ბერლინში გაგზავნილ სამშვენისს გაჰყვა! მერე ამ სუვენირის შეძენის ბევრი მსურველი გამოჩნდა, რადგან იმ ფასად შეიძლებოდა ეყიდათ პატარა "საქართველოები" ემიგრანტებს, რამდენსაც ისინი დაახლოებით ერთსაათიანი მუშაობისთვის იღებენ სამშობლოდან მოშორებით - საფრანგეთში, გერმანიასა თუ შეერთებულ შტატებში. ნათია ერთხელ საზღვარგარეთაც იყო. მაჯაზე შეამჩნიეს ქართული დროშის ფერებით გამოსახული მინანქრის "საქართველო" და არაერთმა აღნიშნა, რომ "ჯორჯია" იყო. ეს სიხარულზე მეტი იყო - ბევრმა იცის საქართველოც და ტიხრული მინანქრიც... ამის გამო ნათიას მეტად გაუჩნდა ეროვნულ მოტივებზე მუშაობის სურვილი. ამ მოტივით კი საქართველოს ბუნების გარდა, ქართული დამწერლობის იდუმალ მშვენიერებაზეც უნდა შეჩერდეს ყურადღება. ხელოვანი ფიქრობს, რომ ქართული ანბანის მინანქრული კომბინაციისთვის უნდა მიმართოს ულამაზესი კობალტისა თუ სინგურის, ან სულაც, ოქროსა და ჭიის ფერებს. ფიქრობს ეტრატის მცირე ფორმის ყალიბზე, ნელ-ნელა უნდა დააბრძანოს ის მრგლოვანი ანბანი, რომლის შექმნასაც მივაწერთ ფარნავაზს!..
"სამი წლის წინ მამა გარდამეცვალა. რთული იყო ჩემთვის მასთან განშორება. მახსოვს, მისი რჩევით რომ შევქმენი ჩემი "ბალერინა". საჭირო იყო ახალი საქმე, რომელიც დეპრესიისგან მიხსნიდა. მინანქარს თავს არ ვანებებდი, მაგრამ ჩემი შინაგანი მოთხოვნილება კიდევ უფრო მეტი იყო. ადრე, როცა მეუღლეს უკვეთდნენ ხის კიბესა და კარს, ერთმა პრეტენზიულმა კლიენტმა ვიტრაჟებით გალამაზებული კარი მოითხოვა. ამის სპეციალისტი კი მაშინ ახლომახლო არავინ იყო. საზღვარგარეთიდან ჩამოიტანეს და ჩემი მეუღლის ნახელავ კარს დაურთეს. ვიფიქრე, რომ ეს ხელოვნება მეც უნდა შემესწავლა. ლიტერატურა მოვიძიე, მილანშიც ჩავედი, დუომოზე რომ მენახა ვიტრაჟებით შემკული დიდებული ტაძარი, მერე ვენაში კლიმტის შედევრებიც დავათვალიერე. კლიმტის ნაშრომების ნახვის მერე ერთხელ კიდევ დავარწმუნე ჩემი თავი, რაოდენ პატარები ვართ ადამიანები დიდ ხელოვანებთან შედარებით! ვიტრაჟისთვის სრულიად სხვა ტიპის საღებავია საჭირო, სხვა ტექნოლოგია და მე ეს შევძელი. ჩემს სახლში, როცა დაისის სხივები დასავლეთიდან შემოიჭრება, ულამაზესი ვიტრაჟული "ზამბახი" ულამაზეს ფერებად იღვრება ეთერში და ყოველი ახალი ქმნილების დროს ვფიქრობ, ნეტავ მამა ამას მომიწონებდა?!" - ამბობს ნათია და ემზადება გამოფენისთვის, რომელზეც გასაჩუქრებულ სუვენირებსაც გამოიტანს.
GzaPress
თათია ხატიაშვილი (ნათიას შვილი):
- 6 წელია, რაც საქართველო დავტოვე და სასწავლებლად ბერლინში წამოვედი. ამ გადასახედიდან სულ სხვანაირად ვხედავ ჩემს ოჯახსა და ქვეყანას. როცა მეკითხებიან, როგორია ჩემი ოჯახი, ყოველთვის სიამაყით ვივსები მის გახსენებაზე. რაც შეეხება დედას, არ ვიცნობ მასზე მიზანდასახულ, ენერგიულ და შრომისმოყვარე ადამიანს. ძალიან ბევრი რამის გახსენება შემიძლია დედაზე. იგი მამასთვის ყოველთვის ძლიერი დასაყრდენი იყო, განსაკუთრებით 90-იან წლებში; იმ დროს ხომ უკლებლივ ყველა ოჯახს თავისი ტრაგედია გააჩნდა: ზოგმა ფული დაკარგა, ზოგმა ბიზნესი, ზოგმა უფრო მეტიც. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. მამას უზარმაზარი ხის საამქრო ჰქონდა და ერთ დღესაც "კეთილისმსურველმა" ხანძარი გააჩინა, აღარაფერი დაგვრჩა ბეტონის კედლების გარდა. სწორედ ამ დროს დედა ორსულად იყო ჩემს ძმაზე. თვეები ისე გადიოდა, მამა სახლში ვერ მოდიოდა, რადგან ფიზიკურად შრომობდა. დედა მაქსიმალურად ცდილობდა, ჩვენთვის არ ეგრძნობინებინა, რაც მოხდა და ყოფილიყო ძველებურად ხალისიანი. ჩემი ძმა როცა დაიბადა, დედა მოიწამლა. ისე გავიდა 1 თვე, ის თვალით არ გვინახავს. ვუგზავნიდით წერილებს ჩვენი სურათებით და ვუწერდით, როგორ გვიყარდა და რაოდენ ძვირფასი იყო ჩვენთვის (დედას ყველა წერილი და ყოველი ჩვენი ნაჩუქარი ყვავილი შენახული აქვს). იმედი გადაწურული გვქონდა, რომ დედას ოდესმე ვნახავდით. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი. საბედნიეროდ, დედა გადარჩა. ყოველთვის გვასწავლიდა შვილებს ერთმანეთის სიყვარულს, თანადგომას, დამოუკიდებლობას და გვაძლევდა თავისუფლებას, რომ თავად გადაგვეწყვიტა ჩვენი პრობლემები, შემდეგ კი, თუ საჭიროება მოითხოვდა, გვერდში გვედგა. როცა ჩვენ გვაძინებდა, ღამით ნამცხვრებს აცხობდა და აბარებდა მაღაზიაში, რადგან იქიდანაც დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა ოჯახს. ყველანაირ საქმეს გვასწავლიდა და გვეუბნებოდა, - არავინ იცის, ცხოვრება რას გიმზადებთო... დედაჩემი არის ქალი, რომელიც ასე დაუღალავად შრომობს თავისი მიზნების განსახორციელებლად, ცდილობს ყველა გააბედნიეროს, ყველას აჩუქოს სამახსოვროდ თავისი შემოქმედებიდან რაიმე ნივთი...

P.S. რწმენას სასწაულების მოხდენა შეუძლია. სხვაგვარად წარმოუდგენელია პროფესიით მათემატიკოსი ქალი ხატმწერი, თექის, მინანქრისა და ვიტრაჟული ხელოვნების მესაიდუმლე გამხდარიყო. მისტიფიცირების გარეშე რომ ვთქვათ, ტიხრულ მინანქართან მუშაობას თავისი საიდუმლოება აქვს, რომელიც მხოლოდ შემოქმედი ადამიანისთვის ხდება ცნობილი. ამ საიდუმლოს თავად მინანქარი ეუბნება ოსტატს ჩურჩულითა და გაუთქმელობის პირობით. ამის დანახვა იოლია, როცა ნათიას თავის სამუშაო მაგიდასთან თავდახრილსა და მლოცველივით გარინდებულს შეხედავ...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მხატვარი, რომლის ნახატიც სოციალურ ქსელში აიტაცეს
"ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საკუთარ თავში ახალი უნარები უნდა აღმოვაჩინოთ"
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს.
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის
მკერავ-დიზაინერი, რომელიც ნიღბებს უანგაროდ არიგებს
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.