"ნუ ვიქნებით ეგოისტები და პარაზიტები"
font-large font-small
"ნუ ვიქნებით ეგოისტები და პარაზიტები"
ნანუკა ჩხეიძე "ნიჭიერების საბადოსა" და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე

"სამყარო საოცრად მოწესრიგებულია, უმცირესი ნაწილაკიდან უსასრულო გალაქტიკამდე! ყველაფერი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებს: სუსტებს ძლიერები ეხმარებიან და ძლიერებსაც სჭირდებათ სუსტები... ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება ადამიანებისა და სამყაროს მიმართ! სულ იქით ითხოვდე რამეს, ეს კანონზომიერების დარღვევაა. შენც უნდა გასცე. ნახეთ, როგორი სიტყვაა "ურთიერთობა"... ანუ რამდენიმე სუბიექტს მოიცავს! პარაზიტებიც არსებობენ, რომლებიც სხვის ხარჯზე ცხოვრობენ და ძალიან კარგადაც გრძნობენ თავს! მოდი, ნუ ვიქნებით ეგოისტები და პარაზიტები... ვიყოთ კეთილგანწყობილი და სამყაროსაც დავუფასოთ ის, რასაც ჩვენთვის იმეტებს...", - ამბობს დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე, რომელსაც საზოგადოება მისი "ოქროს ხელების" წყალობით იცნობს.

თუმცა, ნანუკას არა მხოლოდ საოცარი აქსესუარების დამზადება შეუძლია, არამედ ისე კარგად წერს, რომ სოციალურ ქსელში დადებული მისი ყოველი პოსტი ბევრ რამეზე დაგაფიქრებს ადამიანს. ხშირად ერთვება ქველმოქმედებაშიც და საკუთარი მოსაზრებების ღიად დაფიქსირებასაც არ ერიდება. ამიტომაც გადავწყვიტე, ეს ადამიანი სულ სხვა ამპლუაში გამეცნო თქვენთვის. ინტერვიუ ბევრ თემას მოიცავს და დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანის სათქმელსაც ასახავს...
GzaPress
- დამისახელეთ 5 ძირითადი პრობლემა, რომლის მოგვარებით ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება...
- პირველ რიგში, ეს სიღარიბეა, განსაკუთრებით კი ბავშვთა მდგომარეობას განვიცდი; შემდეგი პრობლემა - ეს კაზინოები და ნარკოტიკებია, რომელიც ფაქტობრივად ღუპავს ახალგაზრდობას; პრობლემაა უკონტროლო სააფთიაქო ქსელები, რადგან სხვა ქვეყნებში ასეთი ძვირი არ ღირს მედიკამენტები და რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მდგომარეობაც უნდა დავასახელო, რომელიც ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს.
- როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემები რით არის გამოწვეული?
- ეს კითხვა ძალიან ღრმა ანალიზს და წარსულიდან დაწყებულ შეცდომებს მოიცავს. მე ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ: თითქმის 30 წელია, რაც ვითომ და, ამ ყველაფერს ვებრძვით, სინამდვილეში კი არაფერი იცვლება. ეს არის უპასუხისმგებლო და უგულო, გაუმაძღარი ადამიანების დამსახურება, რომლებიც სხვებზე კი არა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ფართოდ გავშლიდი ამ თემას, მაგრამ ფორმატი არ მომცემს ამის საშუალებას...
- ბოლოს ყველაზე მეტად, ქვეყანაში მომხდარმა რომელმა ფაქტმა გაგაბრაზათ ან გაგახარათ?
- სიმართლე გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში სასიხარულოც ბევრია. ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ, რომელსაც უამრავი წარმატებული ადამიანი ჰყავს ყველა სფეროში. მახარებს თითოეული ქართველის წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე და საკმაოდ ბევრია ასეთი ფაქტი ხელოვნებაში, მეცნიერებაში და განსაკუთრებით, სპორტში. მახარებს ბავშვების საოცარი გამოგონებები და განსაკუთრებული ინდიგო ბავშვების არსებობაც... გასაბრაზებელსაც რა გამოლევს - ყველაზე მეტად უსამართლობა მაბრაზებს და არაობიექტურობა. ჩემთვის სიმართლეა მნიშვნელოვანი. თუ ასტროლოგიის ჭრილში განვიხილავთ ამ თემას (ხუმრობით, რა თქმა უნდა) სასწორი ვარ და ვცდილობ, ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიყო!
- რას ნიშნავს იყო ადამიანი?
- ადამიანი სიყვარულის, სიკეთისა და სამართლიანობის ერთობლიობაა, თუ შეიძლება ასე ითქვას!
GzaPress
- "ყველა ქალი უნდა იყოს ბედნიერი - ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ ხშირად არ გამოდის ეს ბედნიერება... მით უმეტეს, რომ ზოგისთვის ბედნიერება ოჯახური იდილიაა, ზოგისთვის იმ ქვეყნიდან წასვლა, სადაც დაიბადა და თავი ვერ დაიმკვიდრა მიზეზების გამო... თქვენი აზრით, რაშია სინამდვილეში ბედნიერება?
- ადამიანი ამქვეყნად მოდის ბედნიერებისთვის! მიმოვიხედოთ გარშემო, განა ეს სილამაზე, რაც დედამიწაზე არსებობს, მას არ ემსახურება? სამყარო უსასრულო და ამოუცნობია, მაგრამ ამ პატარა, ჰაერში გამოკიდებულ დედამიწაზე ადამიანმა უნდა იპოვოს ჰარმონია. არ ვიცი, მუდმივად ბედნიერების განცდა არსებობს თუ არა, მაგრამ პატარ-პატარა სიხარულებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება, ეს მომენტები უნდა დაიჭირო და მადლიერი იყო... დიახ, ინდივიდუალურია ბედნიერება, მაგრამ რომ ვაკვირდები, სწორედ ბედნიერი ადამიანები არიან მადლიერები. უნდა ხარობდე იმით, რაც გაქვს... გიყვარდეს და უყვარდე... ეს ცხოვრება ბრძოლაა ბოროტსა და კეთილს შორის. ბევრი გულისტკენაც შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ შენში თუ მეტია სიკეთის მარცვალი, ზუსტად ის მარცვალი გაღვივდება და შენ უკეთესი ხდები...
- ოდესმე თქვენ თუ გიფიქრიათ აქედან გაქცევაზე და რა მიზეზით?
- მიფიქრია, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერასოდეს წავალ, რადგან ჩემი ქვეყანა, ჩემი ახლობლები ყველაფერზე, თუნდაც ჩემს კარიერაზე მნიშვნელოვანია... უბრალოდ, მიფიქრია იმაზე, რომ იქ მეტი ასპარეზია, მეტი შესაძლებლობებია, ნიჭიერი ადამიანისთვის კი გზის დამოუკიდებლად გაკვალვა ძალზე საინტერესოა... მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი: აქ არის, იყო და იქნება პროტექციონიზმი და არაობიექტურად ადამიანის ან დაბლოკვა, ან დაწინაურება! სხვა ჩემს ადგილზე, დიდი ხნის წინ გაიქცეოდა, მაგრამ რა ვიცი, აქ ვარ და სხვაგვარად არ ძალმიძს; აქ ვიბრძვი, ვშრომობ და ვცდილობ, დამოუკიდებლად დავიმკვიდრო თავი და მივაღწიო წარმატების უფრო მაღალ საფეხურს!
- რეალურად, რომელი ქვეყნები მიგაჩნიათ ჩვენს ნამდვილ მეგობრად, ვისაც შეგვიძლია თვალდახუჭულიც ვენდოთ?
- სიმართლე გითხრათ, მე საქართველო ობოლო ბავშვივით მგონია, რომელსაც არც დედა ჰყავს და არც მამა. სამოთხესავით მიწა-წყალი გვერგო დედამიწაზე და ვერ ვუვლით. ირგვლივ ყველას ჩვენზე უჭირავს თვალი და ვინ იცის, გულში რა უდევთ... პირადად მე, თვალდახუჭული ვერავის ვენდობი... საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა და აქ კიდევ ძალიან ბევრი საიდუმლოა დამარხული, რომელსაც ოდესმე აეხდება ფარდა!
- "ერთგულება ერთეულებს შეუძლიათ! ჯიბრი და პირველობა მეგობრობაში არ არსებობს და თუ არსებობს, პირველს გამორიცხავს! ადამიანები თავად მოდიან... შენც უღებ მათ გულის კარს, სახლის კარს და მაქსიმალურს მიიღებენ შენგან: სწავლობენ, გზას იკვლევენ, მერე ისე დაიხურავენ ქუდს და შორიახლო დადგებიან, თითქოს არაფერი!" - ეს სიტყვები "ფეისბუკ"-პოსტად აქციეთ... როცა ასე ხდება, როგორ იქცევით?
- სამაგიეროს გადახდა, ვფიქრობ, არ შემიძლია. საკმარისია, ასეთმა ადამიანმა ისევ გადმოდგას ჩემკენ ნაბიჯი და მე ისევ მზად ვარ დავეხმარო, თუმცა... ადამიანები არ იცვლებიან, ისინი ზუსტად ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ... და სადღაც ალბათ, შენც დაუსვამ წერტილს!
GzaPress
- თავად ვისგან ისწავლეთ ის ყველაფერი, რითაც ქალებს აბედნიერებთ და რას ეტყოდით ახლა თქვენს მასწავლებელს, გვერდით რომ გყავდეთ...
- ნიჭი გენეტიკურად მერგო და ამან განაპირობა ზუსტად ის, რასაც დღეს ვაკეთებ... ბებია ქარგავდა, ქსოვდა, კერავდა, ლექსებსაც წერდა. სხვათა შორის, მამისა და ბიძისგანაც ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ გულიც მწყდება, მეტის მიღება შემეძლო და არ მოვინდომე... დღეს ზუსტად თითბერზე ვმუშაობდი, რაღაც ახალმა მიმართულებამ გამიტაცა და ზუსტად მამის დატოვებული ჭედურობის იარაღებით ვმუშაობდი. ვიხსენებდი, მამა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ალბათ, გვერდით რომ მყოლოდა, ძალიან მაგარ რამეებს გავაკეთებდით ერთად. მე მას ვეტყოდი მადლობას, უბრალოდ - მადლობას!..
- "მოწყენილი არავის სჭირდები, მარტო მზე გიღიმის და ძაღლი არ მიგატოვებს", - ესეც თქვენ დაწერეთ სოციალურ ქსელში... მართლა ასე ფიქრობთ, თუ წუთიერი სიბრაზე ან სისუსტე იყო ეს თქვენგან?
- გამოგიტყდებით და ადამიანებს გამოცდებს ვუწყობ; ვამოწმებ, ამა თუ იმ მომენტში როგორ მოიქცევიან... ადრე ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი, მოწყენილსაც აგიტანდნენ, დარდიანსაც, გულნატკენსაც, მაგრამ ახლა, როცა ძალიან დაძაბული ცხოვრებაა და ყველას საკუთარი პრობლემები აქვს, ცდილობენ ძირითადი აქცენტი დადებით ემოციებზე გააკეთონ... როცა მიაჩვევ ადამიანებს, რომ ხალისიანი ხარ, ლაღი ხარ, მიუხედავად საკუთარი განცდებისა თუ ტკივილებისა, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ, მერე შენგან ყოველთვის ითხოვენ, რომ იყო ასეთი... პოსტს, რომელსაც ვდებ დადებითი განწყობით გაჯერებულს, წამში იტაცებენ. სულ ორჯერ დავდე მგონი მოწყენილი "სმაილი", განწყობაც მოწყენილი მივუთითე და წარმოიდგინეთ, ამან არც მოწონება და არც ამ მოწყენილობის გაზიარება არ დაიმსახურა; არც კითხვა: "რატომ"? უბრალოდ, ვერ გეგუებიან ასეთს. მე მიფიქრია იმაზე, რომ არავის იმედი არ უნდა გქონდეს, ღმერთის და საკუთარი თავის გარდა; ადამიანი მაინც მარტოა... მარტო მოდის და მარტო მიდის... ამიტომ საკუთარ თავზე უნდა აიღო ყველა პასუხისმგებლობა, თუ გინდა, რომ პრობლემებს მოერიო!
- როცა ადამიანები ერთმანეთს ვტკენთ, თავიდან არის მტკივნეული, მერე სულერთიაო", - ესეც გვითხარით. მართლა სულერთები ხდებიან? მაგრამ ზოგჯერ, საკუთარ ფიქრებში მაინც ხომ წამოტივტივდება მათი სახელები და ხვდები, რომ ღრმად გადამალული ეს გრძნობა ძველებურად მტკივნეულია, უბრალოდ ამაში არ გვინდა საკუთარ თავსაც გამოვუტყდეთ...
- ტკივილის ხარისხს გააჩნია ალბათ. ლექსის სტრიქონი გამახსენდა ახლა, - ტკივილით უფრო მემახსოვრებიო... ადამიანებთან ურთიერთობა ერთგვარ ფერებად შეიძლება განვიხილოთ: ზოგჯერ ძალიან ფერადია, ზოგჯერ რუხი და უსახური... აი, ის სიფერადე, სიხალისე რომ გაიცრიცება და გაუფერულდება, მაშინ ხდება ადამიანი სულერთი... არა, დავიწყება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ის მძაფრი შეგრძნებები აღარ არის... უბრალოდ ეჩვევი ასეთ მდგომარეობას და აღარ ფიქრობ ხშირად. თუმცა, თუ მაინც გაგახსენდება, ისეთი მტკივნეული აღარ არის, როგორიც თავიდან...
- რას ნიშნავს თქვენთვის ქველმოქმედება? ბევრჯერ დახმარებიხართ ადამიანებს, ეს ბევრმა ვიცით...
- ქველმოქმედება სიკეთის ერთ-ერთი განშტოებაა. ეს ყოველ ადამიანშია, უბრალოდ შენ ირჩევ, გაჰყვე ამ გზას და გულის კარნახს, თუ საერთოდ არ მიაქციო ყურადღება! რაც მეტი აქვს ადამიანს, მეტად უნდა ჰქონდეს გაცემის სურვილი, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, მდიდარი ადამიანები უფრო მეტ სიძუნწეს იჩენენ, ვიდრე ღარიბები!.. ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული ბავშვებისა და მოხუცების პრობლემებია; მე ვბრაზობ, რადგან ხშირად ადამიანები შიმშილობენ იმისთვის, რომ ფორმაში იყვნენ და ვერ უძლებენ შიმშილის გრძნობას და იმის წარმოდგენაც კი ძნელია, მუდმივად მშიერი რას განიცდის... ყველასთვის ძნელია, მაგრამ ქუჩაში მოხუცები და ბავშვები რომ დგანან, ეს საშინელებაა... ფონდის დაარსების დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ამას დიდი ყურადღება და ძალისხმევა სჭირდება, ასევე ადამიანური რესურსი, რაც ჩემთვის, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. სამომავლოდ ვნახოთ, იქნებ რაიმე შევძლოთ ერთად...
- თუ შეგიძლიათ დამისახელეთ პოლიტიკოსები, რომლებმაც თავი კარგით ან ცუდით დაგვამახსოვრეს...
- მე ვთვლი, რომ საქართველოში პოლიტიკოსები არ გვყავს. ჩემს უდიდეს პატივისცემას მხოლოდ მერაბ კოსტავა იმსახურებს! ბევრი ცუდია გასახსენებელი. ჩემმა თაობამ გამოიარა ცხრა აპრილი, სამოქალაქო ომები, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა; ახლაც, საქართველოს რამდენი ტერიტორიაა დაკარგული და ეს ყველაფერი ზუსტად ვაიპოლიტიკოსების დამსახურებაა, თორემ რიგით ადამიანებს ამაში ბრალი არ მიუძღვით!
- რა გაძლევთ იმედს, რომ ამ ქვეყანაშიც დადგება ნამდვილი გაზაფხული, როცა ადამიანების განწყობაც შეიცვლება და ხალხს ღიმილის სურვილი ხშირად მოეძალება...
- მე მომწონს მომავალი თაობა: ჩემი დისშვილის, ჩემი მეგობრის შვილების და სხვა ბავშვების სახით მოდის ძალიან კარგი თაობა! საოცრად მოაზროვნე, ინტელექტუალი. აი, თითქოს უკვე განვითარებულები დაიბადნენ, სულ სხვა ხედვა, სხვა განვითარების დონე და გასაქანი აქვთ. უბრალოდ, ამ თაობას სჭირდება ხელის შეწყობა და გზის დათმობა, რომ მათ მაქსიმალური გააკეთონ ამ ქვეყნისთვის, რომ შექმნან სრულიად ახალი რეალობა! მე მჯერა მათი და ვისურვებ, ეს ბრძოლა ღირსეულად მოეგოთ; ისეთ ქვეყანაში ეცხოვროთ, როგორზეც ჩვენი მამების თუ ჩვენი თაობა და ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა!!!
- დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი საოცარი აქსესუარები: ჩანთები, სამაჯურები, ბეჭდები და ა.შ. ბევრის აღტაცებას იმსახურებს. მუდმივად ცდილობთ სიახლის პოვნას და მივიწყებული ნიჭის ხელახლა გამოყენებას ან რაღაც ახლის სწავლას. ამჯერად, დიდი ხნის წინ შეწყვეტილი საქმე - ხატვა ხელახლა დაიწყეთ...
- ხატვა როდის შევწყვიტე, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორც ლექსის წერა, ჩემთვის ისეა ხატვაც. მხოლოდ მუზა არ იყო საჭირო, აუცილებელი გახლდათ ემოცია - ან ცუდი, ან კარგი და მაშინ ვიწყებდი ხატვას... როცა მომენატრებოდა, ჩემი შემუშავებული ტექნიკით ვხატავდი ტყავზე. ამ ბოლო დროს კი ჩემი და სულ მეხვეწებოდა, რამე დახატეო და ბოლოს და ბოლოს, მეც მომინდა ამის გაკეთება, ჩემი ძველი აკვარელები ამოვალაგე (იღიმის). მართლა ხელი მიკანკალებდა, ხატვა რომ დავიწყე. ჰოდა, მგონი აღარც გავჩერდები... აქაც რაღაც მიქსი გამოვიდა და სულ სხვა მიმართულებით წავედი. ძალიან მინდა, ლითონიც ისე "დავიმორჩილო", როგორც ტყავი და მგონი, მასაც დავუმეგობრდები... კიდევ ერთი სიახლე მაქვს - რებრენდინგი გავაკეთე. მანამდე დიდხანს ვეძებდი სიტყვას, რომელსაც ჩემს შემოქმედებას მოვარგებდი და ამ მიზნით, გამოკითხვა ჩავატარე "ფეისმეგობრებში"; დავსვი კითხვა: რა ემოციას იწვევს თქვენში ჩემი ნამუშევრები-მეთქი? ბევრმა დაწერა სიტყვა "უსასრულობა" და, აი, ასე მივიღე "ნანუკას უსასრულობა", თანაც - ცისფერი (იღიმის)... ახლახან გახლდით კვიპროსზე, კოლეგებთან ერთად, გამოფენაზე, საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში. აპრილში მივემგზავრებით ბელგიაში, ხელოვანთა საერთაშორისო გამოფენაზე და სამომავლოდ არაერთი ასეთი გასვლითი ექსპოზიციაა დაგეგმილი... საქართველო ნიჭიერების საბადოა, აქ ყველა მიმართულებით ძალიან ნიჭიერი ადამიანები გვყავს და მართლაც დიდია კონკურენცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, გქონდეს საკუთარი ხელწერა, საკუთარი ხაზი, მიმართულება, მრავალფეროვნება არა მარტო ფერებში, არამედ ფორმებში, მასალის თვალსაზრისითაც; ასევე, უნდა იყო გამბედავი, არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების და მუდმივად უნდა იყო ორიენტირებული სიახლეებზე. ბევრჯერ მითქვამს უარი ამა თუ იმ გადაცემაში მონაწილეობაზე, რადგან არ მინდოდა ძველი კოლექცია წარმედგინა. მირჩევნია, დაველოდო, მოვემზადო და ყოველი შეხვედრა ადამიანებთან იყოს მათთვის საინტერესო და რაც მთავარია, დასამახსოვრებელი...
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.