სახლის კედლებზე ნახშირით ნაწერი ლექსებით დაწყებული პოეტური შემოქმედება
font-large font-small
სახლის კედლებზე ნახშირით ნაწერი ლექსებით დაწყებული პოეტური შემოქმედება
ნაზი კილასონია - ადამიანი, რომელსაც მუზა არ ასვენებდა


ნაზი კილასონია 1993 წელს გარდაიცვალა და მას მერე, ფაქტობრივად, მივიწყებულია. პოეტის მრავალფეროვანი შემოქმედება მოიცავს ლირიკას, ახალგაზრდობისა და მეგობრობის თემას, დედაშვილობას და სხვა. მის ლექსებზე არაერთი სიმღერა დაიწერა. პოეტის კალამს ეკუთვნის საბავშვო ლექსები და სხვათა შორის, შესანიშნავ მოთხრობებსაც წერდა. ნაზი კილასონია წლების მანძილზე მუშაობდა ჟურნალში "საქართველოს ქალი", ლიტერატურის განყოფილების გამგედ. პოეტ ქალბატონს ნათესავი, მარიკა დურმიშიძე გაიხსენებს.


- დედაჩემის მამა და ნაზი დეიდას მამა ბიძაშვილები იყვნენ. მახსოვს მისი მშობლები - გიო პაპა და მაშო ძალო (ასე მივმართავდი). გიო პაპა თბილი და მოსიყვარულე კაცი იყო, მკაცრი მაშო ძალოსი კი ცოტა მეშინოდა. ჩემი ბაბო-პაპისა და მათი სახლები ერთმანეთთან ახლოს იდგა, კარი კარს უყურებდა. ეს ქარელის რაიონის სოფელი აბისია. ძველი, პატარა სახლის კედლებზე ნაზი დეიდა ბავშვობაში ნახშირით წერდა თავის ლექსებს, რომელიც წლებმა წაშალა. იმავე ეზოში მან ახალი სახლი ააშენა, მაგრამ ჩემი აზრით, იმ ალიზით აშენებულ სახლს სხვანაირი სითბო და სიმყუდროვე ჰქონდა.
- დედაც მეგრელი ჰყავდა?
- არა, ქართლელი ქალი იყო. ერთხელ პაპას ვკითხე, ეს მეგრელები ქართლში საიდან მოხვდით-მეთქი? ამიხსნა, - ჩვენ კერესელიძეები ვიყავით, ერთ-ერთმა ბატონი მოკლა, გამოიქცა და აქ დასახლდაო. რატომ გახდნენ კილასონიები, ზუსტად არ იცოდა, სავარაუდოდ, გვარის წარმოშობა კილოს უკავშირდება. ნაზი დეიდას მშობლები უზომოდ უყვარდა, პირველ შვილს მამის პატივსაცემად, გიო დაარქვა. მერე ოთო და კახა დაიბადნენ, ოთო - მაზლის სახელია. შვილების გაზრდაში დედამთილი, ძალიან თბილი და ტკბილი რაჭველი ქალბატონი მარო ეხმარებოდა. ნაზი დეიდას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მარო დეიდა წავიდა ამ ქვეყნიდან, მერე ნაზი დეიდა გარდაიცვალა, შემდეგ გოგი. ერთი წლის მერე, ამ ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა, გიო და ოთო ავტოავარიაში დაიღუპნენ... კახა მარტო დარჩა. ამდენმა უბედურებამ მასზე მძიმედ იმოქმედა. ის თბილისში ცხოვრობს. საკუთარი ოჯახი არა აქვს, ნათესავებთან ნაკლებად ურთიერთობს და სოფელშიც ვეღარ ჩადის, რომ სახლს ყურადღება მიაქციოს.
- ნაზი კილასონიაზე, როგორც პიროვნებაზე, რას იტყვით?
- უთბილესი ქალი იყო, ნებისმიერი ადამიანის სატკივარი გულთან მიჰქონდა. "საქართველოს ქალში" როცა მუშაობდა, რამდენი სტუდენტი მისულა მასთან პრაქტიკაზე. თითოეულს ეხმარებოდა და ყველაფერში ხელს უწყობდა. პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა უცნობისა თუ ნაცნობის მიმართ, თითქოს ვინმესგან დავალებული იყო. მატერიალურადაც უნდოდა, ყველას დახმარებოდა, მაგრამ არ ჰქონდა ამისი შესაძლებლობა. თავს ცოტა დაჩაგრულად თვლიდა დედისერთა რომ იყო. დედაჩემს და მის ორ დას, ანუ ჩემს დეიდებს დებად მიიჩნევდა. დედაჩემს, რუსუდან კილასონია-დურმიშიძეს როცა ლექსი დაუწერა, დედა სიხარულისგან დაფრინავდა. სანამ ნაზი დეიდა ცოცხალი იყო, კვირა ისე არ გავიდოდა, მასთან არ მივსულიყავით ან ის არ მოსულიყო ჩვენთან. მიყვარდა მასთან მისვლა. მივიდოდი და სულ წიგნებში ვიყავი ჩამძვრალი. წიგნით ხელში რომ დამინახავდა, მკითხავდა: რა აიღეო? მე კი ვეუბნებოდი: არ მიმაქვს, ნაზი დეიდა, ვათვალიერებ-მეთქი! არ უყვარდა წიგნის თხოვება.
GzaPress
- მეუღლისა და მათი სიყვარულის შესახებ მიამბეთ.
- შესანიშნავი მეუღლე ჰყავდა - გოგი მაისურაძე, მაგრამ რაღაც დროის მერე განქორწინდნენ, განელდა მათი სიყვარული. ახალგაზრდობაში ლამაზი წყვილი იყო, თითქოს ერთი შეხედვით მოეწონათ ერთმანეთი. გოგის სულ სხვა სამყარო ჰქონდა, სტალინური რეპრესიების ხანაში ის და მისი ძმა გადასახლებული იყვნენ, რამაც გოგის პიროვნებას გარკვეული კვალი დააჩნია. პოეტმა ქალმა სამი შვილი გააჩინა. როცა მუზა მოუვიდოდა, შეეძლო საჭმლის კეთება მიეტოვებინა და წერა დაეწყო... ზოგჯერ ისიც უთქვამს, არ უნდა გავთხოვილიყავი, ორი საქმე ვერ შევათავსეო. სხვათა შორის, ჟურნალში მუშაობის დროს, რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ მუზამ "შეაწუხა" და სტატიებს დროულად ვეღარ მიხედა. როგორია? განყოფილების ხელმძღვანელი ხარ, ჟურნალი უნდა ჩაუშვა და ამისთვის ვერ იცლი. ემადლიერებოდა ქალბატონ ნანული ცაგარეიშვილს, რომ ასეთ რამეს ჰპატიობდა.
- რომელია პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერები?
- რამდენიმეს დაგისახელებთ: "შენი თვალების დაღლილი ეშხი,/ თან გამყვა, როგორც ლურჯი ღიღილო,/ მე მხოლოდ ბავშვი მიყვარდა შენში,/ და აღარ მინდა კაცად გიხილო"; "ყველა სათავისოდ დაგვკანკალებს,/ ყველა თავისას გთხოვს:/ საყვარელს უნდა შენი თვალები,/ საკაბე უნდა ცოლს..." - ამ ლექსს ჰქვია "ზამთრის ზღაპარი" და მღეროდა თემო ნაცვლიშვილი. არის კიდევ სიმღერა "ჯერ ქალებს გვესროლეთ" და სხვა.
ყველასთვის ცნობილი ერთი საბავშვო სიმღერაც მინდა გავიხსენო, რომლის ტექსტი ნაზი კილასონიას ეკუთვნის და ალბათ, ბევრმა არ იცის ამის შესახებ. ესაა: "ზაფხულია, ცხელა, ცხელა,/ ბუღი ასდის ქალაქს;/ და დედიკომ ჩვენი გელა,/ წაუყვანა დალაქს/ მაკრატელი აღუღუნდა:/ კრიჭი, კრიჭი, კრიჭი/ და ხოტორა დაგვიბრუნდა,/ თმაქოჩორა ბიჭი./ დასცინიან რეზო, გია,/ ამშვიდებენ დები:/ - შემოდგომით ამოგივა,/ უკეთესი თმები".
- კიდევ რა გახსენდებათ და გული რაზე გწყდებათ?
- ამ ძალზე კონტაქტურმა და უგანათლებულესმა ქალმა ისეთი მოლხენა და სუფრის გაძღოლა იცოდა ლექსებითა და სადღეგრძელოებით, რომ ყველა იხიბლებოდა. შვილებიც ისე გაზარდა, სამივეს ენციკლოპედიური განათლება ჰქონდა. ბიჭებიდან რომელიმეს რამეს რომ შევეკითხებოდი, მაშინვე მპასუხობდნენ, თან უკვირდათ: როგორ? ეს არ იციო (იცინის)? ზაფხულში ყოველთვის სოფელში ვისვენებდით და ბავშვები ერთად ვერთობოდით, ხანდახან ხილს ვიპარავდით... ნაზი დეიდა შაბათ-კვირას ჩამოდიოდა.
მასზე ფიქრისას, უკმარისობის გრძნობა მიჩნდება. ნაზი დეიდასთან ურთიერთობა ჩემთვის ბედნიერება იყო და ეს ბედნიერება რომ დამაკლდა, გული მწყდება... უყვარდა ყვავილების ფერწერული ნახატები და უამრავი სურათი კედლებზე ეკიდა. კარგად მახსოვს, ერთ მათგანზე ულამაზესი ყაყაჩოები იყო გამოსახული და საოცრად მომწონდა. იმ ნახატის შემყურეს, ყაყაჩოები მეც შემიყვარდა.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.