"ერთხელ მგზავრმა ისე გამაბრაზა, შუა გზაში ჩამოვსვი"
font-large font-small
"ერთხელ მგზავრმა ისე გამაბრაზა, შუა გზაში ჩამოვსვი"
ექსტრიმის მოყვარული შეფმზარეული გოგონა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობს

საზღვარგარეთ ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. თეონა ლომსაძე 30 წლისაა, გერმანული ენის სპეციალისტია, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია - შეფმზარეულია. უყვარს კედლებზე ხატვა, ექსტრემალური სპორტი, კონკრეტულად - "ოფროუდი", ამჟამად კი ტაქსის მძღოლად მუშაობს. მალე თეონა გერმანიაში ერთ-ერთი რესტორნის ბრენდ-მზარეული გახდება.


- ვიდრე საქართველოდან წავიდოდი, 4 წელი თბილისის ზოოპარკში, საფრინველე განყოფილებაში ვიმუშავე თუთიყუშების ფერების გამოყვანაზე, რაც საკმაოდ საინტერესო იყო. თან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ზოოლოგიური მიმართულებით.
- რატომ შეიცვალე პროფესია წლების შემდეგ?
- სასწავლებლად საზღვარგარეთ წავედი, თავდაპირველად გერმანიაში, მერე - ავსტრიასა და შვეიცარიაში. სწორედ შვეიცარიაში დავინტერესდი კვების სფეროთი. მუშაობა დავიწყე კომპანიაში, სადაც აწარმოებდნენ მცენარეულ ზეთებს, სოუსებს, შოკოლადებს... ერთი სიტყვით, საკმაოდ საინტერესო ადგილობრივი ბიზნესი იყო, ყველაფერი ოჯახური რეცეპტებით მზადდებოდა. თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. კულინარიით იმდენად დავინტერესდი, რომ ევროპული სამზარეულოს კურსები გავიარე, შვეიცარიიდან ავსტრიაში გადავედი და მზარეულად დავიწყე მუშაობა.
- ალბათ იოლი არ იყო უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება.
- რესტორანი, სადაც ვმუშაობდი, ტბის პირას იყო. ჩემი შეფი ბოსნიიდან გახლდათ და ზაფხულში, როდესაც თავის ქვეყანაში ტრენინგების ჩასატარებლად გაემგზავრა, შეფმზარეულად დამტოვა. რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულე, რადგან საპასუხისმგებლო ობიექტი ჩამაბარა, საკმაოდ დიდი, ღია ტერასით. საბედნიეროდ, გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. მერე უკვე მეც დავდიოდი ტრენინგების ჩასატარებლადაც და დასასწრებადაც სხვადასხვა ქვეყანაში - ამ სფეროში რამდენიც უნდა იცოდე, სულ სწავლის პროცესში ხარ.
GzaPress
- ბავშვობაში თუ გიყვარდა სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება?
- ძალიან მიყვარდა და ვცდილობდი, მაგრამ ძირითადად, სულ კრახით მთავრდებოდა ეს ამბავი. ცხობა არასდროს გამომდიოდა, კონდიტერობა ახლაც არ მხიბლავს. სიმართლე გითხრათ, ჩემებს გაუკვირდათ, მზარეულობა რომ ავირჩიე პროფესიად, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებში მალე დარწმუნდნენ.
- როგორი უნდა იყოს შეფმზარეული?
- პირველ რიგში, ნიჭი უნდა გქონდეს, ახალი კერძი რომ შექმნა და სხვებისგან არ "დააკოპირო". თუ გინდა რამეს მიაღწიო, მაქსიმალურად ინდივიდუალური უნდა იყო, არ ამზადებდე მხოლოდ დაწერილი რეცეპტებით. გემოების შეგრძნება რომ უნდა გქონდეს, ამის აღნიშვნაც არ ღირს. გარდა ამისა, გუნდის მართვა უნდა შეგეძლოს. ერთდროულად მკაცრიც უნდა იყო და მეგობრულიც. შენს დანახვაზე მზარეულებს შიშისგან არ უნდა აკანკალებდეთ, მაგრამ არც ზედმეტად გაშინაურება ვარგა.
- ბევრ ქვეყანაში ყოფილხარ; რას იტყვი უცხოურ სამზარეულოზე? რომელს გამოარჩევ?
- ნამყოფი ვარ თურქეთში, სომხეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ხორვატიაში, სლოვენიაში, იტალიასა და საფრანგეთში. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თუმცა დიდი ქალაქების ნახვა არ მხიბლავს. მახსოვს, პარიზში კურსელებთან ერთად 3 დღით წავედი და სასტუმროდან გარეთ არ გავსულვარ. სამაგიეროდ, ფეხით შემოვივლი ხოლმე სოფლებს. ისეთი ადგილების ნახვა უფრო მინდა, სადაც ნაკლები ხალხია და შესაძლებელია ძველი კერძებისა და რეცეპტების მოძიება. იმდენი მივიწყებული და გემრიელი კერძის რეცეპტი ჩავიწერე შევეიცარიისა და ავსტრიის სოფლებში, ვერც წარმოიდგენთ. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყნის სამზარეულო უფრო მომწონს, ალბათ ჩინურსა და იტალიურს გამოვარჩევ. პასტები პირველია, რაც ევროპულ სამზარეულოში მიყვარს. საერთოდ, ჯანსაღი კვება და კერძები მომწონს, ამიტომაც, ქართული კერძებიდან ბევრს ვერაფერს მივირთმევ - ვერც ხინკალს, ვერც ხაჭაპურს: ჩემთვის ზედმეტად ცხიმიანია.
- ტაქსისტობა რატომ გადაწყვიტე?
- ტაქსიზე მუშაობა შარშან გაზაფხულზე დავიწყე. მზარეულობას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს - სულ ფეხზე დგომა გიწევს. 17 წლიდან ვმუშაობ და წელიწადში მაქსიმუმ ერთ კვირას თუ დამისვენია. ამან თავისი შედეგი გამოიღო, ჯანმრთელობას ვგულისხმობ: ტრომბირებული ფეხების გამო, თითქმის მთელი თვე ვიწექი, ფიზიკური დატვირთვა აღარ შეიძლებოდა. სამსახურის ძიებაში აღმოვაჩინე, რომ მანქანები ქირავდებოდა და შემეძლო "მეტაქსავა". ეს რაღაც საინტერესო და ახალი იყო ჩემთვის.
GzaPress
- პირველი სამუშაო დღე გაიხსენე. ახალ პროფესიასთან შეგუება არ გაგიჭირდა?
- სხვათა შორის, რთული არ იყო. ცოტა შიშის მომენტი მქონდა, იმაზეც ვფიქრობდი, როგორ შეხედავდნენ ამას სხვები. დღემდე უკვირთ, ასეთმა ახალგაზრდამ სხვა საქმე როგორ ვერ ნახეო? ხან ვხალისობ მათ რეაქციაზე, ხან შესაფერის პასუხს ვცემ.
- ქალაქის ქუჩები იცოდი?
- თავიდან კარგად არ ვიცოდი და ნავიგაციით ვმოძრაობდი, მერე ნელ-ნელა ვისწავლე.
- არასდროს შეგშინებია?
- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევაც. გაზაფხულზე გამოძახება მქონდა. ტაქსიში ვიღაც ჩამიჯდა და მთელი 3 საათი ვდიეთ ერთ მანქანას. ვფიქრობ, აგენტი იყო. თურქს ჰგავდა, მაგრამ ქართულად კარგად ლაპარაკობდა. დავიძაბე, მეშინოდა, რამე ცუდის მომსწრე არ გავმხდარიყავი, მაგრამ თან იმხელა ადრენალინი იყო ამ ყველაფერში, მანქანიდან გადასვლაც არ მოვთხოვე... ერთხელ მგზავრმა ისე გამაბრაზა, შუა გზაში ჩამოვსვი. რამე სერიოზული პრობლემა ჯერჯერობით არ მქონია.
- ადრენალინის სიყვარულმა გაზიარა "ოფროუდს"?
- ექსპედიციებში მეგობრებთან ერთად ხშირად დავდიოდი, არაერთი საინტერესო ადგილი მოვიარეთ. შეჯიბრებაზე მძღოლის დამხმარე, ანუ შტურმანი ვიყავი. მყავდა "ოფროუდისთვის" მომზადებული ჯიპიც. სამწუხაროდ, გავყიდე. ახალბედა რომ ვიყავი, მე და ჩემს მეგობარს მანქანა ამოგვიყირავდა. უვნებლად გადმოვედით, მაგრამ მეგობრებს დავურეკეთ, რომ მოსულიყვნენ და მანქანის გადმოყირავებაში დაგვხმარებოდნენ.
- თეონა, სამომავლოდ კვლავ საზღვარგარეთ წასვლას ხომ არ აპირებ?
- ზაფხულში ვიყავი შვეიცარიაში, "მიშლენის" სამზარეულოს კურსები გავიარე. ამჟამად რა მიზეზითაც არ ვმუშაობ შეფად, ჩემი ფეხმძიმობაა. პარალელურად, ჯანსაღი კვების მენიუს დამუშავების პროცესში ვარ. იგეგმება ახალი პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება და ამ პროექტის ბრენდ-შეფი ვიქნები. ასევე, გერმანიაში ერთ-ერთ სასტუმროსთან 5-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე - იქაც ქართული სამზარეულოს ბრენდ-შეფი ვიქნები. ასე რომ, მალე უკვე აქტიურად დავუბრუნდები სამზარეულოს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.