რეალური ხევსურული ზღაპარი არხოტიონი ლელა გაბურის ავტორობით
font-large font-small
რეალური ხევსურული ზღაპარი არხოტიონი ლელა გაბურის ავტორობით
"აუცილებელი არაა საზღვარი გადაკვეთო, უამრავი სანახავია ჩვენს ქვეყანაში"

ექიმი-თერაპევტი, პოეტი, საბავშვო მწერალი და არაერთი სიმღერის ლექსის ავტორი, ლელა გაბური თბილისიდან ხევსურეთში საცხოვრებლად 2011 წელს წავიდა. სამედიცინო დახმარებას წლების მანძილზე მთელ პირაქეთა ხევსურეთს და კავკასიონს გადაღმა არხოტის თემს, სულ 34 სოფელს უწევდა. მოგვიანებით, მისი საქმიანობა ტურიზმის მიმართულებით განვითარდა - საოჯახო სასტუმრო თემატურად მოაწყო და თანდათან სულ უფრო მეტი ვიზიტორის მასპინძლობა უწევს. აქტიურადაა ჩართული ადგილზე ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში, ხელმძღვანელობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, ორგანიზებას უწევს მოზარდებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას, არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით კი ადგილობრივების სოციალური და იურიდიული პრობლემების მოგვარებას ცდილობს.


- ქალბატონო ლელა, 2011 წელს საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება მიიღეთ...
- იმ პერიოდში ჩემი მეგობარი, რომელიც წლებია საფრანგეთში მუშაობს, მთავაზობდა, მასთან ჩავსულიყავი და კარიერულ წინსვლაზე მეზრუნა, მე კი ასეთი, რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე - საფრანგეთის ნაცვლად, ბარისახოში წავედი (იცინის). ხევსურეთი ჩემთვის მშობლიური მხარეა, ყველა არდადეგებს იქ ვატარებდი. ეს არ იყო ჩემთვის უცხო სივრცე, მაგრამ სულ სხვა რამეა, როცა იქ სტუმრად ჩადიხარ და აბსოლუტურად განსხვავებული - როცა საცხოვრებლად გადადიხარ. არ მქონდა გააზრებული, თუ სხვაობა შეიძლებოდა ამდენად დიდი ყოფილიყო. ეს რომ მცოდნოდა, შესაძლოა, ამ ნაბიჯის გადადგმა ვერც გამერისკა. ჩემი მეუღლე, გიორგი ლიქოკელიც ბარისახოში მუშაობს. წლების მანძილზე საზღვრის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო, ახლა მრჩეველია. ორი ჩემოდნით იქ ჩასულს, ციფრმა - 34-მა კიდევ ცალკე დამახვია თავბრუ... ეს ჩემი ცხოვრების ერთი საინტერესო ისტორიაა...
- რომელიც ფილმს ჰგავს...
- ნამდვილად. ირგვლივ ყველაფერი მოწყენილი, ნაცრისფერი იყო, მაგრამ როცა მეორე დღესვე ამბულატორიის კარში ბავშვებმა პატარა თავები შემოყვეს და სახეზე დიდი სიხარული ეხატათ, მივხვდი, რომ იქაც იყო სიცოცხლე, სიხალისე და მას ყურადღება, მოფერება სჭირდებოდა. მას შემდეგ დავმეგობრდით მე და ბავშვები, მოხუცები, პაციენტები. რვა წლის მანძილზე მათი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი. ერთად ბევრი სირთულე გადავლახეთ.
- კონკრეტულად რა სირთულეები გამოიკვეთა?
- პირველ რიგში, იქ ყოფნამ ფსიქოლოგიურად დიდი და განსხვავებული ძალები მოითხოვა. როცა თბილისში მუშაობ, კოლეგები გვერდით გყავს, თავს მარტო არ გრძნობ. მაგრამ როცა ყველა სახის სამედიცინო ჩარევა პირადად უნდა განახორციელო, მომენტალურად მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მხოლოდ საკუთარ თავზე აიღო, დამეთანხმებით, მარტივი არაა. ამხელა ხეობაში, ცენტრიდან ძალიან შორს, სადაც არ არსებობს აფთიაქი, ერთ აბსაც ვერავინ მოგაწვდის... მიხარია, რომ ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.
- გარდა პროფესიული საქმიანობისა, ჩასვლის დღიდან არაერთი პროექტი განახორციელეთ. ჩამოაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაციაც...
- არასოდეს მიფიქრია, რომ ამდენ საქმეს შევეჭიდებოდი. არასამთავრობო ორგანიზაცია ერთი კონკრეტული მიზნით ჩამოვაყალიბე. არ არსებობდა საჯარო სივრცე ბავშვებისთვის, სადაც ისინი შეძლებდნენ ერთმანეთისთვის თავიანთი სურვილები, გეგმები გაეზიარებინათ. საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი დაგვჭირდა. ასეთი მარტივი მიზნისთვის გადავწყვიტეთ, თუმცა, მოგვიანებით, მისი საშუალებით ბევრი სხვა შესაძლებლობა გაჩნდა. მოვიპოვეთ გრანტი, გავარემონტეთ შენობა, რომელსაც ახლა ბარისახოს ახალგაზრდული ცენტრი ჰქვია და აქ ვახორციელებთ ჩვენი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროექტებს. გვსურს ეს შენობა არაფორმალური განათლების ცენტრად იქცეს და ბავშვებმა შეძლონ თანამედროვე გამოწვევებს მოერგონ. სხვათა შორის, ნებისმიერ ადგილას, სადაც ამ ბავშვების სახელით მივსულვარ, ყოველთვის სიხარულით მიღებენ და მათ დასახმარებლად ძალისხმევას არ იშურებენ. არ მახსოვს პროექტი, რომელიც ამათთვის წამოვიწყე და არ გამომივიდა, ეს კი თავისთავად, დიდი სტიმულია სამომავლო პროექტების დასაგეგმავად და განსახორციელებლად. ჩავატარეთ ტრენინგები ტურიზმის მიმართულებით. რაც დრო გადის, ადგილზე საოჯახო სასტუმროების რიცხვი მატულობს, შესაბამისად, იზრდება კვალიფიციური კადრების საჭიროებაც. მოზარდები შეისწავლიან უცხო ენას, ეუფლებიან გიდის სპეციალობას, ერკვევიან გარემოსდაცვით საკითხებში, მათ შორის, სწავლობენ ტყის მოვლას, დაცვას, ნარჩენების მართვას. ჩვენი მიზანია მათ მოთხოვნის შესაბამისი ცოდნა ჰქონდეთ და როცა გაჩნდება საჭიროება, კადრი ადგილზე მოიპოვებოდეს. ეს კი, ბუნებრივია, ადგილობრივების გადინების პროცესსაც შეანელებს. ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს შატილის კოშკები და აბუდელაურის ტბები. ცხრა წელია უკვე იქ ვცხოვრობ და ვიზიტორების რიცხვი ყოველ წელს იმატებს. გვინდა, ამ ტენდენციას ხელი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა თავიანთი ცოდნით შეუწყონ. თავდაპირველად, ინტერესი არც ისე დიდი იყო, უჭირდათ სამეურნეო საქმიანობას მოწყვეტა. მაგრამ ამ საკითხზეც ვიმუშავეთ და დღეს ინტერესი უკვე საკმაოდ მაღალია. ბოლო შეხვედრაზე 12 ბავშვს ველოდებოდით და 50-ზე მეტი მოვიდა.
GzaPress
- ხევსურეთში ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი გზებს უკავშირდება...
- დიახ, გზები ყოველთვის პრობლემა იყო. არხოტის მთაზე ჩემი პაპა, ბესარიონი ფეხით გადმოდიოდა. თუ არ გინახავთ, ვერ წარმოიდგენთ, რა მანძილზეა საუბარი. ახლა უკვე არხოტის მიმართულებით სამანქანე გზა არსებობს. გზა კეთდება თბილისი-ბარისახოსა და შატილის მიმართულებითაც - ორ მესამედზე მეტი ასფალტის საფრითაა უკვე დაფარული. ეს პირდაპირ აისახება ვიზიტორების რაოდენობაზე.
- ვიზიტორების რაოდენობამ პირადად თქვენი რეალობაც შეცვალა - ახლა უკვე საკუთარი საოჯახო სასტუმრო გაქვთ...
- თბილისიდან ჩასულმა საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგება დავიწყე. ჩვენს სახლში მუდამ უამრავი სტუმარია, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. მათ გარეშე ერთი დღეც ვერ გავძლებდი იქ. გარკვეული დროის შემდეგ, ეს საოცარი გარემო ციხეს ემსგავსება... რაც მთაში ვცხოვრობ, ყველა და ყველაფერი მენატრება - შეხვედრები, ადამიანური ურთიერთობები.
- საოჯახო სასტუმრო თემატურად მოწყობილი, ადგილობრივი ისტორიული მნიშვნელობის ნივთებით გაქვთ გაფორმებული?
- დიახ, ამას ვცდილობთ. მაქვს მამიდის ნაჩუქარი და დედამთილის დანატოვარი რამდენიმე ხევსურული ტალავარი. ისინი სასტუმროს მისაღებშია განთავსებული და საშუალება აქვთ სტუმრებს, ამ ტალავრით შემოსილებმა ფოტოები გადაიღონ.
- ხევსურეთში, სამწუხაროდ, სავალალო დემოგრაფიული ვითარებაა - ორ წელიწადში მხოლოდ ერთი ბავშვი იბადება. ბოლო დროს ახალგაზრდების დაბრუნების შემთხვევებმა ხომ არ მოიმატა?
- მოსახლეობა მცირეა. მოგეხსენებათ, მისი ზრდა ახალგაზრდა, რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, იქ კი მოსახლეობის 60% ხანში შესულია. თუმცა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა ვითარდება, შესაბამისად, ვფიქრობ, თანდათან დემოგრაფიული მონაცემებიც შეიცვლება. ბევრი უცხოეთში წასული ახალგაზრდა ნაკვეთებს ირეგისტრირებს. ეს მოლოდინს აჩენს, რომ სამომავლოდ დემოგრაფიული მაჩვენებელიც უკეთესი გახდება.
- თქვენ ხართ ავტორი წიგნისა ("რა არის სწორფრობა?!"), რომელიც სწორფრობის ტრადიციას ეხება და არღვევს დამკვიდრებულ წარმოდგენას, რომლის მიხედვითაც, სწორფრობის ტრადიციის დამკვიდრების მიზეზი ახალგაზრდების ნებისყოფის გამოცდა იყო.
- ჩემი დისერტაციის თემა ფოლკლორულ მედიცინას ეხებოდა. დიახ, მისი არსებობის მიზეზი არ იყო ახალგაზრდების ნებისყოფის გამოცდა. ამისთვის ხევსურ ახალგაზრდებს ყოველდღიური გარემო ჰქონდათ, ორ ნაბიჯზე ფეხის გადადგმა უკვე მათი ნებისყოფის გამოცდას ემსახურებოდა. გარდა ამისა, სტუმრისა და მტრის დახვედრა, სარჩოს მოპოვება, გაუთავებელი შრომა მათგან უდიდეს ნებისყოფასა და თავგანწირვას მოითხოვდა. თვითმყოფადობის, თვითდამკვიდრებისა თუ რელიგიური შეხედულებების შენარჩუნების მიზნით, მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობდა. სისხლის აღრევის თავიდან ასაცილებლად გაჩნდა აკვანში დანიშვნის წესი. არც ერთ ხევსურს არ ჰქონდა უფლება ოჯახის შექმნა საკუთარი ნებით გადაეწყვიტა. ამ აკრძალვამ მრავალი სოციალური სირთულე წარმოშვა. სწორფრობის ტრადიციის დაშვება კი ერთგვარი ჰუმანური, შეწყალების აქტი გახლდათ, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდას უფლება ჰქონდა გარკვეული აკრძალვების გათვალისწინებით, ღამე საყვარელ ადამიანთან ერთად გაეტარებინა. ეს დიდი შვება იყო მათთვის, ვისაც საკუთარი სწორფრის დანახვაც ენატრებოდა.
- გამორჩეულად გიყვართ მოგზაურობა...
- არ მესმის, როგორ უნდა თქვას ამ შესაძლებლობაზე ადამიანმა უარი, თუ ამის საშუალება გააჩნია. ამისთვის არ არის აუცილებელი დიდი ფინანსური შემოსავალი. მატერიალურ სამყაროს ხომ ერთხელ ვუყურებთ?! ახალგაზრდებს სულ ვთხოვ, წამითაც არ გაჩერდნენ ერთ ადგილას. აუცილებელი არაა საზღვარი გადაკვეთო, უამრავი სანახავია ჩვენს ქვეყანაშიც. ბარისახოს ბავშვებისთვის გაცვლითი პროგრამის დანერგვა მაქვს განზრახული. ასეთი ბავშვი გლობალურად აზროვნებს, უფრო მეტი სიყვარულით ეკიდება და აფასებს საკუთარ ფასეულობებს. მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ მხოლოდ ზღვა და რუჯის ინტენსივობა არ არის ცხოვრება, იარეთ, თუნდაც, ბავშვებთან ერთად. ერთხელ 70 წლის ქართველი სტუმარი მყავდა, რომელმაც დანანებით აღნიშნა, რომ ხევსურეთს პირველად სტუმრობდა. გულწრფელად ვკითხე, - როგორ მოითმინეთ-მეთქი?! მოგზაურობით ღრმა შთაბეჭდილებებს ვიღებ და ამას ნამუშევრებში ავსახავ.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.