კალაუბნელი ოქრომჭედლები, კოლორიტები და სხვები
font-large font-small
კალაუბნელი ოქრომჭედლები, კოლორიტები და სხვები
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"

თბილისის ძველ უბანში ვერცხლის ქუჩას ვეწვიე. ეს გამორჩეული და ისტორიული ადგილი კალაუბნისა და თბილისის ცენტრიაო, - სიამაყით მითხრა ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა.


ნოდარ დოიჯაშვილი:
- მალე 88 წელი შემისრულდება, აქ 50 წელზე მეტია ვცხოვრობ. ჩემი მეუღლე, ვერა ხარაბაძე ამ სახლში გაიზარდა. ძვირფასი ადამიანი იყო, კარგი ცოლ-ქმარი ვიყავით. ნათელში ამყოფოს ღმერთმა, 2000 წელს ინფარქტით გარდაიცვალა. როგორ გავიცანი? ბორჯომელი კაცი ვარ, თბილისის საბავშვო ბაღები ბორჯომში კერძო ბინებს ქირაობდნენ და ბავშვები დასასვენებლად ჩამოჰყავდათ. ჩემს ბინაში ცხოვრობდა მომავალი მეუღლე, ბაღის აღსაზრდელებთან ერთად. მოგვეწონა ერთმანეთი... და შეუღლება გადავწყვიტეთ. მაშინ ცხონებული დედამისი ბორჯომში იყო ჩამოსული ჩვენთან, ის გამოვისტუმრეთ და ვერა დავტოვე (იცინის). უფროსი შვილი - გია სკოლის ასაკის რომ გახდა, ჩემმა მეუღლემ თბილისში შეიყვანა სკოლაში და მერე უკვე აქ გადმოვედით საცხოვრებლად. სამი შვილი მყავს: გია, ზურა (მომღერალი. - ავტ.) და ნინო. უმცროსი ვაჟი და ქალიშვილი თავიანთი ოჯახებით ისრაელში ცხოვრობენ. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ზურას. ტელეფონზე საუბრისას მეუბნება ხოლმე, ახლა კარგადა ვარ და ყველანაირად კმაყოფილი ვარო. ყოველთვის მეამაყებოდა და დღესაც მეამაყება, როცა ტელევიზიით მის ნამღერს ვუსმენ. სწორედ ამას წინათ იყო "მარტი, მარტი"... როცა მღერის, მე სიცოცხლე მემატება...
ეს უბანი თავიდანვე ძალიან მომეწონა, ყველასთან კარგი ურთიერთობა და კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვქონდა. ერთმანეთს ხელს ვუმართავდით, ზოგჯერ უფროსები რჩევა-დარიგებასაც გვაძლევდნენ. აქვე ებრაელების ორი ოჯახი ცხოვრობდა. ხანდახან ფანჯრიდან ვესაუბრებოდით ერთმანეთს. უბანში მცხოვრები ებრაელებიდან, თითქმის ყველა ისრაელში წავიდნენ. ამ სახლში, ქვედა სართულზე მიშა კაცობაშვილი ცხოვრობდა, პურმარილიანი კაცი იყო. საღამოობით ხმაურიანად დამიძახებდა ხოლმე: "ნოდარ, ნოდარ, ჩამოდი!" (იცინის) ჩავიდოდი - "პივა" ჰქონდა, მისაყოლებელსაც მოიტანდა და ვმუსაიფობდით. მისი ვაჟი აქ ცხოვრობს, ცოლ-შვილით, ის არ წასულა ისრაელში. წავიდნენ მიშა, მისი მეუღლე და მათი ქალიშვილი. მე და მიშამ ვაზი დავრგეთ ქუჩის დიდ მონაკვეთზე და ხეივანი გავაშენეთ. მაშინ სახლის ეზო შემოკავებული არ იყო, წყალი გვქონდა ეზოში (ახლაც არის). მიშას მამა მექუდე იყო, ძლიერი კაცი. ზამთარში ეზოში გამოვიდოდა, წელს ზევით გაიხდიდა და ცივი წყლით იბანდა. თუ ჩემს ოჯახში გახლდათ რაიმე წვეულება, მეზობლები აქ იყვნენ, იმათთან იყო - მე ვიყავი იქ და ასე... გვიხაროდა ერთიმეორესთან მისვლა-მოსვლა.
ახლა უბანი დაცარიელებულია, ალბათ 5-6 ოჯახი დავრჩით. ცხოვრება შეიცვალა, ხალხიც შეიცვალა - ურთიერთობები გაცივდა. აღარ არის უბანში მხიარულება და უბნის წეს-ჩვეულებებიც დაიკარგა. ათასში ერთხელ ვხვდებით ერთმანეთს. მიშა კაცობაშვილი ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს!
GzaPress
ეთერ იორამაშვილი:
- 20 წლისა გავთხოვდი. ჩემმა მეუღლემ, გივი იორამაშვილმა გურიიდან წამომიყვანა და მას მერე ამ უბანში ვცხოვრობ. ახლა 82 წლისა ვარ. მყავდა დედამთილ-მამამთილი და კარგი მეზობლები. შვილივით შემიყვარა ებრაელმა ცოლ-ქმარმა - ტონია დეიდამ და აბრამ ძიამ. მათ შვილებს თენგიზი და კარლო ჰქვიათ. აქედან რომ გადავიდნენ, იმის მერე ერთმანეთი დავკარგეთ. ისრაელში წავიდნენ თუ არა, ამაზე არაფერი გამიგია. მეზობლები ერთი ოჯახის წევრებივით ვიყავით, საერთო სამზარეულო გვქონდა. არ არსებობდა, ტონია დეიდას კარგი სადილი გაეკეთებინა და ჩემთვის არ მოერთმია. მისგან ვისწავლე სადილების კეთება. ისეთი ხელი ჰქონდა, ყველაფერი გემრიელი გამოსდიოდა. როგორც თავად აკეთებდა, ზუსტად ისე მასწავლა აჯაფსანდალი, სოუზი... კარტოფილსა და ხორცს ერთად, რაღაც გადასარევად წვავდა. სომხების ერთი ოჯახი იყო, იმათთანაც კარგად ვიყავი. ცოლ-ქმარი დაიღუპნენ, მათი შვილები საფრანგეთში წავიდნენ. ამ სახლში 6-7 ოჯახი ცხოვრობდა. ძველი მობინადრეებიდან მხოლოდ მე დავრჩი. ეს სამსართულიანი სახლი მთლიანად მარტოხელა ქალს, ევგენია კოვალიოვას ეკუთვნოდა, რომელიც ოთახებს აქირავებდა. ჩვენ თვეში სამ მანეთს ვაძლევდით. სხვათა შორის, სხვა სახლების მესაკუთრეები უფრო დიდ თანხას ითხოვდნენ. ევგენიას "ხაზეიკას" ვეძახდით. მე რომ აქ მოვედი, უკვე საკმაოდ ხანში შესული იყო და მალე გარდაიცვალა.
აქ დაიბადა და გაიზარდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე, რომელიც ჩემს ქმართან მეგობრობდა. ჩვენს ბინებს საერთო კედელი ჰყოფდა. ქუჩას შოთა ნიშნიანიძის სახელი მის პატივსაცემად დაერქვა. ძვირფასი ადამიანი იყო. თამადობა მაინცდამაინც არ უყვარდა. ჩემს მეუღლეს კი უყვარდა ქეიფი, მაგრამ შოთას ღვინო სწყენდა და არ ეკარებოდა. ბინის მეორე საერთო კედელი გვქონდა დიმა ჯაიანის ოჯახთან - მისი სიდედრის სახლი იყო. დიმა არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ, პატრიოტი კაცი, შესანიშნავი მსახიობი, საუკეთესო მეზობელი. სოხუმიდან როცა ჩამოდიოდა, ყოველთვის თბილად მოგვიკითხავდა. ჩემი შვილიშვილისთვის რომ არ ეკოცნა, არ არსებობდა. დიმას კარგი მეუღლე ჰყავს.

საუბარში ჩაერთო ქალბატონი ეთერის ქალიშვილი, მაია იორამაშვილი:
- დიმას ვაჟი - ჯაბა და მე ერთად გავიზარდეთ, სულ ერთად ვთამაშობდით. ამ უბანში ცხოვრობდა ერთი ებრაელი ქალი, მგონი, ევა ერქვა, იმასთან "ჟუვაჩკებს" ვყიდულობდით. ვაჭარი ქალის სახლთან მისასვლელად, ეს ბავშვები ჯგროდ, იეთიმ გურჯის ქუჩაზე მიხვეულ-მოხვეულ გზას დავადგებოდით. ეზოში რომ შეხვიდოდი, პირდაპირ უნდა წასულიყავი, კიბეზე ასვლა არ გიწევდა, იქვე იყო კარი. ქალი გარეთ არ გამოდიოდა, ფანჯრიდან მოგაწვდიდა "ჟუვაჩკას", რომელსაც "ლოლიკ-ბოლიკს" ვეძახდით. მშობლები ფულს რომ მოგვცემდნენ, ეგრევე ევასთან გავრბოდით.
უბანში ერთი პატარა ტანის კაცი - იარმურკელი გოგია "ბულკებს" ყიდდა, კოლორიტად ითვლებოდა. ბავშვობაში ჩვენს უბანს "იარმურკას" ეძახდნენ. ეს კაცი დადიოდა "ტაჩკით", რომელიც იყო ჩვეულებრივი საბავშვო "კალიასკა", ზედ მიმაგრებული ჰქონდა მანქანის ნომერი და სარკეები. ისე უვლიდა, როგორც მანქანას. იცით, რა იცოდა? უეცრად მოგეპარებოდა სიტყვებით: ტო, ტო, ტოო, ვა რა "ბულკებია" (იცინის)?! სომეხი გოგია ქუჩა-ქუჩა, სულ მთვრალი დადიოდა. მთელი უბანი იცნობდა, ერთი უბრალო კაცი, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი ადამიანი იყო, ამიტომ გამახსენდა.
GzaPress
გია დოიჯაშვილი, ბატონი ნოდარის შვილი:
- ეს უბანი - თბილისისა და კალაუბნის ცენტრი, მთლიანად კოლორიტია. აქ გავიზარდე. სახლი, სადაც ვცხოვრობ, 120 წლისაა. უბანში ყველა კუნჭული ვიცი, გასასვლელ-გამოსასვლელი, ქუჩები... ადრე, ჩვენი სახლის მეპატრონე სომეხი კაცი იყო. საერთოდ, სახლების უმრავლესობას ამ უბანში სომხები ფლობდნენ. ფილმში "ვერის უბნის მელოდიები" ერთი ეპიზოდია: "აღა გეურქოვი, სახლის მფლობელი. - სახლისა კი არა, სახლების!" ზუსტად ასე იყო. აქ ცხოვრობდა ებრაელი, სომეხი, იეზიდი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი... ახლა გარშემო სახლები დაკეტილია. ჩემი ქალაქი მიყვარს და გული შემტკივა ყველაფერზე... როცა უცხოეთში მცხოვრები მეგობრები მირეკავენ, ასე მომმართავენ: ქალაქის მერს ველაპარაკებით? მერს მეძახიან. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი, ჩემი ტოლი ებრაელი ბიჭი, ვოვა ოსიპოვი წავიდა ისრაელში და ეგეც დამაკლდა. ჩვენ ამ უბანს ყველანაირად ვუვლიდით.
ბავშვობაში დილა ასე იწყებოდა, ჯერ შინდისელი რუბენა ჩამოივლიდა "მაწონი, მაწონის" ძახილით. ისეთი ხმა ჰქონდა, ვერცხლის ქუჩაზე რომ დაიყვირებდა, მთელ უბანს აღვიძებდა. მერე ტარხუნას, ბატიბუტს ჩამოატარებდნენ. ბატიბუტს ბოთლებში ვცვლიდით, ათი ბოთლი ერთი მანეთი ღირდა. მანეთით კინოში წახვიდოდი, აჭარულ ხაჭაპურს შეჭამდი და ხურდაც დაგრჩებოდა. დიდი ბიდონით ნავთის "სკლადში" მივდიოდი. იქ კაცი იჯდა, რომელიც ჩავიდოდა სარდაფში და ნავთით აავსებდა ბიდონს. ბებიაჩემს სამფითილიანი ნავთის ქურა ჰქონდა, 90-იან წლებში იმ ქურამ გადაგვარჩინა.
სომეხი სურიკა დირექტორი იყო და საკუთარი მანქანა - შავი "ზიმი" ჰყავდა. ხშირად, შაბათ დღეს უბნის ბავშვებს ჩაგვსვამდა მანქანაში და ფუნიკოლიორზე წაგვიყვანდა. ლიმონათებით, ხაჭაპურებით, ნამცხვრებით გაგვიმასპინძლდებოდა და ატრაქციონებზეც დაგვსვამდა. ეს სიკეთე არასოდეს დამავიწყდება. კვირაობით ქურთებს სულ სარეცხი ჰქონდათ და იყო ერთი ჩხუბი: "კრანი" დაკეტე, ჩემთან წყალი არ ამოდის. - მაშ, მე არ გარეცხო?.." მიშა აივაზოვი შაბათს ხაშს გააკეთებდა და კვირას დილით, ეზოში მიირთმევდა უფროსი თაობის ხალხი.
ბიჭები "შატალოზე" დავდიოდით, ოღონდ რუსთაველის თეატრსა და კინო "სპარტაკში" ვერ წახვიდოდი, შემოწმება იყო ხოლმე. ჩვენც პლეხანოვზე - "ნაკადულში" ან "გორკის კლუბში" მივდიოდით, იქ გაქცევაც შეიძლებოდა (იცინის). ზოგჯერ თბილისის ზღვაზე ავიდოდით. მუხრანის ხიდის ბურჯებიდან მტკვარში ვხტებოდით, რაც აკრძალული იყო, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ტრამვაი კოლმეურნეობის მოედანთან, სახინკლესთან უხვევდა, სადაც ხინკალი 5 კაპიკი ღირდა. ბავშვები ხშირად შევდიოდით ამ სახინკლეში. კორტებზე დავდიოდით სათამაშოდ, ჩოგნები ყველას გვქონდა. მთავარი ის იყო, რომ სახელგანთქმული ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გვენახა და მისი "ფორდ მუსტანგი" დაგვეთვალიერებინა. მაშინ თბილისში სად იყო უცხოური მანქანები?! ველოდით, როდის მოვიდოდა იმ მანქანით და მერე გარს შემოვუვლიდით ხოლმე.
შაბათობით, გოგირდის აბანოში დავდიოდით. ბებიაჩემი ყოველ შაბათს დამყავდა მირზოევის აბანოში და ველოდებოდი. ნომრიდან რომ გამოვიდოდა, მერე ჩაიხანაში შევდიოდით. აიღებდა ჩაის, შაქარს, ტკბილეულს... მერე ტაქსის გააჩერებდა და სახლში მომყავდა. ჩვენს უბანში ვერელი და ვაკელი ბიჭებიც მოდიოდნენ. დოდო აბაშიძე დადიოდა ჯუმბერ ბერიძესთან. ამათ ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან შევყურებდით, როცა აივანზე იდგნენ. ასეთ ხალხში გავიზარდეთ, უფროსებისგან ვსწავლობდით კაცობას და ვაჟკაცობას.
მშობლების სხვანაირი დაფასება გვქონდა, ცოტა შიშიც. მერვე კლასიდან სიგარეტს ჩუმად ვეწეოდი. მამაჩემი სახლში ტოვებდა კოლოფს, ოღონდ ღერებს ითვლიდა. ერთხელ სამი ცალი მოვწიე და მამას ვუთხარი: მაგდალენა პავლოვნა შემოვიდა და იმან აიღო-მეთქი. ეს ქალი კარის მეზობელი იყო და ყოველ საღამოს ჩვენთან შემოდიოდა, დედაჩემთან ერთად ჩაის მიირთმევდა. მამამ იმასთან დააზუსტა სიგარეტების ამბავი. მაგდალენა პავლოვნამ არ "ჩამიშვა", სამაგიეროდ, ცალკე მაგრად გამლანძღა (იცინის).
კოლორიტი იყო არევტოტა (თბილისურად, მოფერებით ეძახდნენ). ეს ქალი რუსთაველის თეატრში მეგარდირობედ მუშაობდა. მის გასვენებაში მთელი თეატრი მოვიდა, ყველა პატივს სცემდა. მახსოვს, ბიჭები გარეთ ვიდექით, ეროსი რომ მოგვიახლოვდა და გვკითხა: მიცვალებული აქ სად არისო?.. ოქრომჭედლები ცხოვრობდნენ ვერცხლის ქუჩაზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ებრაელი რობერტ მიხაილოვი (ისრაელში წავიდა). ოქროს ბეჭედს რომ მიუტანდნენ გასასინჯად, დახედავდა და იტყოდა, ნაღდია თუ არა.
აქვე, ჩვენ გვერდით, სახლს დიდი ეზო ჰქონდა. იქაც ბევრი კარგი ხალხი ცხოვრობდა. მახსოვს, ეგ სახლი თავისით დაინგრა. მანდ თურმე, წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია ყოფილა. ახლა მიდის რესტავრაცია და აღმოაჩინეს ეკლესიის კედლების ნაწილები. ე.ი. სახლი ეკლესიის ნანგრევებზე იდგა. ითქვა, რომ ეკლესიის აშენებას აპირებენ.
გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა. უბნის ხალხი შაბათ-კვირას იკრიბებოდა, დომინოს ითამაშებდნენ, მერე სუფრა გაიშლებოდა, ვისაც რა ჰქონდა, იმას გამოიტანდა, დასხდებოდნენ და დაილოცებოდნენ. ახლა ლანძღვა-გინების მეტს ვერაფერს გაიგონებ. არადა, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ ხომ ასე ცოტანი ვართ. მინდა, თბილისში ისევ დადიოდეს ღიმილიანი და სითბოთი სავსე ხალხი.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
ინტერნეტის დახმარებით ნასწავლი ხელსაქმე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.