რას ამბობს სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე პედაგოგი ამ მხარის პრობლემებზე
font-large font-small
რას ამბობს სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე პედაგოგი ამ მხარის პრობლემებზე
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ. ბედნიერებაა, თუ შენი სულის ფერებს და შენს ნამდვილ მოწოდებას იპოვი... ასეა ჩემთვის მასწავლებლობაც - ეს - სულის მდგომარეობაა. შემეძლო სხვა გზით წავსულიყავი, შემეძლო უკეთესადაც მეცხოვრა, მაგრამ ბავშვებისთვის არასოდეს მიღალატია, რადგან მათ გარეშე არსებობა არ შემიძლია", - ამბობს გამოცდილი პედაგოგი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაყვალა დავითაძე, რომელიც 1991 წლიდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში ასწავლის.


- სკოლაში მაშინაც ვმუშაობდი, როცა ხელფასს 4-5 თვის განმავლობაში არ გვიხდიდნენ. 1990-იან წლებში სკოლა ბევრმა მიატოვა, მაგრამ ამაზე მე არასოდეს მიფიქრია. მასწავლებლობის გზაზე რა არ მინახავს: გაყინული სკოლა, აბოლებული ღუმელი და გაჭვარტლული კლასი, ფანჯრებზე აკრული "ცელოფანი", შიმშილი, სულიერი ტკივილი, მილიონობით კუპონი, რომლითაც ვერაფერს იყიდდი... მიუხედავად ამისა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ჩემი საქმისთვის მეღალატა, არასოდეს დამდგომია ყოყმანის ჟამი. ორი სხვა სპეციალობაც მაქვს მე, მაგრამ მასწავლებლობა არაფერზე გამიცვლია და არც გავცვლი.
- ე.წ. რთული ბავშვები არ გყოლიათ?
- მასწავლებელი ბავშვს გასაღებს თუ მოუძებნის, ცუდი ბავშვი არ არსებობს. რაღაც ინტერესის სფერო ყველას აქვს. მოზარდები რთულები არიან, მაგრამ ისინი კანითაც გრძნობენ, რამდენად გულწრფელი და მართალი ხარ მათ წინაშე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სწავლა-აღზრდა ერთიანი პროცესია და უერთმანეთოდ ორივე ფრთამოტეხილი ჩიტის ფრთხიალს ემსგავსება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 1991 წლიდან დღემდე, ვისთვისაც მისწავლებია, ყველა მახსოვს. ერთხელ ჩემი ყოფილი მოსწავლე შემხვდა, 1993 წელს რომ დაამთავრა სკოლა და რაღაცები რომ გავახსენე, გადაირია: მასწავლებელო, ეგ როგორ გახსოვთო?! - დიახ, დღესაც მახსოვს ჩემი მოსწავლეები. დღემდე მიხარია, როცა მათ ამბებს ვიგებ. ზუსტად ვიცი მათი თვისებები და ახლა მათ შვილებსაც ვასწავლი. ნეტავ იცოდეთ, როგორ უწყვეტ კავშირს ვხედავ თაობებს შორის. ჩემი ყოფილი მოსწავლეები შეხვედრისას დღესაც "მასწავლებელოთი" მომმართავენ და დღემდე მაქვს მათთან კავშირები. სხვათა შორის, მე ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაშიც ვმუშაობდი, რაც ძალიან მეამაყება, მაგრამ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ყოფნა მაინც სულ სხვა სტიმულია.
GzaPress
- სკოლის პარალელურად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ლექტორიც ხართ. როდის დაიწყეთ ამ უნივერსიტეტში მუშაობა?
- 2000 წელს დავოჯახდი და ახალციხის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა. ჩემს მეუღლეს - ზურაბ ქუქჩიშვილს ამ მხარეში დღესაც დიდი პატივისცემით იხსენებენ. პროფესიით ისტორიკოსი ზურა ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მესხეთში, რომელმაც თავის მხარეში თითოეული კენჭის ისტორია იცოდა და რაც ყველაზე მთავარია, თავისი ქვეყნის პატრიოტი გახლდათ. მას შეეძლო თავისი სამშობლოსთვის ყველაფერი გაეკეთებინა. ზურა ბოლომდე უნივერსიტეტის ერთგული დარჩა: 1991 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე... 2014 წლამდე იქ მუშაობდა - ისტორიასა და ეთნოგრაფიას ასწავლიდა. მან ასპინძაში თავის სტუდენტებთან ერთად მე-11 საუკუნის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა, რომელიც აღადგინეს და ახლა ის მოქმედია. ზურას ნებისმიერ დროს შეეძლო სამუშაოდ თბილისში გადმოსულიყო და ცხოვრება კარგად აეწყო, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა მესხეთის სიყვარულის გამო. ეს პროფესორი კაცი მიწას ამუშავებდა, თავის კარ-მიდამოს უვლიდა და თან, სამეცნიერო ნაშრომებს წერდა. ძალიან ერთგული და კეთილშობილი ადამიანი იყო...
- როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
- ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, 12 წელი ვიცნობდით ერთმანეთს და დიდი სასიყვარულო შეხვედრები არც გვქონია. სტუდენტობიდან ერთმანეთს ვეხმარებოდით და ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. ალბათ ამან განაპირობა, რომ ბევრი საერთო გვქონდა, ჩვენი გზებიც საბოლოოდ გადაიკვეთა. მას დღემდე უცრემლოდ ვერ ვიხსენებ, იშვიათი თვისებებით შემკული პიროვნება იყო და უდროოდ, მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან. მეუღლე რომ დამეღუპა და მარტო დავრჩი, გაოგნებულმა ერთი პატარა ლექსი დავწერე: "დღესაც ძარღვებში დამიდის მტკვარი, შავი ფიქრებით გულდაწრეტილი და ყრია წყალში შავი ლოდები, როგორც შეკითხვის მრავალწერტილი"... მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრებისთვის თავად უნდა მიმეხედა და ჩემი ტყუპი გოგონები ღირსეულ ადამიანებად გამეზარდა. რომ ვაკვირდები, ეს ცხოვრება მრავალწერტილივითაა - ბევრ განსაცდელს გვახვედრებს, მაგრამ თავად უნდა მივხვდეთ, სადაა საჭირო მრავალწერტილის დასმა და სად - წერტილის.
- სპეციფიკურ რეგიონში გიწევთ სწავლება - სამცხე-ჯავახეთში, სადაც შერეული მოსახლეობა ცხოვრობს. ეს საქმეს ხომ არ გირთულებთ?
- საერთოდ, როცა რეგიონში ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობა ცხოვრობს, იქ აუცილებლად უნდა იყოს ინტელიგენცია, რომელიც ამ ურთიერთობებს დააბალანსებს. მასწავლებელს მსგავს რეგიონებში განსაკუთრებული როლი ენიჭება. არ შეიძლება პედაგოგი პოლიტიკურ პროცესებს ან პროვოკაციებს აჰყვეს, პირიქით, მან ყველაფერი სიმშვიდით, სიწყნარით, ახსნა-განმარტებით და სწორი დამოკიდებულებით უნდა მოაგვაროს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა მეგობრულები და მშვიდობისმოყვარეები არიან სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდები. მართალია, ბევრი მათგანი ეთნიკური სომეხია, მაგრამ მათ იციან, რომ საქართველოში ცხოვრობენ, საქართველო მათი სამშობლოა და ყველაფერს აკეთებენ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქის ვალია. კარგია, რომ ჯავახეთში მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი პროგრამა, საკმაოდ კარგი პედაგოგები ჰყავთ და სტუდენტებმა ქართული მშვენივრად იციან. საინტერესო ბავშვები არიან - ყველა უაღრესად მოწადინებულია, ძალიან მშრომელები არიან. სურთ ყველაფერი საფუძვლიანად შეისწავლონ. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას ქართულის სწავლა არ სურს, მცდარია. ლამის, გამეცინოს, ზოგჯერ ტელევიზიით რომ აცხადებენ - ჯავახეთში ანტიქართული განწყობააო, ეს არ არის მართალი. მე მაგალითად, რამდენ ახალგაზრდასაც ვზრდი, იმდენ მეგობარს ვუზრდი საქართველოს.
- კორონავირუსის საფრთხის გამო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან... როგორ ფიქრობთ, მზად ვართ საამისოდ?
- დიახ, გამოცხადდა, რომ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან და ამაში გასაკვირი არაფერია. მასწავლებელი ყოველთვის სიახლის მიმღები და გამტარებელი უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, ჩვენ არა ვართ მზად ონლაინსწავლებისათვის. ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე მარტო თბილისი ხომ არ არის? რეგიონებში გამართული ინტერნეტიც კი არა აქვთ. დღეს ერთმა მშობელმა მომწერა: სამი ბავშვი მყავს და რა ვუყო, სამი კომპიუტერი საიდან ვიშოვოო?! ამ დღეებშიც, ვითომ ვუხსნიდი ბავშვებს რაღაცებს და დავიტანჯე: ინტერნეტი "ჭედავდა" და იმის მეათედიც ვერ ვუთხარი, რისი თქმაც მინდოდა. ამიტომ, ნურც თავს მოვიტყუებთ და ბავშვებსაც ნუ მოვატყუებთ! ასეთ ვითომ სწავლებას მირჩევნია, ივნისის ბოლოს დაუმატონ სასწავლო წელს ორი კვირა ან შაბათი გახდეს სასწავლო დღე და გაცდენილი დღეები ასე ავანაზღაურო. მაისის ბოლოს პროგრამას ისედაც ვამთავრებდით და გამეორებას ვიწყებდით. მთავარია, ეს საშიშროება დავამარცხოთ და მერე, ნებისმიერი გონივრული ვარიანტი მისაღები იქნება!
- თქვენი შვილების შესახებაც მოგვიყევით...
- ტყუპი გოგონა მყავს, სტუდენტები არიან - ორივე მომავალი მედიკოსია. მე და ზურას მათთვის არასდროს დაგვიძალებია ისწავლეთო, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი, მონდომებული ბავშვები იყვნენ. რაც მთავარია, წიგნების სიყვარული ბავშვობიდანვე ჩავუნერგეთ. ჩვენი ოჯახის ბიბლიოთეკა იმ მხარეში ცნობილია, რადგან ჩემი დედამთილი და მეუღლე ბიბლიოფილები იყვნენ. ზურას რომ ვუყურებდი, შრომას მეც შევეჩვიე. სოფელში რომ ჩავდივარ, მუშაობა ხშირად მიწევს, კიდეც ვთიბავ და სხვა საქმესაც ვაკეთებ. ადრე ზურას აჯავრებდნენ - პროფესორობა და გლეხობა ერთად გინდაო და ახლა ჩემი უკვირთ, ლექტორი ქალი ცელით ხელში რატომ უნდა შრომობდესო? მაგრამ მე სხვაგვარად არ შემიძლია. შრომა ღირსებას მმატებს.
- სკოლაში ისევ მუშაობთ?
- დიახ, რადგან ჩემი შვილები სტუდენტები გახდნენ, ახლა აქ ვცხოვრობთ და თბილისში ვასწავლი - 107-ე სკოლაში, მაგრამ ჩემს უნივერსიტეტს თავს ვერ ვანებებ - სულ გზაში ვარ, ჩემს მშობლიურ მხარეში ყოველკვირა ჩავდივარ, ლექციები რომ წავიკითხო. კატეგორიულად არ ვეთანხმები, როცა ამ თაობაზე აუგს ამბობენ. პირიქით, ძალიან ჭკვიანი, გონიერი და პრაგმატული ახალგაზრდობა მოდის. ჩემმა თაობამ იცოდა, რომ უნდა ესწავლა, მაგრამ ეს ცოდნა რაში გამოგვეყენებინა, არ ვიცოდით, ახლა კი მშვენივრად იციან, რატომ სწავლობენ და რა არის მათი საბოლოო მიზანი.
- დაბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის მესხეთ-ჯავახეთი - მხარე, სადაც ამდენი წელია საქმიანობთ?
- თითქმის, ყველაფერს, პირველ რიგში, ეს ჩემი მამა-პაპის მხარეა. უკვე გითხარით, რომ იქ, ჩემს ეზო-მიდამოში, ჩვეულებრივი, რიგითი გლეხივით ვშრომობ. საერთოდაც, ვფიქრობ, ძალიან ცოდოა მიწას მოწყვეტილი ადამიანი! მიყვარს მიწა, მიწასთან ურთიერთობა, მიწის ოხშივარი... მიყვარს დაღლილი ხის ძირას რომ ჩამოჯდები და ზეცის სილურჯეს ახედავ. ყველაზე მეტად კი გაკორდებული და ჭინჭარგადავლილი ეზოები მკლავს და მაწუხებს. თბილისიდან ჯავახეთისკენ რომ მივდივარ, ბევრი ასეთი ეზო მხვდება. ვისურვებდი, არც ერთ ეზოში არ მენახოს ამოსული ჭინჭარი, მით უმეტეს, მესხეთ-ჯავახეთში, რომელიც ძალიან მგრძნობიარე ნერვია საქართველოსი! არ შეიძლება იქ ადამიანების ემოციებზე თამაში, ადამიანებით მანიპულირება, ეს ცუდ შედეგს მოიტანს. თანამედროვე მსოფლიოს წესრიგი ასეთია: შენ არ გინდა? - ვისაც უნდა, მოვა და დასახლდება. თუ გვსურს, ჩვენი მიწა, ჩვენი მამული ვინმემ არ წაგვართვას, თავად უნდა მოვუაროთ, თორემ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, ჩვენს ძველებს უთქვამთ!
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.