დები ხუჯაძეები - დავიწყებული ადამიანები და ნავენახევის მღვიმე
font-large font-small
დები ხუჯაძეები - დავიწყებული ადამიანები და ნავენახევის მღვიმე
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს. ეს არის ქალბატონი, რომელსაც იცნობენ როგორც კარგ დიასახლისს, დედას, მეუღლეს, მოკრძალებულ აღმზრდელსა და ქუთაისის ისტორიის უბადლო მცოდნეს. ქალბატონი ნანული ამჟამად ბიბლიოთეკაში მუშაობს და არა მარტო ქუთაისზე შეუძლია გესაუბროთ არგუმენტირებულად, არამედ - საქართველოს ახლო წარსულზეც. ბევრი კარგი საქმე უკავშირდება ქალბატონ ნანულის სახელს, თუმცა მას ჩრდილში ყოფნა მაინც უყვარს. ათი წელია, რაც მასთან ნაცნობობა მაკავშირებს და მისი ერთ-ერთი ნაამბობი ასეთია:


"1980 წლის ოქტომბერი იყო, რედაქციაში მესტუმრნენ ცქრიალა გოგონები, ასე, მეშვიდე- მერვეკლასელები იქნებოდნენ ალბათ, ტყუპი და, დალი და ლალი ხუჯაძეები და წერილი მომიტანეს მათი ნანახი უცნობი მღვიმის შესახებ. მაშინ მეც საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, 24 წლის. ბავშვების მოტანილი ინფორმაცია ძალზე საინტერესოდ მეჩვენა და სათანადო კომენტარით თუ ანოტაციით გაზეთ "ქუთაისში" დავბეჭდე. მაშინ გაზეთი რამდენიმეათასიანი ტირაჟით გამოდიოდა, მის ყოველ პუბლიკაციას კი სათანადო ქმედებაც მოჰყვებოდა ხოლმე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მოკლედ, ორი წლის შემდეგ, 1982 წლის ივნისში, ამ გოგონებმა ისევ მომინახულეს. უკვე ავტომექანიკური ტექნიკუმის მესამე კურსის მოსწავლეები იყვნენ. მათ მომიტანეს რამდენიმეგვერდიანი დაწერილი სამადლობელი წერილი სათაურით "ასრულებული ოცნება", რომელიც დღემდე შენახული მაქვს. ბავშვები დაწვრილებით მოგვითხრობდნენ იმ ისტორიის შესახებ, რომელიც ჩემთან შეხვედრით იწყებოდა და გაზეთში წერილის დაბეჭდვის შემდეგ, მთელი რიგი უწყებების მხარდაჭერით, კეთილად დაგვირგვინდა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ უმალ გამოიკვლია უცნობი მღვიმე, თერჯოლის რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ანზორ ბურჯანაძემ კი ზემდგომ ორგანოებში დააყენა საკითხი და ასე დაიწყო მღვიმის კეთილმოწყობა... ამას კიდევ გარკვეული სასიკეთო ცვლილება მოჰყვა სოფელ ნახშირღელეში... მოკლედ, წერილში ყველაფერი დეტალურადაა ჩამოთვლილი. ეს წერილი არ დავბეჭდე, რადგან პატარა ავტორები განსაკუთრებულ მადლობას მე მიხდიდნენ, მაშინდელი ჟურნალისტები კი გაზეთში საკუთარი თავის რეკლამირებას არ ვეწეოდით. მაგრამ ცხადია, მღვიმის კეთილმოწყობისა და ამ დიდ საქმეში სათანადო უწყებათა განუზომელი წვლილის შესახებ მკითხველს ინფორმაცია მივაწოდეთ.
ჩემი წვლილი ამ საქმეში უმნიშვნელოა. ტყუპი დის, იმ პატარა ქუთაისელი გოგონების, დალი და ლალი ხუჯაძეების დიდი ენთუზიაზმის, პატრიოტიზმის შედეგია, რომ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს ნავენახევის მღვიმეც შეემატა..."

დალი ხუჯაძე:
GzaPress- ვცხოვრობ ქუთაისში, წარმოშობით წყალტუბოს რაიონის სოფელ ნავენახევიდან ვარ, ამიტომ ჩემთვის მეტად საყვარელი და სათაყვანებელი ადგილია ეს სოფელი. ჩემი პატარა, ლამაზი სოფელი მდებარეობს ქალაქთან ახლოს, ამის გამო მთელ ზაფხულის არდადეგებს სოფელში ვატარებდით. მყავს ტყუპისცალი და, ლალი. ბავშვობაში, ბუნებაში სეირნობისას ერთ პატარა გამოქვაბულს წავაწყდით. დაგვაინტერესა. მე ყოველთვის მიყვარდა ბუნება. ახლაც ბუნების სიყვარულით ვცხოვრობ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ზაფხულის არდადეგებზე ჩაბურულ ადგილას, ტყეში ოდნავ ჩაღრმავებულ ადგილს მივადექით, დაგვაინტერესა და შევიხედეთ. იქ იყო პატარა შესასვლელი ბილიკი. ბავშვური ცნობისმოყვარეობითა და გამბედაობით ბილიკს მივყევით. გუმანი გვეუბნებოდა, რომ იქ იყო რაღაც სანახაობა. მახლობლად დასახლებაა. მოსახლეობას ჰქონდა სახნავ-სათესი ადგილები და სიგრილეში ისვენებდნენ გამოქვაბულის შესასვლელში, ინახავდნენ სურსათსა და წყალს. ამ ადგილს ქვაბიკას ეძახდნენ. მარტო ვერ გავბედეთ შესვლა და დახმარება სოფლის სხვა ახალგაზრდებსაც ვთხოვეთ. ჩვენი აკვიატებული აზრი იყო, აუცილებლად შევსულიყავით მღვიმეში. ჩაბნელებული გახლდათ იქაურობა, ჩვენ კი შესაბამისი აღჭურვილობაც არ გვქონდა. მოვიძიეთ მე და ჩემმა დამ სახლში გასანათებელი საშუალებები, სამუშაო იარაღები და მღვიმეში შევედით, სადაც საოცრება დაგვხვდა. უკვე მივხვდით, რასთან გვქონდა საქმე! ეს იყო ბუნების ულამაზესი ძეგლი! ნაღვენთი ფორმები, სტალაქტიდები და სტალაგმიტები ნანახი გვქონდა სათაფლიაზე და ახალ ათონში, ამიტომ კიდევ უფრო მოვინდომეთ, რა დაბრკოლებასაც უნდა წავწყდომოდით, მღვიმის სიღრმეები აუცილებლად გვენახა. რაც შეგვეძლო წინ მივდიოდით. ცნობისმოყვარეობა უფრო და უფრო გვიმძაფრდებოდა, რაც ენერგიასა და ძალას გვმატებდა, არ გვეშინოდა დაბრკოლებების, რომლებიც გზად შეგვხვდა.
მღვიმის შესახებ სახლში არ გაგვიმხელია, უბრალოდ, ბებოს მოვთხოვე სამუშაო იარაღები და გასანათებელი საშუალებები. ეს რომ სახლში გაგვემხილა, არ გაგვიშვებდნენ და ეს ოცნებები, რაც გვქონდა მღვიმის აღმოჩენასთან დაკავშირებით, ალბათ დაიმსხვრეოდა. გზა იყო ურთულესი, ბილიკები ვიწრო, გადასავარდნი ადგილებიც გვხვდებოდა, მაგრამ ჩვენ წინ მივიწევდით რისკის ფასად. ხიფათს შეიძლებოდა შევწიროდით, მაგრამ წინ ახალ-ახალი დარბაზები იშლებოდა. რომ მივუახლოვდით ბოლო წერტილს და მივხვდით, იქით წასვლა ძალზე შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე სახიფათო იყო, იძულებული გავხდით, უკან დავბრუნებულიყავით. დავბრუნდით და მთელი ღამეები ვფიქრობდით, ვოცნებობდით. ჩვენი მონდომებით, ჩვენი შესაძლებლობებით, როგორც შეგვეძლო ეს გადმოგვეცა და აღგვეწერა, მთელი ღამე ვწერდით პატარა წერილს, მივედით გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში ქალბატონ ნანული ცხვედიანთან, რომლის მადლობელიც ვართ დღემდე. ვამბობ, რომ ქალბატონი ნანულის დამსახურებაა ყველაფერი. იმ წერილის დაბეჭდვამ აჟიოტაჟი გამოიწვია, უმალვე შეისწავლეს მღვიმე, ჩამოვიდნენ სპეციალისტები, ჩვენც მივიღეთ წერილი სათაურით "ყურადღება, ნავენახევის გამოქვაბული". არც გვეგონა, გამოხმაურება ასე უცებ თუ მოჰყვებოდა წერილს.
ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ბატონი ავთანდილ ნიკოლეიშვილიც დაინტერესდა ჩვენი წერილით. მან პატარა ენთუზიაზისტები გვიწოდა. თქვენ ხართ პატარა მკვლევრებიო, ასე მოგვიხსენიებდა; მადლობას გვიხდიდა იმისთვისაც, რომ დაინტერესებული ხართ ამ მღვიმის შესწავლითა და გამოკვლევითო. მერე შეიქმნა ექსპედიციის ჯგუფი, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტიდანაც ჩამოვიდნენ. სურვილი გვქონდა, მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა. ეს მერე მართლაც მოხდა... დაჟინებით ვითხოვდით მღვიმის კეთილმოწყობას, ასევე დაინტერესდა თერჯოლის რაიონის ხელმძღვანელი, ისიც მადლობელი იყო ჩვენი აღმოჩენისა. ჩვენი ინტერესი და საჩუქარი იყო მღვიმის ისტორიის სააშკარაოზე გამოტანა და მისი კეთილმოწყობა. ვიღებდით მადლობის წერილებს... ბედნიერი ვარ, რომ ნავენახევის მღვიმე იღებს უამრავ ტურისტს და აღფრთოვანებულ მნახველებს მასპინძლობს".

წერილის დასასრულს, ისევ ნანული ცხვედიანის კომენტარს დავურთავ:
- წლების წინათ, 10-15 წელია მას მერე ალბათ, თანამშრომლებთან ერთად ვიყავი ნახშირღელის მღვიმეში და მისმა მაშინდელმა მცველმა თუ ექსკურსიამძღოლმა ამბის მოყოლა სწორედ დები ხუჯაძეებით დაიწყო; გვიამბობდა, თუ როგორი დიდი წვლილი შეიტანეს პატარა გოგონებმა მღვიმის აღმოჩენასა და მისთვის ფუნქციის მინიჭებაში. მე ეს ყველაფერი ხომ ვიცოდი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, სიამოვნებით ვუსმინე..."
ბოლო პერიოდში, როცა ნავენახევის მღვიმის კეთილმოწყობა დასრულდა და მისი "რიოფენი" მოეწყო, თურმე დები ხუჯაძეები არც გახსენებიათ. ბუნებრივია, არც იმაზე უზრუნია ვინმეს, აღმომჩენი დები დაესაქმებინათ... არადა, მარკეტინგულადაც რაოდენ დიდებული იქნებოდა, როცა ვიზიტორთა ჯგუფებს უხელმძღვანელებდნენ მღვიმის აღმომჩენი და ნავენახევის პოპულარიზაციის დამწყები დები ხუჯაძეები...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.