პორტატული სასუნთქი აპარატი - ქართველი პროფესორის უახლესი გამოგონება
font-large font-small
პორტატული სასუნთქი აპარატი - ქართველი პროფესორის უახლესი გამოგონება
ვინ არის მეცნიერი, რომლის გამოგონებითაც 8 წლის წინ დონალდ ტრამპი დაინტერესდა?

პროფესორი თემურ მაისურაძე არაერთი უნიკალური და საინტერესო გამოგონების ავტორია. თავის დროზე მისი გამოგონებით აშშ-ის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპიც კი დაინტერესდა... ამჟამად ბატონმა თემურმა ახალი, პორტატული სასუნთქი აპარატი შექმნა, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია დღეს, როცა მთელი მსოფლიო "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ იბრძვის. რას წარმოადგენს პორტატული სასუნთქი აპარატი? - ამის თაობაზე ბატონი თემურის ინტერვიუდან შეიტყობთ.


- ამ აპარატის შექმნის იდეა მეგობართან საუბრის მერე გამიჩნდა, რომელიც მიყვებოდა, რომ დონალდ ტრამპმა 2 ტრილიონ დოლარზე მეტი გამოყო არა მარტო ეკონომიკის მხარდასაჭერად, არამედ ინოვაციური სამედიცინო აპარატურის შესაქმნელად. პრეზიდენტმა "ჯენერალ მოტორსის" ხელმძღვანელობასაც მოსთხოვა - არ მინდა თქვენი თვითმფრინავები, არც ძრავები, სასწრაფოდ სასუნთქ აპარატებზე დაიწყეთ მუშაობაო. მეც ჩავუჯექი ამ მოწყობილობას, მისი ფუნქციები გულდაგულ შევისწავლე და გადავწყვიტე, ისეთი სასუნთქი აპარატი შემექმნა, რომელიც იაფიც იქნებოდა და თავის ძირითად ფუნქციებსაც კარგად შეასრულებდა.
- წლების წინ დონალდ ტრამპი თქვენი გამოგონებით დაინტერესდა, რატომ ვერ მოახერხეთ მაშინ თანამშრომლობა?
- სანამ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა, მდიდარი ბიზნესმენი გახლდათ, რომელიც თავის ბიზნესში ინოვაციურ პროექტებს აქტიურად ნერგავდა. მილიარდები მას სწორედ ამ საქმემ მოუტანა. 2012 წელს ის საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა და ჩემი ძველი გამოგონებით დაინტერესდა.
- რა გამოგონება იყო ეს?
- ეს გახლდათ მართვადი გამჭვირვალობის მინა, რომელიც ეკონომიურიცაა და კომფორტულიც. მისი გამოყენება არა მარტო შენობებში, არამედ - ავტომობილებსა და თვითმფრინავებში შეიძლება. მაშინ ოპოზიციაში ვიყავი, კერძოდ, "ეროვნული ფორუმის" წევრი გახლდით. ტრამპთან შესახვედრად ბათუმში უნდა ჩავსულიყავი და ეს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა მაცნობა. ის დრო იყო, როცა შეიძლებოდა ეს გამოგონება ჩემთვის საერთოდ წაერთმიათ. გაუგებრობას თავი ავარიდე, რადგან იქ ჩასვლა და სააკაშვილის ხალხთან შეხვედრა ჩემთვის სარისკო იყო. ამიტომ, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ ამ გამოგონების შესახებ გერმანიასთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს. გერმანელებმა ამ საქმეში 50%-ის, ანუ 6 მილიონის ჩადება მომთხოვეს. ასეთი თანადამფინანსებელი მაშინ ვერ ვიპოვე და მოლაპარაკებები ჩაიშალა. ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც - ბოლო: თანხის უქონლობის გამო საქართველოში ბევრი კარგი იდეა დაკარგულა. კარგი იდეების ხორცშესხმას თანხაც სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იდეა მოკვდება. დღეს ჩვენს გამომგონებლებს "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" უჭერს მხარს, მაგრამ თანადაფინანსება აქაც საჭიროა.
GzaPress
- ე.ი. დაფინანსების პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია?
- სამწუხაროდ, ასეა, არადა, ყველაფერი პირიქით უნდა იყოს: თუკი იდეა ღირებულია და სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ ეს პროდუქტი ბაზარზე წარმატებას მიაღწევს, მას სახელმწიფოც მაქსიმალურად უნდა უჭერდეს მხარს. ჩვენთან კი შესაძლოა კოსმოსური ხომალდის აგება მოგთხოვონ 5 ათას ლარად ან - უფრო იაფადაც... ერთ მარტივ მაგალითს მოვიშველიებ: "სკაიპის" შექმნა ესტონეთში 20 მილიონი დოლარი დაჯდა. სახელმწიფო ბოლომდე მიჰყვა და დაეხმარა ძმებს, რომლებიც ამ იდეაზე მუშაობდნენ, ბოლოს კი ეს პროდუქტი ესტონეთმა 22 მილიარდად გაყიდა. ჩვენთან 20 მილიონს ერთ გამოგონებაში ვინ მოგცემს?!. ამიტომ, აქ არც "სკაიპი" იქმნება და არც სხვა სერიოზული გამოგონება. ჩვენთან ისეთ უბრალო, პრიმიტიულ საგნებს მიიჩნევენ გამოგონებად, რომლებიც ჩინეთში ერთი "ვედრო" 3-4 დოლარი ღირს. როდესაც გამოგონება მართლა კარგი და ფასეულია, სახელმწიფომ მისი დაფინანსება საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
- ბატონო თემურ, დავუბრუნდეთ თქვენს გამოგონებას: რით არის გამორჩეული პორტატული სასუნთქი აპარატი?
- მსოფლიოში ბევრი ტიპის სასუნთქი აპარატი არსებობს. მათი ფუნქციური დანიშნულება სხვადასხვაგვარია. დღეს მთავარი ამოცანა იცით, რა არის? - ადამიანებმა თავად უნდა შეძლონ ასეთი აპარატის გამოყენება, თუ საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობა მოიმატებს. ჩვენ ვხედავდით ევროპის ქვეყნებს, სადაც პაციენტებისთვის ადგილიც აღარ ჰქონდათ. ეს აპარატი გამოდგება ნებისმიერი პანდემიის დროს, თუ მსგავსი სიტუაცია მომავალშიც შეიქმნება. მისი გამოყენება და ჩართვა-გამორთვა ისევე იოლია, როგორც ტელევიზორის ჩართვა ან გამორთვა. საერთოდ, სასუნთქი აპარატები ძვირად ღირებული სიამოვნებაა: მათი ფასი ზოგჯერ 5, 10, 15 ათასსაც აღწევს. ასეთი აპარატები ბევრ კლინიკას არა აქვს და როცა არ ჰყოფნით, ქირაობენ. მე მინდოდა, ის ხელმისაწვდომი და ადვილი გამოსაყენებელი ყოფილიყო და მიხარია, რომ ეს შევძელი: ჩემი პორტატული აპარატის დახმარებით, პაციენტი შეძლებს, თავისივე ხელით დაარეგულიროს ჰაერის მოცულობა, სიხშირე და თავისი წნევა ისე, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. მას კვების ბლოკიც ახლავს თან იმ შემთხვევისთვის, თუ შუქი არ იქნება ან ქუჩაში დასჭირდება ვინმეს დახმარება.
- რატომ - პორტატული, ტექნიკურად რითაა განსხვავებული?
- ის ზომით პატარაა, ამის გამო იოლი სატარებელია და შეიძლება ქუჩაშიც გავიტანოთ. მისი სიგრძე და სიგანე დაახლოებით 20-30 სანტიმეტრია. თანაც, ჩემს სასუნთქ აპარატში კომპრესორი საერთოდ არ გამოიყენება და სულ სხვა მეთოდით კონტროლდება. სხვა ტექნიკური მოწყობილობა მაქვს გამოყენებული, რომელზეც ახლა დაწვრილებით ვერ გესაუბრებით, რადგან პატენტი ჩემს სახელზე ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. მოწყობილობა მაქსიმალურად გავამარტივე და ვეცადე, ჩემი სასუნთქი აპარატი რაც შეიძლება პატარა ყოფილიყო. მგონი, სასურველი შედეგიც მივიღე და თუ სხვა უკეთესს შექმნის, მოხარული ვიქნები, რადგან ყველა ეს აპარატი იყიდება: ინტერნეტში რომ შეხვიდეთ, ასეულობით სასუნთქ აპარატს ნახავთ, მაგრამ ყველა ნახულობს თავის მყიდველს. მით უმეტეს, რომ ეს აპარატი ნებისმიერი დაავადების დროს გამოდგება, როცა ადამიანს სუნთქვის უკმარისობა აწუხებს და ფილტვები პარალიზებული აქვს. თუ მსოფლიოში ვირუსების ახალი ტალღა აზვირთდა, ეს აპარატები აუცილებელი იქნება.
- რა ეღირება პორტატული სასუნთქი აპარატი?
- ყველაფერი კარგად დავითვალე, დავიანგარიშე და შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 450 დოლარი ეღირება, მაგრამ თუ ვინმე სერიულ წარმოებას დაიწყებს, უფრო იაფი დაჯდება.
- საქართველოში თუ დაინტერესდა ვინმე თქვენი გამოგონებით?
- დიახ, ცოტა ხნის წინ თავად ეკონომიკის მინისტრმა - ნათია თურნავამ დამირეკა. მასთან შეხვედრაც მქონდა და მითხრა, რომ ჯერ საცდელ ნიმუშს დაამზადებენ და თუ საჭირო გახდება, საქართველო ამ აპარატის სერიულ წარმოებასაც დაიწყებს. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯია, სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ინოვაციებს და გამოგონებებს. დღეს ისეთი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ, რომელიც მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება, ასეთი კი - ინოვაციური ტექნიკა და ახალი გამოგონებებია. მოწინავე ქვეყნები დღეს სწორედ ამ პრინციპით ვითარდებიან. მომავალში ჩვენი ეკონომიკის სასწრაფოდ შეცვლა და გადაწყობა მოგვიწევს - ახლა ხომ დავინახეთ, რომ ტურიზმი სარისკო სფერო ყოფილა და მის იმედად სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ! ინოვაციები, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი წარმოება - ამ დარგების გარეშე ჩვენს სახელმწიფოს არსებობა გაუჭირდება. ადრეც ვამბობდი, რომ ტურიზმი არ არის სტაბილური და საიმედო ბიზნესი - ნებისმიერი დაავადება, არეულობა ან კრიზისი საკმარისია, რომ ეს დარგი გაჩერდეს და გაიყინოს. ეს კი ქვეყნის პარალიზებას ნიშნავს. მგონი, ახლანდელი სიტუაცია ყველასთვის კარგი გაკვეთილია.
- დაბოლოს, რა სირთულეები ხვდებათ ქართველ გამომგონებლებს, რომლებსაც სურთ, მათი იდეები მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს?
- ძალიან ბევრი გამოგონებაა ისეთი, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით და ვერც ვერაფერს გავიგებთ. სამწუხაროდ, ჩვენი გამომგონებლები მეტწილად რისკზე მუშაობენ: ისინი ეძებენ ინვესტორს, რომელიც ან შემოვა საქართველოში, ან - არა. ამ ინვესტორს შენს გამოგონებას კარგად თუ არ გააცნობ და არ აუხსნი, სიახლე რაში მდგომარეობს, არ დაგაფინანსებს, აუხსნი და - თვითონ გააკეთებს, თუ ეს იდეა დაპატენტებული არ გაქვს. გამოუცდელები ხშირად ხდებიან ასეთი სიცრუის მსხვერპლი. დარწმუნებული ვარ, ჩემს გამოგონებასაც ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება, რადგან არის ხალხი, ვისთვისაც სასუნთქი აპარატების გაქირავება ბიზნესია. ისინი ამით დიდ მოგებას ნახულობენ: ამ კომპანიებმა დიდი ფული ჩადეს, რომ სასუნთქი აპარატები ეყიდათ და ახლა კარგ ფასში აქირავებენ. რა თქმა უნდა, მათთვის მე ხელის შემშლელი ვარ - ბიზნესს, რომელიც ამ სერვისით ფულს აკეთებს, ბაზარზე ახალი სასუნთქი აპარატების გამოჩენა არ უხარია. ქართველ გამომგონებლებს მართლაც უამრავი დაბრკოლება და პრობლემა ხვდებათ: მე თვითონ, პირველი გამოგონების ავტორი მესამე კურსზე გავხდი. 1990 წლამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, რადგან საკმაოდ მომგებიანი სფერო იყო, მაგრამ მერე პოლიტიკამ შეიწირა ჩემი საქმეც და ჩემი ბიზნესიც: 1990-იან წლებში ქართველებმა ჩვენი სამრეწველო პოტენციალი მოვსპეთ, ყველა ქარხანა საძირკვლამდე დავშალეთ და ჯართად გავყიდეთ. სწორედ ამის შემდეგ გახდა ვაჭრობა და მიკიტნობა მთავარი ბიზნესი და მეწარმეობა - მეათე, თორემ სხვა ქვეყნებში ჩვენი კოლეგები ადრეც და დღესაც საკმაოდ კარგად ცხოვრობენ. გაიკითხეთ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში, ამ მხრივ როგორი სიტუაციაა. საქართველოში არიან გამომგონებლები ღარიბები მაშინ, როცა მობილური ტელეფონით დაწყებული, უბრალო უთოთი და საათით დამთავრებული - ყველაფერი მათი მარჯვენითაა შექმნილი. ვფიქრობ, ახლა ის დროა, როცა ეს ადამიანები უნდა დავაფასოთ, როცა მონას მონისა უნდა მივაგოთ და კეისარს - კეისრისა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.