COVID-19-ს გადარჩენილი "დისნეის" გემის ქართველი მეზღვაური გოგონა
font-large font-small
COVID-19-ს გადარჩენილი "დისნეის" გემის ქართველი მეზღვაური გოგონა
"ერთადერთი ქართველი ვარ ჩვენს კომპანიაში"

თბილისელ მამაც მეზღვაურზე - სოფია მხეიძეზე რამდენჯერმე დავწერე. იგი ერთადერთი ქართველია, რომელიც წლებია, "დისნეის" საკრუიზო გემებზე კონტრაქტით მუშაობს და დისნეის გმირებთან ერთად მოგზაურობს. სოფიამ ხუთი ენა იცის: ქართული, რუსული, თურქული, ბერძნული და ინგლისური. ძალიან უყვარს მოგზაურობა და პროფესიულად სწორედ მოგზაურობის სიყვარულის გამო შეისწავლა ტურიზმიც.


თავდაპირველად "დისნეის" ოთხი საკრუიზო გემიდან ერთ-ერთზე - 14-სართულიან "დისნეი დრიმზე", მისაღებში, ერთხაზიანი ოფიცრის რანგში სამუშაოდ აიყვანეს. იქიდან მოყოლებული, მას ყველა "სოფია ჯორჯიად" იცნობს და მის საკრუიზო ბეიჯსაც ასევე აწერია SOPHIA GEORGIA, ოღონდ უკვე ყველამ - თანამშრომელმაც და დამსვენებელმაც კარგად იცის, რომ ეს გოგონა ამერიკის შტატ ჯორჯიიდან კი არა, ოკეანის იქით მდებარე პატარა ქვეყნიდანაა, რომელსაც საქართველო ჰქვია.
სოფიას დიდი ხანია, აღარ შევხმიანებივარ. ახლახან სოციალური ქსელიდან შევიტყვე, რომ დღესაც, ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, კვლავ "დისნეის" ერთ-ერთ გემზეა. მაშინვე მივწერე და გამომეხმაურა. რასაკვირველია, არც ინტერვიუზე უთქვამს უარი.

- ამჯერად "დისნეის" რომელ გემზე ხარ და რა პოზიციაზე?
- მოგესალმები, ირმა და მივესალმები ჩემს საყვარელ სამშობლოს, ჩემს ქართველებს. იმედია, ყოჩაღად ხართ. ეს კონტრაქტი 27 ოქტომბერს ნიუ-იორკში დაიწყო. უკვე მერამდენე კონტრაქტია, არ მახსოვს, აღარ ვითვლი, ოღონდ სადაცაა, 6 წელი შესრულდება, რაც Disney Cruise Line-ში ვმუშაობ, კვლავ ერთადერთი ქართველი ვარ ჩვენს კომპანიაში და უკვე - გემის კაპიტნის მდივანი.
- გილოცავ. ამჯერად რა მარშრუტი გქონდათ და სად მოგისწროთ კორონავირუსმა, კუნძულზე თუ ზღვაში, დამსვენებლებთან ერთად?
- ნოემბერში რამდენიმე 4-5-დღიანი კრუიზი ნიუ-იორკიდან შევასრულეთ. დამსვენებლები ორლანდოში, Disney World-ში წავიყვანეთ და რა თქმა უნდა, უკან დავაბრუნეთ, ჩვენს საფირმო, საკუთარ კუნძულ Castaway Cay-ზე გაჩერებით. ბოლო ორი წელია, Disney Magic-ზე ვმუშაობ. ეს ჩვენი კომპანიის პირველი გემია და შედარებით პატარაა. მასზე 2700 დამსვენებელი და 1000 პერსონალი ეტევა და იმით გამოირჩევა, რომ ზაფხულობით ევროპაში ახორციელებს კრუიზებს. მარტო შარშან ზაფხულს ამ გემით 18 ქვეყანა და 36 პორტი მოვიარე. საახალწლო კრუიზებისთვის, ნიუ-იორკში რომ აცივდა, მაიამიში გადმოვინაცვლეთ და კარიბის ზღვის კუნძულებზე გავატარეთ დეკემბერ-იანვარი და თებერვალი. მაშინ "კოვიდ-19"-ზე ჯერ კიდევ არაფერი გვქონდა გაგებული, მხიარულად ვაგრძელებდით მოგზაურობას დამსვენებლებით სავსე გემით და ყველა კუთხეში ბავშვების ჟრიამული ისმოდა.
ჩვენი მთავარი ოფისიდან "კოვიდ-19"-ზე ოფიციალური ინფორმაციის მოწოდება მარტის მეორე კვირაში დაიწყეს. ყველაზე მძაფრად ამ ამბის სიმწვავე მაშინ ვიგრძენით, მალევე შანხაის "დისნეილენდი" რომ დაიხურა და მას ჰონკონგისა და ტოკიოს "დისნეილენდებიც" მიჰყვა. მერე პარიზის "დისნეილენდი" დაიხურა და ჩვენი ჯერიც დადგა - მოგვთხოვეს, კრუიზი დაგვესრულებინა, ყველა დამსვენებელი ჩამოგვესვა და მაიამიდან მხოლოდ პერსონალს გაგვეცურა ჩვენი კუნძულისკენ. გაგვიმართლა, რადგან ეს მოთხოვნა რომ მივიღეთ, უკვე მაიამიში ვიყავით, კრუიზი დასრულებული გვქონდა და ყველა დამსვენებლის სახლში დაბრუნება რეისის შეცვლის გარეშე მოვახერხეთ. 14 მარტის შემდეგ მხოლოდ პერსონალი - 800 ადამიანი დავრჩით გემზე. მალე ყველაზე დიდი - ორლანდოს "დისნეილენდი" ანუ ჩვენი Disney World და კალიფორნიის "დისნეილენდიც" დაიკეტა, მას მიჰყვა ჩვენი მრავალი სასტუმრო და თანამიმდევრობით - ორლანდოსა და ინგლისის მთავარი ოფისები. ჩვენ და ორი კიდევ უფრო დიდი გემი უკვე დამსვენებლების გარეშე, ორლანდოში, პორტში საკვებისა და საწვავის ასაღებად შევდიოდით. მარტი ასე გავატარეთ.
ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ "დისნეის" ყველა გემი, პარკი, სასტუმრო და ოფისი ერთბაშად დაიხურებოდა! ერთი კვირით გაჩერება ჩვენთვის უცხო არ იყო. ადრე, Disney Fantasy-ზე რომ ვმუშაობდი, შენი სეხნია ქარიშხლის - "ირმას" გამო ერთი კვირა დამსვენებლების გარეშე, კუბასთან ვიდექით, მაგრამ ახლა თვე-ნახევარი ვიყავით გაჩერებულები. ეს სულ სხვა განცდა აღმოჩნდა.
მარტის ბოლოს ვითარება გამწვავდა. ამერიკაში ინფიცირებულების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ამბებს ტელევიზიით ვიგებდით და დღესაც თვალყურს ვადევნებთ. სიტუაციის გამწვავების შედეგად ბაჰამის მთავრობამ საჰაერო, საზღვაო და შიდა სატრანსპორტო გზები ჯერ ერთი კვირით ჩაკეტა, მერე კიდევ ერთი კვირა მოაყოლა და საბოლოოდ, კუნძულზე 24 აპრილამდე ვეღარც ჩავაღწიეთ. აპრილი ღუზაზე გავატარეთ, Port Canaveral-ის მახლობლად, ორლანდოში და დროდადრო შევდიოდით პორტში მარაგების შესავსებად. მცირე რაოდენობის პერსონალი, ამერიკელები, ვინც სახლამდე მანქანით ჩავიდოდა, გავუშვით. კომპანია დღემდე ცდილობს, გემზე დარჩენილები შინ დააბრუნოს, ოღონდ ეს რთულია, ვინაიდან აქ დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენელი მუშაობს და ამჟამად კომერციული ფრენები შეზღუდულია.
ამ ხნის განმავლობაში გემზე უქმად არ ვყოფილვართ, ბევრი სარემონტო პროექტი შევასრულეთ და პერსონალის უმრავლესობამ ხელფასი შევინარჩუნეთ. ვისაც კონტრაქტი დაუმთავრდა და შინ ვერ ვაბრუნებთ, გემზე უხელფასო შვებულებაშია. ვინც ვერ დავასაქმეთ (მომღერალ-მოცეკვავეები, ფოტოგრაფები), ხელფასები და სამუშაო საათები შევუმცირეთ. ყოველდღიურად ყველასთვის ბევრი საინტერესო ტრენინგი ტარდება. რადგან გემის კაპიტნის მდივანი ვარ, მევალება ყოველდღიური თათბირებისა და სატელეფონო კონფერეციების ჩატარება, ინფორმაციის ჩაწერა და კაპიტანთან შეთანხმებით გავრცელება. დიდი ხანია, ზღვაში უსაფრთხოებასაც ვემსახურები, რადგან გემზე ეს პრიორიტეტია. გავდივართ ცეცხლთან ბრძოლის ტრენინგებს, პირველადი დახმარებისა და წყალში გადარჩენის მეთოდებს. ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციისთვის მზად ვართ, მაგრამ "კოვიდ-19" ისეთი საგანგებო და ამასთან ერთად, ახალი საფრთხეა, რომ ჯერ არ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ. თუმცა, ყოველდღიურად ვსწავლობთ და განვიხილავთ ახალ გზებსა და მეთოდებს, როგორ უნდა მოვიქცეთ საჭიროების შემთხვევაში.
აქამდე ხომ პატივს ვცემდი "დისნეის" და ჩვენს უფროსებს, მაგრამ ამ ყველაფრის შემხედვარე, ორმაგად ვაფასებ და მეამაყება, რომ ამ კომპანიის წევრი ვარ. ასევე ძალიან მეამაყება ჩემი სამშობლო - საქართველო, რომელმაც დროულად მიიღო საჭირო ზომები და შედეგად, ასე ცოტა დაინფიცირებული და დაღუპული გვყავს.
GzaPress
- ამ თვე-ნახევრის განმავლობაში რაიმე შეზღუდვები გქონდათ გემზე ან თუ შეგამოწმეს ვირუსზე? რა რეკომენდაციებს გაძლევდნენ?
- თავიდანვე მივიღეთ ზომები. პერსონალი ცალ-ცალკე ოთახებში გადაგვიყვანეს, მხოლოდ რესტორანში გავდიოდით კვებისთვის. დავიწყეთ გემის გენერალური დასუფთავება, კაპიტალური დეზინფექცია, პერსონალის ტემპერატურის შემოწმება და სხვა ჰიგიენური ზომების მიღება. სოციალური დისტანციასაც ვიცავთ, ვერიდებით ერთ ადგილას ბევრი ადამიანის თავმოყრას, ხელის ჩამორთვას, ჭამის დროს ღია ბუფეტში ხელთათმნით ვიღებთ საკვებს. ამ ხნის განმავლობაში გაცივების სიმპტომიც კი არავის ჰქონია. ყველაზე დიდი შეზღუდვა გარეთ გაუსვლელობაა. ამას განვიცდით. ბევრჯერ მქონია 8-თვიანი კონტრაქტი, მაგრამ 2-3 დღეში ერთხელ შემეძლო გარეთ გასვლა, ახლა კი ეს შეუძლებელია... განსაკუთრებით დავაფასე სატვირთო გემების კოლეგა გოგო-ბიჭები, ხმელეთს თვეობით რომ ვერ ნახულობენ. ეს რთული ყოფილა.
სამწუხაროდ, ჩვენს მეოთხე გემს არ გაუმართლა. კორონავირუსის შემთხვევები რომ გამოვლინდა, Disney Wonder დამსვენებლებსა და პერსონალთან ერთად, 14 დღითა და 2 გაჩერებით, პანამის არხის კრუიზში იყო. როგორც ჩანს, ვიდრე სან-დიეგოში ყველა დამსვენებელი ჩამოსვეს, ვიღაცამ ვირუსი შეიტანა გემზე. ისინი ჯერ კიდევ ებრძვიან კორონავირუსს. საბედნიეროდ, არავინ დაღუპვიათ.
- საქართველოში ოჯახის წევრებს თუ უკავშირდებოდი?
- ოჯახის წევრებთან ურთიერთობა რომ შეგვძლებოდა, უფასო ინტერნეტი ჩაგვირთეს. ეს საკმარისია მესიჯებისთვის და ხანდახან - დარეკვისთვის, მაგრამ - არა ფილმების ჩამოსატვირთად.
- უკვე კუნძულის მიწაზეც დადგი ფეხი. პირველი რა გააკეთე: სიხარულით მიწას აკოცე, ბევრი ისეირნე და იცურავე ზღვაში?
- ამ 24 აპრილს და მონატრებულ "დისნეის" ტროპიკულ კუნძულზე - Castaway Cay-ზე დაბრუნებას რა დამავიწყებს! 27 გრადუსი კი დაგვხვდა აქ, მაგრამ ქარი იყო და ცივი ზღვა, თუმცა ვერაფერმა შეგვაჩერა და მონაცვლეობით ყველანი გარეთ გავედით. აქ კუნძულის მომვლელი 150 თანამშრომელი ცხოვრობს. ვინაიდან მათი შინ დაბრუნებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ისინიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ და იქაურობას უვლიან. ჩვენს კუნძულზე 2 საოჯახო და ერთი მხოლოდ ზრდასრულების პლაჟია. იმ დღეს ჩვენთვის ერთი საოჯახო პლაჟი იყო გახსნილი, თავისი ბარითა და რესტორნით, პატარა ღია ავტობუს-მატარებელიც გვემსახურებოდა გადასაადგილებლად. კუნძულზე მცხოვრებ თანამშრომლებთან შეხება არ გვქონია, არც კუნძულზე იყო ვირუსი, მაგრამ თავდაცვის მიზნით, გადავწყვიტეთ, გემისა და კუნძულის პერსონალი ერთმანეთს არ დავკონტაქტებოდით. არავინ გვინახავს, მაგრამ საკვები მივაწოდეთ და თანამშრომლები ტელეფონით მოვიკითხეთ.
პირველად გავედი კუნძულზე დამსვენებლების გარეშე და ძალიან დამწყდა გული, მუდამ ხალხით, მუსიკით, ზღვის ექსკურსიებითა და დისნეის პერსონაჟებით სავსე ტერიტორია ასეთი ცარიელი რომ ვიხილე. ამ ჯერზე არც დისნეისეული კაპიტანი "ჯეკ ბეღურა" დადიოდა კუნძულზე განძის საპოვნელად.
ქარისა და ცივი ზღვის გამო დიდხანს არ დავრჩენილვარ, რასაკვირველია, არც მიბანავია, თუმცა ქვიშაში გავლა ძალიან მესიამოვნა, ცოტა მზის აბაზანები და ჩაცივებული ლუდი საკმარისი იყო, რომ პოზიტიური ენერგიით დავმუხტულიყავი მორიგ ჩამოსვლამდე, ანუ სავარაუდოდ, 4 მაისამდე. ასე რომ, როდესაც გემზე ვინმე წაიწუწუნებს, მალევე ვახსენებთ, თუ რამდენად იღბლიანები ვართ, ამ რთულ პერიოდში სწორედ აქ რომ აღმოვჩნდით. თუმცა, მაინც ძნელია, თუნდაც ასეთ კარგ გარემოში, ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ეს დროებითია.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კრისტინე კეკუტია: "ჩემი ქმარი არაბული ტრადიციებისგან შორსაა"
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.