ქართული სოფლის მეურნეობის სადაგი დღეები
font-large font-small
ქართული სოფლის მეურნეობის სადაგი დღეები
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"

რა გამოწვევებისა და ახალი მიგნებების წინაშე დადგნენ ქართველი ფერმერები კორონავირუსთან დაკავშირებული განსხვავებული რეალობის გამო და როგორ უმკლავდებიან ამ ყველაფერს? რა ტიპის ახლებური მიდგომები და რა სახის დახმარებაა საჭირო ხელისუფლებისა და ბიზნესის მხრიდან, რომ სახელმწიფომ აგრარული ქვეყნის სტატუსი დაიბრუნოს და ადგილობრივი ბაზრისთვის საჭირო პროდუქციის წარმოება და სათანადოდ შენახვა დამოუკიდებლად შეძლოს? - ამ თემებზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე გვესაუბრება.


- ახალ რეალობაში ფერმერები დიდი გამოწვევის წინაშე დადგნენ. აგრარული ბაზრების დახურვამ მათ პროდუქციის რეალიზაციის საშუალება შეუზღუდა. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვები უკვე მოიხსნა და ამიერიდან ბაზრები ყველა სტანდარტის დაცვით დაიწყებენ ფუნქციონირებას. ამავდროულად, ფერმერებს სავარგულებთან მისვლაზეც შეზღუდვები დაუწესეს და თუკი საჭირო სამუშაოების ჩატარების დროს გადავაცილებდით, შესაძლოა, მთელი წელი დაკარგულიყო, ამიტომ, მთავრობამ ეს შეზღუდვაც მოხსნა.
თუმცა, ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა რჩება. ანტიკრიზისული გეგმა მნიშვნელოვანია და ჩვენც, როგორც ფერმერთა ასოციაციამ, ჩავატარეთ კვლევა - "კოვიდ-19"-ის გავლენა სოფლის მეურნეობაზე, ჩვენი რეკომენდაცია კი ერთწლიან კულტურებზე, უსაფრთხოების ნაწილზე ყურადღების გამახვილება იყო. მთელი მსოფლიო გადასულია სასურსათო უსაფრთხოებაზე, რაც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ შეამცირებენ ექსპორტსაც და იმპორტსაც. ჩვენ კი დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებულები, ამიტომ მნიშვნელოვანია პროდუქტის წარმოება დავიწყოთ, ქვეყანაში დეფიციტი რომ არ შეიქმნას, თუმცა, დღეს ამის საფრთხე ნამდვილად არ გვაქვს. წინა წლებმა მზარდი ტურიზმი აჩვენა და სარეალიზაციო ბაზარი პრობლემა არ იყო, თუმცა, დღეს ერთადერთი გამოსავალი შიდა ტურიზმის წინ წამოწევაა და ამან შეიძლება ფერმერულ მეურნეობებს შეუწყოს ხელი.
- რა შეღავათები უნდა დაწესდეს? რა სახის დახმარებებია საჭირო სახელმწიფოს მხრიდან და რა უნდა გაკეთდეს უფრო მეტი ფინანსური კაპიტალის მოსაზიდად?
- ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი რეკომენდაციები. მოკლევადიანი იყო ერთწლიანი კულტურები, ფინანსური მხარდაჭერა, იქნებოდა ეს საგრანტო სუბსიდირება თუ ა.შ. შუალედურია, რომ უნდა გაკეთდეს ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობები, საცავები, რათა ქვეყანას მთელი წლის განმავლობაში ჰქონდეს ადგილობრივი წარმოების პროდუქტი. მნიშვნელოვანია, საგადასახადო შეღავათები, რაც ფერმერებისთვის საშემოსავლოს გაუქმებას გულისხმობს, ასევე, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ოღონდ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. ამ ეტაპზე, ეს სამი მნიშვნელოვანი რამაა გასატარებელი.
GzaPress
- რომელი პროდუქცია შეგვიძლია ვაწარმოოთ უფრო დიდი რაოდენობით? რის საშუალებას გვაძლევს ჩვენი პირობები და ადგილობრივი ბაზრის რა ნაწილი შეუძლია მოიცვას ქართულმა პროდუქციამ?
- ჩვენი ქვეყანა მართლაც უნიკალურია. ჩვენ გვაქვს დადასტურებული 13 კლიმატური ზონა, თუმცა, გლობალურმა დათბობამ ეს რიცხვი 22-მდე გაზარდა. ყველა კულტურის მოყვანა შეგვიძლია, მათ შორის, მნიშვნელოვანია ლობიო, კარტოფილი, ხორბალი, ხახვი, ბოსტნეული, სიმინდი და ყველაფერი აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ. ჩვენ 3-4 თვის განმავლობაში იმდენ პროდუქციას ვაწარმოებთ, რომ ქვეყანა თვითკმარ პროდუქტზეა. შემდეგ, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენს პროდუქციას მეზობელი ქვეყნებიდან ყიდულობენ, რადგან იქ შემნახველი მეურნეობებია და როდესაც ჩვენ დეფიციტზე გადავდივართ, იმპორტს ვაწარმოებთ. დეფიციტზე სწორედ იმიტომ გადავდივართ, რომ შემნახველი მეურნეობები არ გვაქვს და ეს თუ გვექნება, ფერმერი მთელი წელი შეძლებს თავისი პროდუქციის შენახვას და ნამდვილად გვაქვს ის პოტენციალი, რომ 100%-ით თუ ვერა, დიდწილად, 70-80% დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი. სწორედ ახლა უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი.
- რამდენად ხელმისაწვდომია საჭირო სათესლე თუ შესაწამლი მასალა, ტექნიკა, ტრაქტორები? ფერმერებისთვის ძვირია ეს ყველაფერი?
- მექანიზაცია საკმარისი არ არის, თუმცა, დანარჩენი, შხამქიმიკატები და ა.შ. ყველაფერი არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ნაბიჯი გადაიდგას მექანიზაციის დეფიციტის აღმოფხვრის კუთხით და ვფიქრობ, ის კერძო სექტორის ხელში უნდა იყოს, კონკურენცია რომ გაიზარდოს. ნავთობის ფასი მთელ მსოფლიოში დაეცა, შესაბამისად, აქაც უნდა დაიწიოს.
- თქვენ როგორ შეაფასებთ, რამდენად შეუწყო ხელი კორონავირუსმა და დღეს არსებულმა რეალობამ ადამიანების სოფლად დაბრუნებას? ბევრმა საკუთარი მიტოვებული მიწების დამუშავება დაიწყო, უფრო აქტიურად ჩაებნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.
- ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. კორონავირუსს ვთვლი, როგორც დიდ გამოწვევას, ასევე, დიდ შესაძლებლობას. ქალაქებიდან რეგიონებში დაუბრუნდნენ თავიანთ მიწა-წყალს, მიწის დამუშავება დაიწყეს. ხალხმაც, ხელისუფლებამაც და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა კარგად გაიაზრა, მისი მნიშვნელობის შესახებ. შესაძლებლობა მოგვეცა, აგრარული ქვეყნის სტატუსი დავიბრუნოთ, რაც ადრე გვქონდა. სასურსათო უსაფრთხოება ჩვენით შევქმნათ, ჩვენვე ვაწარმოოთ ის ხარისხიანი პროდუქტი, რომლითაც მოსახლეობა გამოიკვებება. ამიტომ, კორონას ვუყურებ როგორც შესაძლებლობას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.
- ბაზრების გახსნა კარგია საიმისოდ, რომ ფერმერები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან, მაგრამ ვირუსის გავრცელების მხრივ, საფრთხის შემცველი ხომ არაა?
- აუცილებელია, ყველა სტანდარტი დაცული იქნეს, თუ არ გაითვალისწინებენ სახელმწიფოს, ასევე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნას, თუ არ იქნება დეზობარიერები და ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმები დაცული, მათ შორის, პირბადეები და ხელთათმანები, ეს დაავადების სწრაფ გავრცელებას გამოიწვევს. რაც დაუშვებელია და ვიცი, სახელმწიფო ამ ყველაფრის მკაცრად გაკონტროლებას აპირებს. საერთოდ, ეს აქამდეც უნდა ყოფილიყო. აგრარულ ბაზარში სანიტარიული ნორმები უმაღლეს ხარისხში უნდა იყოს აყვანილი და როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირებას, სტანდარტები ჩაგვისვეს - არაორგანიზებული ბაზრები არ უნდა ყოფილიყო; ეს მხოლოდ მათი მოთხოვნა კი არ არის, ეს მოქალაქეებისა და მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ პროდუქტი უვნებელი უნდა იყოს, ჰიგიენა კი დაცული. ახლა ამის შესაძლებლობაა და დავიცვათ ყველა სტანდარტი, არა კორონას, არამედ ყველაფრის გამო.
GzaPress
- ბევრმა ადამიანმა პროდუქტის საპნით ან სხვა საშუალებებით რეცხვა დაიწყო, რაც დაუშვებელია და სპეციალისტებმა ამაზე არაერთხელ ისაუბრეს. თუმცა, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მათ, როგორ პირობებში გარეცხონ ნაყიდი ხილ-ბოსტნეული?
- დიახ, ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა ამაზე ბევრი ისაუბრეს და მე მათ ფუნქციას ვერ შევითავსებ, თუმცა, გადაცემაში ბიძინა კულუმბეგოვი გვყავდა მოწვეული, რომელმაც თქვა, რომ პროდუქტი არ შეიძლება რაიმე ქიმიური საშუალებით გავრეცხოთ ან დავსპირტოთ, ამან შეიძლება სხვა დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ, ყველაფერი გამდინარე წყლით, დიდი ხნის განმავლობაში, კარგად უნდა გაირეცხოს. მწვანილი, კენკრა და ა.შ. სასურველია 15-30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში იყოს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა ბაქტერია, რომელიც შეიძლება სულ არ იყოს კორონა. გაფცქვნადი პროდუქტი ჯერ კარგად გავრეცხოთ და შემდეგ გავფცქვნათ. თერმული დამუშავების დროს კი, ანუ რაც ცხელდება, პრობლემა არაფერს ექმნება, რადგან 65 გრადუსზე ბაქტერია კვდება.
- ფონდზე "ერთიანობა" - რას გვეტყვით.
- მე, ვალერი ჩეხერიამ, რომელიც "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორია, და სანდრო კანდელაკმა, რომელიც პარკის ხელმძღვანელია, შევქმენით ეს ფონდი, იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც სახლში დაჯდომა მოსთხოვეს - მოხუცებს, მარტოხელა დედებს, შშმ პირებს, რომელთაგან ზოგმა სამსახური დაკარგა და ა.შ. თავიდან ვფიქრობდით ეს პლატფორმა, მხოლოდ გამგეობებისა და გუბერნიების დასახმარებლად გამოგვეყენებინა მოხალისეების კუთხით, თუმცა, მერე ბევრი კომპანია გამოგვეხმაურა მათი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენვე მოვიზიდეთ თანხები, დავიწყეთ პროდუქტის შესყიდვა და ბევრი კითხვა რომ არ გაჩენილიყო, რატომ ყიდულობდით ერთი ან მეორე სუპერმარკეტიდანო, სულ სხვა პლატფორმასაც დავეხმარეთ, რომელსაც ფერმერები ამარაგებენ, ანუ პროდუქციას მათგან ყიდულობენ და ყიდიან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესის მდგრადობისთვის, ფერმერებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ეს ინფორმაცია უკვე ხუთ ენაზეა - სომხურ, აზერბაიჯანულ, ქართულ, აფხაზურ და ინგლისურზე, ყველა ჯგუფმა რომ ნახოს და ჩვენგან დახმარება მიიღოს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვა