მეცნიერი, რომელიც ნილს ბორის ლექციას უსმენდა
font-large font-small
მეცნიერი, რომელიც ნილს ბორის ლექციას უსმენდა
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"

არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება უხმაუროდ და თავის წარმოჩენის გარეშე ემსახურებიან საყვარელ საქმეს. ასეთი პიროვნება გახლდათ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ბაკურ ბერიტაშვილი, რომელიც სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა. წელს მას 80 წელი შეუსრულდებოდა. მან 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა გამოაქვეყნა, რომელთა შორის, 5 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელოა. მისი ბოლო ნამუშევარი ეხებოდა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიისა და მის ბაზაზე შექმნილი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის განვითარების ისტორიას, სადაც იგი 50 წლის განმავლობაში მუშაობდა.


გთავაზობთ ბაკურ ბერიტაშვილის მოგონებებს, რომლებიც ჩემს ჟურნალისტურ არქივში შემოვინახე.

"ჩემი მეგობარი რისო"
- რისმაგ გორდეზიანი (ელინოლოგი, ნეოგრეცისტი) და მე კლასელები ვიყავით, თუმცა მასთან ჯერ კიდევ სკოლამდელი მეგობრობა მაკავშირებდა, რადგან ჩვენი მამები მეგობრობდნენ. რისმაგს მოფერებით, რისოს ვეძახდი, ის კი ბაჭუჭი-ნაჭუჭის მეძახდა. მერე რატომღაც, ჭაჭა შემარქვა, თუმცა ჭაჭის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ჩვენი თავგადასავლებიდან ერთს მოგიყვებით, რომელიც რისოს ყველაზე მეტად უყვარს. ერთ დღესაც, ჩვენ, წამყვანმა მოსწავლეებმა გაკვეთილზე მასწავლებელს ცოტა ავურიეთ და დავჩაგრეთ. პედაგოგმა კლასში დირექტორის მოადგილე შემოიყვანა, რადგან დირექტორი ვარლამ თავაძე იმ პერიოდში ავად იყო. - აი, ეს ორი მხეცი და ნადირი არ მაძლევს საშუალებას, გაკვეთილი ჩავატაროო, - შესჩივლა მასწავლებელმა მოადგილეს და ჩვენზე მიუთითა. კაცი ისე გაჯავრდა, იმ წუთშივე, ორივე კლასიდან გაგვაგდო და გამოაცხადა: - აქედან დამეკარგეთ, თქვენ გარიცხულები ხართ და სკოლაში ნუღარ მოხვალთო. რა ვქნათ, სახლში რა ვთქვათ? ვიცით, რომ დირექტორი აღგვადგენს, მაგრამ მანამდე მე და რისმაგი ჭკვიანურად მოვიქეცით: ყოველ დილით ვდგებით, ვსაუზმობთ, ჩანთით ხელში სახლიდან გამოვდივართ, სკოლასთან ჩავივლით და მერე ფუნიკულიორზე ან ბოტანიკურ ბაღში მივდივართ. საათს ვინიშნავთ, გაკვეთილების დამთავრების დროისთვის კი უკან ვბრუნდებით. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღეს. დაბრუნდა სკოლის დირექტორი და მოადგილემ ორი მოსწავლის დასჯის ამბავი მოახსენა, - რას ამბობ, ეს ბიჭები როგორ გაყარე, ოქროს მედლის კანდიდატები და სკოლის სიამაყენი არიანო, - ბრძანა ბატონმა ვარლამმა და ინციდენტი ამოიწურა. ამ ამბავს ყოველთვის ხალისით ვიხსენებთ.

დიმა ბათიაშვილის არტისტული მიდრეკილებები
- ცნობილ კინორეჟისორს, ჩემს კლასელ დიმა ბათიაშვილს გავიხსენებ, რომელსაც თავიდანვე არტისტული მიდრეკილებები ჰქონდა და სხვა ყველაფერთან ერთად, დამატებით, ამის გამოც იმსახურებდა ჩვენს სიყვარულს. ერთხელ, მეათეკლასელებმა რაღაცა დავაშავეთ და უკიდურესად გაბრაზებული, გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო ბერიძე დამსახურებულად გვლანძღავს. მთელი კლასი გასუსულია, დაჩაგრულები და მობუზულები ვსხედვართ. დიმა უცებ ხელს იწევს და დგება. - რა გინდაო? - ეკითხება პედაგოგი. - "ბოდიში, მასწ., გული გიჩანთ!" კლასი იატაკზე დაწვა, სიცილისგან კრუნჩხვები დაგვემართა. გაცეცხლებულ ქალს ერთი ღილი შეხსნია და დიმამ ეს მომენტი ასე კოხტად გამოიყენა. ძალიან დრამატული სიტუაცია განიმუხტა და ნინო მასწავლებელსაც გაეცინა. დიმამ ყველა გადაგვარჩინა.
GzaPress
"ბედი მქონდა!"
- თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა ჩვენმა ლექტორმა მათე მირიანაშვილმა ფიზიკის დიდ აუდიტორიაში ნილს ბორი შემოიყვანა. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ჩვენ წინ ნილს ბორი იდგა და ლექციას გვიკითხავდა! ჩვენთვის ამაზე მეტი დონე პლანეტაზე არ არსებობდა. შემდეგი საჩუქარი იყო კათედრის გამგის - პროფესორ მიხეილ ნოდიას ინიციატივით, ჩემი მივლინება დიპლომზე სამუშაოდ ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. ეს არის ჩვენი დარგის ნომერი პირველი დაწესებულება. რადგან ჩემი პროფესია უზომოდ მიყვარს, იქ ისეთი განცდით ჩავედი, როგორც მექაში მიდიან. პირველ რიგში, მესიამოვნა ის, რომ ობსერვატორიის ბიბლიოთეკის გამგე აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის და, ქალბატონი ელისაბედი აღმოჩნდა, რომელიც ქართველებს ძალიან გვპატრონობდა. სულ მალე, ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი მეუბნება: ამ დღეებში მოსკოვში, მზის რადიაციისადმი მიძღვნილი მსოფლიო კონგრესი იმართება, წამოდი, შენც დაესწარიო. წამიყვანეს და ვუსმენდი მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერების მოხსენებებს. ბედნიერი ვარ, ეს განცდა არ დამავიწყდება. თბილისში დავბრუნდი და ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი გავხდი. ბატონმა ვასილ ლომინაძემ, ინსტიტუტის დირექტორმა, ახალგაზრდების დიდმა ქომაგმა, ხელი მომკიდა და ინსტიტუტის მშენებარე ცხრასართულიანი შენობა მომატარა. თან მიხსნიდა, სად რა იქნებოდა განთავსებული. ამ ლეგენდარული კაცისგან ასეთი დაფასების გამო საოცარი შეგრძნება გამიჩნდა. ბედი მქონდა! ჩემი ყველა უფროსი დიდებული ადამიანი გახლდათ. მერე იყო ფარავნის, სევანის და იორის ექსპედიციები. ლომინაძის გარდაცვალების შემდეგ, დირექტორად მასშტაბურად მოაზროვნე მეცნიერი, ბატონი გივი სვანიძე მოვიდა. მისი თითოეული აზრიდან მონოგრაფია იწერებოდა. მაგალითად, იორის წყალსაცავზე ნალექთა ხელოვნური გამოწვევა მისი იდეა იყო, რამაც საკმაოდ დიდი სამუშაოების ჩატარებას მისცა დასაბამი.

ედუარდ შევარდნაძე
- ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სეტყვასთან ბრძოლის სამსახური, რომელსაც საფუძველი უდიდესმა სპეციალისტმა ამირან ქარცივაძემ ჩაუყარა და მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა. ბაზა რუისპირში გვქონდა, მე ზემოქმედების განყოფილების უფროსი ვიყავი. პატარა სახელმწიფოს ტოლფასი ორგანიზაცია იყო - 650 ათასი ჰექტარი, 100-ზე მეტი პუნქტი და შტატში 1 200 თანამშრომელი. ყოველ წელს, ქვეყნის პირველი პირი, შევარდნაძე თავისი ამალით ჩამოდიოდა. სამეთაურო პუნქტზე ამოდიოდა და სამუშაოების მიმდინარეობას ეცნობოდა. არავითარი ბანკეტი და მსგავსი რამ, ყველაფერი ოფიციალურ ჩარჩოებში ხდებოდა. ვგრძნობდით, რომ ყურადღება და მხარდაჭერა უმაღლეს დონეზე გვქონდა, ამიტომ ვცდილობდით შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენი საქმიანობის უნაკლოდ წარმართვას. შევარდნაძეზე კიდევ ერთი კარგი მოგონება დამრჩა: 1995 წლიდან, თენგიზ გზირიშვილის ხელმძღვანელობით, კლიმატის ცვლილებაზე მუშაობა დავიწყეთ. სამეცნიერო ნაწილს ძირითადად მე ვუძღვებოდი, თენგიზს უფრო მნიშვნელოვანი - ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება ევალებოდა. ჩვენს დარგს ბატონი ედუარდი ყოველთვის მხარს უჭერდა. კლიმატის ცვლილების შესახებ ჟურნალებს თავისი ხელით აწერდა რეზოლუციას: "ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, გავუწიოთ ყოველნაირი დახმარება". გონებაგახსნილი და შორსმჭვრეტელი კაცი იყო. როგორც კი შევარდნაძემ კარიერა დაამთავრა, მიადგნენ უნივერსიტეტს და ქართული გეოფიზიკის მამამთავრის, ბატონი მიხეილ ნოდიას მიერ 1924 წელს გახსნილი გეოფიზიკის კათედრა გააუქმეს. სპეციალისტები აღარ სჭირდებათ? ისედაც, ზოგი დაბერდა, ბევრი გარდაიცვალა...
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კრისტინე კეკუტია: "ჩემი ქმარი არაბული ტრადიციებისგან შორსაა"
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.