"მოწინააღმდეგე გაითიშა, მივვარდი და გონზე მოსვლაში დავეხმარე"
font-large font-small
"მოწინააღმდეგე გაითიშა, მივვარდი და გონზე მოსვლაში დავეხმარე"
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს

31 წლის გიორგი ტაბატაძე MMA-ს (შერეული საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც ხშირად, წესების გარეშე ბრძოლად მოიხსენიებენ) მებრძოლია, წარმოშობით ცხინვალიდან გახლავთ. თვითონაც და მისი და-ძმებიც პატარები იყვნენ, ცხინვალი რომ დატოვეს და თუ რამ ახსოვთ, ისიც მშობლებისგან. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქარელში, სოფელ ნულში ცხოვრობდნენ, ახლა - ქარელში. გიორგი 77 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. როგორც ამბობენ, ძლიერი და ღირსეული მოწინააღმდეგეა, რის გამოც თურმე, თავსაც არიდებენ მასთან ბრძოლას.


- ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი მქონდა სპორტის მიმართ, ოღონდ არ ვიცოდი, რა გზა ამერჩია. 3 წელი ძიუდოზე ვიარე, 19 წლისა კი შერეული ორთაბრძოლებით დავინტერესდი. ისე გამიტაცა და ჩამითრია სპორტის ამ სახეობამ, რომ სხვა აღარაფერზე მიფიქრია, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი ვიპოვე. თავიდან ცოტა გამიჭირდა. საერთოდ, ასეა - როცა პირველ ნაბიჯებს დგამ და დამხმარე და მიმართულების მიმცემი არავინ გყავს, ძნელია. თუნდაც ფინანსური მხარე, ესეც დიდი პრობლემაა, მაგრამ თავს უნდა სძლიო, ბევრი რამ მოითმინო, თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო.
- კიდევ რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
- პირველ რიგში, მებრძოლი უნდა იყო და მტკიცე ხასიათი გქონდეს, არ გატყდე, არ შეგეშინდეს, ფსიქოლოგიურად ძლიერი და კარგად მომზადებული იყო, ტკივილის ატანაც შეგეძლოს. ეს ყველაფერი დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და უნდა გადალახო. როცა შენი საქმე გიყვარს, ბევრი რამის მოთმენა გიწევს. ეს თვისებები თანდათანობით გამოგიმუშავდება. რინგზე რომ იბრძოლებ და გაიმარჯვებ, ამისთვის ნამდვილად ღირს შრომა.
GzaPress
- გაიხსენე პირველი ბრძოლა და პირველი წარმატება...
- პირველი ბრძოლა საქართველოში ჩავატარე და წარმატებულადაც. პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გავიმარჯვე. ამან თავდაჯერებაც შემძინა და არჩევანის სისწორეშიც დამარწმუნა. თითქმის ყველა ბრძოლა მახსოვს, ჩემთვის ყველა საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. ბევრი გამარჯვება დამიგროვდა, სხვადასხვა ორგანიზაციაში ვიბრძოდი და ჯამში 6 ქამარი მოვიპოვე.
- ბრძოლა, რომელიც ყველაზე სანახაობრივი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა...
- უკრაინაში ალექსანდრე პანაჩუკთან პირველივე რაუნდში, 23 წამში გავიმარჯვე მახრჩობელა ილეთით. მოწინააღმდეგე გაითიშა, მივვარდი და გონზე მოსვლაში დავეხმარე. ეს ბრძოლა მართლაც სანახაობრივი აღმოჩნდა, უამრავი ნახვა ჰქონდა "იუთუბზე" ვიდეოს, მიკომენტარებდნენ და ჩემ მიმართ სითბოს გამოხატავდნენ, რომ კარგი ადამიანი ვარ და სწორად მოვიქეცი... ადამიანობა არასდროს არ უნდა დაკარგო. კაცი რომ გაითიშება, ფეხებით არ უნდა შედგე. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ამაში გასაკვირი არაფერია.
- მსგავს სიტუაციაში თვითონ თუ ჩავარდნილხართ და როგორ მოგქცევიათ მეტოქე?
- მადლობა უფალს, თვითონ არასდროს ჩავვარდნილვარ ასეთ მდგომარეობაში, გონება არასდროს დამიკარგავს და თუ ასე მოხდება, შემდეგ ინტერვიუზე აუცილებლად გეტყვით (იცინის). ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასდროს წამიგია. რა თქმა უნდა, წამიგია, მაგრამ ისე, რომ ნაცემიც არ ვყოფილვარ.
- ალბათ მარცხი ძალიან მტკივნეულია, არა?
- ნამდვილად მტკივნეულია და ალბათ ყველა სპორტსმენისთვის ასეა. შრომის მერე სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწევ, ძნელი გადასატანია, თუმცა დიდ გამოცდილებასაც იღებ. წაგების შემდეგ მეტს ვშრომობ და ვიმარჯვებ კიდეც.
- რატომ ამბობენ, რომ სხვა მებრძოლები თქვენთან ჩხუბს გაურბიან?
- (იცინის) მერიდებიან რატომღაც. მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, ეს იციან და ალბათ ამიტომ ეშინიათ. 7-8 შემთხვევა მქონდა, როცა მოწინააღმდეგემ ბოლო წუთში უარი თქვა და რინგზე არ გამოცხადდა. უყურებენ ბრძოლებს, ვარჯიშებს, ყურადღებას აქცევენ, ფიზიკურად, ტექნიკურად რამდენად ძლიერი ხარ და შეიძლება, ამ მიზეზით ცვლიან გადაწყვეტილებას.
- გაქვთ საყვარელი ილეთი, რომელსაც ხშირად იყენებთ?
- საყვარელი ილეთი ყველა მებრძოლს აქვს. ხშირად მე მახრჩობელა ილეთს უფრო ვიყენებ და ბევრი ბრძოლა მომიგია ამის წყალობით.
GzaPress
- გულწრფელად რომ მითხრათ, მეტოქე არ გეცოდებათ?
- ყველა ცოდვაა და ყველას სტკივა, მაგრამ თუ არ იჩხუბებ, სხვა გცემს, თუ არ ატკენ, სხვა გატკენს. ამიტომ მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რაც უფრო კარგად მომზადებული და მოტივირებული იქნები, ნაკლებ ტრავმას მიიღებ და ნაცემიც ნაკლებად დარჩები. პატარ-პატარა მოტეხილობები მეც მქონია და დავშავებულვარ.
- მეუღლე რას გეუბნებათ ამ ყველაფერზე? არ გთხოვთ, რომ ბრძოლას თავი დაანებოთ?
- მეუღლე ჭრილობების მოშუშებაში მეხმარება და მამშვიდებს, არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება, უკეთესად მოემზადები და მერე შენ გაიმარჯვებო. რჩევებსაც კი მაძლევს ხოლმე. საკმაოდ კარგი გათვლები და ხედვა აქვს, ერთად ვარჩევთ ბრძოლებს. ჩემი მეუღლე, ნაზი ჭავჭავაძეც ცხინვალელია, პროფესიით მოცეკვავე. 3 ბიჭი გვყავს - 10 წლის, 9 წლის და 7 თვის. ბიჭები ქართული ცეკვითა და ჭიდაობით დაინტერესდნენ, ზოგჯერ მეც ვავარჯიშებ. ორივეს კარგი მონაცემები აქვს და ალბათ თავიანთ სიტყვას იტყვიან.
- მეუღლე ან მშობლები თუ უყურებენ თქვენს ბრძოლას?
- მშობლები ძალიან ემოციურად არიან განწყობილები და მგონი, ჩემზე მეტს ისინი ნერვიულობენ, განსაკუთრებით - დედა. მისთვის ძნელია, უყუროს, როგორ სცემს ვიღაც მის შვილს, მაგრამ ჩემი გამარჯვება უხარია და მილოცავს. დედა ყოველთვის მეკითხება და ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია.
- პანდემიის გამო ალბათ გეგმები ჩაგეშალათ. სამომავლოდ თუ გაქვთ დაგეგმილი ბრძოლა?
- 15 მაისისთვის დაგეგმილი მქონდა ბრძოლა რუსეთში, მაგრამ ჩაიშალა. გული დამწყდა, კარგ ფორმაში რომ ვიყავი და ამდენმა მომზადებამ ფუჭად რომ ჩაიარა, მაგრამ ყველაფერი გაივლის და კიდევ ბევრ კარგ, ლამაზ ბრძოლას ჩავატარებ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვა