პოეტური სულის თვითნასწავლი მხატვარი, რომლის დახატული პორტრეტები ფოტოებში ერევათ
font-large font-small
პოეტური სულის თვითნასწავლი მხატვარი, რომლის დახატული პორტრეტები ფოტოებში ერევათ
"ვინმეს ზეგავლენის ქვეშ ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი"

"ისე დავიწყე ხატვა და ისეთი მეთოდებით, ზეგავლენებსა თუ სხვა რამეზე საუბარი გამიჭირდება! ჩემთვის მთავარი იყო მეხატა, აზრზე არ ვიყავი არანაირ ხერხებზე, მიმართულებასა თუ მიმდინარეობაზე, მხოლოდ დილეტანტის დონეზე... თუმცა მყავს საყვარელი მხატვრები: ტინტორეტო, რემბრანდტი... ბევრნი არიან, საბედნიეროდ! განსაკუთრებით მომწონს რუსული ფერწერა, საოცარი მხატვრები ჰყავთ!" - ამბობს ხათუნა ფერაძე, რომლის ნახატებიც ბევრს აღაფრთოვანებს...

GzaPress
- პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ვარ, ფილოლოგი, თურქოლოგი... სპეციალობით არასოდეს მიმუშავია, რადგან ადრე დავოჯახდი და პროფესიით რეალიზება ვეღარ შევძელი... პატარაობაში ხატვა ცოტათი რთულია, რადგან უდიდეს ძალებს მოითხოვს შენგან, შრომატევადია და ამიტომ, მეც დიდად არ მიტაცებდა, მალე მბეზრდებოდა, მხოლოდ გასართობად თუ ვხატავდი. მახსოვს, მასწავლებლის გაფორმებული სასკოლო რვეულები მომწონდა და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პირველი შეხება ხატვასთან... მეექვსე კლასში ვიქნებოდი, ხატვის მასწავლებელს რომ მივუტანე ჩემი დახატული შოთა რუსთაველი (ქობულაძის მიერ შესრულებული შოთას პორტრეტის ჩემეული ვერსია). დახედა მან ნახატს და იღრიალა, ეს რა არის, მე შენი დახატული მინდოდა, მხატვრის კი არაო... თავისი უზარმაზარი, წითელი ფანქარი ჯვარედინად ისე გადაუსვა ფურცელს, რომ დაყვირებაც ვერ მოვასწარი და ატირებული დავჯექი. მაშინ ვერ გავაცნობიერე ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ვხვდები, იმდენად კარგად მქონდა შესრულებული, არ დაიჯერა, ჩემი რომ იყო! ამის შემდეგ სასტიკად ავიცრუე გული ხატვაზე!
GzaPress
- როდის დაუბრუნდით პალიტრას?
- ახლა 47 წლის ვარ. 7 წელია, რაც ხატვა განვაახლე. ალბათ უფალმა იცის, როგორ მიგიყვანოს მიზნამდე! სანაძლეო დავუდე მეგობარს, დაგხატავ-მეთქი. იმდენად ზუსტი გამომივიდა, რომ გავუგზავნე, თავისი ფოტოსგან ვერ გაარჩია. - არ მოგეწონა-მეთქი? გაგიჟდა, არ დაიჯერა, რომ ნახატი იყო. მერე მიყურა, როგორ ვხატავდი და აღარ მომასვენა, აუცილებლად გამოაქვეყნეო... მერე ხატვამ იმდენად გამიტაცა, რომ დროის შეგრძნება დავკარგე! მუშაობას თვალებით ვიწყებ. სხვა დეტალს ვერაფრით დავხატავ, თუ თვალები არ ჩანს! ისე გადის ხატვაში დრო, ისე დამათენდება ან დამაღამდება, ვერ ვგრძნობ! ეს არის ნირვანა, ზეცაში მოგზაურობა, კოსმოსი, თავისი გალაქტიკებით. ხშირად უცხო ადამიანებს ვხატავ! სულ არ ვიცი მათ შესახებ არაფერი, მაგრამ თვალების ხატვისას იმდენად შევიცნობ მათ სულიერ სამყაროს, ბევრი რამის ამოცნობა შემიძლია. ასეთ დროს რაღაც ხდება ჩემში. ეს მაშინ დავასკვენი, როცა მერე ზოგიერთს გავესაუბრე და ცოტა არ იყოს შევშინდი კიდეც, იმდენად კარგად მყავდა "შესწავლილი" მისი პიროვნება. თვალები მართლაც სულის სარკეა!
როცა ნახატები სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, ვიღაცებს ეგონათ, რომ რაღაც ხერხს ვიყენებდი ნახატების შესაქმნელად (ფოტოშოპი და სხვა)... გული ისე მეტკინა, რომ ცრემლებიც კი გადმოვაფრქვიე, მაგრამ მერე გამახსენდა სკოლის მაგალითი და გადავწყვიტე, არავისთვის მიმექცია ყურადღება! მთავარი ის იყო, რომ თავად ვარ ბედნიერი იმით, რასაც ვქმნი! ნახატები ჩემი შვილებია და მათთან განშორება საოცრად მიმძიმს!
GzaPress
- როგორ პირობებში ქმნით ნახატებს?
- ხატვა დავიწყე გრაფიკაში, უბრალო ფანქრით, თაბახის ფურცელზე ვხატავდი...
ფერებთან ჩემი პირველი შეხება ორწელიწად-ნახევრის წინ მქონდა. ჩემმა უთბილესმა მასწავლებელმა, ჩემმა გულშემატკივარმა და მეგობარმა ამერიკიდან ჩამომიტანა ჩემი პირველი ფერადი ფანქრები და ჯიუტად მიმეორებდა, ფერში მეცადა! მეც გადავეშვი ახალ სამყაროში და ეს ბოლო სამი წელია, რაც ფერადი ნახატი მაქვს. ეს კიდევ ცალკე სამყაროა... მიკვირს, ვინ მომცა, რა ძალამ მომცა ამ ყველაფრის კეთების უნარი?! უფალმა - სხვა ვის მივაწერო?! მე ვიყავი ბრმა, რომელიც დიდ გზას დაადგა; ადამიანი, რომელიც ბნელ ოთახში შეუშვეს და რომელმაც არც ოთახის სიდიდე იცის და არც მისი შიგთავსი! რამდენიმე მხატვართან ვცადე დაკავშირება, რომ აეხსნათ, რა გამეკეთებინა. ვიცი, ეს მარტო "ახსნით" შეუძლებელია, მაგრამ აბა, რა მექნა?! არავინ შემომეხმიანა და კვლავ მარტომ გავაგრძელე ამ სამყაროს "დაპყრობა". არავის ვკიცხავ ამის გამო. ადვილი არაა ყველას გასცე პასუხი და მით უმეტეს, აუხსნა რამე, მაგრამ ახლა, როცა თავად მიკავშირდებიან ადამიანები და დახმარებს მთხოვენ, ხანდახან ხატვაც კი შემიწყვეტია, მათ დასახმარებლად. კარგად ვიცი, რას ნიშნავს სიმარტოვე ამ დროს! საოცრად მიხარია თვითნასწავლი ადამიანების გაცნობა! ღმერთო, რა ნიჭიერი ხალხი გვყავს, რამდენი განძია დაფარული მათში!.. ხანდახან ისეთი რაღაც გადამხდება, სრულიად დაუჯერებელი მეჩვენება და მერე საკუთარ თავს ვეკითხები: ღმერთო, ნუთუ მართლა ვიმსახურებ ამდენ სიყვარულს?! მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ყველას გეფერებით, მეგობრებო!
GzaPress
- ნახატის შექმნისას რა არის თქვენი უმთავრესი მიზანი?
- ხატვისას ყურადღებას ვამახვილებ ადამიანის ხასიათზე... იცით, მე ხომ ფანქარში ვხატავდი და თან იმდენად უხარისხო ქაღალდზე, წაშლაც კი მიჭირდა, ამიტომ ვცდილობდი, ნაკლები შეცდომა დამეშვა, ფურცელი არ გამეფუჭებინა, მერე ნელ-ნელა ვადებდი ფერებს. მახსოვს, სახის ფერის მიღებას ვერ ვახერხებდი, ლამის გამაგიჟა იმაზე ფიქრმა, თუ როგორ მიმეღო ტონალობები. ასეთ დროს თითქოს ვიღაც მკიდებდა ხელს და შესაბამის ფანქარს მაწვდიდა, მეც ვემორჩილებოდი და როცა ჩანაფიქრი გამომდიოდა, სიხარულისაგან კივილი მინდებოდა! მერე უფრო თავდაჯერებული გავხდი. თუმცა, ახლაც ბევრი მაქვს სასწავლი. ვფიქრობ ხოლმე, მე ვარ წყლის ნაფოტი, მიმაქანებს მდინარე და უამრავი თავგადასავალი მხვდება გზაზე. ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს და თუ ეს ფუფუნება აქვს, ბედნიერია!
რაც შეეხება მუზას - ეს ყველაფერია! მას შეუძლია კოსმოსში აგიყვანოს, მეცხრე ცაზეც და დაგაქვესკნელოს კიდეც! რომანტიკოსი ვარ, მთელი ცხოვრება შეყვარებული გახლავართ, მიუხედავად იმისა, მყავს თუ არა სუბიექტი! უაზრო ოპტიმისტი არ ვარ, უფრო იმ მოცურავეს ვგავარ, რომელიც ოკეანის ტალღებზე ლივლივით სიამოვნებას იღებს! მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ტკივილს დავატარებ, მაინც ბედნიერი ვარ ჯერ იმით, რომ ღმერთის მფარველობას და თანადგომას ვგრძნობ გამუდმებით. ფანტაზიორი ვარ და შესაბამისად, მოსაწყენად არ მცალია! მუზის "წვალებას" კი ჯადოსნურ ქვეყნებამდე მიჰყავხარ, რა დროს მოწყენაა?! მოკლედ, ის თევზი ვარ, რომელიც აკვარიუმიდან ოკეანეში გაუშვეს, ათასი ხიფათი ახლავს მის მოგზაურობას, მაგრამ თავისუფლებას რა შეედრება?! სიყვარული ყველაზე დიდი მუზაა და როცა გიყვარს, ეს გრძნობა სასწაულებს ჩაგადენინებს.
GzaPress
ხშირად მეკითხებიან, მარტო პორტრეტებს ხატავო? არა, უბრალოდ, მსიამოვნებს პორტრეტების ხატვა, თუმცა დახატული მყავს ცხოველები, ფრინველები, სხეული, ტორსი და კიდურები... კიდურების ხატვა ძალიან ძნელიაო, მეუბნებიან. იოლი რა არის?.. ამბობენ, რომ ჩემი პორტრეტები საოცრად რეალურია - ამ შეფასებით უზომოდ ბედნიერი ვარ.
უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ვიპოვე ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც უკვდავებას მანიჭებს, ცხოვრებას მიადვილებს და მილამაზებს! მაძლევს უნარს, იოლად გადავიტანო ამქვეყნიური პრობლემები და სულიერად არ დავეცე! ჩემი მოკვლა ახლა არც ავადმყოფობას, არც ადამიანების გულცივობას და არც ეშმაკს არ შეუძლია, რადგან უფალი ვიპოვე ხატვაში და ის მასულდგმულებს!
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კრისტინე კეკუტია: "ჩემი ქმარი არაბული ტრადიციებისგან შორსაა"
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.