"ეს ნიშნავს, რომ ღმერთს ვუყვარვართ" - რას ფიქრობდნენ და განიცდიდნენ კარანტინის დროს ცნობილი ადამიანები?
font-large font-small
"ეს ნიშნავს, რომ ღმერთს ვუყვარვართ" - რას ფიქრობდნენ და განიცდიდნენ კარანტინის დროს ცნობილი ადამიანები?
რას ფიქრობდნენ და განიცდიდნენ კარანტინის დროს ცნობილი ადამიანები?

პანიკა, მომავლის შიში, უიმედობა, გაურკვევლობა - ეს იმ გრძნობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კორონავირუსის საშიშროებამ გამოიწვია. ძნელია იმ განცდების გამოხატვა, რაც წლევანდელმა, მძიმე გაზაფხულმა მოგვიტანა, თუმცა, ჩვენ მაინც შევეცადეთ გაგვერკვია, რას ფიქრობდნენ და განიცდიდნენ კარანტინის დროს ცნობილი ადამიანები ან - როგორ აპირებენ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

სტეფანე მღებრიშვილი:
"ამ ორი თვის განმავლობაში, მეც სხვების მსგავსად, თვითიზოლაციაში ვიყავი და ძალიან ვფრთხილობდი. კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ყველა შეზღუდვას ვემორჩილებოდი. მარტო უახლოეს სუპერმარკეტში თუ გავიდოდი... კიდევ კარგი, კერძო სახლში ვცხოვრობ და ჩემი გასეირნება საკუთარ ეზოში ჩასვლით შემოიფარგლებოდა. როგორც ყველა, მეც განვიცდიდი, ვნერვიულობდი..."

ნინელი ჭანკვეტაძე:
"შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში შიში საერთოდ არ მიგრძნია: ვუსმენდი ჩვენს პატრიარქს, ტაძარში დავდიოდი და სისტემატურად ვეზიარებოდი.
პატრიარქი მთელი მართლმადიდებელი მრევლის წინამძღვარია, ეს არის "მწყემსი კეთილი", რომელსაც ბევრი აქვს ნაფიქრი. თუ ყურადღებით მოუსმენ, ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებ..."

ავთო ცქვიტინიძე:
"თავდაპირველად გაურკვევლობა და სტრესი მეც დამეუფლა, მაგრამ მერე ჩემს თავს შემოვუძახე და ფერწერას დავუბრუნდი. ამ ორ თვეში ბევრი ტილო დავხატე, შესაბამისად, ეს დღეები ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, რადგან ახლის ძიებაში გავატარე. რაც მთავარია, სასოწარკვეთილებას მოვერიე და ნერვული სისტემა არ დავიზიანე..."

ნანიკო ხაზარაძე:
"მქონდა თუ არა ვირუსის შიში? - არა, არ მქონია, რადგან თუ რაღაც უნდა დამემართოს, მაინც დამემართება და შიში ვერაფერს მიშველის. საერთოდაც, შიშში ცხოვრება დიდ შეცდომად მიმაჩნია. აკრძალვა რომ არ იყოს, პირბადესაც არ გავიკეთებდი, რადგან ადამიანთან ზედმეტად ახლოს მისვლა ისედაც არ მიყვარს..."

მედეა ლორთქიფანიძე:
"70 წელს ზემოთ ადამიანების ქუჩაში გამოსვლა არ შეიძლებაო და დავჯექი სახლში. ისეთ კარანტინში ვიყავი, დედიკო, ნაგვის გადასაყრელადაც კი ვერ ჩავდიოდი. ჩემი შვილი მოდიოდა და ის აკეთებდა ყველაფერს. ჩემი კარი სულ ღიაა და არავინ რომ აღარ მოდიოდა, ლამის გავგიჟდი..."

ზალიკო სულაკაური:
"მშობლებს ვეღარ ვნახულობდი - ისინი 80 წელს არიან გადაცილებული და შინ ჩაიკეტნენ. როგორია, ამდენ ხანს მშობლებს რომ ვერ ჩაეხუტები? მართალია, ჩემი ორი პატარა ქალბატონი თავს დამფოფინებდა და ამ დარდს მიქარვებდა, მაგრამ ჩვეულ ცხოვრებასთან განშორება მაინც ძალიან გამიძნელდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი შვილი ახალი ნაოპერაციევი იყო, როცა კარანტინი გამოაცხადეს. ძალიან დიდი ნერვიულობა გადავიტანე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვა