კაცი, რომელიც ტელევიზორს უკნიდან უყურებს
font-large font-small
კაცი, რომელიც ტელევიზორს უკნიდან უყურებს
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"

მიკრომეწარმე ზვიად ბოკუჩავა საბჭოთა კავშირის ნგრევასაც მოესწრო და სხვა ათას მღელვარე პოლიტიკურ სიტუაციასაც გაუსწორა თვალი, თუმცა თავისი საინტერესო ცხოვრების არც ერთ ეტაპზე შრომა არ შეუწყვეტია. ახლაც, მიკრომეწარმიდან სოლიდურ ბიზნესამდე რომ მივიდეს, "სულ ცოტა" სჭირდება - ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა.


"გაფუჭდა თქვენი კომპიუტერი? ზვიადი გიშველით!"
- როდესაც ამ ფრაზას ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე კითხულობენ, დარწმუნებული ვარ, ეღიმებათ, მაგრამ სხვათა შორის, ძალიან კომფორტულია, როცა მირეკავენ და პირდაპირ სახელით მომმართავენ. ასეთი ურთიერთობაც იოლია და განწყობაც უკეთესი. ამ ეტაპზე ვგრძნობ, რომ იძულებითი დასვენება ზომაზე მეტი მოგვივიდა და მუშაობის დაწყების დროა. მართალია, გამოძახებებზე ვეღარ ვივლი, მაგრამ თავისუფლად შემიძლია ტექნიკა ჩემს სახელოსნოში წამოვიღო და იქ შევაკეთო. გაგეცინებათ და მთელი ეს პერიოდი, რაც თვითიზოლაციაში ვიმყოფებით, ბევრ რჩევას ვარიგებდი "ფეისბუკის" დახმარებით. ყველას ვერ ვუშველე, რადგან რთულ დაზიანებებს დისტანციურად ვერ აღმოფხვრი, მაგრამ რამდენიმეს ნამდვილად დავეხმარე.

"ვინ ვარ..."
- სენაკის რაიონის სოფელ უშაფათში დავიბადე. ამ არაჩვეულებრივ ადგილზე გავატარე ცხოვრების ხუთი წელიწადი. ბებიაჩემი, მამაჩემის დედა - ელეონორა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ვაჟა-ფშაველაზე ფანატიკურად იყო შეყვარებული, ამიტომ მოსალოდნელი იყო ჩემთვის ვაჟა დაერქმიათ, თუმცა ბებიას ლიტერატურული პერსონაჟის, ზვიადაურის ხატებამ გადასძალა და რადგან არც ჩემს მშობლებს ჰქონდათ საწინააღმდეგო, ზვიადი დამარქვეს. მერე, ზვიადისტობის დროს, ბევრჯერ ვიგრძენი, რომ ჩემი სახელი პატივისცემას იწვევდა ადამიანებში.
ჩემი მშობლებიც სკოლის მასწავლებლები იყვნენ. მამა, კოტე ბოკუჩავა ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი იყო, მისი დამსახურებული პედაგოგობით ერთნაირად ვამაყობდით მთელი ოჯახი. მამამ მაზიარა ელექტრონულ ფიზიკას და ამით, ალბათ ჩემი ცხოვრება გარკვეულ კალაპოტში მოაქცია. დედა ჰუმანიტარი იყო, ისიც სკოლაში ასწავლიდა. ჩემი დედა და მამა - პლუსი და მინუსი მშვიდად იზიდავდნენ ერთმანეთს და ჩემი ოჯახის მყარ, ჰარმონიულ სახეს ქმნიდნენ. საკმაოდ ბედნიერი ბავშვობა გვქონდა მე და ჩემს ორ დას.
მაშინ ყველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა: ტელევიზორს, რადიოს, საკუთარს, მეზობლისას. ხშირად ვაკეთებდი, ზოგჯერ ვერა და ამას საკმაოდ განვიცდიდი, რადგან არ ვიცოდი, რომ აპარატებიც "კვდებიან", მკვდარს კი ვერ გააცოცხლებ.
სენაკის პირველი სკოლა დავამთავრე და ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკურ ინსტიტუტში ჩავირიცხე რადიოტექნიკისა და საწარმოო ელექტრონიკის ფაკულტეტზე. ეროვნული მოძრაობა უკვე ამოდიოდა მიწისქვეშეთიდან და ძალებს იკრებდა. ქუთაისშიც ნელ-ნელა ვერთიანდებოდით ეროვნული იდეებით შეპყრობილი ადამიანები. გამწევი ძალა სტუდენტები ვიყავით.
GzaPress
ლენინი და კატები
- სენაკში, რუსთაველის კინოთეატრის წინ, მოედანზე, ბედის დაცინვასავით გამოჭიმული იყო ლენინის დიდი ძეგლი. ნაციონალისტი ქალბატონის, ბებიაჩემ ელეონორას გაზრდილ შვილიშვილს, წარმოიდგინეთ, როგორ შემაწუხებდა კინოთეატრიდან ყოველი გამოსვლისას ამ სურათის ცქერა... მოკლედ, არ ვიცი, ვინ მოიფიქრა ეს "ოპერაცია", მაგრამ სიამოვნებით კი წავედი მის შესასრულებლად. კარგა ხანს ვაგროვებდით "საბრძოლო მასალას", კატაბალახას წვეთებს. მაშინ სულ ორიოდე აფთიაქი იყო ქუთაისში, ასე იყო დანარჩენ ქალაქებშიც, ამიტომ ვერც ქუთაისში ვიყიდდით ბევრ ფლაკონს ისე, რომ ეჭვი არ გამოგვეწვია საბჭოთა მილიციაში და ვერც სენაკში. ჰოდა, დავიქსაქსეთ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, დაბაში და კატაბალახას სოლიდური "პარტია" მოვაგროვეთ. მგონი, საჭიროზე მეტიც. იმხანად არც ცხოველთა უფლებებს იცავდა ვინმე და წარმოდგენაც არ გვქონდა, უწყინარი კატაბალახა ცხოველებში ჰალუცინაციებს თუ გამოიწვევდა. ამიტომ, სისხამ დილით, ჩვენი შეგროვებული ფლაკონები "ბელადის" ძეგლს დავუშინეთ. სადღაც ერთ საათში, თუ სადმე კატა იყო სენაკში, ყველა ამ ძეგლს შეესია. ზუსტად ეს იყო ჩვენი "ოპერაციის" მიზანიც. სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ, მერე რა ხდებოდა რუსთაველის კინოთეატრის წინ, რადგან დაჭერის საფრთხე რეალური იყო, მაგრამ თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ პოლიცია და სახანძრო მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ამ კატების ძეგლიდან ჩამოხსნას...

ომი
- არ მინდა იმ პერიოდის გახსენება, მტკივნეულია... მთავარს გეტყვით, იმას, რაც მე მეხება. ომი რომ დაიწყო საქართველოში, მე უკვე საქართველოს გვარდიის ჯარისკაცი ვიყავი, სენაკის ბატალიონის წევრი, საკუთარი სურვილით გამოცხობილი ჯარისკაცი. ჩემს სტუდენტობას, პარალელურად ქუთაისის ტელევიზორების და სხვა ტექნიკის შემკეთებელ პატარა სახელოსნოში შეგირდობას, მაშინ, როგორც მეგონა, სამუდამოდ დაესვა წერტილი და ასპროცენტიან ჯარისკაცად ვგრძნობდი თავს. აფხაზეთში სულ რამდენიმე კვირით მომიწია ყოფნამ, ორი ივლისის რუსული საზღვაო დესანტის შემდეგ... როცა ომი დამთავრდა, შევარდნაძის მთავრობამ ზვიადისტების დევნა, მათი დაჭერა დაიწყო და გვარდია უკანონოდ გამოაცხადეს, ციხიდან თავის არიდების მიზნით, რუსეთში წავედი. 22 წლის ვიყავი. პირველად ოჯახიდან შორს, ძალიან უსიამოვნო, მტრულ გარემოში. ვერ გავძელი იქ, რადგან მტრის ენაზე მოლაპარაკე ადამიანების გარემოცვაში ასოციაციურად თავს ტყვედ ვგრძნობდი. ერთ თვეში უკრაინისკენ გავუდექი გზას. მართალია. ომის პერიოდში უკრაინული ბატალიონის არც ერთ წევრს არ გადავყრივარ, მაგრამ ვიცოდი, ისინი ჩვენს რიგებში იბრძოდნენ აფხაზეთში, ამიტომ უკრაინაში გაგონილი რუსული აღარ მაღიზიანებდა. ხარკოვის ოლქში, ერთ პატარა ქალაქში, იზიუმში დავსახლდი. ამ დასახლებას ქალაქი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში ერთი საკმაოდ მოზრდილი სოფელი იყო, სადაც ყველა ყველას იცნობდა. ოჯახი, რომელმაც ჩემი მასპინძლობა ითავა, გასაოცარი ხალხი აღმოჩნდა. აღარ იცოდნენ როგორ ეცათ პატივი. დიასახლისი მაოცებდა თავისი კულინარიული შედევრებით. საღამოობით ახალგაზრდები იკრიბებოდნენ და გიტარის, აკორდეონის თანხლებით ატარებდნენ დროს; ვთევზაობდით, პიკნიკებს ვაწყობდით, ვსაუბრობდით. ახალი ჩასული ვიყავი უკრაინაში, როცა ერთი ახალგაზრდა კაცი გავიცანი, რომელსაც ტექნიკის სახელოსნო ჰქონდა. ვუთხარი, რომ რაღაც უკვე გამეგებოდა ამ საქმეში და შეგირდად დავუდექი. მაშინ კომპიუტერი ნანახი არ მქონდა, მაგრამ საბჭოთა ტელევიზორების ავან-ჩავანი ნამდვილად გამეგებოდა, ჩემი მასწავლებელიც დაუზარელი აღმოჩნდა, ამიტომ თითქმის მთელი წელიწადი გავატარე მის სახელოსნოში და საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე. არ ვიცი, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება, მამას რომ არ დაესახა მიზნად ჩემი უკან, სამშობლოში დაბრუნება. ბედად, მაშინდელი შს მინისტრი, შოთა კვირაიას ძმა, მამას ყოფილი ნამოწაფარი იყო. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, მამამ დამირეკა და მითხრა, რომ საშიშროება აღარ მემუქრებოდა და შემეძლო სახლში დავბრუნებულიყავი. სიხარულით დავბრუნდი, აბა, რას ვიზამდი?! უკრაინიდან დასვენებული, დადებითი ემოციებით სავსე წამოვედი. მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, ათას უბედურებას გამოვლილი ახალგაზრდა რომ შემიფარა და დამიყვავა.
სენაკში მშობლებთან დავბრუნდი. უსაქმურად ვერ დავჯდებოდი, ჰოდა, ერთ პატარა სახელოსნოს მივაკითხე. ელექტროტექნიკას ვარემონტებდით, დენი კი ხანდახან მთელი კვირით მიდიოდა. მივხვდი, დრო იყო ჩემი ბუდიდან ავფრენილიყავი და ინერციით ქუთაისს მივაშურე. იქ "პასილიოკის" დასახლებაში მეგულებოდა სახელოსნო. სიხარულით მიმიღეს... არც აქ იყო მუშაობის პირობები. ზაფხულში ოფლი გაგვდიოდა, ზამთარში კი გაყინული ხელებით გვეჭირა ინსტრუმენტები... გულუბრყვილოდ ჩავთვალე, რომ დედაქალაქში მოვიპოვებდი შრომის უფლებას.

თბილისი
- ალბათ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა თბილისში ჩამოვედი და პატარა ნაქირავებ ბინაში შევსახლდი. არც აქ გამიჭირდა სამსახურის პოვნა, პირდაპირ მიმიღეს ერთ-ერთ სერვისცენტრში. მეტიც, პერიოდულად კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზეც დავდიოდი. ის სერტიფიკატები, რომელიც ახლა კედელზე მიკიდია, ჩემი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩემი შრომით სტაბილურობის შეგრძნება ვერაფრით მოვიპოვე. არასტაბილური ქვეყანა და ეკონომიკა, არასტაბილური ბიზნესი, არასტაბილური ყოფა. ასეა თუ ისე, მალე ოჯახი შევქმენი. ჩემი მეუღლე, მაია აფხაზავა, რომელიც სამ ქალიშვილს მიზრდის, დევნილია, მძიმე წარსულით და ბევრი დარდით იმ წარსულზე. ის სოხუმში ჩარჩა ომის შემდეგ, ასე რომ, სულ პატარას ბევრჯერ ჩაუხედავს სიკვდილისთვის თვალებში...
როდესაც დავქორწინდით, მაიას ერთი პატარა ოთახი მისცეს დევნილების იმ დასახლებაში, რომელშიც დღემდე ვცხოვრობთ, თუმცა მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი გამოსავალი იყო, რომელიც ბინის ქირის გადახდას ამარიდებდა თავიდან.
მოკლედ, დავიწყე მუშაობა თბილისში და ტექნიკის შესაკეთებლად ოჯახ-ოჯახ სიარულიც. სწავლის გაგრძელებაზე აღარც მიფიქრია, რადგან ამისი დრო ნამდვილად არ მქონდა. მაია ჩვენს პირველ შვილს ელოდა, გარეთ შიში და საშინელება სუფევდა, მე კი ვერანაირად ვერ ვუწყობდი ხელს ფეხმძიმე ცოლს... მაშინდელი ჩვენი გამოსავალი მაიას დედასთან, პეტერბურგში გამგზავრება იყო. მე ისევ უარი ვთქვი რუსეთში გადაბარგებაზე. პეტერბურგში დაიბადა ჩვენი პირველი ქალიშვილი ელეონორაც.
GzaPress
ფაქტები
- ძირითადად სახლებში დავდივარ თბილისსა და მის შემოგარენში, ტექნიკა კი ღარიბებსაც უფუჭდებათ და მდიდრებსაც, ოღონდ ეს სიღარიბეც და სიმდიდრეც შედარებითია. შევარდნაძის პერიოდის თბილისი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სრულიად სიბნელე და სიღარიბე იყო, ტრაგიკომედია. იცით, როგორ ანაზღაურებაზე ვმუშაობდი? მაგალითად, გამომიძახებდა ადამიანი ოქროყანიდან ან ტაბახმელიდან, მივიდოდი როგორღაც, შევიდოდი ოჯახში, მთელ დღეს მოვანდომებდი მისი სასიკვდილოდ განწირული ტელევიზორის შეკეთებას, ორჯერ მაინც გაითიშებოდა და მოვიდოდა შუქი, ვიწვალებდით მეც, ჩემი შემკვეთიც... საღამოს კი სახლში ანაზღაურება მიმქონდა - ხუთი ლარი. არ მითხრათ ახლა, ხუთ ლარს მაშინ ასი ლარის ძალა ჰქონდაო, რადგან ეს გადაჭარბებაა. მოკლედ, მეც ღატაკი ვიყავი და ჩემი შემკვეთიც. მეტიც, ის გარემოც ღატაკი, უსახური და საზარელი იყო, რომელშიც ვცხოვრობდით. ცივი, უიმედო, ჭუჭყიანი, უპერსპექტივო.
"მიშას დროს" ამოვისუნთქე. საოცარი სისწრაფით შეიცვალა გარემო, რომელშიც ვცხოვრობდით; გარეგნულადაც განათდა და შიგნიდანაც, რაკი ხალხმა სული მოითქვა. იმ პერიოდის თბილისურ ოჯახში მასპინძელს უკვე ჰქონდა საშუალება, ხარისხიანი ყავა შემოეთავაზებინა ჩემთვის და ამით თავადაც კარგად ეგრძნო თავი. ადამიანებმა მაშინ გადაყარეს საბჭოური ტექნიკა, რადგან გამოჩნდა უცხოური, დიდებული ბრენდები; ხალხმა ბიზნესის კეთება საზღვარგარეთიდან დაიწყო. სხვა თუ არაფერი, გერმანიიდან რამდენი მანქანა და ამ მანქანით სავსე ტექნიკა შემოვიდა მაშინ საქართველოში? იმ პერიოდიდან შევძელი საკუთარი დროის დაგეგმვაც, რადგან აღარ ითიშებოდა დენი, რომლის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელი იყო ჩემი მუშაობა. მაშინ ვიყიდე პირველი ნორმალური ტელევიზორი ოჯახისთვის, სხვა ტექნიკაც, გავარემონტე ჩვენი პატარა, დევნილების ბინა, ცოტა გავფართოვდი, შვილებს კომფორტი შევუქმენი იმდენად, რომ სახლში ყოფნა სასჯელი არ ყოფილიყო მათთვის და პირველად ვიფიქრე, რომ ამდენი ტყუილად არ მიშრომია.

ჩემი ოცნება
- რას ვხედავ ახლა? მოკლედ, დამიდგა დრო, როცა ჩემს სახლში სამივე ტელევიზორს მხოლოდ კომპიუტერის მონიტორად ვიყენებთ, რადგან აღარ შემიძლია პოლიტიკაზე საუბრის მოსმენა. მირჩევნია, ტელევიზორს მხოლოდ უკანა მხრიდან ვუყურო, შეკეთების დროს, რადგან ახლა ადამიანებს საყოფაცხოვრებო პირობების მუდმივმა გაუარესებამ, ამდენმა ჭირთა თმენამ, სულიერი პრობლემები გაუჩინა და ამას პოლიტიკაზე საუბარში კლავენ. ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ ოცი პროცენტი ფლობს თავს, ეს გადახდისუნარიანი ადამიანები არიან, დანარჩენი სრულიად პოლიტიზებულია და როცა ოჯახში მიწევს მუშაობა, იძულებული ვარ, სხვადასხვა რაკურსში პოლიტიკურ განხილვებს გავუძლო. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ჩემი კლიენტი რომელ პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ფაქტია, ახლა ცოტას აქვს არჩევანის თავისუფლება, შეაკეთოს თუ ახალი ტექნიკა იყიდოს. ზოგიერთი მაინც ახერხებს ახლის შეძენას და ეს მახარებს, მაგრამ ძირითადად იმ კომპიუტერებს ვაკეთებ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიძინა ხალხმა...

დამიფასდა თუ არა შრომა
- სამი შვილი მყავს, ისინი ჩემი შრომით გავზარდე. უმცროსი, ბარბარე ჯერ შვიდი წლისაა. იმედი მაქვს, მასაც დავაყენებ ფეხზე, უფროსი გოგონები სტუდენტები არიან. ელეონორა, ელენე ბიზნესადმინისტრირებას სწავლობს, პარალელურად ბანკში მუშაობს მოლარედ; შუათანა, ილენია იურისტი გამოვა, რადგან დეტექტიური ლიტერატურისა და ფილმების ყურებამ ბავშვობიდან შეიპყრო, ჯერ პირველკურსელია. რაც შეეხება ჩემი შრომის მატერიალურ დაფასებას: ბევრი მიკლია სტაბილურობამდე. თუმცა, რაღაც მაინც დამიფასდა და ამას კლიენტების ერთგულებით ვგრძნობ, ისინი არასოდეს მცვლიან სხვაში.

რატომ გავხდიმიკრობიზნესმენი
- ეს სტატუსი 2005-2006 წლებში მოგვანიჭეს ხელოსნებს, ჰოდა, შევიფერე. ჩვენს ქვეყანაში ვერაფრით შეიგნეს დამქირავებლებმა, რომ დაქირავებულიც ადამიანია და მას სტაბილურობის განცდა ანაზღაურებით სჭირდება. არასდროს მქონია ხელფასი, ყოველთვის გამომუშავებაზე ვიყავი. რატომ უნდა ვიმუშაო სხვისთვის, თუ ეს სხვა არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს საკუთარ თავზე?.. საქართველოდან გაქცევაზე არასდროს მიფიქრია. ადამიანი რომელიც შრომობს, ჩვენს ქვეყანაშიც ახერხებს ცხოვრებას. მართალია, ზოგჯერ არაადამიანური შრომის ფასად, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია.

კარანტინი
- კარანტინს მე და ჩემი გოგოები ერთად ვატარებთ. ვაფუფუნებთ და ვეფოფინებით ერთმანეთს. თავს უფლება მივეცი, მოვდუნდე, საყვარელ ვიდეოთამაშებს ჩავუჯექი. კიდევ კარგი, სახლში ყველას გვაქვს ჩვენი კომპიუტერი, თორემ ნამდვილად მესამე მსოფლიო ომს დავიწყებდით. მთელი ეს პერიოდი 10 000 წლის წინანდელ დედამიწაზე ვიცხოვრე, მამონტებს და ლომებს შევეჭიდე, თუმცა რაღაც მომენტში მივხვდი, რომ რეალობასა და ირეალურს შორის გავიჭედე და ამან ცოტათი შემაფხიზლა.
დეა ცუცქირიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა
"ქუჩაში გაყრილი თოჯინების მერე გიკვირთ, რომ ბავშვებს კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიიყვანენ ხოლმე?!"
"ბარმენი განათლებული უნდა იყოს, რომ ყველა თემაზე გესაუბროს"
"მიკვირს, ასეთ ქვეყანაში გაზრდილი ადამიანები აქ ასე რატომ იქცევიან..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.