ხელოვნების ნიმუშები და რესტავრატორის ურთულესი პროფესია
font-large font-small
ხელოვნების ნიმუშები და რესტავრატორის ურთულესი პროფესია
იაზრებ, რომ ესა თუ ის ნივთი ამდენი საუკუნის წინ შექმნეს ოსტატებმა და ახლა შენ ეხები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ერთეული - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ხელოვნების ნიმუშთა უდიდესი საცავია. უძველესი ნაქარგობისა და ქსოვილებისთვის ახალი სიცოცხლის მისანიჭებლად მუზეუმს სულ 6 კონსერვატორ-რესტავრატორი ჰყავს, ექვსივე ქალბატონია და ამჯერად ორ მათგანს გაგაცნობთ.


ნანა ჯავშანაშვილი:
- ისტორიული ფაკულტეტის დამთავრებისთანავე, 1992 წლიდან მომეცა შესაძლებლობა, ხელოვნების მუზეუმში რესტავრაციის საქმეს გავყოლოდი. ამ პროფესიის დაუფლებაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ მანამდე ნაქარგობით დავინტერესდი, რაც დოდო ბარამიძის ხელმძღვანელობით შევისწავლე. ქალბატონი დოდო პროფესიით მხატვარი გახლდათ, ნაქარგობის შემსწავლელი ქალბატონების ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. ცდილობდა, ის ძველი ფერები გამოეყენებინა ნაქარგობაში, რაც ქართულ ფრესკებში, ნახატებში იყო. რესტავრაციას, მუზეუმის გარდა, სხვაგან ვერსად დაეუფლებით, რადგან მხოლოდ ძველ ნივთებთან შეხებითა და მათზე დაკვირვებით ისწავლება - ძველი რესტავრატორებისგან, მათი ნამუშევრების მიხედვით იაზრებ, რა და როგორ გააკეთო, დაზიანებები როგორ აღმოფხვრა. ამისთვის კი აუცილებელია, ჩამოყალიბებული ხედვა, განწყობა, გავარჯიშებული ხელი და დაკვირვებული, ფაქიზი თვალი გქონდეს.
- ალბათ ექსპონატის მოცულობასა და დაზიანების სირთულეზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში შეიძლება მისი აღდგენა?
- გააჩნია სარესტავრაციო მასალას და დაზიანების ხარისხს. არის ნაფხრეწებად ქცეული მასალა, ის უნდა გაამთლიანო და აღადგინო. ნაქარგობის შესრულებას ადრე წლებიც კი სჭირდებოდა, ასევეა რესტავრაციაშიც - შეიძლება, წლები მოუნდე ერთი ნივთის რესტავრირებას. საათობით გიწევს ერთ ნივთთან ჯდომა. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს გესმის კიდეც მისი, თითქოს გელაპარაკება, რა უჭირს და როგორ ჯობს გაახლება. ჩვენს საქმეში უიმედობა არ არსებობს, ყველა ნივთი მნიშვნელოვანია.
- ამ წლების განმავლობაში ალბათ, არაერთი ექსპონატი აღადგინეთ. განსაკუთრებით რომელს გაიხსენებთ?
- ომოფორს, მღვდელმსახურთა შესამოსელს და ფერისცვალების ხატის ბუდეს. ომოფორი თავის დროზე ეკატერინე დადიანს აღუდგენია. ძალიან დიდხანს, დაახლოებით 10 წელი მოვუნდი მის რესტავრირებას. რთული ნაქარგობა იყო, მარგალიტებით შესრულებული, მაგრამ მარგალიტები ზედაპირიდან ცვიოდა, ნაწილი კი საერთოდ დაკარგული იყო. ნაკლული ადგილები ისე უნდა შეავსო, რომ თვალში მოსახვედრი არ იყოს. პრინციპი ასეთია - არაფერს ახალს არ ვამატებთ, ვიმეორებთ იმას, რაც არის. ნაკლოვანების გამოსწორება ისე უნდა შევძლოთ, რომ ძველი ნაქარგობა არ შევცვალოთ. რაც შეეხება ფერისცვალების ხატის ბუდეს, რომელიც საეკლესიო დანიშნულების ნივთია: თავის დროზე, ბუდის შექმნა ხატის დაზიანებისგან დაცვის აუცილებლობამ განაპირობა. მუზეუმის ერთ-ერთ საინვენტარო წიგნში არსებული მონაცემების მიხედვით, ეს ნივთი ექვთიმე თაყაიშვილმა 1914 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმს გადასცა. მისი წარმომავლობის ადგილია კახეთი, თელავის ფერისცვალების ეკლესია. შემდგომ ეს ექსპონატი დასახელებული მუზეუმის სხვა მემკვიდრეობასთან ერთად, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საკუთრება გახდა. მასზე მხედრულით ამოქარგულ წარწერაში მოხსენიებულია ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII, ხოლო შემწირველი მისი მეუღლე მარიამია, გიორგი ციციშვილის ასული, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. ნივთს დაზიანებების გამო დარღვეული ჰქონდა მთლიანობა. საერთოდ, რესტავრაციამდე ნივთი ჯერ უნდა მომზადდეს და გაიწმინდოს. ამ დროს დიდი სიფრთხილე გმართებს. მნიშვნელოვანია ექსპონატის ძირითადი ქსოვილის - მიწარის რესტავრაცია, რომლის დროსაც მიუღებელია ნატურალურის ნაცვლად ნახევრად ხელოვნური ქსოვილით დუბლირება. აუცილებელია, ექსპონატს ძველი დროების სურნელი შევუნარჩუნოთ. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ უბრალოდ კი არ ვმუშაობ, ამით ვცოცხლობ და ვცხოვრობ კიდეც.
GzaPress
ეკა ტყეშელაშვილი:
- სამხატვრო აკადემია ქსოვილების დიზაინის განხრით დავამთავრე. თავდაპირველად, მუზეუმში ზედამხედველად დავიწყე მუშაობა. ბავშვობიდან ვქარგავ და გამოფენებშიც ვმონაწილეობ. დედაჩემი არაჩვეულებრივად ქარგავს და 13 წლიდან მეც დავინტერესდი. როდესაც მუზეუმში ჩემი ნაქარგები ნახეს, ნაქარგობისა და ქსოვილების სარესტავრაციოში სტაჟიორად გადამიყვანეს.
- პირველი ექსპონატი, რომელიც აღადგინეთ, რა იყო?
- ეს იყო მოურავის ალამი და იმდენად ვნერვიულობდი, წინაღამეს ვერაფრით დავიძინე. დაახლოებით 2 წელი მოვანდომე და როდესაც დავასრულე, სიამაყისა და ბედნიერების განცდა დამეუფლა. ცოტა არ იყოს, გამოსამშვიდობებლად გენანება კიდეც ექსპონატი, რომელზედაც ზოგჯერ წლების განმავლობაში გიწევს მუშაობა. აი, სწორედ ახლახან დავასრულე "გარდამოხსნა", რომელზეც თითქმის 10 წელი ვიმუშავე.
- იქნებ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ "გარდამოხსნისა" და სამუშაო პროცესის შესახებ.
GzaPress- მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდში დაცულ, ქართული საეკლესიო ნაქარგობის მრავალფეროვან ძეგლთაგან გამორჩეულია "გარდამოხსნები". "გარდამოხსნა" საეკლესიო დანიშნულების ნივთია, იგივე წმინდა არდაგი, რომელსაც წითელი პარასკევისა და დიდი შაბათის ღვთისმსახურებისას გამოაბრძანებენ ხოლმე. სიმბოლურად გამოხატავს იმ ქსოვილს - არდაგს, რომლითაც ოთხივე სახარების თანახმად, იოსებ არიმათიელმა ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე "წარგრაგნა საფლავად დადებამდე". წარმოდგენილია დატირების სამფიგურიანი კომპოზიცია, სადაც იდეურ-აზრობრივი ცენტრი მაცხოვრის მონუმენტური ფიგურაა, ფლანკირებული მწუხარე ღვთისმშობლისა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ფიგურებით. "გარდამოხსნის" ზედა რეგისტრში სამი მწუხარე ანგელოზია წარმოდგენილი, ქვედა არეზე კი ანგელოზი, "ძალნი" და ქერუბიმია გამოსახული. კუთხეებში მახარობელთა სიმბოლური გამოსახულებებია, რომელთაც მოწიწებისა და თაყვანისცემის ნიშნად, სახარებები მაცხოვრისკენ აქვთ მიმართული. თვალში მოსახვედრია წითელი ფერის სიჭარბე. მახარებლები, ანგელოზები, ქერუბიმები, მნათობები წითელი აბრეშუმის ძაფითა და ვერცხლმკედითაა მოკალმული. სისხლი ქრისტეს ფერდსა და ხელ-ფეხზე წითელი ფერისაა, ფონისთვის კი აბრეშუმის ძაფია გამოყენებული. გიორგი აბაშიძის "გარდამოხსნა" XVIII საუკუნით თარიღდება. მიუხედავად მრავალმხრივი დაზიანებისა, ნაქარგობის ამ ნიმუშს განსაკუთრებული ადგილი უკავია არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში. სამუშაოს დაწყებამდე ექსპონატი დეტალურად შევისწავლე, დავადგინე დაზიანების ადგილები, ხარისხი, მასალა და ქარგვის ტექნიკა. ეს კი დამეხმარა, შესატყვისი სარესტავრაციო მეთოდიკა შემერჩია, საუკუნეების წინ შექმნილი ძეგლის იერი და მისი შემქმნელი ოსტატის ხელწერა რომ შემენარჩუნებინა. სრულყოფილი რესტავრაციისთვის ასევე მნიშვნელოვანია ძეგლის რაობის, დანიშნულებისა და სიმბოლიკის გარკვევაც. საკმაოდ დიდი ზომისაა და წარწერის თანახმად, ეს "გარდამოხსნა" 1705 წელს იმერეთის ფეოდალ გიორგი აბაშიძეს შეუწირავს ჭალატყის ჯვარცმის სახელობის ეკლესიისთვის. ჭალატყე შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოში ქალაქი ყოფილა.
"გარდამოხსნა" ძლიერ იყო დაზიანებული - ფონი მრავალ არეზე გაცრეცილი, ძირითადი ქსოვილი - ამოგლეჯილი, წარწერის ირგვლივ არსებული ქსოვილი კი ზოგან ძაფებად იყო დაშლილი და პირდაპირ დამაგრებული ტილოს საფუძველზე, ზოგან - ნაკლული სახით მოღწეული, ბევრგან ჩანდა სანთლის ნაღვენთები და უხეშად რესტავრირებული დეტალები, კერძოდ, სარესტავრაციო მასალად გამოყენებული იყო სხვადასხვა ფერის, სტრუქტურის, სისქისა და ზომის შეუსაბამო, პატარ-პატარა ქსოვილები. პირველ რიგში, "გარდამოხსნა" "დაისვა" ნატურალური ტილოს თხელ ქსოვილზე, რათა არ გასქელებულიყო და არ დამძიმებულიყო, გაიწმინდა სანთლის ნაღვენთებისა და მტვრისგან, მოიხსნა ძველი რესტავრაციის დროს გამოყენებული პატარ-პატარა სადუბლიკაციო ქსოვილები, აირღვა შეუსაბამო ფერის სამაგრი ძაფები, შეირჩა სათანადო ფერისა და სტრუქტურის სარესტავრაციო მასალა და საკონსერვაციო ქსოვილი ექსპონატის შესაფერისად შეიღება. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა წარწერის ფონის რესტავრაცია-კონსერვაცია. წარწერას ზემოდან გადავაფარე ცელოფანი და ზედ წარწერა ამოვხაზე. ამოხაზული ასოები ამოვჭერი და ასეთი სახით დამუშავებული ტრაფარეტი დავამაგრე სარესტავრაციოდ შერჩეულ ნატურალური აბრეშუმის ქსოვილზე. ამის შემდეგ მასზე მოვხაზე ამოჭრილი ასოები და სარესტავრაციო ქსოვილზეც იგივე გავიმეორე. გამზადებული ქსოვილი განთავსდა ვერცხლმკედით შესრულებული ასომთავრული წარწერის კონტურის გასწვრივ და შემდეგ დავიწყე კონსერვაცია. ამჟამად "გარდამოხსნა" უკვე დასრულებულია და საცავში თავის ადგილს ელოდება. როცა იაზრებ, რომ ესა თუ ის ნივთი ამდენი საუკუნის წინ შექმნეს ოსტატებმა და ახლა შენ ეხები, შენ ზრუნავ მასზე და ისიც იცი, რომ შენი ხელით აღდგენილი ექსპონატი კიდევ გაუძლებს საუკუნეებს და მას შემდგომი თაობებიც ნახავენ - ეს განსაკუთრებული აღფრთოვანებისა და სიამაყის საფუძველს გაძლევს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.