რატომ სურს ლუარსაბ თათქარიძის განსახიერება დავით ველიჯანაშვილს
font-large font-small
რატომ სურს ლუარსაბ თათქარიძის განსახიერება დავით ველიჯანაშვილს
"რას ერჩოდნენ ბავშვებს, ცრემლებს რომ აღვარღვარებინებდნენ..."

"წიგნების წაკითხვის შემდეგ ადამიანი სამყაროს უკეთესად შეხედავს და მხოლოდ თავად კი არა, მისი გვერდით მყოფიც კარგად იქნება", - გვითხრა მსახიობმა და ტელეწამყვანმა დავით ველიჯანაშვილმა, რომელსაც ბავშვობაში მშობლები თურმე, წიგნის წაკითხვას კი არ სთხოვდნენ, პირიქით - ეუბნებოდნენ, ნუ კითხულობო... ამის მიზეზსა და წიგნებთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებს ინტერვიუდან შეიტყობთ.


- ჩემს ბავშვობაში ნაკლები ვიზუალური გასართობი იყო - ეზოში ფეხბურთის თამაშით და მსგავსი რაღაცებით უფრო ვერთობოდით. თავდაპირველად, ბავშვებს წასაკითხ წიგნებს მშობლები ურჩევენ, არა? ჰოდა, რატომღაც, მაშინ მშობლები ბავშვებს აკითხებდნენ ან თავად უკითხავდნენ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ნაწარმოებს - "ბიძია ტომის ქოხი". ეს რთული, "მძიმე" ნაწარმოებია - არ ვიცი, რას ერჩოდნენ ბავშვებს, ცრემლებს რომ აღვარღვარებინებდნენ... ჩემ მიერ დამოუკიდებლად წაკითხული ერთ-ერთი პირველი წიგნი "ტომ სოიერის თავგადასავალია". ამ ნაწარმოებში ჩემთვის ძალიან ემოციური ეპიზოდები იყო. ახლა ამ წიგნთან ემოციურად აღარ ვარ დაკავშირებული - ბუნდოვნად მახსოვს... გარკვეული ეპიზოდები რამდენჯერმე გადავიკითხე. მერე "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" მივაყოლე, რომელიც გაცილებით რთული ნაწარმოებია. მიმაჩნია, რომ ჯობდა, ოდნავ მოგვიანებით წამეკითხა. ამ ნაწარმოებში სოციალური პრობლემები კარგადაა წარმოჩენილი... ძილის წინ, თვალებს რომ ვხუჭავდი, წარმოვიდგენდი, წიგნში აღწერილ გარემოში, იმ გამოქვაბულში მყოფი, რას ვეტყოდი, ინდიელ ჯოს, როცა შევხვდებოდი... მოკლედ, წიგნმა ამ დონემდე "ჩამითრია"... საერთოდ, იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ამის გამო, მხედველობაც გავიფუჭე. მშობლები შვილებს რომ ეუბნებიან, წიგნი წაიკითხეო, ჩემს შემთხვევაში, პირიქით, მეუბნებოდნენ, - ნუ კითხულობ, ცოტა ხანს თვალები დაასვენეო... იმ პერიოდში ჟიულ ვერნის ნაწარმოებები წავიკითხე. სათავგადასავლო ლიტერატურა მიტაცებდა. "საიდუმლო კუნძული" ჩემთვის წარმოუდგენლად საინტერესო იყო - კითხვას რომ ვიწყებდი, თავს ვეღარ ვანებებდი... მერე, როცა გავიზარდე, უფრო "დიდური" რაღაცების კითხვა დავიწყე... ერთადერთი, რაც მიმაჩნია, რომ ნაადრევად წავიკითხე, ბალზაკის ნაწარმოებებია. ბალზაკი დღესაც დიდად არ მეხატება გულზე - სავარაუდოდ, ადრეულ ასაკში წაკითხული კარგად ვერ გავიგე და ამიტომ. "დონ კიხოტიც" ნაადრევად, მოზარდობისას წავიკითხე. ამ ნაწარმოებს ხალხი დღეს ვერ იგებს და მაშინ რა გავიგე, არ ვიცი... შემდეგ რუსული ლიტერატურის გაცნობა დავიწყე. როცა ორიგინალში წავიკითხე მაგალითად - "ოსტატი და მარგარიტა", სულ სხვა სიამოვნება მივიღე...
- ადრე წაკითხული "დონ კიხოტი" მოგვიანებით თუ გადაიკითხეთ?
- არა. რატომღაც, ვერ მივუბრუნდი. სასურველი კი იყო, წამეკითხა... ისე, ერთი და იმავე ნაწარმოების ეპიზოდები 7-8-ჯერ რომ არ წამეკითხა, უფრო მეტი წაკითხული წიგნი დამიგროვდებოდა, მაგრამ რა ვიცი, წიგნის ხელახლა წაკითხვა მსიამოვნებდა (იღიმის)... ყველას ვურჩევ, წიგნების წაკითხვა თავის დროზე მოასწროს, რადგან სულ რაღაც ახალი ნაწარმოებები გამოდის... ბევრჯერ მიფიქრია - იმ წიგნებს ხომ არ მივუბრუნდე, რაც გამომრჩა-მეთქი? და მაინც, ახალგამოსულის წაკითხვა გადამიწყვეტია. განსაკუთრებით, ქართულ მწერლობაში სულ რაღაც სიახლეებს ვეძებ. ვცდილობ, თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებებიდან არაფერი გამომრჩეს. მათ ვგულშემატკივრობ და მიხარია, რომ საინტერესო ნაწარმოებები გვაქვს, მაგარი ავტორები გვყავს...
- თქვენთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი რომელი თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოებია?
- მრავალი წლის წინ აკა მორჩილაძის ნაწარმოებების კითხვა რომ დავიწყე, შოკში ვიყავი, ისე მომეწონა! მას შემდეგ სულ "მივყვები", რომ მისი რომელიმე წიგნი არ გამომრჩეს - ჩასაფრებული ვარ, ანონსს ველოდები... ალეკო შუღლაძე ძალიან მაგარი ავტორია და მკითხველებს შორის უკვე დამსახურებული სიყვარულითაც სარგებლობს. მომწონს არჩილ ქიქოძის შემოქმედება. ბოლოს, "სამხრეთული სპილო" წავიკითხე. დავით გაბუნიას "დაშლა" ძალიან კარგია. მიშა ბახსოლიანიც მომწონს, მაგრამ მასშტაბურობამდე ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს... მოკლედ, ბევრი კარგი ავტორი გვყავს. ერთი, ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლეს" ვერ ჩავუჯექი. უბრალოდ, იმხელა წიგნია, რომ ვუყურებ, მეშინია. კარგა ხანია, მიდევს. გავხედავ, შემეშინდება და თავს ვანებებ ხოლმე (იცინის)... სქელტანიანი წიგნების საკითხს ერთი კომიკური რამ ახლავს: ხელში ვერ იჭერ ადამიანი - მძიმეა.
"მერვე სიცოცხლესთან" დაკავშირებით, ასეთი შემთხვევაც იყო: ამ წიგნის კითხვა დაიწყეს და თავი დაანებეს, მერე ნაწარმოების ელექტრონული ვერსია "ქინდლში" გადმოწერეს და იქ კითხულობდნენ (იცინის)... ფურცელს მაინც თავისი მუღამი აქვს - დღემდე, ბეჭდური წიგნის კითხვა მიყვარს.
- ე.წ. სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ?
- ამჟამად - არა, მაგრამ ადრე, როცა ერთსა და იმავე ნაწარმოებებს რამდენჯერმე ვკითხულობდი, მათ შესახებ შეიძლება ითქვას, რომ თავის დროზე ჩემი სამაგიდო წიგნები იყო, მაგალითად - "დათა თუთაშხია", "სამოსელი პირველი" და კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები.
- მშობლიურის გარდა, რომელი ქვეყნის ლიტერატურა გიზიდავთ განსაკუთრებულად?
- მოზარდობისას სამხრეთამერიკულ ლიტერატურაში ჩავიძირე. მარიო ვარგას ლიოსას ნაწარმოებების ("ქალაქი და ძაღლები", "ლეკვები"...) კითხვით დავიწყე, ძალიან მომეწონა! ნაწარმოებებში წარმოჩენილი ყველა პრობლემა, კომპლექსი, ამბავი ჩემთან ძალიან ახლოს იყო... კიდევ, მაქს ფრიშის რომანი - "ვიქნები თუნდაც განტენბაინი" - ჩემთვის ძალიან ემოციური იყო... დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მოსწონდათ ან მართლა მოსწონდათ თუ არა გოგონებს ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში". წიგნში ისეთი ბიჭური ამბავია მოთხრობილი, გოგო რომ ვყოფილიყავი, რატომ უნდა წამეკითხა (იღიმის)?..
- შტეფან ცვაიგის შემოქმედებაზე რას გვეტყვით?
- ცვაიგის ნაწარმოებების წაკითხვა ჩემთვის ძალზე ემოციური იყო! მოგვიანებით, დიდობაში, ისევ გადავხედე (ოღონდ - ზერელედ), მაგრამ ცოტა ზედაპირული მომეჩვენა... მგონი, "უცნობი ქალის წერილის" მიხედვით დადგმულ ეპიზოდებში მითამაშია კიდეც, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი.
- ცვაიგის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ქალის განცდებს, თქვენ კი გაიოცეთ, სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" გოგონებს რატომ მოსწონთო?!.
- ამაზე არ მიფიქრია. კარგია, პარალელი რომ გაავლეთ, რადგან ცვაიგის შემოქმედება ძალიან მომეწონა და გავიგე კიდეც... ეტყობა, გოგონებსაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ სელინჯერის ნაწარმოებთან (იღიმის)...
- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერება განსაკუთრებულად ხომ არ გინდათ?
- უჰ, ასეთი ბევრია! როცა მსახიობი ხარ, ყველა პერსონაჟის განსახიერება გინდა, შენთვის ყველაფერი საინტერესოა... მაგალითად, ინჟინერს ან ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს შეიძლება ოცნებად ჰქონდეს - ნეტავ, დონ-კიხოტი განმასახიერებინაო! მსახიობი ამ საკითხს პროფესიულად უდგება... წეღან "სამოსელი პირველი" ვახსენე: ვფიქრობ, ამ ნაწარმოების საოცარი ეკრანიზაცია შეიძლება, დღევანდელი სტანდარტების შესაბამისი სერიალის სახით. წარმოიდგინეთ, როგორი კარგი, ვნებიანი, დაძაბული, კეთილი და იმავდროულად, სასტიკი ერთსაათიანი სერიები იქნება... ნაწარმოებში გურამ დოჩანაშვილის მიერ ერთხელ, 2-3 წინადადებაში ნახსენები პერსონაჟიც კი (რომელსაც არავითარი განვითარება და სიუჟეტური ხაზი არა აქვს) მკაფიოდ გამახსოვრდება მკითხველს... ასევე, სათამაშოდ ძალიან საინტერესოა ლუარსაბ თათქარიძის როლი. რეალურად, ის სევდიანი პერსონაჟია, გებრალება, მისი პრობლემებითა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებით ითრგუნები... საოცრებაა! სიამოვნებით ვითამაშებდი, ოღონდ - სხვანაირი ფორმით და არა ისე სტერეოტიპულად, როგორც საზოგადოება ხედავს, - მხოლოდ სასაცილო ამბავს, ბოზბაში სჯობს თუ ჩიხირთმაო?.. არა მგონია, ჩემი ჰაბიტუსი ლუარსაბ თათქარიძისას კარგად მოერგოს, მაგრამ საინტერესო როლია...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.