"პირველი პაციენტი ჩემი დირექტორი იყო"
font-large font-small
"პირველი პაციენტი ჩემი დირექტორი იყო"
ბიჭი, რომელიც ლაზეროთერაპევტად მუშაობს

ესთეტიკის ცენტრების დახურვის გამო, კარანტინის პერიოდში, ეპილაციის გარეშე დარჩენილ ადამიანებზე ბევრს ხუმრობდნენ - თითქოს ვეღარ ცნობდა ხალხი ერთმანეთს, რადგან ვეღარ ებრძოდა ჭარბთმიანობას... ბუნებრივია, ამჟამად, ლაზეროთერაპევტებთან მოხვედრაზე დიდია მოთხოვნა, თუმცა არასოდეს ან იშვიათად გინახავთ, რომ ეპილაციას მამრობითი სქესის წარმომადგენელი აკეთებდეს. 2 წელია უკვე, რაც თაზო ქურდაძე ლაზეროთერაპევტად მუშაობს...


- ერთ საღამოს მეგობრები (გოგონებიც და ბიჭებიც) ვქეიფობდით. საუბარი ეპილაციაზე ჩამოვარდა. აღმოჩნდა, რომ სამეგობროში ეპილაციით არავის გვისარგებლია, თუმცა სურვილი ყველას ჰქონდა. მიზეზიც დაასახელეს, - არ ვიცით, რა არის, გვეშინია. რომ გვატკინოს ან მოგვატყუოსო?.. მერე ერთმა მეგობარმა მითხრა: - მოდი, ეპილაციის გაკეთება ისწავლე, ხომ ყველაფერი გეხერხებაო?.. ზუსტად 2 კვირაში ესთეტიკის ცენტრი მოვძებნე, სადაც ჩემით დაინტერესდნენ, რადგან ბიჭი ლაზეროთერაპევტი მანამდე არ ჰყოლიათ. სასწავლო კურსები გავიარე, "დავტრენინგდი" და 2 წელია უკვე, ესთეტიკის ცენტრში ვმუშაობ. ამ პროფესიით ჩემი დაინტერესების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის მიმეხედა და ჩემს მეგობრებს გამოვდგომოდი. თან, ეს საქმე შემოსავლის წყაროდ, მეორე სამსახურად მექცია.
- საინტერესოა, საქმიანობის შენი ახალი სფერო ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს?
- მარტო ვცხოვრობ, მაგრამ დიდი, ქართული ოჯახი მაქვს. ოჯახის წევრებმა იციან, რომ სიახლეების მოყვარული ვარ. ასე რომ, ნორმალური რეაქცია ჰქონდათ.
- საქმეს იოლად აუღე ალღო?
- ლაზერული ეპილაციის გაკეთება ხელის მოძრაობის ტექნიკასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. ყველაფერი მალევე ავითვისე. თანამშრომლები შოკირებულები იყვნენ. ამბობდნენ, - ბევრს ამის შესასწავლად რამდენიმე წელიწადი დასჭირდაო, მაგრამ მე რამდენიმე თვეში უკვე პირველი პაციენტი მივიღე. ძალიან მონდომებული ვიყავი, რადგან მეგობრებს სიტყვა მივეცი. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო... ასევე, ეპილაციის შესახებ, "იუთუბზე" ბევრ ვიდეოს ვუყურებდი, ვკითხულობდი, რადგან ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება - ადამიანის კანთან გაქვს საქმე, რომელიც სათუთია და თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდე.
- ლაზეროთერაპევტისთვის სამედიცინო განათლება თუა საჭირო?
- უკეთესია, თუმცა აუცილებელი არ არის. შეიძლება ადამიანს სამედიცინო განათლება გქონდეს, მაგრამ ლაზეროთერაპევტისთვის საჭირო ტექნიკას ვერ ფლობდე და პაციენტს სათანადო მომსახურება ვერ გაუწიო...
- შენი პირველი პაციენტები ვინ იყვნენ?
- ჩემი თანამშრომლები. ეს სწავლის დაწყების პირველივე დღეებიდან მოხდა... შემდეგ თეორიული ტრენინგები გავიარე, მერე ახლო მეგობრების და ოჯახის წევრების მიღება დავიწყე, სანამ კვალიფიკაციას ავიმაღლებდი... დაახლოებით 2 თვეში უცხო პაციენტები მივიღე.
GzaPress
- თანამშრომლები და ახლობლები, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლებამდე მოემსახურე, ხომ არ დაზარალებულან?
- არა. ჩემი პირველი პაციენტი ესთეტიკის ცენტრის დირექტორი იყო. პირველივე დღეს თქვა: - ადამიანმა ეს საქმე საერთოდ რომ არ იცის, მაინტერესებს, თქვენ მიერ ახსნილი თეორიის საფუძველზე, როგორ შედეგს მივიღებო... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შედეგით აღფრთოვანებული იყო!
- უკმაყოფილო პაციენტი არასოდეს გყოლია?
- ტყუილი ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ ჯერჯერობით, უკმაყოფილო პაციენტი არ მყოლია.
- ესთეტიკის ცენტრში როგორი რეჟიმით მუშაობ?
- მართალია, ჩემი ძირითადი სამსახური არ არის, თუმცა არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს ეს საქმე ჩემთვის მეორეხარისხოვანია. 15 წელია, სასტუმროს და რესტორნების მომსახურების ბიზნესში ვარ, სადაც სრული დატვირთვით, კვირაში 5 დღე ვმუშაობ, ხოლო 1 დღეს ჩემს მეორე სამსახურს ვუთმობ, დასვენების დღეს კი - ბუნებრივი ქვებისგან სამკაულებს ვამზადებ...
- ესთეტიკის ცენტრში, შენს პაციენტებს შორის გოგონები ჭარბობენ თუ ბიჭები?
- 50/50-ზეა.
- ხომ არ ერიდებათ გოგონებს, ბიჭი რომ ემსახურება?
- გოგონების უმრავლესობა ქალბატონისგან ამჯობინებს მომსახურებას (სხეულის ზონას მნიშვნელობა არ აქვს). ამ მხრივ, დიდი ბარიერი არსებობს. ალბათ, თანდათან, როცა ამ სფეროში პოპულარული გავხდები, მეტი მანდილოსანი პაციენტი მეყოლება... არსებობს კატეგორია (პაციენტთა 20%), რომლისთვისაც სულერთია, ვინ მოემსახურება. მთავარია, პროცედურა ხარისხიანი და შედეგიანი იყოს.
- ინტიმური ზონების ეპილაციაზე თანახმა არიან, რომ მოემსახურო?
- 20-დან 5%-ია თანახმა (იცინის). ესთეტიკის ცენტრში მანდილოსნები მუშაობენ და ინტიმური ზონების "გასაკეთებლად", მეტი კომფორტისთვის, პაციენტებს მათთან მისვლას ვურჩევ. ალბათ, ასე უფრო სწორია, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით, არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს.
- პაციენტის მხრიდან ფლირტის წამოწყების მცდელობა ყოფილა?
- არანაირი. ეტყობა, ამ ბოლო დროს ფრიგიდული გავხდი (იცინის)... ამის შესახებ ბევრ მეგობარს უკითხავს. რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ აქ მუშაობ, არიქა, "ნაშები" უნდა "აყარო". ასე არ არის: როგორც კი სამსახურში ფეხს შედგამ, თეთრ ხალათს იცვამ, მოწესრიგდები, 100%-ით იმაზე ხარ ორიენტირებული, რომ პროცედურა უმტკივნეულოდ გააკეთო, კარგი შედეგი ჰქონდეს.
- ალბათ, კარანტინის მერე, ეპილაციაზე დიდი მოთხოვნაა, არა?
- კი, "ბუმია", რა თქმა უნდა, რადგან ხალხი უკვე ერთმანეთს ვეღარ ცნობს (იცინის).
- მამაკაცი პაციენტების მხრიდან, სხეულის რომელი ზონების ეპილაციაზეა მოთხოვნა?
- საერთოდ, მათთვის ეს მომსახურება არაპოპულარული იყო, მაგრამ ბოლო 2 წელია, მამაკაცების მაღალი აქტიურობა შეინიშნება. ალბათ, ეს დრომაც მოიტანა. ყველაფერი ვითარდება, წინ მიდის... მამაკაციც ისეთივე მოწესრიგებული უნდა იყოს, როგორიც - ქალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ეს პარტნიორის და საკუთარი თავის პატივისცემაა, როცა მოწესრიგებული, კომფორტულად ხარ... მამაკაცებში ყველაზე პოპულარული ზონები მაინც ღაწვები, კისერი, მხრები, ბეჭებია... ტკივილს ქალები უფრო უძლებენ, ვიდრე მამაკაცები.
- ბიჭებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა ლაზეროთერაპევტის ამპლუაში გხედავენ?
- ძალიან უხარიათ, თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ...
- რამდენად შემოსავლიანი საქმეა?
- საკმაოდ შემოსავლიანია, ვინც სრული დატვირთვით მუშაობს და ბევრი პაციენტი ჰყავს. მუშაობა ღირს.
- ლაზერული ეპილაციის ეფექტურობაზე რას გვეტყვი?
- ის ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის ერთ-ერთი აპარატია: ხარისხიანი აპარატი საკმაოდ ძვირად ღირებულია. ის ადამიანის ორგანიზმს არ აზიანებს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი შემთხვევაა, როცა პატარა სალონები უფრო იაფიანი, კუსტარულად წარმოებული აპარატით მუშაობენ. შემდეგ რეკლამას უკეთებენ, რომ მაგალითად, მომხმარებლებს 7 ლარად ბიკინის ზონაზე ეპილაციის გაკეთება შეუძლიათ... მოკლედ, ეპილაციის მომსახურების ფასებს შორის სხვაობა ამიტომ არის. ასევე, ეპილაციის შედეგი თავად ლაზეროთერაპევტის გულმოდგინებაზეა დამოკიდებული... ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა პაციენტი ბედნიერი, კმაყოფილი მიდის.
- ლაზეროთერაპევტის კაბინეტში პაციენტები გულახდილობის ხასიათზე თუ დგებიან?
- ესეც ჩემზეა დამოკიდებული. შემიძლია, პარალელი გავავლო: რესტორნების ბიზნესში მუშაობისას, როცა ბარმენი ვიყავი და სტუმარი მყავდა, კოქტეილის მომზადებასთან ერთად, სხვადასხვა თემაზეც ვესაუბრებოდი... ეს სიტუაცია ახლა ლაზეროთერაპევტის კაბინეტშია "გადმოტანილი". პაციენტთან საერთო ენის გამონახვა მუშაობის პირველსავე დღეს გამიმარტივდა.
- კარანტინის პერიოდში პაციენტები ხომ არ გაწუხებდნენ?
- ხშირად მწერდნენ, რაღა გვეშველებაო? ვპასუხობდი, - რა ვქნა? ყველანი ასე ვართ, რა დღეში ჩაგვყარა ამ კორონამ? ოღონდ გადავრჩეთ და მერე მოგხედავთ-მეთქი (იცინის)... ასე ვაწყნარებდი.
- შენ როგორ უვლიდი თავს?
- საკმაოდ მოვლილი ახალგაზრდა ვარ და ორმა-სამმა თვემ ვერაფერი დამაკლო (იცინის). ერთ ხელში თოხი მეჭირა, მეორეში - ბარი და ბოსტანში ვმუშაობდი: ვთოხნიდი, პომიდვრის ჩითილებს ვრგავდი... ასე რომ, კარანტინი არც მიგრძნია, საქმე ყოველთვის მქონდა...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.