როგორ მოხვდა გურამ წიბახაშვილი ფოტოზე დე ნიროს ქალიშვილთან ერთად
font-large font-small
როგორ მოხვდა გურამ წიბახაშვილი ფოტოზე დე ნიროს ქალიშვილთან ერთად
"ხელნაკეთი ფოტოწიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს"

მეშვიდე კლასში სწავლობდა, როცა ფოტოაპარატი აჩუქეს და იმ დროიდან დაიწყო მისი გატაცებაც. სწავლას დიდი მონდომებით შეუდგა. გადაღების წესებს თავისით ეუფლებოდა, უნდოდა როგორმე სურათი მიეღო, რაღაც დროის შემდეგ გამოუვიდა კიდეც... დღეს გურამ წიბახაშვილი აღიარებული ფოტოხელოვანია.



- 25 მაისი ქართული ფოტოგრაფიის დღეა. ეს თარიღი როდის და ვინ დააწესა?
- ინიციატორი ხელოვნებათმცოდნე ნათია წულუკიძე გახლდათ. მან დაადგინა, რომ 1897 წლის 25 მაისს თბილისში პირველი ფოტოგამოფენა დაიხურა, დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, ამიტომ შეირჩა ეს რიცხვი. ქართული ფოტოგრაფიის დღე პირველად ხუთი წლის წინ აღინიშნა. მაშინ ამ დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა ჩემი და თინათინ კიღურაძის ფოტოგალერეაში გაიმართა. ყოველ წელს, ამ დღეს ან სიმპოზიუმი გვქონდა, ან გამოფენა, ზოგჯერ - ორივე ერთად. მოგეხსენებათ, წელს რატომ ვერ აღვნიშნავდით, ამიტომ თითოეულმა ფოტოგრაფმა საყვარელი ფოტოს ინტერნეტვერსია გაავრცელა თავის ჩანაწერთან ერთად.
- თქვენი გალერეა აქტიურად მუშაობს?
- ამწუთას უფრო, სხვა პროექტებს ვაკეთებთ, მაგალითად - ხელნაკეთ ფოტოწიგნებს. ფოტოგრაფიაში ორნაირი სახის წიგნები არსებობს: სტამბურად დაბეჭდილი, ტირაჟირებული, რაც ძალიან მახარებს და ხელნაკეთი - მცირე ტირაჟით. დაახლოებით რვა წელია, რაც მეორე სახის წიგნები ნელ-ნელა გაჩნდა. ჩვენი გალერეის თაოსნობით, ხელნაკეთი ფოტოწიგნები საქართველოს ფოტოგრაფებმა სამი წლის წინ, პირველად წარვადგინეთ "ვენის ფოტოწიგნების ფესტივალზე". ჩემი და თინა კიღურაძის ხელნაკეთ წიგნებთან ერთად წავიღეთ ვახო ხეთაგურის, გიორგი შენგელიას, ლევან ხერხეულიძის, ნათელა გრიგალაშვილის და ვისაც ჰქონდა, მათი წიგნები. ფესტივალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელნაკეთი ფოტოწიგნები, ბევრია დაინტერესებული მათი შეძენით. წელსაც გვინდოდა მონაწილეობა, მაგრამ ფესტივალი არ შედგა, გასაგები მიზეზების გამო.
GzaPress
- რომელიმე ფოტოგადაღების ამბავი გაიხსენეთ.
- რობერტ დე ნირო ჩამოვიდა საქართველოში 1987 წელს, თავის ძალიან ლამაზ ქალიშვილთან ერთად. მსახიობის მოგზაურობა უნდა გადამეღო თბილისში. რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა დე ნიროსა და მის შვილთან ფოტოს გადაღება. ვიდექი და სულ მესმოდა, - "გადამიღე, გადამიღე"... ეს გოგოც გაბეზრდა, მერე მითხრა: შენ არ გინდა ჩემთან ფოტოს გადაღება? მოდი, შე საცოდავო, მოდიო (იცინის). ასე რომ, მაქვს ფოტო დე ნიროს ქალიშვილთან ერთად, ოღონდ ეს იყო მისი ინიციატივა, მე ვერ შევბედავდი.
- კომუნისტების დროს სურათებს ფოტოატელიებში ვიღებდით. იმდროინდელ ფოტოებს როგორ აფასებთ? საოჯახო ალბომების თვალიერება გიყვართ?
- ეს არის ფოტოგრაფიის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ჯერ ერთი, იქ კარგად ჩანს, როგორ იცვლება და ვითარდება ტექნოლოგიები: თავიდან, ძველი ფოტოები ყავისფერი იყო, მერე ნელ-ნელა შავ-თეთრი გახდა, ცუდი ფერადი, კარგი ფერადი და ასე შემდეგ... ფოტოებზე ასახულია ქვეყნის განვითარება, როგორ აცვიათ ადამიანებს, რანაირად გამოიყურებიან, რა ბედნიერი სახეები აქვთ და ა.შ. საოჯახო ფოტოები კარგ კვლევას მოითხოვს და მეც ძალიან მაინტერესებს. როცა ვინმესთან ვარ, ყოველთვის ვათვალიერებ მათ ალბომს, თუ ამისი დრო მაქვს და რა თქმა უნდა, ამის უფლებას მაძლევენ.
- თქვენს ფოტოარქივში საგარეჯოს რაიკომის პირველ მდივან მედეა მეზვრიშვილის ფოტო ვნახე. პარტიულ ფუნქციონერებსაც უღებდით სურათებს? დავალებას ვინ გაძლევდათ?
- 90-იან წლებში დაარსდა კერძო ჟურნალ-გაზეთები და 1993 წელს გადავიქეცი პროფესიონალ ფოტოგრაფად, რაც იმას ნიშნავდა, რომ დავალებებს მაძლევდნენ. მუშაობა შემომთავაზა ზვიად ქორიძემ გაზეთში "7 დღე". მერე ვმუშაობდი მარინა ვაშაყმაძესთან, მის ჟურნალში და სხვა. რაც შეეხება მედეა მეზვრიშვილს, ფოტო "თბილისობაზეა" გადაღებული. ჩემთვის ვიღებდი და სიმართლე გითხრათ, მაშინ არც ვიცოდი, ვინ იყო.
GzaPress
- ისეთი პიროვნება თუ მოხვედრილა თქვენს ობიექტივში, რომელიც მერე ცნობილი ადამიანი გამხდარა?
- როგორ არა?! მიხეილ სააკაშვილი. როცა ის "მოქალაქეთა კავშირის" წევრი იყო, პარტიას ფოტოები სჭირდებოდა და შემიკვეთეს. რამდენიმე ჯგუფური ფოტო გადავიღე, სადაც ათამდე კაცი დგას და მათ შორისაა ძალიან ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი - ჰალსტუხითა და პიჯაკით. იმ დროს არავინ ფიქრობდა და ალბათ, არც თავად, რომ პრეზიდენტი გახდებოდა.
- სახლის კედლებზე თქვენთვის გამორჩეული ფოტოები გიკიდიათ?
- სახლში მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები მიკიდია. მაგალითად, ფოტოები ეკუთვნის ნათელა გრიგალაშვილს, გიორგი შენგელიას (ძალიან თავისებური, საავტორო ფოტოები აქვს), ანა ბუკიას... ჩემი ნამუშევრებიდან რაღაც მომწონს, რაღაც - არა. სახლში არა, მაგრამ რამდენიმე მათგანი სტუდიაში გამოვფინე. გამორჩეულს ვერ დავარქმევ, მაგრამ რომ მომეწონება დაბეჭდილი ფოტო, ჩარჩოში ვსვამ და ვკიდებ.
- შეხვედრები უცხოელ ფოტოგრაფებთან რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?
- რამდენიმე ფოტოგრაფი შემხვედრია და მივმხვდარვარ, რომ კარგი ადამიანი, კარგი მოაზროვნეა და კარგად იცის ფოტოგრაფია. მისი რჩევები ან მასთან საუბარი ყოველთვის მოქმედებს. ასეთი იყო ლიტველი ფოტოგრაფი ვიტას ლუცკუსი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა მას შევხვდი, მგონი - 1987 წელს. ასევე აღსანიშნავია ფოტომცოდნე იან ჯეფრისთან შეხვედრა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა. ჩემი ფოტოები ნახა და მერე მათ შესახებ პატარა ტექსტები დაწერა. მან 2 თუ 3 წიგნი მიუძღვნა ფოტოგრაფიის ისტორიას, მნიშვნელოვანი პიროვნებაა. რეჟისორ მიხაილ მარმარინოსს ჩემი ფოტოები მოეწონა, რომელთა მიხედვით ვრცელი ტექსტი დაწერა და შედეგად სპექტაკლი "ნაციონალური ჰიმნი" დადგა ჯერ საბერძნეთში, მერე - თუმანიშვილის თეატრში. ჩემი ფოტოებით იყო ინსპირირებული. ასეთი შეხვედრები კვალს ტოვებს. ბევრი ავტორია, ვისაც არ შევხვედრივარ, მაგრამ მათმა შემოქმედებამაც დიდი კვალი დატოვა ჩემზე. ლიტვური ფოტოგრაფია მომწონს. რამდენიმე ავტორს ვიცნობ, მაგრად მუშაობენ. მიყვარს გერმანული ფოტოგრაფია, ოღონდ ფოტოგრაფების მცირე ნაწილს ვიცნობ. რუსეთშიც არიან კარგი ფოტოგრაფები.
GzaPress
- ქართულ ფოტოგრაფიაზე რას იტყვით?
- დღეს ქართულ ფოტოგრაფიას ბევრი კარგი წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ ხელშეწყობა სჭირდება. სახელმწიფომ ფული უნდა გაიმეტოს, დარგი რომ განვითარდეს. ბევრია ახალგაზრდა და ნიჭიერი ფოტოგრაფი, რომელიც აკეთებს საქმეს, მაგრამ ნამუშევრები რომ წაიღოს სადმე და გამოფინოს, ამის თანხა არა აქვს. თუკი ფინანსები სწორად ჩაიდება, ის აქეთ მოიტანს შემოსავალს. ვფიქრობ, ქართულ ფოტოგრაფიას დიდი წარმატებები ექნება და გარკვეული კუთხით, ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
- შარშან გამოვიდა წიგნი "ზამთარი გადატანილია", სადაც თქვენი ფოტოებითაა გადმოცემული ადამიანების ისტორიები. ეს არ არის თქვენი პირველი წიგნი...
- ფოტოგრაფი ნამუშევრებს აჩვენებს ორი გზით: გამოფენაზე და წიგნის საშუალებით. გამოფენა მალე "ქრება", წიგნი კი რჩება. სიმართლე გითხრათ, ვწუწუნებდი, წიგნი არა მაქვს-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სამი წიგნი გამოვიდა. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა ჩემი ძველი სერია "ულისე", ჯეიმს ჯოისის ტექსტები აქვს დართული ამ სახელწოდების რომანიდან. მეორე წიგნი - "ზღვარზე" - ორი წლის წინ გამოიცა. ეს თბილისის ფოტოფესტივალზე წარმოდგენილი ჩემი გამოფენა იყო, რომელიც 90-იანი წლების დოკუმენტურ მასალას ასახავს. მესამეა ვიზუალური და ტექსტუალური ფორმატის "ზამთარი გადატანილია", რომელიც უფრო სუბიექტური წიგნია. ისევ იმ მძიმე 90-იანებს ეხება როგორ მუშაობდნენ მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები... ახლა წიგნზე ვაპირებთ მუშაობას, თემაა - სასაფლაოები საქართველოში.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.