"სტამბოლში გასაყიდად განწირულებივით ვგრძნობდით თავს"
font-large font-small
"სტამბოლში გასაყიდად განწირულებივით ვგრძნობდით თავს"
"არ შეიძლება ერთ პატარა საქართველოში ხალხი კუთხეების მიხედვით დაყო..."

ნახევრად ბერძენი, ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილ ბერძენთა საზოგადოების თავმჯდომარე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, სტალინის რეპრესიების მსხვერპლი - ასე წარმოგვიდგინა თავი ქალბატონმა ფენია, იგივე ჩიტო ყალიჩავამ, რომელსაც იოლი ცხოვრება არ გაუვლია და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს, მაინც ბრძოლის ჟინი აქვს. ამბობს, რომ ამჯერად არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და თუ რატომ, ამაზე თავად გვიამბობს.


- პედაგოგად ვმუშაობდი აფხაზეთში, ასევე - მილიციაში, საპასპორტო განყოფილებაში. მერე მინისტრის მოადგილედ ვიმუშავე 15 წელი, ქალაქ ბათუმში. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ვიყავი იქ, ვიდრე 2006 წელს, სააკაშვილმა ქუჩაში არ გამოგვყარა, ნინო ბურჯანაძემ კი ზურგს უკან მომაძახა, მოღალატე ხარო. მას ამას ვერ ვპატიობ. მე არასდროს ვყოფილვარ სამშობლოს მოღალატე, ბევრისგან განსხვავებით...
ჩვენ აფხაზეთიდან 27-ში გადმოვედით, როცა იქ უკვე ყველაფერი იწვოდა. "ბარჟაში" მოგვათავსეს, რომელიც უკრაინამ გამოგვიგზავნა ქართველებს. თავიდან არ მინდოდა წამოსვლა. ვიფიქრე, აფხაზი მეუღლე მყავს და არაფერს დამიშავებენ-მეთქი, მაგრამ ჩემი მეუღლე იმ დროისთვის რუსეთში გახლდათ გადასული, რადგან არ სურდა ამ ომში მონაწილეობა და ბოლოს ისეთი სიტუაცია იყო, მივხვდი, შეიძლება არ დაგვინდონ მე და ჩემი შვილი-მეთქი, ამიტომ წამოვედი ჩემს ვაჟთან, მეზობლებთან ერთად. გადელიების ოჯახის დიასახლისმა ჩამაბარა თავისი რძალი, ბავშვები, ბრილიანტის ბეჭედი მოიძრო თითიდან და მითხრა, - ვიცი, ჩემებს არ მიატოვებ და რამე თუ გაგიჭირდეთ, ეს გაყიდეო. ყველანი ვტიროდით. სტამბოლში გასაყიდად განწირულებივით ვგრძნობდით თავს. ოჩამჩირეში ჩვენი ჩაძირვა სცადეს, მაგრამ უკრაინელებმა უყვირეს, ხელს გაანძრევთ და აგაფეთქებთ, მიზანში გვყავხართო. გამოვასწარით... თავდაპირველად ფოთში ჩავედით, მაგრამ იქ არავის ვჭირდებოდით, ხალხი თავგზააბნეული დარბოდა, ჩვენთვის ადგილი ვერ მოიძებნა... მერე გვითხრეს, ასლან აბაშიძე გეპატიჟებათ დევნილებს აჭარაშიო და ბათუმში გავაგრძელეთ გზა. სასტუმრო "მესხეთში" დაგვასახლეს... ცოტა ხანში მე თბილისში ჩამოვედი დედმამიშვილების მოსაძებნად. ისინიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ და მათ შესახებ არაფერი ვიცოდი... ვერ ვიპოვე აქ ჩემი დები და ისევ ბათუმში დავბრუნდი. იქ ჩასულს მითხრეს, - ჩიტო, კომიტეტის თავმჯდომარედ აგირჩიესო. - რა კომიტეტი, ცხოვრება შემძულდა, გულს ვერაფერს ვუდებ-მეთქი. გული მქონდა გაგლეჯილი, რომ ჯერ ყველაფრის დატოვება მომიხდა აფხაზეთში და თან, ოჯახის წევრებსაც ვერ ვპოულობდი. საბედნიეროდ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ჯერ ჩემმა დისშვილმა მიპოვა, მერე ჩემი ერთი დაც გამოჩნდა და საბოლოოდ, ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი - ეს უდიდესი სიხარული იყო...
GzaPress- ბათუმში რამდენი წელი ცხოვრობდით?
- 15 წელი გავატარე ბათუმში. ე.წ. ვარდების რევოლუციას, პოლიტიკურ არეულობას იქ შევესწარი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ გაქურდეს აბაშიძის რეზიდენცია. როდესაც სააკაშვილმა განკარგულება გასცა, რომ "მესხეთიდან" დევნილებიც გამოვეყარეთ, ხალხმა მათ წინააღმდეგობა გავუწიეთ და სააკაშვილის ხელის ბიჭებმა თამაზ ნადარეიშვილის ნაჩუქარი წიგნი გადამახიეს თავზე, - აი, შენი აფხაზეთი და შენი მთავრობაო. ამ წიგნის ყდა შემომრჩა იმ დღიდან, როგორც ნიმუში ჯალათების საქციელის.
- სპეცრაზმელებს ალბათ ევალებოდათ თქვენი გამოყვანა და არა თქვენზე ძალადობა... როგორ ხსნით იმ ამბავს, რომ წიგნი თავზე გადაგახიეს?
- დაცალეთ სასტუმროებიო, - ხომ გვითხრეს და წინააღმდეგობას ვუწევდით, არ გამოვდიოდით, ამის შემდეგ დაიწყეს ძალადობა, შეურაცხყოფა. არადა, როგორ გამოვსულიყავით, როცა სამ ოჯახს 7.000 დოლარს გვაძლევდნენ? რა უნდა გაგვეკეთებინა ამ თანხით? ეს ხალხის დაცინვა იყო, სხვა არაფერი.
მაშინ სოზარ სუბარი იყო სახალხო დამცველი. ეს ადამიანი და სოფიო ხორგუანი ჩამოვიდნენ ჩვენთან, მხარში ამოგვიდგნენ, ასევე - ადა მარშანია, მაგრამ იმათაც არაფერი გამოუვიდათ. მაშინ სასტუმროში ბევრი დევნილი ცხოვრობდა და მე, უკვე მთავრობის წარმომადგენელი რომ არ გამოვდიოდი შენობიდან, სხვები როგორ არ ამყვებოდნენ? ამიტომაც ჩამოიყვანეს სპეცრაზმი სენაკიდან, ძალა რომ გამოეყენებინათ, ბათუმელები ხომ არაფრით გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ. სააკაშვილი გამხეცებული იყო. ინვესტორები ჰყავდათ, ფული უნდა ეშოვათ და ჩვენ ხელს ვუშლიდით. ეს ადამიანი ვერ იტანს დევნილებს. სოზარმა იცის, ჩვენ რაც გამოვიარეთ მაშინ.
- ახლა გაქვთ ბინა, ოღონდ თბილისში, არა?
- დიახ, ამ სახლში თამაზ ნადარეიშვილმა და კიმი ჯაჭვლიანმა ჩამასახლეს. მერე ამ ბინის დაკარგვის საფრთხის წინაშეც აღმოვჩნდი და ვალერი გელბახიანს დახმარება ვთხოვე... სხვათა შორის, დღემდე მისამართის გარეშე მიწერია პირადობაში. ბევრი დევნილი დააკმაყოფილეს, მაგრამ ჩვენ, რატომღაც, ვერ მოვხვდით დაკმაყოფილებულთა სიაში...
ფეხით ვაპირებდი აფხაზეთში წასვლას მაშინ, როცა ბათუმიდან გამოგვყარეს. სერგეი ბაღაფში ჩემი მეუღლის კლასელი იყო, იგორს, მის ძმასაც ვიცნობდი. დავრეკე, ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვართ, სასტუმროდანაც გამოგვყარეს და უნდა წამოვიდე-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? - რაღაც პროვოკაციაზე უნდა სააკაშვილის ჩემი წამოგებაო. არ დაიჯერა, რომ იქ ჩავიდოდი საკუთარი ნებით. იმ პერიოდში გიორგი ხაინდრავა ჩამოვიდა ჩვენთან და ლამის მანქანით გაიტანეს, რადგან ჩვენს დახმარებას ცდილობდა ისიც. იმ პერიოდში გულაობდნენ მოძალადეები და ხალხი ვტიროდით არანაკლებ მწარედ, ვიდრე აფხაზეთის დატოვების დროს - ეს ყველაფერი კადრებად მაქვს დაფიქსირებული და დაინტერესებულ ტელევიზიებს შემიძლია წარვუდგინო.
- ნინო ბურჯანაძეზე რატომ ხართ ნაწყენი ან რატომ თქვა თქვენი მისამართით, მოღალატე ხარო?
- ბურჯანაძეს საერთოდ რა უნდა, რეალურად რისთვის იბრძვის, იცის ვინმემ? თვითონ იჯდა იქ, სადაც მიიღეს დადგენილება, სახლებიდან ხალხის სპეცრაზმით გამოსახლების შესახებ. მახსოვს, მაშინ ელენე თევდორაძემ თქვა, უნდა შევცვალოთ დადგენილება, რომ შეწყდეს ხალხის გამოყრაო, მაგრამ არავინ აუბა მხარი...
ერთ დღეს, როცა უმაღლესი საბჭოს წინ ვიყავით შეკრებილები, გიგი წერეთელი და ნინო ბურჯანაძე მოვიდნენ. ნინოს გამოველაპარაკე, ის კი ხმას როგორ გამცემდა მე, მასთან შედარებით უბრალო მოქალაქეს - ხმას არ იღებს, დგას ამაყად. არადა, ხალხს გვეგონა, ჩვენთან მოვიდნენ, ესენი კიდევ, ცოტა ხანს უცნაურად იდგნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, მერე თეატრში წავიდნენ, სპექტაკლზე დასასწრებად ჩამოსულან. ესაა ადამიანობა? არ ჯობდა, საერთოდ არ მოსულიყვნენ?.. და მერე, როცა ამ ყველაფრის შემდეგ აფხაზეთში ფეხით წასვლა გადავწყვიტე, ბურჯანაძემ მომაძახა, მოღალატე ხარო. მე ვარ კიდევ მოღალატე? მე, რომელსაც ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ჯერ აფხაზეთი, იქიდან გამოქცეულს თავშესაფრად სასტუმროს ოთახი მომცეს და მერე ჩემმა მთავრობამ იქიდანაც ძალის გამოყენებით გამომაგდო? მე ვარ მოღალატე, როცა თავად ბურჯანაძე, შანსი მიეცემა თუ არა, რუსეთში ჩადის? საინტერესოა, რა სტატუსით დადის იქ? როგორ, თხა და მგელი ერთად ძოვენ უკვე? თან, მაგიდას რომ უზის გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, რომელიც წლების განმავლობაში პატივსაცემ პიროვნებად მიიჩნეოდა ასე ვთქვათ, ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყანაში?.. მე როცა აფხაზეთში ჩავედი, ვრისკავდი და გზად სააკაშვილის ფოტოებს ვაკრავდი. მიხაროდა, კარგი ვაჟკაცია, ქართველებს გვეღირსა კარგი პოლიტიკოსი-მეთქი, მისი იმედი მქონდა რატომღაც, მაგრამ მერე იმდენად შეირცხვინა თავი, რომ ასე მგონია, ურჩხულად იქცა. ძალიან მომწონდა მისი აქტიურობა, მაგრამ მტრად მოგვეკიდა, განსაკუთრებით - დევნილებს. ჰოდა, გეკითხებით, რატომ? ჩვენ რა, მაჩანჩალები ვართ თუ საკუთარი ნებით წამოვედით აფხაზეთიდან?
- დევნილები თავის დროზე ყველგან კარგად მიიღეს... ხალხი თქვენს დახმარებას მაქსიმალურად ცდილობდა, რითაც შეეძლოთ...
- კი, ის ხალხი, ვინც მიგვიღო და გენაცვალეს გვეუბნებოდა თბილისში, ნაღდი თბილისელები იყვნენ - ისინი, ვისაც სააკაშვილმა მოგვიანებით "ჩარეცხილები" უწოდა და სამწუხაროდ, იმ თაობის დიდი უმეტესობა აღარ არის. სამაგიეროდ, იმათ მონაპოვარზე დღეს სხვები ბაქიბუქობენ და უძვლო ენას, როგორც უნდათ, ისე ატრიალებენ. არ შეიძლება ერთ პატარა საქართველოში ხალხი კუთხეების მიხედვით დაყო...
ამიტომაც იყო, რომ ბევრი დევნილი გაიქცა საქართველოდან - აქ გვამცირებენ და ჯობს, სხვა ქვეყანაში წავიდეთო. ბევრი ჩემი ნათესავი წავიდა მოსკოვში იმავე 2006 წელს: სულ შეურაცხყოფას გვაყენებენ და როდემდე ვითმინოთ, ჩვენც ხომ ადამიანები ვართო. ერთი ვაჟი მყავს. როცა ძალიან გაგვიჭირდა, მაშინ შემოუთვალეს, ჩამოდიო, მაგრამ რუსეთის გაგონება არ უნდა. ის პროფესიით კინო-ტელერეჟისორია, მოსკოვში დიპლომირებულია აფხაზეთზე გადაღებული მისი ფილმი, სიამოვნებით მიიღებენ იქაც, მაგრამ ქართველია და აქ უნდა ყოფნა, ამიტომ უნდა დაიჩაგროს?..
არ მინდა, ბატონო, ეს თბილისი, სადაც სულ ცდილობენ, "დაგაჩმორონ", სადაც მაინცდამაინც პარლამენტარების, ბიზნესმენების შვილებმა უნდა ისწავლონ საუკეთესო უნივერსიტეტებში. კი, ისწავლონ მათაც, მაგრამ ჩიტოს შვილმა, თქვენმა შვილმა, სხვების შვილებმა რა დააშავეს? ხალხი ერთმანეთს მხარში თუ არ ამოვუდგებით და კუთხეების მიხედვით დავიყოფით, იოლად სამართავები ვიქნებით სულ - როგორც უნდათ, ისე გვათამაშებენ. სანამ ერთ მუშტად არ შევიკვრებით ქართველები, არაფერი გვეშველება...
ბევრმა წამომაძახა: თქვენო, მეგრელებმა როგორ იცით ერთმანეთის მხარში დგომაო... კაცო, რატომ არ უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში ან მეგრელს ქართველობას რატომ მიწუნებთ?
GzaPress
- ამბობთ, რომ არჩევნების ჩაშლის მომხრე ხართ...
- კი და ახლა მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართო ოპოზიციას: ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნები არ ჩატარდეს მანამ, ვიდრე დევნილებს არ გვეტყვიან, რა გაკეთდა 27 წლის მანძილზე იმისთვის, რომ დაკარგული ტერიტორიები დაგვებრუნებინა, რა გაკეთდა დევნილებისთვის? ევროკავშირის წარმომადგენლობასთან უკვე დარეკილი მაქვს, ამერიკის საელჩოშიც ვიყავი. დავიღალეთ ხალხი მუდმივად უკეთესის მოლოდინით და მერე იმედების გაცრუებით. წლებია ვუყურებთ ოპოზიცია-პოზიციის არაფრის მომტან კინკლაობას. 27 წელია აფხაზეთიდან დევნილების დიდი ნაწილი ვიცდით და რას ვუცდით, არ ვიცით.
უკან არ დავიხევ, გამორიცხულია. ეს იქნება ოპერაცია რისკი: ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ქართველები ერთმანეთს ვჭამთ და ამას რომ უყურებენ, ოსს და აფხაზს მოუნდება ისევ შენთან ყოფნა? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და მოვითხოვოთ, როცა ქართველი ქართველს ჭამსო? - ხშირად ამბობენ. ერთი მითხარით, რატომ არ უნდა მივიღოთ დევნილებმა მონაწილეობა იმ საქმეებში, რომლითაც ჩვენი ბედი წყდება? ხომ ცდილობენ ვითომ რაღაცას და გვითხრან ჩვენც, ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რას გვიმალავენ? თავიანთი შექმნილი პოლიტიკის მსხვერპლები გახდნენ და ახლა ჩიხში არიან - ესაა სიმართლე.
მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს არაჩვეულებრივი გამოფენა მომიწყვეს: პრეზიდენტთან მინდოდა შესვლა და მისთვის იდეის შეთავაზება. ფიქრია ჩიხრაძის იმედი მქონდა, რომ ხელს შემიწყობდა, რადგან თავის დროზე მეც დავეხმარე მას რაღაცებში და არაფრით მეგონა, თუ ჩემს განცხადებას გვერდზე გადადებდა, მაგრამ არ მიმიღო. როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივდიოდი, იქ მეუბნებოდნენ, შევუტანეთ განცხადება, მაგრამ არ გიბარებთ და რა ვქნათო? მერე მითხრეს, ვიღაცას დავაწერეთ ეს წერილი და ის აქედან სხვა სტრუქტურაში გადავიდა სამუშაოდ. განცხადება კიდევ შემოიტანეთო. გავგიჟდი, ჩემი განცხადება ისე მოეწონა იმ კაცს, რომ დავიჯერო, თან წაიღო-მეთქი? იმდენი ქნეს, რომ არ მიმიშვეს პრეზიდენტამდე - ესაა ჩვენი სამართალი? იქნებ რა მქონდა სათქმელი, ჩაიხედეს მაინც განცხადებაში? არა, ბატონებო, ასე წინ ვერაფრით წავალთ, მე კი არ მინდა ისე მოხდეს, რომ სამშობლოში სიცოცხლის ბოლომდე დაჩაგრულად ვგრძნობდე თავს.
მე არ ვარ "ქართული ოცნების" პარტიის წევრი, მაგრამ მგონია, რომ ახლა ოპოზიცია კარგად მუშაობს, რათა ბიძინა ივანიშვილის სახელი დააკნინონ. თავის მხრივ, "ნაციონალები" საკუთარი გუნდის წევრს, ნიკა მელიას იყენებენ და სამწუხაროდ, მას არაერთხელ შეახოცეს ხელი. შავისგან თეთრის გარჩევა ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა და ვხედავ, რომ როგორც პოზიციაში, ისე ოპოზიციაში არიან კარგი ადამიანები, მაგრამ მათ ვიღაცები სათავისოდ იყენებენ. კახა კალაძეც ძალიან მომწონს, რადგან საოცრად თავმდაბალი, ზრდილობიანია, ეცოდება ადამიანები. ჩვენ, დევნილებსაც ბევრ რამეში დაგვეხმარა... სოზარიც საოცარი ადამიანია, გიორგი ვაშაძეც მესიმპათიურება.
დევნილებს ძალიან გვიყვარდა ბადრი პატარკაციშვილი, რომელმაც თავის დროზე თქვა: ვუყიდი აფხაზეთს ამ კარგად ნაცხოვრებ ხალხსო, მაგრამ მოგეხსენებათ, როგორ ვერაგულადაც მოკლეს ისევე, როგორც ზურაბ ჟვანია და სხვები. გახარიაც მომწონს, აკეთებს საქმეს და ამიტომ. ახლა ვფიქრობ, რომ ბიძინას ან ჭკვიანი მტერი ჰყავს გვერდით, ან უგუნური მოყვარე, რომელიც ცდილობს, ისეთი რაღაცები აკეთებინოს, რაც მის წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს... კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ ვიცი, ვერ დაბეჭდავთ. უბრალოდ, ერთს დავძენ: ვერასოდეს შევეგუები, რომ თბილისში ხალხი დღემდე ზევიდან გვიყურებს. ამბობენ, ჩამოთრეული მეგრელებიო. რატომ უნდა მჭირდებოდეს საკუთარ სამშობლოში თავის დაცვა? ნუთუ მართლა ჰგონიათ ვიღაცებს, რომ მეგრელები ქართველები არ ვართ? ნუთუ სურთ, რომ სამეგრელოც ჩამოაშორონ საქართველოს? დავკარგეთ ყველაფერი ღირებული და ეს არის ჩვენი უბედურება...
P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.