უძველესი იაპონური სასცენო ხელოვნებით დაინტერესებული ქართველი გოგონა
font-large font-small
უძველესი იაპონური სასცენო ხელოვნებით დაინტერესებული ქართველი გოგონა
"თვითონ იაპონელებმაც არ იციან ყველა იეროგლიფის დაწერა. მე დაახლოებით 600 ვისწავლე"

"რაკუგო" ჩამოცვენილ სიტყვებს ნიშნავს და უძველესი იაპონური სასცენო ხელოვნებაა, რომლითაც იაპონელები თურმე ნაკლებად ინტერესდებიან. რაკუგო, ანუ იუმორისტული წარმოდგენა, გასულ საუკუნეებში თეატრის აქტებშორისი შესვენების დროს იმართებოდა მაყურებლის გასართობად - მთხრობელი მჯდომარე ჰყვებოდა მხიარულ, მახვილგონივრულ ამბავს. 21 წლის ქეთა პაპიძემ ეს ხელოვნება შეისწავლა, იაპონურმა ტელევიზიამ მასზე ერთსაათიანი გადაცემა მოამზადა, შარშანწინ კი ტოკიოშიც მიიწვიეს.


ქეთა პაპიძე:
- მესამე წელია, რაც გორიდან თბილისში იაპონური ენის შესასწავლად გადმოვედი. იაპონურ დაწესებულებაში ვმუშაობ და პარალელურად, იაპონურს ვსწავლობ. ხშირად იაპონურ ფილმებსაც ვუყურებდი, მათი კულტურითაც დავინტერესდი, როცა რაკუგოს შესახებ გავიგე, მომეწონა და სწავლა დავიწყე. თავდაპირველად ჩემი ოჯახის წევრები ძალიან გააკვირვა ჩემმა გატაცებამ, მაგრამ ტელევიზიით ჩემ შესახებ სიუჟეტი რომ გავიდა და ტოკიოში მიმიწვიეს, ცოტა დამშვიდდნენ.
- როგორც ვიცი, იაპონური საკმაოდ რთული ენაა, არ გაგიჭირდა?
- თავიდან მეც შეუძლებლად მეჩვენა მისი შესწავლა, მერე ალღო ავუღე. ისე, დამწერლობა უფრო რთულია, ვიდრე სალაპარაკო. იოლი არ არის, 2 ათასი იეროგლიფი შეისწავლო. თუ მარტივი იეროგლიფები იცი, შეგიძლია წაიკითხო მარტივი დიალოგები, 2 ათასი იეროგლიფით კი შეგიძლია ჟურნალი წაიკითხო. თვითონ იაპონელებმაც არ იციან ყველა იეროგლიფის დაწერა. მე დაახლოებით 600 ვისწავლე. იმედია, 50 წლისას ორი ათასივეს დაწერა მეცოდინება (იცინის).
- რაკუგოს როგორ მიაგენი?
- ინტერნეტში ვნახე რაკუგოს ერთ-ერთი წარმოდგენა. მერე ის ადამიანი გახდა ჩემი საყვარელი შემსრულებელი. 80 წელს იყო გადაცილებული და მაინც გამოდიოდა სცენაზე. ახლა გარდაცვლილია. ენამ იმიტომ დამაინტერესა, რომ რასაც მანამდე ვსწავლობდი, იმისგან სრულიად განსხვავებული იყო. რაკუგოში შეგხვდება სიტყვები, რომლებსაც იაპონელები აღარ იყენებენ, ამიტომ ზოგჯერ მათაც არ ესმით ყველაფერი. რაც შეეხება ამ წარმოდგენას: ერთი ადამიანი ზის ბალიშზე და რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებს. იქვე გიწყვია მარაო და ხელსახოცი, ზოგჯერ წყალიც, და როცა დაგჭირდება, გამოიყენებ. შესრულებისთვის იყენებ სხეულს, მიმიკას, ხმის ტემბრს. არიან ქალი და მამაკაცი შემსრულებლებიც, ბავშვებიც, არსებობს ახალი სტილის რაკუგოც, რომელშიც გადმოცემულია ამბები თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მაგალითად: როგორ უჭირს 80 წლის კაცს ტელეფონის გამოყენება. შეგიძლია, თვითონ დაწერო ან სხვისი დაწერილი რაკუგო შეასრულო, მაგრამ შენს სტილში აკეთებ ყველაფერს. აუცილებელია, კიმონო გეცვას, არადა, ქალისთვის საკმაოდ რთულია ჩაცმის პროცესი, კაცის კიმონო უფრო კომფორტულია. იაპონიაში რაკუგოს ბევრი შემსრულებელი არ არის. ამ ხელოვნების დახვეწას ბევრი დრო სჭირდება. არიან ოსტატები, რომლებიც იწოდებიან რაკუგოს შემსრულებლებად. მათ უნდა სთხოვო, მოსწავლედ აგიყვანონ და თანხმობის შემდეგ, 4 წელი ემსახურები - მიდიხარ შინ, რეცხავ, ალაგებ, სადილს ამზადებ... როდესაც ვიკითხე, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი, მიპასუხეს, რომ 4 წლის განმავლობაში უნდა ისწავლო, როგორ ასიამოვნო ადამიანსო. 4 წლის შემდეგ 8 წელი კიდევ უნდა გავიდეს, რაკუგოს ოსტატი რომ გიწოდონ და მერე მოსწავლეების აყვანაც შეგიძლია. მანამდე კი რაკუგოს შესრულება შეგიძლია, ოღონდ - გასამრჯელოს გარეშე. დაახლოებით, ერთი მსახიობის თეატრს ჰგავს და მსახიობის ოსტატობა გჭირდება. თანდათან ალბათ უკეთესად გამომივა. რაც მთავარია, თვითონ ძალიან მსიამოვნებს.
GzaPress
- ტოკიოში როგორ მოხვდი და როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები?
- იაპონურმა ტელევიზია "ტევეტოკიომ" ინტერნეტით იხილა ჩანაწერი, იქიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, მათთვის გამეგზავნა ვიდეო, რომ ენახათ, როგორ ვასრულებდი რაკუგოს. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადასაღებად ჩამოვიდნენ საქართველოში. თავიდან ძალიან გამიკვირდა, რომ დამეკონტაქტნენ, შარშანწინ კი, ჩემს მასწავლებელთან ერთად, ტოკიოშიც მიმიპატიჟეს. ხანგრძლივი ფრენის შემდეგ აღარ ვიცოდი, საით გამეხედა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იქაურობამ ჩემზე, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი - აეროპორტის მომსახურე პერსონალის დისციპლინამ და ორგანიზებულობამ. ენრაკუ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანია, რომელსაც იაპონიაში ყოფნისას შევხვდი. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველ კვირას ასრულებს რაკუგოს. ტოკიოში ერთი წარმოდგენა მეც მქონდა და სწორედ ენრაკუმ მომცა გარკვეული რჩევები, როგორ წარვმდგარიყავი უკეთესად მაყურებლის წინაშე. როდესაც რაკუგო შევასრულე, ზოგი გადამეხვია და წარმატებები მისურვა, მიუხედავად იმისა, რომ იაპონელებს გრძნობების გამოხატვა მაინცდამაინც არ უყვართ. წელს სასწავლებლად უნდა წავსულიყავი ტოკიოში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, მაგრამ პანდემიის გამო ეს გადაიდო. თვითონ დამიფინანსეს სწავლაც და თვითონვე შემირჩიეს უნივერსიტეტიც, რომელთან ახლოსაც სრულდება რაკუგო. გარდა ამისა, დაინტერესებული ვარ კიდევ ერთი უძველესი იაპონური ხელოვნებით, რომელსაც "ქოოდანი" ჰქვია. რაკუგოს ჰგავს, მაგრამ იქ თუ მოგონილ, სასაცილო ამბავს ჰყვები, აქ ისტორიას აცოცხლებ. ეს არის ისტორიის გადმოცემის საუკეთესო საშუალება და ვფიქრობ, ქართული ანალოგიც არ იქნება ინტერესს მოკლებული.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.