თაფლის სანთელში დანახული საქართველო
font-large font-small
თაფლის სანთელში დანახული საქართველო
თაფლის სანთელი ბუნებრივი ანტისეპტიკია

ისტორია გაგიცოცხლებიათ-მეთქი, ვუთხარი შორენა ერემაშვილს, როდესაც მასთან მისულმა, ნატურალური თაფლის სანთლისგან დამზადებული უამრავი ულამაზესი ნივთი ვნახე, - ეკლესიები, ღვინის ფიალები, საარყე ჭიქები და ბოთლები, სასმისები, თაფლის კასრები, კელაპტრები...


- სწორად შენიშნეთ, როდესაც მითხარით, ისტორია გაგიცოცხლებიათო. თაფლის სანთელში დანახული საქართველო - ეს არის ჩვენი სლოგანი, ყველაფერი კი დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო, როდესაც 8-წლიანი მოლოდინის შემდეგ შვილი შემეძინა. პროფესიით იურისტი ვარ, სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ვმუშაობდი, მათეს დაბადების შემდეგ თავი დავანებე და ჩემს ცხოვრებაში ახალი სტიქია შემოიჭრა - ეს თაფლის სანთელი იყო. მათეს დაბადება ისეთი სასწაული იყო, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა. არ ვიცოდი, მადლიერება როგორ გამომეხატა და თაფლის სანთელმა ამის შესაძლებლობა მომცა. ნაბიჯ-ნაბიჯ ავაწყვეთ საქმე, რადგან ის დავიწყებული, ტრადიციული კულტურის ნაწილი იყო, არავინ რომ აღარ აკეთებდა. მოვიძიეთ ინფორმაცია, მონასტრებში ჩასვლა და ბერებთან გასაუბრებაც მოგვიხდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბევრი შრომა და ექსპერიმენტი დაგვჭირდა, აქამდე რომ მოვსულიყავით, იმდენად დიდი იყო სურვილი. ფარ-ხმალი არასდროს დაგვიყრია, გვქონდა რწმენა და სურვილი, რომ ეს დარგი აგვეღორძინებინა. ამისთვის არც დრო, ენერგია, სახსრები და დანაზოგი არ დაგვიშურებია. დღესდღეობით უკვე 120-130 დასახელების პროდუქციას ვაწარმოებთ და 7-8 წელია, აქტიურად ვართ ქართულ ბაზარზე. ფრთები შეგვასხა იმან, რომ პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ ჩვენ შესახებ შეიტყო და თავისთან მიგვიწვია. საპატრიარქოში მივართვით ჩვენი ნამუშევრები, დიდხანს ვისაუბრეთ. ყველაფერი დაათვალიერა და გვითხრა, როცა თქვენს ნამუშევრებს ვუყურებ, სახლის სურნელი მახსენდება, რადგან დედაც ქნიდა სანთელს და სწორედ ეს სურნელი ვიგრძენიო. ჩვენთვის ყველაზე დიდი შეფასება მისი უწმინდესობის ეს სიტყვები იყო. თითქოს გვიწინასწარმეტყველა კიდეც, როდესაც გვითხრა, რთული გზის გავლა მოგიწევთ, მაგრამ ეს საქმე არასდროს არ მიატოვოთო, და დაგვლოცა.
GzaPress
- საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც თაფლის სანთელი?
- თაფლის სანთელს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, არა მარტო დასანთები სანთლის სახით გამოიყენონ. უნიკალურ თვისებებზე რომ ვსაუბრობ, ვგულისხმობ, რომ თაფლის სანთელი ბუნებრივი ანტისეპტიკია - ეს არის ერთადერთი ანტიბაქტერიული მასალა, რომელზედაც ბაქტერია ვერ მრავლდება. ამიტომაც იყო, რომ მისგან ამზადებდნენ მალამოებს ჭრილობების დასამუშავებლად, იყენებდნენ კოსმეტიკაში, სანთლავდნენ ქვევრებს, რადგან კონსერვაციის უნარი აქვს. ადრე, ძირითადად, ფიალებს აკეთებდნენ ხოლმე. ბაბუაჩემი მეღვინე იყო, წარმოშობით მესხეთიდან. მახსოვს, მის მიერ დამზადებული ლიქიორი და კონიაკი სულ გვქონდა სახლში. ყოველთვის მაინტერესებდა ერთი ბოთლი, რომელშიც სითხე ესხა და თაფლის სანთლის ნატეხები იყო ჩაყრილი. ბაბუა უკვე აღარ იყო ცოცხალი, როცა ეს სასმელი დავაჭაშნიკეთ და ისეთი საოცარი არომატი და სურნელი ჰქონდა, მივხვდით, ვინც იყო ამაში მთავარი "დამნაშავე", - ეს არომატი სწორედ თაფლის სანთლის იყო. ეს ამბავი სულ მახსოვდა და ამიტომ გამიჩნდა იდეა, თუკი უბრალო მინის ჭურჭელში შეძლო სანთელმა საოცარი არომატის გამოცემა, მთლიანად რომ სანთლისგან შევქმნათ ჭურჭელი, ის ხომ კიდევ უფრო უკეთესი იქნება-მეთქი! ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. სხვათა შორის, ერთ-ერთმა კომპანიამ ჩვენს დამზადებულ ბოთლებში ჩამოასხა არაყი, ჩვენ დავეხმარეთ მოსანთვლაში და არაჩვეულებრივი პროდუქტი გამოვიდა. სამომავლოდ ვფიქრობთ, თაფლის არაყი ჩავასხათ თაფლის ბოთლებში.
- პირველი ნივთი რა გააკეთეთ, თუ გახსოვთ?
- როგორ არ მახსოვს?! ეს იყო ვაზის ფიალა, ბოლნური ჯვრითა და ვაზით გარედან. დღესაც ყველაზე გაყიდვადი ნივთია. გამოიყენებ, გინდა შავი, გინდა წითელი ღვინისთვის, შეგიძლია, ცივ ან თბილ გამდინარე წყალში გარეცხო, ოღონდ - ქიმიური საშუალების გარეშე. სხვათა შორის, თაფლის სანთლისგან დამზადებული ნივთები არ დნება 60 გრადუსამდე. შემდეგ დავიწყეთ კოშკების, ეკლესიების, ხატების, ჭიქების, ბოთლების, ქვევრების, საზეთეების გამოძერწვა. აი, ამ ბოთლს გაგრა ჰქვია, გვაქვს კასრები, რომლებშიც თაფლი ისხმება და ძალიან კარგად ინახება, მაყვლოვანის მაკეტი, თრიალეთის თასის ანალოგი, კაცხის სვეტი... სანთლები კი, ზოგი ნათლობისაა, ზოგი - ჯვრისწერის, მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება არა აქვს.
- სტალინიც გაგიკეთებიათ...
- დიახ, ჩინელმა პარტნიორებმა შეგვიკვეთეს; მაო ძედუნისა და მშობლების შემდეგ ყველაზე მეტად, მგონი, სტალინი უყვართ და ძალიან გვთხოვეს, დაგვემზადებინა. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივები არიან, თუმცა ბევრი უცხოელიც ინტერესდება ნამუშევრებით.
GzaPress
- სამუშაო პროცესი რამდენად რთულია? ძირითადად, ალბათ ხელით გიწევთ მუშაობა, ხომ?
- დარბილებულ მდგომარეობაში თაფლის სანთელი პლასტილინის დონეზეა და ხელითაც შეგიძლიათ ფორმის მიცემა. მაღალი ხარისხის თაფლის სანთლის მოპოვება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ფუტკარი ბევრს ჰყავს, თანაც, ერთი კილო თაფლის სანთელი ბევრად უფრო ძვირია თაფლზე. ძირითადი მომმარაგებლები არიან სვანი მეფუტკრეები, ასევე მეფუტკრეები აჭარიდან და გურიიდან. ჯერჯერობით მარაგის პრობლემა არ შეგვქმნია. შემდეგ ხდება გადამუშავება-გადარჩევა... მერე ხელით, იარაღებით ვამუშავებთ. მე, მაგალითად, ოსტატურად ვხმარობ კბილის ტექნიკოსის იარაღებს, ზოგი - მოქანდაკის საჭრეთელს, გვაქვს სპეციალური ყალიბები. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ იწვის სანთელი: კი არ უნდა ჩამოიღვენთოს, არამედ ბოლომდე უნდა ჩამოიწვას.
- გამოქანდაკება, ხატვა თუ შეგიძლიათ?
- ესკიზის შექმნაში გვეხმარებიან გამოცდილი მოქანდაკეები, მხატვრები, მაგრამ ყველაფრის კეთება მაინც საკუთარი ხელით მიწევს. დღეს ამ საქმეში უკვე მთელი ოჯახი ჩავერთეთ - მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორია და აუდიტორული კომპანიის ხელმძღვანელია, ჩემი ქიმიკოსი ძმაც და მისი პედიატრი მეუღლეც. თაფლის სანთელი იმდენად შემოიჭრა ჩვენს ოჯახში, რომ ყველა ჩაგვითრია. შვილებიც წამოგვესწრნენ და მიხარია, რომ მათაც აინტერესებთ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.