დიმიტრი შევარდნაძე - თავმდაბალი ხელოვანის ღვაწლი და დახვრეტის მიზეზი
font-large font-small
დიმიტრი შევარდნაძე - თავმდაბალი ხელოვანის ღვაწლი და დახვრეტის მიზეზი
ვინ გაგზავნა ქართველი მხატვრების პირველი ნაკადი საზღვარგარეთ სასწავლებლად

თბილისის ცენტრალურ გამზირზე მრავალი ისტორიული შენობაა. ზოგიერთს თავის არსებობის მანძილზე არაერთხელ შეუცვლია პირვანდელი ფუნქციაც და სახეც. მათ შორის "არიან" ისეთებიც, რომელთა ვიზუალმა დროს გაუძლო და სხვადასხვა წლებში სარეაბილიტაციო-სარეკონსრუქციო სამუშაოების განხორციელების შედეგად, დღესაც მშვენივრად გამოიყურება. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული შენობა ეროვნული გალერეაა, - რუსთაველის გამზირის #11-ში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოპირდაპირედ, ქაშუეთის ტაძრის გვერდით.

შენობის ისტორია
შენობა, რომელსაც დღემდე ბევრი "ცისფერი გალერეის" სახელითაც მოიხსენიებს, 1888 წელს, რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებითა და ალბერტ ზალცმანის პროექტით აიგო. მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი განთავსდა. მუზეუმს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება უნდა წარმოეჩინა, რუსული იარაღის ძლიერებისა და დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. "დიდების ტაძრის" ექსპოზიციის ევაკუაცია პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა და მასთან ერთად დაიხურა ამ შენობის ისტორიის ერთი ფურცელი.
გადის დრო და დიმიტრი შევარდნაძის ძალისხმევის შედეგად, 1920 წელს თბილისში საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა დაარსდა. დეკრეტსა და დებულებას ხელს ექვთიმე თაყაიშვილი და ნოე ჟორდანია აწერდნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, თუ რა ფუნქციას ატარებდა ეროვნული გალერეა: ის მალევე გახდა სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტანცია სახვითი ხელოვნების სფეროში. დიმიტრი შევარდნაძემ ამასთანავე გახსნა ეროვნული გალერეის პირველი დიდი ექსპოზიცია, რომელიც მოიცავდა მისივე ძალისხმევით შეგროვილ დასავლურ-ევროპული, აღმოსავლური ხელოვნებისა და ქართული ხელოვნების განყოფილებებს. გალერეასთანავე დააფუძნა ბიბლიოთეკა, რომელიც შენობის შუა ნაწილში მდებარეობდა.
ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუნქციონირების პირველსავე წელს შეიქმნა მდიდარი წიგნსაცავი, ხელოვნების თემაზე გამოცემული იშვიათი ბიბლიოთეკა, რომელიც ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას უსასყიდლოდ გადასცა ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის ალექსანდრე სარაჯიშვილის ქვრივმა. მოგვიანებით, მას შეემატა დიმიტრი შევარდნაძის მიერ საქართველოს განათლების მინისტრის დახმარებით გერმანიიდან გამოწერილი აღმოსავლური ხელოვნების საკითხებზე გამოცემული იშვიათი წიგნებიც.
2012 წლიდან ეროვნული გალერეა ფერმწერისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი შევარდნაძის სახელს ატარებს. ის ეროვნული გალერეის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი მმართველი იყო. მისი თანამედროვეთა გადმოცემებიდან ვიგებთ, რომ ის არა მხოლოდ გალერეის დაარსებასა და შემდგომ მის საგამოფენო პოლიტიკაზე ზრუნავდა, არამედ სხვა, ასე ვთქვათ, ყოფითი საქმიანობის უშუალო მონაწილე ყოფილა. "...საქმით გატაცებულს საკუთარი თავი არ ახსოვდა. უბრალო და შავი საქმის კეთებას არ თაკილობდა. ჩაცმასაც არ აქცევდა ყურადღებას. ერთხელ, სრულიად უბრალოდ ჩაცმული, გალერეის დარბაზს ჰგვიდა. შემოვიდა ვიღაც რუსი მხატვარი და დირექტორი იკითხა. დიტო გაუძღვა თავის პატარა კაბინეტისკენ (შესასვლელში მარჯვნივ), დაჯდა მაგიდასთან და გააცნო თავი, როგორც დირექტორმა..." - იგონებდა მხატვარი გიორგი ერისთავი.
გალერეის შტატები შეზღუდული იყო: როგორც უკვე აღვნიშნეთ, დირექტორი გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე, ხოლო მისი მდივანი გიორგი ნათიბაძე, იქვე მუშაობდა მეეზოვე იარალოვი, დარაჯი და ამავე დროს სადურგლო სამუშაოების მწარმოებელი, ხეზე კვეთის ოსტატი კოტე ბოტკოველი. გახსნიდან მალევე, გალერეის ფონდების მუდმივი მეთვალყურეობის მიზნით, დიმიტრიმ ბინა სამხატვრო გალერეის სარდაფში დაიდო. ბევრ რამეს აკეთებდა საკუთარი ხელით - ეხმარება მეეზოვეს და ამავდროულად დურგალსაც.
GzaPress
ხელოვანის მრავალფეროვანი გზა
ძნელია 2 გვერდზე დაატიო დიმიტრი შევარდნაძის ამაგი, თუმცა, შევეცდები მოკლედ მოგითხროთ, თუ ვინ იყო და საიდან მოვიდა ადამიანი, რომელმაც ქართული კულტურის ისტორიასა და პოპულარიზაციაში უდიდესი კვალი დატოვა.
დიმიტრი შევარდნაძე გურიის სოფელ ბახვში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა. მცირე ხანს ძმასთან ცხოვრობდა ციურიხში. 1907-1912 წლებში მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. საქართველოში დანიშნული სტიპენდია კი ჰქონდა, მაგრამ დამატებითი შემოსავალიც იყო საჭირო. ვინაიდან დიმიტრის თანხები არ ჰყოფნიდა ატელიეს, მოდელის, საღებავებისა და სხვა ხარჯების დასაფარავად, ერთ-ერთ ფოტოატელიეს ფოტოგრაფთან რეტუშორად მუშაობდა და მალე თავადაც ფოტოსაქმიანობით დაკავდა.
პარალელურად დიმიტრი აქტიურად თანამშრომლობდა იმ დროის ჟურნალ-გაზეთებთან, რომლებისთვისაც სხვადასხვა სახის ნახატსა და კარიკატურას ასრულებდა.
მიუნხენში სწავლისას დიმიტრის აკაკი წერეთლის პორტრეტი დაუხატავს. 1915 წლის თებერვალში, როცა აკაკი წერეთელი მთაწმინდაზე დაკრძალეს, დამკრძალავი საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრის - პაოლო იაშვილის თხოვნით, დიმიტრი შევარდნაძეს მეორედ დაუხატავს მწერლის პორტრეტი და მინდვრის ყვავილებით მხატვრულად გაუფორმებია აკაკის ნეშტის საჩხერიდან თბილისში გადმოსასვენებელი, საგანგებოდ გამოყოფილი მატარებლის ვაგონი. ასევე, მის მიერ იყო შესრულებული ცხედრის თავთან მოთავსებული მარიამ ღვთისმშობლის ფერწერული გამოსახულება XII საუკუნის ჭედური ხატის მიხედვით.
1916 წელს დიმიტრი შევარდნაძე სამშობლოში დაბრუნდა და ამ დროიდან საქართველოში ყველა კულტურული მოვლენის მოთავე თუ არა, მონაწილე მაინც იყო. მისი თაოსნობით დაარსდა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება", რომელიც იყო მხატვართა პირველი პროფესიული ორგანიზაცია საქართველოში. დამფუძნებელ კრებაზე ის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. აღნიშნული საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის, თანამედროვე ხელოვნების შესწავლასა და მოვლა-პატრონობის საქმეს. ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ სტიპენდიები დაუნიშნა ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს: ლადო გუდიაშვილს, შალვა ქიქოძეს, ელენე ახვლედიანს, დავით კაკაბაძეს, შალვა ხმალაძეს და სხვებს და ქართველი მხატვრების პირველი ნაკადი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნა. აქტიურად მონაწილეობდა ის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლასა და დაცვის საქმეში.
ფერმწერი კინოს მხატვარიც გახლდათ. სწორედ ის იყო ალექსანდრე წუწუნავას პირველი ქართული მხატვრული სურათის "ქრისტინეს" და სხვა ფილმების მხატვარი. ის ასევე აფორმებდა სპექტაკლებს და ქმნიდა კოსტიუმის ესკიზებსაც.
დიმიტრი შევარდნაძემ ივანე ჯავახიშვილის დაკვეთით შეასრულა ახალგახსნილი ქართული უნივერსიტეტისათვის ბეჭდისა და გერბის ესკიზები. ასევე იყო ავტორი ეროვნული ფულის ნიშნების საფოსტო ესკიზებისა. საზოგადო მოღვაწემ და ეროვნული სამხატვრო გალერეის დამაარსებელმა დიდი მუშაობა გასწია თბილისის სამხატვრო აკადემიის გახსნაშიც.
აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მუზეუმის კოლექციების დაკომპლექტების სფეროში. მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის XVIII-XIX სს. ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუშების და ნიკო ფიროსმანის სურათების გამოფენის, თავმოყრისა და შესწავლა-პოპულარიზაციაში. შევარდნაძეს ფიროსმანი ეროვნულ მხატვრად მიაჩნდა, რომელსაც ყველაზე მეტად ჰქონდა კავშირი შენარჩუნებული ძველ ქართულ კედლის მხატვრობასთან. მან 1916 წელს ფიროსმანის ერთდღიანი გამოფენა მოაწყო. დიდი სურვილი ჰქონდა, ეს გამოფენა საზღვარგარეთაც გაეტანა, თუმცა, ვერ შეძლო. მოგვიანებით შევარდნაძემ სამხატვრო გალერეას ფიროსმანის სხვადასხვა დროს შეძენილი 11 სურათი გადასცა და მისი დამსახურებით, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად იქცა.
GzaPress
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი
1937 წელია. ყველას იჭერენ. ძირითადად შებინდების შემდეგ მოდიან. დაშინებული მოსახლეობა თეთრად ათენებს ღამეებს. დიმიტრისაც მოადგნენ. გალერეიდან აიყვანეს, მაგრამ ამას წინ შემდეგი მოვლენები უძღოდა: ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებით 1937 წელს შოთა რუსთაველის მორიგი იუბილეს აღსანიშნავად თბილისში უნდა დანგრეულიყო მეტეხის ეკლესია და მის ადგილას რუსთაველის ძეგლი დაედგათ. ამბობდნენ, "ვეფხისტყაოსნის" ავტორის ქანდაკებისთვის ეს ადგილი, ბერიამ თავად შეარჩიაო. თუმცა, აღნიშნული ტერიტორია დიმიტრი შევარდნაძეს სულ სხვა დანიშნულებისთვის ჰქონდა "გონებაში მონიშნული".
მხატვარი ქეთევან მაღალაშვილი იხსენებდა: "დიტოს ჩაფიქრებული ჰქონდა, მეტეხის ტერიტორიაზე ახალი შენობა აეგო მუზეუმისთვის. რუსთაველის იუბილე ახლოვდებოდა. ბერიას უნდოდა, დაენგრიათ მეტეხის ეკლესია და იქ რუსთაველის ძეგლი დაედგათ. ამ მიზნით ერთ დღეს ამფეთქებელთა ბრიგადაც კი გაგზავნეს. დიტომ შეკრიბა ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები და ბერიასთან მივიდნენ. ეს ამბავი გახმაურდა, რაიონებსაც მისწვდა, ხალხი აღშფოთებას ვერ ფარავდა (რუსთაველი აქ არაფერ შუაში იყო, - გამოინახებოდა მისთვის ადგილი ქალაქში).
ბერიამ თითქოს უკან წაიღო თავისი ნათქვამი, გამოისტუმრა დელეგაციის წევრები, მაგრამ დიტო დატოვა: თქვენ მეტეხის ციხეს დაანგრევთ, ოღონდ თქვენივე ხელით, მე კი დაგეხმარებით მუზეუმის ახალი შენობის აგებაში"...
ამგვარ წინადადებას დიმიტრი არ დათანხმდა. მოსკოვში გაემგზავრა და იქ შეთანხმებას მიაღწია, 5 მილიონი მანეთი გამოეყოთ საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ასაგებად, მაგრამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა აღარ დასცალდა...
მაშინ ბერიას გადაწყვეტილებას წინ აღუდგნენ: გიორგი ჩუბინაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი შევარდნაძე. თურმე ეს უკანასკნელი ლავრენტი ბერიას არწმუნებდა, ასეთ რამეს ნუ გააკეთებთ, არ ააფეთქოთ, შოთა რუსთაველს ამ ტაძარში ფეხი ჰქონდა დადგმული და ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვისო. ძნელი სათქმელია, რამ იმოქმედა ბერიას გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩანაფიქრი სისრულეში არ მოიყვანა. ძეგლი კი გადარჩა, მაგრამ მალე შევარდნაძე ჯერ მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, შემდეგ კი პრესაში მის წინააღმდეგ მიმართული ხალხის მტრების მამხილებელთა გამანადგურებელი სტატია გამოქვეყნდა. მუზეუმის ახალმა დირექტორმა შევარდნაძის არასამუზეუმო ექსპონატებად მიჩნეული ნივთები დააწვევინა. ნელ-ნელა განადგურდა და მიმოიფანტა მისი პირადი არქივის დიდი ნაწილი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და ა.შ. (პირადი წერილების ნაწილი, ქეთევან მაღალაშვილმა შემოინახა, მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა, რომელზეც მოგვიანებით აუცილებლად გიამბობთ).
1937 წლის ზაფხულში შევარდნაძე დააპატიმრეს და ბრალად დასდეს, თითქოს ის სსრკ-ის სიძლიერის შესუსტებისკენ მიმართულ მიზანმიმართულ საქმიანობას ეწეოდა. პირადი ქონების კონფისკაციის შემდეგ, მხატვარი დაკავებიდან რამდენიმე თვეში, სადღაც კოჯრის მიმდებარედ დახვრიტეს. დიმიტრი შევარდნაძის სურვილი ყოფილა, გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრების გვერდით განესვენა, მაგრამ... საუბედუროდ, ისევე როგორც სხვა არაერთი რეპრესირებულის, დიმიტრი შევარდნაძის საფლავიც უცნობი დარჩა...
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.