საქმედ ქცეული გატაცება
font-large font-small
საქმედ ქცეული გატაცება
მარი ბორძიკაშვილი 2018 წლის ზაფხულიდან სხვადასხვა აქსესუარს ქმნის. მისი ხელნაკეთი ბროშები, ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები დახვეწილია და ფერადოვნებით საუკეთესო განწყობას გიქმნის.


- პროფესიით დიზაინერი ვარ, ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდანვე ვეზიარე ხელოვნებას, რადგან მამა, თენგიზ ბორძიკაშვილი მხატვარი იყო, სიცოცხლის ბოლოს კი ხეზე მუშაობამ უფრო გაიტაცა. ხატავდნენ ასევე, დეიდა და ჩემი ორივე ბიძა. მე-5 კლასში ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. მანამდე ყოველთვის ვუყურებდი, როგორ ხატავდა, რაღაცებსაც მასწავლიდა და ხატვით ჩემი დაინტერესება ძალიან უხაროდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ერთხანს ხელოვნების სკოლაში ტანსაცმლის მოდელირებას ვასწავლიდი, მერე საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე. 5 წელი მადრიდში ვცხოვრობდი. ამ წლებმა დამოუკიდებლობა და შრომის ფასი მასწავლა. როდესაც დავბრუნდი, ერთ-ერთ კომპანიაში დიზაინერად დავიწყე მუშაობა, მალე გავთხოვდი და ბავშვების გამო ჩემს საქმეზე დროებით უარი ვთქვი. ბევრ სფეროში ვცადე თავი, მაგრამ ვერსად აღმოვაჩინე ის ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი.
- როგორც ჩანს, საბოლოოდ, სამკაულებით მოიხიბლეთ.
- ვენეციაში აქსესუარების მაღაზიაში მოვხვდი და იქ ვნახე ხელნაკეთი, ულამაზესი ნივთები, ქვებითა და შუშებით დამზადებული. საოცარი, თვალში მოსახვედრი ფერებით გამოირჩეოდა და ძალიან მომეწონა. მახსოვს, ძლივს გამოვედი მაღაზიიდან. საერთოდ, სამკაულები მიყვარს, შემიძლია, საათობით ვათვალიერო. თავდაპირველად, ჩემთვის საყურის გაკეთება ვცადე და გამომივიდა. ერთი-ორჯერ რომ გავიკეთე, ყველას მოეწონა. იმხელა სიამოვნება მომანიჭა მუშაობის პროცესმა, მივხვდი, რასაც ვეძებდი, ვიპოვე და აქედან დაიწყო ყველაფერი. გადავწყვიტე, საქმედ მექცია ის, რაც სიამოვნებას მგვრიდა, თან შინ ვიქნებოდი და დროსაც არ დავკარგავდი უქმად. თავიდან მეუღლემ ცოტა არასერიოზულად შეხედა ჩემს გატაცებას. მერე მიხვდა, რომ ჩემთვის ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც იქცა. ახლა გულდასმით ამოწმებს ჩემს ნაკეთობებს (იცინის), ხელში ატრიალებს, ათვალიერებს, მიფუჩეჩებული ხომ არ მაქვს, და თუ სადმე ხარვეზი ნახა, მაკრიტიკებს.
GzaPress
- ნამუშევრები გამოფენაზე თუ გაგიტანიათ?
- გამოფენაზე გარკვეულ რაოდენობას უნდა მოუყარო თავი, (რასაც ვერ ვახერხებ), მალევე იყიდება. სამომავლოდ მინდა, ჩემი მაღაზია მქონდეს, თუმცა ამჟამად ძირითადად ონლაინ ვმუშაობ და მაღაზიაში ვაბარებ. შეკვეთები მაქვს საზღვარგარეთიდანაც - ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან. ჩვენგან განსხვავებით უცხოეთში მცხოვრებნი ძირითადად, ხალისიან ფერებზე აკეთებენ არჩევანს - აქ უფრო შავზეა მოთხოვნა. ხშირად მეკითხებიან, ასეთი ხომ არ გაქვთ, ოღონდ შავიო? მე თვითონ ფერადოვნება მიყვარს. მიხარია, როცა მწერენ, თქვენი გვერდი აღმოვაჩინეთ და კარგ ხასიათზე დავდექითო. ეს სტიმულია ჩემთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს, მუშაობის პროცესში რა ხასიათზე ვარ, აქსესუარებში იკვეთება ჩემი განწყობა: თუ კარგ ხასიათზე ვარ, ფერადი გამომდის, თუ ცუდზე - ჩემს სამკაულებს ესეც ეტყობა. ასე რომ, მოწყენილი სამკაულებიც მაქვს. სახელებს სწორედ განწყობისა და მასალის მიხედვით ვარქმევ. ჩემი გოგონები, გრძელფეხება გოგონები, ფარაონები, მერცხლები, ჩიტუნიები - ვინ აღარ მყავს, მოკლედ.
- სამუშაო პროცესში მოდის იდეა, თუ მანამდე იცით, რისი გაკეთება გსურთ?
- თუ მასალა არ მაქვს, ესკიზს ვერ შევქმნი. ჯერ მასალა უნდა მქონდეს და მან მიკარნახოს, რა და როგორი გავაკეთო. ძირითადად ვიყენებ ნატურალურ ტყავს, ქვას, შუშას, ხეს. ხელოვნური მასალით არ ვმუშაობ. შევხედავ, რა მასალა მაქვს და ისე "ვძერწავ" სამკაულს. რა თქმა უნდა, მუშაობისას რაღაცებსაც ვცვლი. მასალის ფასის კი არა, დროის მიხედვით ვაფასებ ნამუშევრებს - მასალა ყველგან იყიდება, ყველას შეუძლია იყიდოს და თვითონ შექმნას, მთავარი დიზაინი და ხარისხია. თუ სამუშაო განწყობა მაქვს, შეიძლება, დღეში 5 მოდელიც კი გავაკეთო. ზოგიერთს ბევრი წვრილმანი სჭირდება და ძალიან დამღლელია, ამიტომ დიდხანს ვუნდები დასრულებას.
- თქვენს გვერდზე თქვენივე აქსესუარებით რამდენიმე ცნობილი ადამიანი ვიხილე.
- სოფო ბედიასთან ვმეგობრობ. ძალიან უყვარს ჩემი სამკაულები და ხშირად იკეთებს. ასევე, ნინი შერმადინს, თამუნა გომართელს. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი სამკაულები ერთმანეთისგან განსხვავებულია. არასდროს მიმიბაძავს სხვისთვის. თუ დიზაინერი ხარ და ამ საქმეს იწყებ, ფანტაზიაც უნდა გეყოს, რომ რაღაც განსაკუთრებული შექმნა, - სხვისას რომ იმეორებ, საინტერესო არც შენთვისაა და არც მომხმარებლისთვის.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.