"ბიბლიოთეკა მოსაწონი, მისაღები ადგილი უნდა გავხადოთ..."
font-large font-small
"ბიბლიოთეკა მოსაწონი, მისაღები ადგილი უნდა გავხადოთ..."
სიკეთე - თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახელით

ალბათ, წიგნების მოყვარულთა ნაწილი მაინც სტუმრობს "მოხუცი ბუკინისტის სახლს". გარედან ყურადღებას თითქოს არაფერი იქცევს და თუ ქუჩაზე მდებარე თაღის სიღრმეში თვალს გააპარებ, სვეტი გამოჩნდება, წარწერით: "წიგნები 1 ლარიდან". 73 წლის თენგიზ თაქთაქიშვილი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით შეგროვებულ წიგნებს ყიდის. ეს წიგნთსაცავი არც ერთი გემოვნების ადამიანს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. მხატვრული, კლასიკური, პროფესიული თუ სხვა სახის ლიტერატურის ფართო არჩევანია წარმოდგენილი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად. თუ გაგიმართლათ და ბატონ თენგიზს გაესაუბრეთ, ეს ადგილი უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე და უფრო მეტ დატვირთვასაც შეიძენს.


თენგიზ თაქთაქიშვილი პროფესიით ფილოლოგია. ადრეულ წლებში, სხვადასხვა სკოლაში პედაგოგად და დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ძალიან აფასებს განათლებას და ამაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს. თავისი საქმიანობით ხელს უწყობს, ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის წიგნი ხელმისაწვდომი გახადოს.
GzaPress
ბატონი თენგიზი საინტერესო მოსაუბრეა:
- ვითვალისწინებ იმას, რომ მოსახლეობა გაჭირვებულია. ხალხს ფული არა აქვს. ზოგს მართლა ძალიან უჭირს. თუმცა, წიგნის ყიდვისა და განათლების მიღების სურვილი არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ არ აინტერესებთ. აქ ბევრი ადამიანი მოდის. მინდა ყველამ შეძლოს წიგნის ყიდვა. ყოფილა შემთხვევები, რომ რა ფასშიც მე მიყიდია, იმავე ფასად ან უფრო ნაკლებადაც გამიყიდია. ზოგჯერ გვეტყვიან, გადაგვიდეთო და ჩვენ ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გაგვიტანებია. არ მქონია შემთხვევა, მოგვიანებით არ მოსულიყოს და თანხა არ გადაეხადოს. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო და ის ადამიანი არ გახლდათ ქართველი. 2017 წლის 20 მარტს გარევაჭრობა აკრძალეს და ერთს "დათა თუთაშხია" ჰქონდა წაღებული, ვეღარ გვიპოვა. სექტემბერში შემთხვევით გვნახა, გვიცნო და გაგვისტუმრა ვალი (იღიმის).
- როგორც ვიცი, თავადაც წერთ...
- კი, დავწერე რამდენიმე წიგნი, მაგრამ ვეღარ დავბეჭდე. ამას ფინანსები სჭირდება და ახლა ყველაფერი კიდევ მეტადაა გაძვირებული. პირველი წიგნი თეოლოგიურია. იდეაში მქონდა დამეწერა წიგნი სტალინზე, რომ იქნებ გამოფხიზლდეს ერი, რომ ის ჩვენი დაუძინებელი მტერი იყო. კიდევ ორი წიგნის დამუშავების პროცესში ვარ და როდის იქნება, ვერ გეტყით. საჭირო თანხები ამ ეტაპზე არ მაქვს.
- რა არის წიგნი თქვენთვის?
- ძნელია წიგნს შეელიო. წიგნი გონებას, მსოფლმხედველობას ავითარებს. ყველა წიგნს თავისი მკითხველი ჰყავს. ზოგს ყიდვა ძალიან უნდა, მაგრამ ფული არა აქვს. ხანდახან სიმბოლურ ფასადაც გაგვიყიდია. ცოლ-ქმარი დადიოდა და ეტყობოდათ, ძალიან უჭირდათ. ყოველდღე მოდიოდნენ, ხან ფულით ვეხმარებოდი, ხან პროდუქტებს ვახვედრებდი. აი, ამ მიზნით ვყიდი იაფად. არაფერი იკარგება. სიკეთე ბრუნდება და მე ამის დიდი გამოცდილება მაქვს.
- ანუ ფიქრობთ, რომ სიკეთე გადამდებია, არა?
- დიახ, სიკეთე ნამდვილად გადამდებია. სიკეთე სიკეთეს შობს და სიკეთე ყოველთვის გიბრუნდება. ადრე მამაჩემი ზოოპარკის დირექტორის მოადგილე იყო. ვისაც ის ეხმარებოდა, მერე ის გახდა შეძლებული ადამიანი და აქეთ დაგვეხმარა. ადამიანი პოზიტივით უნდა იკვებებოდეს.
GzaPress
- მომავალ თაობას რას ეტყვით?
- სხვათა შორის, მოვუწოდებ მამაკაცებს, რომ მეტად შეიყვარონ წიგნი. აქ ვინც მოდის, 97% ქალია. სამწუხაროდ, წიგნის მყიდველი უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ეს კატასტროფაა. ამ პატარა საქართველოში მსოფლიო დონის მწერლები გვყავს: გოთუა, ტაბიძე, კალანდაძე, გამსახურდია... უზარმაზარი ცოდნის ტაძარია, ეროვნული ცნობიერება კი დაქვეითებულია. მოვუწოდებ ქართველებს, განსაკუთრებით მამაკაცებს, იკითხონ წიგნი, ბიბლია, იარონ ეკლესიაში. გიყვარდეთ ერთმანეთი და საქართველო.

ბატონი თენგიზის საქმიანობის შესახებ აქამდეც თქმულა და დაწერილა, თუმცა შემოთავაზება, რაც მან რამდენიმე დღის წინ მიიღო, მაინც განსხვავებული აღმოჩნდა მისთვის. ბუკინისტმა უკვე იცის, რომ მისგან შეძენილი წიგნებით თაობები ცოდნას გაიმდიდრებენ, ეს წიგნები ხომ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას: თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის, ქალბატონ თამარ კაპანაძის ინიციატივით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით - "გიმნაზიელები კარგი საქმეებისთვის". ეს ჯგუფი მართლაც რომ "სიკეთის კუნძულია", კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება და უამრავი სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთათვის დახმარების გაწევას ისახავს მიზნად. სწორედ აქ გაჩნდა იდეა მოხუცი ბუკინისტისგან შეძენილი წიგნები რომელიმე იმ საჯარო სკოლას გადასცემოდა, რომელსაც წიგნების ფონდის დეფიციტი ექნებოდა.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექციამ გარკვეული რაოდენობის წიგნები შეიძინა და საქველმოქმედო შემოწირულობის სახით, ახალაშენებულ 220-ე საჯარო სკოლას უსახსოვრა. როგორც 220-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მანანა სამხარაძე აღნიშნავს, ეს ქველმოქმედება პირველია, რომელიც მისმა სკოლამ მიიღო:
- გაოცებული ვარ, არ ველოდი. ძალიან დიდი მადლობა და სიამოვნებით მივიღებთ დახმარებას სხვა სკოლებისგანაც. მზად ვართ, ყველასთან ვითანამშრომლოთ. ამ ეტაპზე ძალიან გვიჭირს ინტელექტუალური რესურსი. რაც ვნახე, მრავალფეროვანი ლიტერატურა გადმოგვეცა. ჩვენი სკოლა ახლა აშენდა და გარემონტდა. ბიბლიოთეკის სივრცეც გვაქვს, თუმცა სკოლა მხოლოდ ლამაზი კედლები არ არის. თაობა ელექტრონულ წიგნებზეა გადართული და არ გვინდა, ბიბლიოთეკის როლი დაიკარგოს. უნდა შევძლოთ და ბიბლიოთეკა მოსაწონი, მისაღები ადგილი გავხადოთ...
მანჩო ნოზაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.