ქალაქიდან სოფლად გადაბარგებული ჟურნალისტის ამბავი
font-large font-small
ქალაქიდან სოფლად გადაბარგებული ჟურნალისტის ამბავი
გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდი ძველი პროფესიის ქაოსს გავრიდებოდი

მსოფლიოს შემოვლის შემდეგ, ერთ დღესაც, ბავშვობის ოცნება აუხდა: რამდენიმე წლის წინ, მის დედ-მამას სოფელში, ნათესავებმა სახლი აჩუქეს და ყველაფერი აქედან დაიწყო... პანდემიის დროს, სუპერაქტიური ჟურნალისტი მიშა ხაჩიძე ქალაქური ცხოვრების ორომტრიალს მოსწყდა, ლაგოდეხის სოფელ კართუბანში გადავიდა და იქაურობას მიეჯაჭვა.



- როგორ დაიწყეთ ყველაფერი?
- ყველაფერი სრულიად მოულოდნელად დაიწყო: მამაჩემს ლაგოდეხში ბიძამ და ბიცოლამ სახლი დაუტოვეს, რითაც ძალიან გაგვახარეს. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, სოფელში სახლი მქონოდა. ბავშვობაში, სკოლის არდადეგები რომ დაიწყებოდა და ჩემი უბნის მეგობრები სოფელში გაიკრიფებოდნენ, ვოცნებობდი, მეც მათსავით შემძლებოდა წასვლა. ზღვაზე კი მივდიოდით, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, - სოფელი მინდოდა მქონოდა. თუმცა, ვერც მომდევნო წლები ავიხდინე ოცნება. დიდი ხნის განმავლობაში, ევროპაში მომიწია ცხოვრებამ და მუშაობამ, საქართველოში იშვიათად ჩამოვდიოდი, ისიც - ცოტა ხნით... სამი წლის წინ, ჩვენი მოხუცი ნათესავების დანატოვარით, იმდენად გავბედნიერდით, რომ მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნებით. ასე დაიწყო სოფელში ჩვენი ცხოვრების ამბავი. მშობლები საცხოვრებლად ლაგოდეხში გადავიდნენ. მართალია სოფლის მეურნეობაში გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ ზოგი რამ ვიღაცებს ჰკითხეს, ზოგი თავისით ისწავლეს.
ლამაზი ორსართულიანი სახლი დაგვხვდა, კომფორტულად მოწყობილი. შეიძლება ითქვას, მთელ ოჯახს წლების ნატვრა აგვიხდა. რაც აკლდა, მამაჩემმა დაამატა, დახვეწა და გაათანამედროვა. მამა ინჟინერ-არქიტექტორია და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ამ სფეროში. რაღაცები შევცვალეთ, ზოგი რამ დასრულებულია, ზოგიც კეთების პროცესშია. უამრავი გეგმა გვაქვს და იმედია, ნელ-ნელა განვახორციელებთ. ეზოში ხეხილი დაგვხვდა, წინ ორი დიდი პალმა დგას, დაახლოებით 100 წლის. ჩვენც უამრავი გამოყვანილი ჯიშის მცენარე შევიძინეთ და დავრგეთ. ზოგმა უკვე მოისხა, ზოგმა პირველი ნაყოფი წელს გამოიღო, როგორც აქ იტყვიან - ნიშანი მოგვცა.
GzaPress
- შენ როდის დაბრუნდი ევროპიდან?
- შარშან დავბრუნდი ავსტრიიდან და ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიაში გიჟური გრაფიკით ვიმუშავე. ერთი წელი ისე გავიდა, ლაგოდეხში 2-3-ჯერ ძლივს ჩამოვედი... ყველა ჯერზე, როდესაც თბილისში წასვლა მიწევდა, ფეხები უკან მრჩებოდა. წელს "კოვიდ 19"-ის ფონზე, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის დღიდან კახეთში ვარ. უკვე მესამე თვეა სახლიდან ვმუშაობ და აქ ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. გონებრივი მუშაობით დაღლილისთვის ბაღში, ეზოში მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა. კორონას პერიოდში სრული იერიში მივიტანეთ ლაგოდეხზე. სოფელში ცხოვრება და მუშაობა ისე გაგვიტკბა, მთელი ოჯახი აქ ვართ. სოფელში ჩემი სახლი და მიწა საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა, მსოფლიო განსაცდელის დროს, მიწაზე მყარად ვიდექი, სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი. ხიდან მოწყვეტილ ხილს მივირთმევთ, ყავასა და ჩაის ხეების ჩრდილში ვსვამთ და რაც მთავარია, ვმუშაობთ, ხან შინ, ხან გარეთ. ჩემი დისშვილი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, ონლაინლექციები აქვს და ისიც აქეთ არის. ანუ მთელი ოჯახი ვართ, რაც ჩვენი ადრინდელი ცხოვრების გრაფიკიდან გამომდინარე, დიდი ფუფუნება იყო. ახლა ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში ვმუშაობ, შეიძლება ითქვას, ჟურნალისტიკიდან სრულიად განსხვავებულ სფეროში. გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდი ძველი პროფესიის ქაოსს გავრიდებოდი. პაუზის აღება მომინდა. მრავალფეროვნების მოყვარული ვარ, სულ ახლის ძიება მიყვარს. ახალი სამსახურის პლუსი ის არის, რომ ადამიანური გრაფიკი და პირობები მაქვს და შრომა ანაზღაურებითაც მიფასდება. გერმანული პუნქტუალობით, ზუსტად 8 საათი ვმუშაობ, შუალედში შესვენებით. რადგან ევროპასთან 2-საათიანი განსხვავება გვაქვს, მუშაობას 13:00 საათზე ვიწყებ (ევროპული დროით 11-ზე) ამ დროის განმავლობაში დისტანციურად, ხაზზე ვარ გერმანიასთან, შვეიცარიასთან, ავსტრიასთან, ლიხტენშტაინთან, ლუქსემბურგთან და საერთოდ, გერმანულენოვან ქვეყნებთან. მეტ დეტალზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ვისაუბრებ. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ყველაფერს ვასწრებ, ბაღსა და ეზოში მუშაობას, ასევე, დასვენებას, ძველი ნამუშევრებისთვის თვალის გადავლებას, ახალი საქმის დაგეგმვას.
- მიწას თავად ამუშავებთ?..
- კი, ამ გაზაფხულზე მთლიანად გადავეშვი ბაღის დამუშავების საქმეებში - დაბარვა, გათოხნა, გასუფთავება - ყველაფერი მე, ჩემმა მშობლებმა და და-ძმამ გავაკეთეთ. ჩემგან განსხვავებით, მათ ძირითადად, თბილისში უწევთ ყოფნა, მაგრამ როდესაც ჩამოდიან, ყველაფერში გვეხმარებიან. რადგან სოფლის მეურნეობაში გამოცდილება საერთოდ არ გვქონდა, თავიდან ჩემი მშობლები მეზობლებს ეკითხებოდნენ ბევრ რამეს და ისინიც სიამოვნებით უხსნიდნენ და ეხმარებოდნენ. უამრავ რამეს ინტერნეტში ვნახულობთ, თანამედროვე ტენდენციებს უცხოურ საიტებზე ვეძებ, რაღაც აგროჯგუფებში ვარ გაწევრებული, სადაც აზრებისა და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა ხდება და იქ მიღებული ინფორმაცია ბევრ რამეში მეხმარება. აპრილის დასაწყისში პომიდვრის რამდენიმე, დაახლოებით 7-8 სახეობა დავთესეთ, მათ შორის - ქართული და ევროპული ჯიშები. ზოგი ჩემმა ძმამ საფრანგეთიდან ჩამოიტანა, ზოგიც დედაჩემმა წამოიღო ავსტრიიდან და ზოგიც მე - შვეიცარიიდან. ყვითელი პომიდვრებია, პატარა და ძალიან გემრიელი. შარშანაც მოიყვანეს მშობლებმა და გაამართლა. გვაქვს ასევე, 3-4 სახეობის კიტრი, როგორც ქართული, ასევე ევროპული. მინისათბური გავაკეთეთ, სადაც ჩითილები გამოვიყვანეთ და აპრილის ბოლოს ღია გრუნტში გადავიტანეთ.
წელს, კორონას წყალობით, ბევრად მრავალფეროვანი ბაღ-ბოსტანი გვაქვს. ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. შარშან, ჩემმა დამ ავსტრიის ალპებიდან კვახის თესლი, ყვითელგულა წამოიღო, ძალიან გემრიელი და ლამაზიცაა. ძალიან კარგად გაიხარა ლაგოდეხის მიწაში და უკვე ბლომადაც ასხია. ბაღში კენკრაც გვაქვს - ჟოლო, უეკლო მსხვილი მაყვალი. მარწყვის ორი პატარა სათბური გვაქვს, სადაც როგორც ევროპული, ასევე ქართული ჯიშის მარწყვი გავახარეთ. მუდამ მსხმოიარეა, აპრილიდან იწყებს და ნოემბრის ბოლომდე ასხია... რაზეც ახლა გიყვები, იმ ყველაფერზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, როცა ვიღაცები მარწყვს სახლში კრეფდნენ და მიირთმევდნენ - მშურდა... არაფერს ვწამლავთ, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა გვინდა.
GzaPress
- ვიცი, რომ ეზოში ყვავილებიც გაქვს...
- უამრავი სახის ყვავილები და მცენარეები გვაქვს. მათ ძირითადად, დედაჩემი, ჩემი და და ჩემი რძალი უვლიან...
- სოფლური ცხოვრება მაინც, როდის მოგეძალა?
- სოფლის სიყვარული და იქ ცხოვრების ინტერესი ევროპაში გამიჩნდა. ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში საოცრად მოვლილი სოფლები აქვთ. ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩაბმული ამ ყველაფერში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მოჰყავთ. კოხტად და ლამაზად მოვლილი ეზოები აქვთ... მოკლედ, სოფლის ფასი ევროპაში გავიგე, აქ კი, ყოველდღიურობაში, კიდევ უფრო შემიყვარდა. სამუშაო საათების შემდეგ ბაღში გავრბივარ, შაბათ-კვირას, მთლიანად ბაღში ვატარებ. სოციალურ ქსელშიც ნაკლებად ვარ, ამდენი ნეგატივისგან დავისვენე... საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა მაქვს და ბევრს ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, ვვარჯიშობ, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელია. მიწაზე პროდუქტიული მუშაობა, ენდორფინების ცვენას იწვევს... თავისუფალ დროს მივიწყებულ ესპანურს ვიუმჯობესებ. ერთ დროს ბარსელონაში ვსწავლობდი, მაგრამ ენამ დავიწყება იცის... მე და მამა ალაზანზე სათევზაოდ დავდივართ.
- შენს საქმიანობაზეც უფრო ვრცლად მოგვიყევი. ვიცი, ევროპის არაერთ გამომცემლობაში მუშაობდი, არა?
- 18 წლიდან ჟურნალისტიკაში ვარ. მედიაში ჩემი საქმიანობა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსით" დაიწყო, ხანდახან რადიო "პალიტრაშიც" ვერთვებოდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, დიდი გამოცდილება მივიღე. მერე სხვადასხვა ტელეკომპანიაში ვიმუშავე. შუალედებში უცხოეთში მივდიოდი. 2011 წელს გერმანიაში წავედი სასწავლებლად. ხან საერთაშორისო თემების მიმომხილველი ვიყავი, ხან კონფლიქტებზე ვმუშაობდი. რამდენიმე გერმანულენოვანი გამოცემისთვის ვწერდი სტატიებს კავკასიის რეგიონზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ამ მიმართულებით ახლაც აქტიური ვარ - თემას ვთავაზობ და თუ დაინტერესდებიან, ვამზადებ. ზოგჯერ თავადაც მწერენ - ამა და ამ თემაზე თუ მოგვიმზადებ სტატიასო. ძირითადად, ავსტრიულ ყოველდღიურ გაზეთ Heute.at-ში, გერმანულ გამოცემებში ვიმუშავე, Spiegel და Süddeutsche Zeitung-ში. ასევე, Welt-ისთვის, გერმანელ ფოტოგრაფთან ერთად, გერმანულენოვან ქართველ მწერლებზე ციკლს ვამზადებდი. ჩავწერეთ გერმანიაში რამდენიმე წარმატებული და ცნობილი ქართველი მწერალი. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ეს საინტერესო პროექტი შეჩერდა... ახლახან ფრანკფურტიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ეს პროექტიც ვირუსის გამო შეჩერდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ეკონომიკური მიმართულებით ვიმუშავე, ინოვაციებსა და ტექნიკურ განვითარებებზე ვამზადებდი სიუჟეტებს.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.