"პრობლემა, რომელსაც ბოლო არ უჩანს"
font-large font-small
"პრობლემა, რომელსაც ბოლო არ უჩანს"
"ძაღლმა 3-4 ადამიანი დაკბინა და ვიღაც მაინც ამტკიცებს, რომ ის აგრესიული არ არის"

"დიდ დიღომში, ჩვენს ქუჩაზე, ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლი ცხოვრობს. ხშირად იკრიბებიან ისინი ერთად და გამვლელებს მოსვენებას არ აძლევენ. ამას წინათ მეც დამედევნა მოზრდილი ნაგაზი, რომელიც ვერა და ვერ მოვიშორე. რამდენიმე წლის წინ კი, უზარმაზარმა ძაღლმა დამკბინა! დამინახავს, როგორ მისდევს რამდენიმე ძაღლი ერთ ადამიანს, რომელმაც შიშისგან აღარ იცის, რა გააკეთოს... ამ ამბების შემდეგ, ქუჩის ძაღლებისადმი პანიკური შიში დამჩემდა - როცა მათ ვხედავ, არ ვიცი, სად დავიმალო! ვინმემ ხომ უნდა გვიშველოს? ხომ არ შეიძლება, ქვეყანაში ცხოველთა უფლებები იყოს დაცული და ადამიანთა უფლებები ილახებოდეს?!" - ეს შეკითხვა ახლობელმა დამისვა. ალბათ მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ ეს გადაუჭრელი პრობლემაა, რომელიც საქართველოში უამრავ ადამიანს აწუხებს.


რას აკეთებენ შესაბამისი სამსახურები ამ პრობლემის მოსაგვარებლად? - ამის თაობაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს, ვახტანგ ლომჯარიას ვესაუბრეთ.

- ბატონო ვახტანგ, რით აიხსნება მიუსაფარი ცხოველების, განსაკუთრებით კი ძაღლების სიმრავლე თბილისში?
- სიმართლე უნდა ითქვას: ის, რომ ცხოველები უპატრონოდ რჩებიან, ეს მათი არჩევანი არ არის, ადამიანთა უპასუხისმგებლობის ბრალია. ცხოველების ქუჩაში გამოყრა ჩვეულებრივ ამბადაა მიჩნეული. ზოგჯერ ოჯახი ერთ ცხოველს უვლის და ელოლიავება, მაგრამ მის ნაშიერებს სასტიკი მეთოდებით იშორებს. არის შემთხვევები, როცა პატარა, უმწეო არსებებს მდინარეში ყრიან ან ქუჩაში უშვებენ, ხშირად ავტობანებზე ტოვებენ... არ მესმის ადამიანების, რომლებიც ცხოველს გაზრდიან, უვლიან და მერე ქუჩაში გასაგდებად იმეტებენ! ქუჩის ძაღლების რაოდენობას ძალიან ზრდის მათი უკონტროლო გამრავლება, რაც საბოლოოდ, სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. სხვათა შორის, თბილისში მიუსაფარი ცხოველების დიდი ნაწილი რეგიონებიდან შემოდის. რეგიონებში ცხოველებს სტერილიზაციას იშვიათად უტარებენ, რის გამოც ისინი უფრო სწრაფად მრავლდებიან.
- რა ზომებს იღებს თქვენი სამსახური ამ პრობლემის გადასაჭრელად?
- რაც უნდა გავაკეთოთ, რომელიმე მხარე ყოველთვის უკმაყოფილო გვყავს, თუმცა ჩვენთვის მთავარი ორიენტირი კანონმდებლობაა, რომელიც ხშირად გვკარნახობს, როგორ უნდა მოვიქცეთ. არააგრესიული, მშვიდი ცხოველის უბანში ყოფნა, რომელიც ადამიანებს არ ერჩის, კარგიც კია: ის ეჩვევა ამ უბანს და როგორც ახერხებს, ისე იცავს. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, ქუჩაში არც ერთი მიუსაფარი ცხოველი არ იყოს, მაგრამ პატრონების მიერ ცხოველების ქუჩაში გამოყრა თუ არ შეწყდა, მუდმივად ამ პრობლემის წინაშე ვიქნებით. რა თქმა უნდა, მიუსაფარი ცხოველების დახოცვა საქმეს ვერ უშველის, ამიტომ, ჰუმანური მეთოდი ავირჩიეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის რეკომენდებული: არააგრესიულ, მშვიდ ცხოველებს სტერილიზაციასა და ცოფის საწინააღმდეგო აცრას ვუკეთებთ და ისევ ქუჩაში ვაბრუნებთ. კასტრაცია და სტერილიზაცია - მსოფლიოში აპრობირებული, ყველაზე ჰუმანური მეთოდია, რომელიც ცხოველის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტას გულისხმობს. როცა ცხოველი ჯანმრთელია, ვცდილობთ, გავაჩუქოთ, მაგრამ თუ აგრესიულია ან რაღაც დაავადების მქონე, ის საფრთხეს წარმოადგენს სხვა ცხოველებისა და ადამიანისთვისაც, რა თქმა უნდა, ასეთი ცხოველის გაჩუქება ან ქუჩაში დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის.
GzaPress
- როგორ იქცევით, როდესაც ძაღლი (ან სხვა ცხოველი) აგრესიულია?
- იცით, ზოგიერთი ცხოველი თავისი ბუნებით მცველია და ბევრ ოჯახს ეზო-მიდამოს დასაცავად სწორედ ასეთი ცხოველი სჭირდება, მაგრამ თუ მას ფსიქიკური პრობლემა აქვს, ასეთი ძაღლის გაჩუქება არ შეიძლება. ჩვენი კინოლოგები ამ ყველაფერს აფასებენ და თუ ძაღლი ავად არის, აგრესიულია და მისი ქუჩაში გაშვება საშიშია, მაშინ ის ევთანაზიას ექვემდებარება. მესმის, რომ ეს უკიდურესი ზომაა, თუმცა, მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესია.
- თქვენი თავშესაფრის შესახებ გვიამბეთ...
- ეს მუნიციპალური თავშესაფარია, რომელიც კლასიკური გაგებით, მუდმივი თავშესაფარი არ არის. აქ მოყვანილ ცხოველებს საჭირო პროცედურებს ვუტარებთ და მერე ქუჩაში ვუშვებთ, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის, უკან აღარ ვაბრუნებთ. სხვათა შორის, სტერილიზაციის შემდეგ ცხოველებს ზნე ეცვლებათ, აგრესიულები აღარ არიან და აღარც ერთად მოძრაობენ. ისინი უფრო გამრავლების დროს იკრიბებიან ხოლმე. ჩვენს ცხელ ხაზზე ყოველდღიურად 150-200-მდე შეტყობინება შემოდის, ჩვენი სამსახურები 24 საათის განმავლობაში გადიან თბილისის უბნებში და თუ ცხოველი ადამიანებს ერჩის, თავშესაფარში მხოლოდ მაშინ ვიტოვებთ.
- ყველაზე ხშირად რომელ ოპერაციებს ატარებთ?
- გასულ წელს 5 700-მდე ოპერაცია ჩატარდა, ყოფილა შემთხვევა, როცა დღეში 40 ოპერაციაც კი ჩაგვიტარებია. ძირითადად, ეს სტერილიზაციაა, მაგრამ ზოგჯერ ნაავარიებ და ტრავმირებულ ცხოველებსაც ვმკურნალობთ. თუ ცხოველს ქცევის პრობლემები აქვს და ყველას საშიშროებას უქმნის, სამწუხაროდ, ის ევთანაზიას ექვემდებარება, რადგან შეიძლება პატრონიც დაგლიჯოს და სხვებიც. ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება. აშშ-ში აგრესიულ და საშიშ ცხოველებს 3 დღეში აძინებენ, ჩვენ მათ უფრო მეტ დროს ვუთმობთ. ზოგჯერ გვაქვს დადასტურებული ფაქტი, რომ ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მაგრამ ასეთ ძაღლებს ყველგან ჰყავთ მფარველები. როცა შეწუხებული მოსახლეობა შესაბამის სამსახურს გამოიძახებს, ისინი ცხოველებს ამართლებენ. მათი არგუმენტები ზოგჯერ აბსურდულია: ამბობენ, რომ ძაღლი მხოლოდ ბოროტ ადამიანებს მისდევს, რომ მსხვერპლი ნასვამი იყო, მაგრამ ამის გამო ადამიანი ძაღლმა ხომ არ უნდა შეჭამოს?! ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ ახლოს აგრესიული ძაღლი ჰყავდეს, მაშინ თავად უნდა შეიფაროს და უპატრონოს. როგორც წესი, ხან ერთი მხარე გვსაყვედურობს, ხან - მეორე, კმაყოფილი არავინაა, მაგრამ ჩვენ პირველ ადგილზე ადამიანის უსაფრთხოებას ვაყენებთ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ - სულ ეს არის. როდესაც ძაღლი ქუჩაში ცხოვრობს, ის გარშემო მყოფებს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს. შიშისგან ადამიანს ძალიან ბევრი დაავადება უჩნდება. არის შემთხვევები, როცა გაავებულმა ძაღლმა 3-4 ადამიანი დაკბინა, ვიღაც კი ამტკიცებს, რომ ის აგრესიული არ არის. ცხადია, მათ ვერ დავუჯერებთ. ვიცი შემთხვევა, როცა ძაღლმა ბავშვი დაკბინა და ის შიშისგან მძიმე სენით დაავადდა.
- საინტერესოა, ვინ ზრუნავს უპატრონო ცხოველების კვებაზე?
- თბილისში მათ საკვების პრობლემა არა აქვთ - აქ ნარჩენები დიდი რაოდენობითაა და ამიტომ, ქუჩებში გამხდარი ძაღლის ნახვა იშვიათობაა.
- თქვენი სამსახურის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში თბილისში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. 2020 წელს თბილისში ცოფის სულ 4 შემთხვევაა აღრიცხული. რამდენად საშიშია ეს?
- ეს საგანგაშო არ არის, რადგან ამ რაოდენობით ცოფის შემთხვევები ყოველ წელს აღირიცხება. თუ ცხოველი გყავთ, ის აუცილებლად უნდა აცრათ ცოფზე, გარდა ცოფისა, არსებობს ასეთი დაავადება - ლეიშმანიოზი, რომელიც საკმაოდ საშიშია. ამიტომ, თუ ვინმეს მიუსაფარი ძაღლი დაკბენს, აუცილებლად უნდა მოგვმართოს: ხშირად ასეთი ძაღლი 2-3 დღეც გვიძებნია და მაინც გვიპოვია. მოსახლეობამ უნდა შეგვატყობინოს, როდესაც რომელიმე უბანში აგრესიული ძაღლი ცხოვრობს. ჩვენი კინოლოგები მას საფუძვლიანად გამოიკვლევენ და შეისწავლიან. ჩვენს მოსახლეობას შეუძლია მოგვმართოს არა მარტო "ცხელი ხაზის", არამედ ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც.
- ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ უნდა აიყვანოს ცხოველი თქვენი თავშესაფრიდან?
- ჩვენს მუნიციპალურ თავშესაფარში მყოფი გასაჩუქებელი ცხოველების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ყოველდღიურად ქვეყნდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვებგვერდზე. ჩუქების მსურველს შეუძლია, ცხოველი დისტანციურად შეარჩიოს, შემდეგ დაუკავშირდეს მუნიციპალურ თავშესაფარს ნომერზე - 032 2 421 171 და ცხოველის წაყვანის დროზე შეგვითანხმდეს. შეგიძლიათ ეწვიოთ თავშესაფარს და თქვენთვის სასურველი ცხოველი აქვე შეარჩიოთ. ჩვენს ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია დაკარგულ ცხოველებზეც. ასე რომ, თუ თქვენი საყვარელი ძაღლი, კატა ან სხვა ცხოველი დაიკარგება, ჩვენი სამსახურის მუშაკები მზად არიან, დაგეხმარონ.
- დაბოლოს, სად არის გამოსავალი, როგორ შეიძლება შევამციროთ მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ჩვენს ქუჩებში?
- საუკეთესო გამოსავალი მგონი კანონის გამკაცრებაა: ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ, თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ქუჩაში გამოყარონ და უმძიმესი ცხოვრებისთვის გაწირონ. ძალიან კარგია, რომ თბილისში არის რამდენიმე კერძო თავშესაფარი, სადაც მიუსაფარ ცხოველებს უვლიან და მათზე ზრუნავენ. სტერილიზაციაზე უკვე გესაუბრეთ და ეს ყველაზე ჰუმანური გზაა ამ მტკივნეული პრობლემის მოსაგვარებლად. სხვა, ამაზე უკეთესი გზა უბრალოდ, არ არსებობს.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.