კიკბოქსინგიდან პილოტობამდე
font-large font-small
კიკბოქსინგიდან პილოტობამდე
"ბრძოლამ მომიწია ჩემზე ასაკით უფროსთან, თან 15 კილოთი მეტი იყო"

28 წლის მაგდა ქააძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და დღეს უკვე ერთ-ერთი პილოტი ქალია საქართველოში. 2 წელია, რაც "ჯორჯიან ეარვეისში" მუშაობს. სკოლას რომ ამთავრებდა, საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარება მაშინ გადაწყვიტა და რაც დრო გადიოდა, თავისი არჩევანის სისწორეში უფრო რწმუნდებოდა.

- დავიბადე ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანში. თუშური ხასიათი მაქვს - არ მიყვარს ტყუილი, ჯიუტი ვარ. გოგოს კვალობაზე, ძალიან ცელქი ვიყავი, ხან ვის ვეჩხუბებოდი, ხან ვის ვცემდი, ვინმეს თუ ჩაგრავდნენ, ყოველთვის ვიცავდი. 14-15 წლიდან ვვარჯიშობდი კიკბოქსინგში, მქონდა წარმატებებიც - გავხდი საქართველოს ჩემპიონი, შავი ზღვის თასი ავიღე. ადამიანს თუ რამე აინტერესებს, სირთულეებს ყურადღებას აღარ აქცევს. მახსოვს, დილის 5 საათზე ვიღვიძებდი და დავრბოდი ხოლმე, ვარჯიში არ მეზარებოდა.
- ოჯახის წევრებმა გადაწყვეტილება მოგიწონეს?
- დედა მაინცდამაინც არ აღფრთოვანდა ჩემი არჩევანით, ძმამ ჩვეულებრივად მიიღო, მამამ კი მითხრა, თუ გინდა, აუცილებლად უნდა გააკეთოო. მერე ერთხელ მოვიგე ბრძოლა, მეორედ და დედასაც უხაროდა ჩემი წარმატებები, თუმცა ემოციებს მაინც არ გამოხატავდა. მამა უფრო ამჟღავნებდა სიხარულს, შეჯიბრებაზე რომ მივდიოდი, ათჯერ დარეკავდა, აბა, რა ქენი, რა ხდებაო? რამდენჯერმე ისე დაემთხვა, რომ თუშეთში იყო და კავშირი ჭირდა. შორ მანძილზე მიდიოდა, რომ დაერეკა და ჩემი ამბავი გაეგო. დედა ერთხელ დაესწრო ჩემს ბრძოლას, საქართველოს ჩემპიონატი იყო. ერთი მოვიგე, მეორე ბრძოლამ კი მომიწია ჩემზე ასაკით უფროსთან, თან 15 კილოთი მეტი იყო. მთხოვეს, თუ არ გეშინია და შეძლებ, უბრალოდ, გვაჩვენე საბრძოლო ხელოვნებაო. გოგონები სპორტის ამ სახეობაში ცოტანი არიან და სხვა ვერავინ ნახეს მის წონით კატეგორიაში. ხომ არ გეშინიაო? - მკითხეს და, აბა, არ დავთანხმდებოდი (იცინის)?!. სწორედ ამ ბრძოლას დაესწრო დედა და ცოტა არ იყოს, ინერვიულა, მაგრამ მოვიგე. მომცეს საქართველოს აბსოლუტურ წონაში გამარჯვებულისა და წლის საუკეთესო სპორტსმენის დიპლომი.
- რინგზე გასვლისას არ გეშინოდა?
- არასდროს არ შემშინებია. ვიდრე რინგზე გახვალ, ნერვიულობ, მაგრამ მერე მხოლოდ იმას ფიქრობ, თავი დაიცვა, არაფერი შეგეშალოს და გაიმარჯვო. ეს იმხელა ადრენალინია, ვერ წარმოიდგენთ.
GzaPress
- ადრენალინის სიყვარულის გამო აირჩიე მფრინავის პროფესიაც?
- ჩემი ძმა ჩემზე 2 წლით უფროსია. საფრენოსნოზე სწავლობდა. ბიძაშვილებიც მფრინავები მყავს. სკოლას რომ ვამთავრებდი, მივხვდი, რომ სხვა არც არაფერი მაინტერესებდა. ჩავაბარე, მეორე დღეს კი მამაჩემი თუშეთის გზაზე დაიღუპა. ცხვარი ჰყავდა და ჩემი ძმა იძულებული გახდა, სოფელში დაბრუნებულიყო და მეურნეობისთვის მიეხედა, სწავლის გაგრძელება მე მაინც რომ შემძლებოდა. ასე აღმოვჩნდი ავიაციაში. გამოვიდა, რომ ჩემმა ძმამ შემიწყო ხელი.
- გოგონები ბევრნი სწავლობდით კურსზე?
- ორმა დავამთავრეთ, ისიც ჩემთან ერთად მუშაობს კომპანიაში. იყვნენ სხვა გოგონებიც, მაგრამ ერთი გაირიცხა, ერთი თავისი ნებით წავიდა... როგორც ვიცი, ახლა რაოდენობრივად მეტნი არიან. 2 წელია, რაც "ეარვეისში" ვმუშაობ. არავის უთქვამს ჩემთვის, ქალი ხარ და ამას ვერ შეძლებო, პირიქით, ყველა მამხნევებდა და მხარში მედგა. მფრინავობას ფიზიკურად ისეთი ძალა არ სჭირდება, ქალმა რომ ვერ შეძლოს. შეიძლება, ვიღაცას შიში ჰქონდეს, მე კი არასდროს შემშინებია. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მომიხდა ფრენა, მაგრამ როდესაც მფრინავი ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ვფიქრობ, მაშინ სიტუაციას კარგად გავუმკლავდი.
- მაგდა, რა ეტაპს გადიხართ, ვიდრე დამოუკიდებლად ფრენის უფლებას მოიპოვებთ?
- უნივერსიტეტში ორწლინახევრიანი თეორიული სწავლების შემდეგ გადიხარ პრაქტიკულ ფრენებს თელავის აეროპორტში, იქ გზავნიან კურსანტებს. ინსტრუქტორები ჯერ თეორიულ მასალას შეგასწავლიან, მერე იწყებ ფრენებს მათთან ერთად. პრაქტიკულ სწავლებაში, დამოუკიდებელი ფრენებიც შედის. ინსტრუქტორი წყვეტს, როდის შეძლებ დამოუკიდებლად ფრენას.
- დამოუკიდებლად პირველი ფრენა თუ გახსოვს?
- როგორ არ მახსოვს?! შიშით არ მეშინოდა, მაგრამ გვერდით ცარიელი სკამი რომ იყო, უცნაური შეგრძნება მქონდა. როცა ინსტრუქტორთან ერთად ხარ, გგონია, ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ მერე ხვდები, რომ თურმე მას მიჰყვებოდი, მასზე იყავი დამოკიდებული. წრეზე დავფრინავდით, 2 წრეს მასთან ერთად და მერე 3 წრეს მარტოს გვიშვებდნენ. თანდათან თავდაჯერება გემატება, თუმცა ყოველთვის უნდა განვითარდე. 6 თვეში ერთხელ გავდივართ გადამზადებას, იმიტაციებს - ვთქვათ, რაღაც მოხდა და ძრავა გაითიშა, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს.
- რთული პროფესიაა. პილოტი რამე განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით უნდა გამოირჩეოდეს?
- პირველ რიგში, აუცილებელია მოთმინება, რადგან ზღვა მასალის სწავლა გიწევს; სწრაფი, ლოგიკური აზროვნებაა საჭირო; შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი უნდა იყო; უნდა გაიაზრო, რას აკეთებ, სხვანაირად ამდენი ადამიანის ბედს საკუთარ თავზე ვერ აიღებ.
- მაგდა, რას ფიქრობ, ძლიერი ქალი ხარ?
- საკუთარ თავზე რა გითხრათ, იოლი გზა ნამდვილად არ ავირჩიე და აქედან გამომდინარე, ალბათ კი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, იმდენად ჩემია, არ ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ. პანდემიის გამო ვერ დავფრინავ და იცით, როგორ მენატრება?!. ჩემი სახლიდან ასაფრენ-დასაფრენი ზოლი კარგად ჩანს, ზოგჯერ ფანჯარასთან ვზივარ და ვუყურებ, რა ხდება...
- ახალდაქორწინებული ყოფილხარ, მეუღლეც გაგვაცანი.
- წლინახევრის წინ დავქორწინდით. ჩემი მეუღლე, დავით ბეროშვილიც, საფრენოსნოზე სწავლობს. ამჟამად თელავშია პრაქტიკაზე. სხვა პროფესია ჰქონდა და ცოტა არ იყოს, გვიან გადაწყვიტა მფრინავობა. უნივერსიტეტში გავიცანი. სხვათა შორის, მოძღვარმა გამონაკლისი დაუშვა, - პილოტი წყვილისთვის ჯვარი არასდროს დამიწერიაო, - და უფლება მოგვცა, ფორმაში გამოწყობილებს გვექორწინა...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.