როგორ გადაარჩინა მეტროში ადამიანის სიცოცხლე ლევან ლაშხმა
font-large font-small
როგორ გადაარჩინა მეტროში ადამიანის სიცოცხლე ლევან ლაშხმა
უცნობი დეტალები მსახიობის ცხოვრებიდან

სახელი, გვარი: ლევან ლაშხი.
ასაკი: 29 წლის.
პროფესია: ეკონომისტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: მსახიობი.
ჰობი: კომპიუტერული თამაშები.
ცხოვრების დევიზი: "რაც უნდა ცუდი მოხდეს, ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება".


- ლევან, შეგიძლია, საკუთარი თავი 3 სიტყვით დაახასიათო?
- თავმდაბალი, კეთილი და ცოტათი მოსაწყენი ვარ (იღიმის).
- ოდესმე შენ მიერ ჩადენილი კეთილი საქციელი გინანია?
- კი, რა თქმა უნდა. ხშირ შემთხვევაში, სიკეთეზე სიკეთით არ გპასუხობენ...
- ბოლოს კმაყოფილების განცდა როდის და რის გამო დაგეუფლა?
- სიმართლე გითხრა, ყოველდღე კმაყოფილებას ვგრძნობ იმით, რაც ჩემ გარშემოა, მაგრამ გამორჩეულს ვერაფერს ვიხსენებ.
- უკმაყოფილებას და წყენას როგორ გამოხატავ?
- არ გამოვხატავ. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ვცდილობ, ისე გავაკეთო, რომ უკმაყოფილო არ დავრჩე, ხოლო რაც ჩემზე დამოკიდებული არ არის, ის უარყოფით ემოციებს არ აღმიძრავს, ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს...
- როგორ ფიქრობ, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?
- ალბათ - მსახიობობა და კიდევ, ყვინთვა. დაახლოებით 15 წლიდან ვყვინთავ.
- ცურვასთან დაკავშირებით, სახიფათო სიტუაციაში ხომ არ აღმოჩენილხარ?
- არა, რადგან ბავშვობიდან ვცურავ, წყალი უზომოდ მიყვარს.
- ვინმეს სიცოცხლე ხომ არ გადაგირჩენია?
- დახრჩობისგან - არა. ისე, მეტროში ადამიანი გადამირჩენია: გაჩერებაზე ჩემ გვერდით კაცი იდგა. მატარებელს ველოდით. უცბად, გაითიშა და გვერდზე მოწყვეტით გადავარდა, კრიჭა შეეკრა... ნანახი მქონდა, კრიჭას როგორ ხსნიდნენ. ვეცადე და შევძელი, დავხმარებოდი. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. კაცი გონს მოვიდა... ეს შემთხვევა დაახლოებით 3 წლის წინ მოხდა.
- რომელი კომპლექსის დაძლევა ვერ მოახერხე?
- დაახლოებით 13 წლიდან, კომპლექსები აღარ მაქვს. უმსუქნესი ბავშვი ვიყავი. თან, წითელი თმა და წითელი ლოყები მქონდა. ყოველთვის წითელი ბურთივით დავგორავდი, რა (იცინის)... ეს დიდ კომპლექსს მიქმნიდა. ვფიქრობდი, რატომ უნდა ვიყო "ბურთი", როცა ჩვეულებრივ ბიჭად ყოფნა შემიძლია, როგორიც ჩემი თანაკლასელები, მეგობრები არიან-მეთქი? ბოლოს საკუთარ თავს ვუთხარი, - ეს ასე აღარ უნდა იყოს-მეთქი და სიტუაციაც შეიცვალა: ისე მოხდა, რომ თურქეთში წავედი, იქიდან კი საერთოდ, სხვანაირი ჩამოვედი.
- თურქეთში რა მოხდა?
- ბიძაჩემს სამუშაოდ წავყევი. ყვინთვა ზუსტად მაშინ ვისწავლე. 3 თვის განმავლობაში ზღვაზე ყოფნამ, ცურვამ იმოქმედა და სულ სხვაგვარი გარეგნობა ჩამომიყალიბდა.
- თურქეთში რას საქმიანობდი?
- დაახლოებით 15 წლიდან ყვინთვის მასწავლებელი ვიყავი: ცურვა ვისწავლე, კარგად ავითვისე და ზაფხულობით, თურქეთში ყვინთვას სხვებს ვასწავლიდი, მაგალითად - სასტუმროებში.
- ეს შენი პირველი სამსახური იყო?
- კი.
- შემოსავალს რაში ხარჯავდი?
- ყველაფერში, რაც მინდოდა. საქართველოში ფული თითქმის არასოდეს ჩამომქონდა - იქვე მეხარჯებოდა (იცინის).
- მუშაობა რატომ გადაწყვიტე?..
- 90-იანი წლები იყო, როცა თითქმის ყველა ოჯახს უჭირდა, მაგრამ ეს მაინც არ ყოფილა მთავარი მიზეზი, რის გამოც მუშაობა დავიწყე: უბრალოდ, მსურდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, ფინანსურად მაინც და 2-3 ლარი არავისთვის მეთხოვა, ყველაფერი თავად გამეკეთებინა... საკუთარ თავს რაღაც-რაღაცებით უზრუნველვყოფდი, ყოველ შემთხვევაში - არაფერს ვიკლებდი.
- საკუთარი გვარ-სახელი ბოლოს როდის "დაგუგლე"?
- სიმართლე გითხრა, არასოდეს "დამიგუგლავს". ერთი, უნდა ვცადო. მეც მაინტერესებს, რა ინფორმაციებს "ამოაგდებს" (იღიმის)...
- ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ვინ არის?
- აუ... ქალია, რომელიც ძალიან ცუდ ვარცხნილობას ატარებს და ნებისმიერ სიტუაციაში, სულ ერთნაირი გამომეტყველება აქვს, თითქოს მიმიკები არ გააჩნია... მისი გვარ-სახელი არ მახსოვს. მგონი, ეკა ჰქვია...
- ბოლოს ვინ გთხოვა ფოტოს გადაღება?
- მეუღლემ. მთხოვს ხოლმე, - გადამიღე ან შენ თვითონ გადაიღეო, მაგრამ ფოტოების დიდი მოყვარული არ ვარ. მაინც ვცდილობ, არ "გავუტეხო" (იცინის)...
- ამის გამო, ხომ არ ეწუწუნები?
- არა, წუწუნი ყველაზე მეტად არ მიყვარს.
- რომელია შენი ცხოვრების ისეთი ეპიზოდი, რომლის გახსენების დროსაც ყოველთვის გეღიმება?
- უჰ!..
- ანუ ასეთი ეპიზოდი ბევრია?
- რა თქმა უნდა! საკუთარი თავიდან გამომდინარე, ბედნიერი წარსული მქონდა - ყველაფერს "ვირგებდი", მაგრამ ბოლო ეპიზოდს ვიტყვი, რომელიც კარგად მახსენდება: ალბათ, როცა მეუღლეს ხელი ვთხოვე, შემდეგ კი ბარსელონაში, ჩემს ახლო ძმაკაცთან გავემგზავრეთ, რომელიც წელიწად-ნახევარი ნანახი არ მყავდა. ამან დიდი ბედნიერება მომანიჭა და დღემდე ასეა, როცა ვიხსენებ.
- რომელია შენი საყვარელი ფილმი?
- "პარაზიტი" და "მე დავინახე ეშმაკი". ორივე სამხრეთკორეული ფილმია და ძალიან მიყვარს.
- შენს საყვარელ ფილმში რომელ მსახიობს ჩაანაცვლებდი სიამოვნებით?
- მაგალითად, ფილმში - "მე დავინახე ეშმაკი" დეტექტივის როლის შემსრულებელს სიამოვნებით ჩავანაცვლებდი. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მსახიობი ცუდად თამაშობს, პირიქით - დადებითად ვაფასებ...
- როგორც ვიცი, ახლა დეტექტიური ჟანრის სერიალში მონაწილეობ...
- უკვე - აღარ: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემი და რეჟისორის შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა და წამოვედი...
- ვის როლს ასრულებდი?
- დეტექტივის ერთ-ერთი სამიზნე გახლდით. ჩემთვის სულ პირველი სერიალიც - "ელიტარული დახმარება" დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელ დეტალებს შეიცავდა. თავად უარყოფით პერსონაჟს ვასახიერებდი. ასევე, არაბულ სერიალში დეტექტივის როლს ვასრულებდი... ჩემთვის ეს საინტერესო, სასიამოვნო და მისაღები ჟანრია.
- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენია, რომლის გახსენების დროს ახლაც წითლდები?
- უეჭველი ჩადენილი მაქვს, თან - არაერთი (იცინის). ასეთი საქციელი ბევრიც არ ჩამიდენია, მაგრამ ხანდახან მრცხვენია და ვწითლდები კიდეც... მაშინ პატარა ვიყავი, რაც ყველაზე ხშირად მახსენდება და ალბათ, გასახსენებელიც არ არის (იღიმის)...
- რომელი ნივთის გარეშე ვერ გახვალ შინიდან?
- საათის გარეშე.
- შენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა რა არის?
- მომავლის სურვილი, რომ დღე დავასრულო და ისევ გავიღვიძო; კიდევ - ჩემი მეუღლე, რომლის დანახვაც ყოველ დილით მაბედნიერებს და სტიმულს მაძლევს, რომ შემდეგი დილაც ბედნიერი მქონდეს; ასევე - საკუთარი თავის განვითარების, პიროვნული ზრდის და წინსვლის სურვილი...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვა