"რომ ვიცოდე, ძაღლები ვინ მომიკლა, საკადრის პასუხს გავცემ"
font-large font-small
"რომ ვიცოდე, ძაღლები ვინ მომიკლა, საკადრის პასუხს გავცემ"
ცხოველების ქომაგ ქალბატონს დახმარება სჭირდება

57 წლის მზევინარ გიგაური ცხოველების დიდი ქომაგი გახლავთ. სოფელ ფოლადაანთკარში ცხოვრობს და ძაღლებს, კატებს უვლის, რადგან მიუსაფარ ცხოველებს გულგრილად ვერ ტოვებს, ლუკმას უყოფს და პირადი საჭიროებისთვის გადადებულ მცირე თანხას მათი წამლებისთვის ხარჯავს... ქვრივ ქალბატონს 1 ძროხა აბადია - მისი მწირი შემოსავალი სწორედ ამ ძროხას უკავშირდება...


- რუსთავში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. 3 წლიდან დეიდამ გამზარდა - შვილად ამიყვანა (თავად უშვილო იყო). ცხოველების მიმართ სიყვარული სწორედ დეიდამ ჩამინერგა. ჩვენ კორპუსში ვცხოვრობდით, მაგრამ ჩემი მშობლები კერძო სახლში ქირით ცხოვრობდნენ. იქ ყოველთვის ჰყავდათ ძაღლი, კატა... მათთან მისულს ცხოველებთან კონტაქტი სულ მქონდა. წარმოიდგინეთ, ტოქსოპლაზმოზი იქიდან დამემართა და დღეს შვილი არ მყავს. 3-4 სულ კატებს და ძაღლებს ვეფერებოდი, ვეხუტებოდი...
GzaPress
ისე მოხდა, რომ 13 წლის წინ, რუსთავში ბინა გავყიდე - კერძო სახლი მინდოდა. მოვინდომე, რომ ქათამი, ძროხა, ცხვარი მყოლოდა. გარდაბნის რაიონში, სოფელ ფოლადაანთკარში სახლი ვიყიდე. რუსთავში ერთი "ოთახის" ძაღლი მყავდა. რა თქმა უნდა, სოფელში წამოვიყვანე. ასევე, რუსთავში, ეზოში ჯიხური მქონდა, რომლის შორიახლოსაც ლეკვი დარბოდა ხოლმე. ისიც გავზარდე და სოფელში წამოვიყვანე. მერე, ცოტა არ იყოს, ძაღლები მომიმრავლდნენ, რადგან უპატრონო ცხოველები შემომეკედლებოდნენ ხოლმე და ვეღარ ვუშვებდი... მერე ზოგი ძაღლი მომიკლეს, მომიწამლეს, ზოგი მშობიარობამ იმსხვერპლა, გველმა დაკბინა... დღესდღეობით, 5 ძაღლი და 5 კატა მყავს. გუშინწინ ერთმა ძაღლმა იმშობიარა. ჯერ არ მაჩვენებს, რამდენი ლეკვი ჰყავს. იქნებ, ცხოველთა დამცველების საზოგადოებიდან ვინმე სპონსორი გამოჩნდეს, რომ თვეში ერთხელ 1 ტომარა ძაღლის საკვებით დამეხმაროს... წინათ, "ბოინში" (საკლავი. - ავტ.) დამლაგებლად ვმუშაობდი. იქიდან ბევრი რამე მომქონდა: მაცივარში რომ შევყრიდი, ძაღლებს საკვებად 2 კვირა ჰყოფნიდათ, მაგრამ ახლა აღარ უნდათ დამლაგებელი ან შეიძლება, სამსახურში სხვა აიყვანეს, არ ვიცი... 10 წელი იქ ვიმუშავე. წარმოიდგინეთ, ჯერ საპენსიო ასაკის არ ვარ - 57 წლის გახლავართ. 1 ძროხის იმედად ვარ. ამ 1 ძროხიდან მიღებული რძისგან რამდენი ყველი უნდა გავაკეთო და გავყიდო, რომ ჩემი თავიც შევინახო და ეს ძაღლებიც?!. დღეს რუსთავში, ბაზარში ყველი რომ ჩავაბარე, 5 პური ცხოველებისთვის წამოვიღე... კოკერსპანიელიც ცუდად მყავს: მუცლით დახოხავდა, ვერ დადიოდა. ნელ-ნელა პური და სასმელი მოვიკელი (ლიმონათს საერთოდ არ ვსვამ) და ჩემს კოკერსპანიელს წამლები ვუყიდე, რომ ფეხზე დამდგარიყო. დღეს ფეხზე დავაყენე. ვერ დარბის, მაგრამ დადის... ასევეა ჩემი კატაც: ეცემოდა. ვიფიქრე, მორჩა, კვდება-მეთქი. ბაღში გავიყვანე - თუ სიკვდილია, იქ მოკვდეს-მეთქი, მაგრამ მასაც წამლები მოვუტანე, რადგან ცხოველების ავადმყოფობის ატანა არ შემიძლია... ბევრი მეუბნება, - ვაი, შენს პატრონსო!.. რატომ?! ჩემს ძაღლებს ბევრ მეზობელზე მეტი ტვინი აქვთ. ერთხელ ძაღლმა გველის კბენისგან გადამარჩინა - თავით მანიშნა, აქ არ მოხვიდეო... ახლა, რომ დავინახე, ჩემი ერთ-ერთი ძაღლი დამაკდა, ისე გავბრაზდი, ვუთხარი, - ლეკვები უნდა დაგიხოცო, გადაგიყარო-მეთქი!.. ვაიმე, იმ პატარებს რომ დავინახავ, როგორ გაცუნცულდებიან და გამოცუნცულდებიან, როგორ ფიქრობთ, მათ გადავყრი?!. ფინანსური სახსრები რომ არ გაქვს ადამიანს, რთულია, ამდენ ცხოველზე იზრუნო, მზრუნველობის გარეშე მათი დატოვება კი არ შემიძლია...
- არავინ გეხმარებათ?
- აბსოლუტურად არავინ, მშობლების სულს გეფიცებით... ერთადერთი, მეზობელი მყავს - იმ ქალბატონს ვენაცვალე, კვირაში 1-2-ჯერ ამოდის, ხმელი პური ამოაქვს ან მის ბავშვებს რამე საჭმელი თუ დარჩებათ (მაგალითად, ბულიონი), კონტეინერში ჩამისხამს, პურს ჩაალბობს და ამომიტანს ხოლმე... სხვა არავინ არაფერში მეხმარება. ცხოველების დახმარებას დამოუკიდებლად ვცდილობ. კარანტინისას ცოტათი გამიჭირდა: საჭმელად ძმისშვილმა ვერმიშელი ამომიტანა. მე არ მიჭამია - ცხოველებს ვუხარშავდი. ისე ვალბობდი, რომ გაბევრებულიყო და ვაჭმევდი, დამიჯერებთ?.. მთელი სოფელი ასე მიცნობს: რომელი მზია? ძაღლები რომ ჰყავს მაღლა, "გორაზეო"?.. ქვრივი ვარ. შვილები არ მყავს. ჩემს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ყოფნით ვერთობი. მათ ველაპარაკები, ვეჩხუბები, ვუყვირი, ვკოცნი, ვეფერები, ტკიპებს ვაცლი...
GzaPress
- წეღან თქვით, ძაღლები მომიკლესო...
- რას გაიგებ, ვინ მომიკლა? ერთ დღეს ძაღლი კარგად იყო, მეორე დღეს კი მეზობლის ბაღში უკვე მომაკვდავი ფეხებს აფართხალებდა... სოფელში ჩემი ერთ-ერთი მეზობელი შეძლებული გოგოა. აქ 3 ძაღლი ჰყავს, რუსთავში - 2. თავისი ძაღლების გამოსაკვებად ყოველდღე ამოდის. ისე არ ამოვა, ჩემი ძაღლებისთვისაც საჭმელი რომ არ ამოიტანოს. ჩემი ოთხფეხა მეგობრები იმ ქალბატონის მანქანას რომ დაინახავენ, მაშინვე იქით გარბიან... რომ ვიცოდე, ძაღლები ვინ მომიკლა, საკადრის პასუხს გავცემ! ცხოველები, რომლებზეც ვზრუნავ, შვილებივით მყავს. კალთაში ჩავისვამ, ტკიპებს ვაცლი, წამალს ვყიდულობ... მათთვის ყველაფერს მოვიკლებ. დღეს ერთი პური მოვიკელი და ჩემს კოკერსპანიელს წამლები წამოვუღე - ხვალ ნემსი უნდა გავუკეთო, რომ ძაღლმა კარგად გაიაროს... ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციის საშუალება არ მაქვს, თორემ 4 ძუ ძაღლი მყავს. თუ ვინმე დამეხმარება, რომ სტერილიზაცია გავუკეთოთ, მადლიერი ვიქნები. ძაღლებს რომ შევატყობ, მომწიფების პერიოდი აქვთ, წამალს ვყიდულობ და ვასმევ, მაგრამ იმ ძაღლისთვის, რომელმაც ახლახან ლეკვები გააჩინა, წამლის მიცემა დამიგვიანდა - ფული არ მქონდა, ვერ ვუყიდე...
P.S. თუკი სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, რომ ქალბატონ მზევინარს ცხოველებისთვის საკვებისა თუ წამლის ყიდვაში ან ვეტექიმის მომსახურებაში დაეხმაროთ, ვუთითებთ მზევინარ გიგაურის მობილური ტელეფონის ნომერს: 558677409.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.