დრო და ადამიანები
font-large font-small
დრო და ადამიანები
ფიროსმანის თბილისი და ივანე თოფჩიშვილის მოგონებები

ივანე თოფჩიშვილი კარგი თბილისელი კაცი იყო. ის გასული საუკუნის პირველ წელს, 1901-ში დაბადებულა. ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, მალაკნის ქუჩაზე, იმ უბანში იზრდებოდა, სადაც გენიალურმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანმა ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა. ამიტომ პატარა ივანეს მეზობლად ხშირად უნახავს დიდი მხატვარი და მასზე გარკვეული მოგონებები მის მეხსიერებასაც შემოუნახავს, საკუთარი შთაბეჭდილება კი ქაღალდზეც გადაუტანია.

GzaPress
როგორც ბატონი ივანეს შვილი, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, ნინო თოფჩიშვილი-გელაშვილი გვეუბნება, - "მამა ბოლოს ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის სამმართველოს მთავარი ინჟინერი გახლდათ. მანამდე მოსკოვში "გლავკში" მუშაობდა. ომის დროს გამოგონებული ტექნიკის გამო, ლენინის პრემიის და წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა. უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. რკინიგზის მუზეუმში მისთვის ერთი ადგილია გამოყოფილი... 1982 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა... ძველ თბილისზე, თავის უბანზე მოგონებებს წერდა, რომელიც 1979 წელს წასაკითხად გადმომცა და მითხრა, - ვინც დაინტერესდება, წააკითხეო... მამის ეს მოგონებები ერთი თვის წინ ჩემს საბუთებში ვიპოვე. ეს არის გაყვითლებული და გაცრეცილი 12-ფურცლიანი რვეული, რომელიც ცხადია, მამას ხელითაა დაწერილი. როგორც ჩანს, 1979 წელს მისი გამოქვეყნება გაზეთში უნდოდა, მაგრამ ალბათ, არ გამოუქვეყნეს..."

- პირადად თქვენთან საუბარში როგორ ახსენებდა ნიკალას?
- ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ ხშირად მომისმენია, როგორ ამაყობდა, ცოცხალ ფიროსმანს რომ მოესწრო და ეტყობოდა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. ჩემი შვილი (ნიკა გელაშვილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის შენობის ნგრევის დროს გარდაიცვალა) 10 წლის იყო, მამა ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, მაგრამ ხშირად იგონებდა, ბაბუას როგორ დაჰყავდა ძველ თბილისში და როგორ უყვებოდა ძველ ამბებს. ჩემმა შვილმა უფრო მეტი იცოდა მამაჩემის მოგონებებიდან...
ასე რომ, ივანე თოფჩიშვილის მოგონებიდან "ფიროსმანის უბანი და ფიროსმანი", რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ, მკაფიოდ ჩანს დიდი მხატვრის გარემო და გარემოცვა, ადგილები, ადამიანები, რომელთა გვერდითაც გენიოსს ცხოვრება და მოღვაწეობა უწევდა.

ფიროსმანის უბანი და ფიროსმანი
(სტილი დაცულია):
"ფიროსმანის უბანი სულ პატარაა. იგი შედგება მხოლოდ ორი კვარტალისაგან და მოქცეულია ფიროსმანის (ყოფილი მალაკნის) ქუჩასა და რკინიგზის ბაქანს შორის. ფიროსმანის ქუჩის თავსა და ბოლოში უბანს ვაგზლისა და მალაკნის (ყოფილი ავჭალის) მოედნები ესაზღვრება.
მოგონებაში აღწერილია ფიროსმანის სიცოცხლის უკანასკნელი წლების დაახლოებით 1912-1918 პერიოდი, რომელიც მან ამ უბანში გაატარა. თუმცა ხანდახან იცვლიდა თავშესაფარს და დროებით ცხოვრობდა იქ, სადაც შეკვეთას იღებდა.
ოდესღაც ვაგზლის მოედნიდან დაწყებული, ვიდრე ვარანცოვის (ეხლა მარქსის) მოედნამდე, მალაკნის და ავჭალის (შემდეგ ჩერქეზოვის, ეხლა საბჭოს) ქუჩების გავლით, კონკა დადიოდა. მართალია, პატარა ღია ვაგონებს სახურავი ჰქონდა, მგზავრებს სიცხისა და სიცივისაგან, წვიმისა და ქარისაგან მაინც ვერ იცავდა. კონკის მძღოლი შოლტის ქნევით მიერეკებოდა მსუბუქ ვაგონში წყვილად შებმულ ცხენებს, რომლებიც აუჩქარებელი ჩორთით ვაგონს რელსებზე მიაგორებდნენ. ბილეთების გამყიდველი კონდუქტორი ხელის ზარით აჩერებდა და შემდეგ ისევ აამოძრავებდა ხოლმე ვაგონს. როდესაც რაღაც მიზეზის გამო, ვაგონი ლიანდაგს ასცდებოდა და გრუნტზე გადავიდოდა, მგზავრები ჩამოდიოდნენ და მათი დახმარებით მძღოლი და კონდუქტორი ასწევდნენ ვაგონს, რელსებზე იოლად შეაგორებდნენ, რის შემდეგ ვაგონი თავის გზას დინჯად გაუდგებოდა.
GzaPress
დროგამოშვებით ქუჩაში ეტლი ან დროგი შეგხვდებოდა. ტროტუარზე ან ქუჩის პირას ნელი ნაბიჯით, მძიმედ დატვირთული კურტნიანი მუშა ჩამოივლიდა.
ფიროსმანის ქუჩაზე სახლები უცვლელად დგანან, ისეთივე, როგორიც ფიროსმანის დროს. არც ერთი სახლი არ დამატებია აქაურობას, არც მოჰკლებია. წარსულში, ქუჩაში გამვლელების ყურადღებას იპყრობდა ოთხსართულიანი დიდი სახლი, რომელიც ფიროსმანის და ფოცხვერაშვილის (ყოფილი ბატარეის) ქუჩების კუთხეში დგას. მისი კარნიზის ქვეშ ჩამწკრივებული იყო კვადრატებში მოქცეული სხვადასხვა შინაარსის სურათი, ამიტომ ამ სახლს დახატულს უწოდებდნენ. ყოველთვის, როცა ჩავუვლიდი, უნდა გავჩერებულიყავი და სურათები დამეთვალიერებინა. ყურადღების ცენტრში თამარ მეფის სურათი იყო. დღეს ისინი საღებავებითაა დაფარული.
მალაკნების ქუჩაზე სამ ათეულზე მეტი დუქანი იყო, სადაც ყოფაცხოვრების პირველი საჭიროების პროდუქტები და წვრილმანი საქონელი იყიდებოდა. იყო აგრეთვე ფეხსაცმელების, მუსიკალური ინსტრუმენტების, თერძების და სხვა სახელოსნოები. სამიკიტნოები ქუჩის თავსა და ბოლოში, მოედნების მეზობლად იყო. ახლა, ყოფილი დუქნების სათავსები საცხოვრებელ ბინებად და პატარა დაწესებულებებისთვის არის გამოყენებული. ეს აშკარად ჩანს შემორჩენილი დარაბებით.
მალაკნის და ფეერვერკოვის (კონსტიტუციის) ქუჩების გადაკვეთაზე, #23 სახლის დიდ სარდაფში ღვინის საწყობი იყო. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ფიროსმანი უმთავრესად ამ სარდაფში ბინადრობდა. თავისი უკანასკნელი დღეებიც აქ დაასრულა.
1918 წლის მაისში, მძიმედ ავადმყოფი ფიროსმანი მისმა ნაცნობმა მაისურაძემ მოინახულა, რომელმაც ის მაშინვე საავადმყოფოში ეტლით გაგზავნა და თან გააყოლა ვინმე ილია მგალობლიშვილი. რამდენიმე დღის შემდეგ, ფიროსმანი გარდაიცვალა. მალე იგივე ბედი ეწია მგალობლიშვილს. მოწმე აღარავინ დარჩა და არავინ იცის, რომელ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სად დაასაფლავეს ფიროსმანი. ასე, სარდაფის კარში გაქრა მისი კვალი.
კარგი იქნებოდა, რომ სარდაფის ჩასასვლელის თავზე დაიდგას მემორიალური დაფა და ყურადღებით გაისინჯოს სარდაფი. შეიძლება რამე საყურადღებო შემორჩა აქაურობას.
კირილე ზდანევიჩს, თავის წიგნში "ფიროსმანი", სახლის ნომერი, საიდანაც ფიროსმანი საავადმყოფოში წაიყვანეს, #29 აქვს მითითებული. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. #29 სახლში ღვინის სარდაფი არასოდეს ყოფილა. ამაში ახლაც შეიძლება იოლად დარწმუნდეს ადამიანი. ფიროსმანის დროიდან მალაკნის ქუჩაზე სახლების ნუმერაცია არ შეცვლილა.
დღევანდელი ვაგზლის მოედნის ადგილას, პატარა მრგვალი სკვერი იყო, რომელსაც ფეხით ან ეტლით მოსული მგზავრები შემოუვლიდნენ და კიბით ვაგზლის მოსაცდელ დარბაზში ადიოდნენ. წარმოსადეგი გარეგნობის, სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი შვეიცარი დარბაზში დადიოდა, წესრიგს თვალყურს ადევნებდა და დროგამოშვებით, დიდი ზარის რეკვით აუწყებდა მგზავრებს მატარებლის წასვლის ან მეზობელი სადგურიდან გამოსვლის დროს. როცა თავისუფალი იყო, დიდი პატივისცემით ხვდებოდა წარჩინებულ მგზავრებს.
ვაგზლის მარჯვენა მხარეს ხეები იყო დარგული. ეს ადგილი ეკლესიის ასაგებად გახლდათ განკუთვნილი. ჩვენ, მოსწავლეები, ეკლესიის საძირკვლის კურთხევის დროს მოგვიყვანეს ამ ადგილზე, ჩაგვამწკრივეს მუნდირებში გამოწყობილი ჩინოვნიკებისა და სამხედროების გვერდით, რომლებიც ყურადღებით და მოწიწებით უსმენდნენ მღვდლის წირვა-ლოცვას.
ვაგზლის მარცხენა მხარეს ზაფხულის ხის პავილიონი იდგა გარეუბნის მატარებლებისთვის. ვაგზლის მოედანსა და გოგოლის ქუჩას შორის მოძველებული კვარტალი იყო, რომელიც საბჭოთა ხუთწლედების პერიოდში მოედნის გაფართოების დროს აიღეს. აქ იყო სასტუმროები, სამხედრო კომისარიატი და საცხოვრებელი სახლები. ქვედა სართულებში დუქნები და სამიკიტნოები გახლდათ მოთავსებული. მათში გამოირჩეოდა სამიკიტნო "ვარიაგი", რომლის აბრაზე გამოსახული იყო ისტორიაში კარგად ცნობილი, რუსეთის საზღვაო ფლოტის კრეისერ "ვარიაგის" იაპონიის ესკადრასთან უთანასწორო ბრძოლის ეპიზოდი. სწორედ ამ სამიკიტნოში მოხდა ნიკო ფიროსმანაშვილის აღმოჩენა.
1912 წლის ზაფხულის არდადეგებზე პეტერბურგიდან თბილისში, მშობლიურ სახლში, დედ-მამასთან ჩამოვიდნენ ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები და მათი სტუმარი მიხეილ ლე-დანტოუ. ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის, კირილე და სტუმარი კი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იყვნენ. დასვენების გარდა, მათ მიზნად ჰქონდათ დასახული ხალხური ღირსშესანიშნაობების მოძებნა და გაცნობა, ქართული არქიტექტურის შესწავლა და ეტიუდების, ლექსების წერა. ისინი ოცნებობდნენ მხატვრობის ახალ ფორმებსა და ფერებზე.
ზაფხულის დამდეგს, ერთ საღამოს, ქალაქში სეირნობის დროს ეს სამი სტუდენტი ვაგზლის მოედანზე გამოვიდა. მათი ყურადღება სამიკიტნო "ვარიაგის" აბრამ მიიპყრო. ნახევრად ჩაბნელებულ სამიკიტნოში შევიდნენ. როცა თვალი სიბნელეს შეეჩვია, დაინახეს კედლებზე ლამაზი, არაჩვეულებრივი სურათები. გაკვირვებულები და მოჯადოებულები ათვალიერებდნენ სურათებს, რომელთა ხატვის მანერა არ ემორჩილებოდა აკადემიურ ხატვის კანონებს. ბნელ ფონზე გამოსახული იყო მარტივი, თითქმის ბავშვური მიამიტობით აღსავსე, მაგრამ დიდებული სურათები. ეს იყო ჯერ კიდევ უცნობი, დიდი ნიჭის პატრონის, უსწავლელი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის ქმნილებები.
ამ სურათების ავტორი ახალგაზრდებმა მალე მოძებნეს, ესაუბრნენ მას, რის შემდეგაც ისინი ნიკო ფიროსმანაშვილის ხელოვნების პოპულარიზატორები გახდნენ. ერთი წლის შემდეგ ფიროსმანი ცნობილი იყო საქართველოში, მოსკოვსა და პეტერბურგში, როგორც თვითნასწავლი, პრიმიტივისტული შედევრების მხატვარი. მოგვიანებით ზდანევიჩებს შეუერთდა მხატვარი შევარდნაძე. ფიროსმანის სახელი გასცდა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს. მის ასეთ მაღალ შეფასებას ფიროსმანი დუმილით შეხვდა.
მამაჩემი რკინიგზაში მუშაობდა და სახლში დაღლილი რომ ბრუნდებოდა, ზოგჯერ ერთ უზალთუნს (15 კაპიკი) და კვარტიან ბოთლს მომცემდა, ღვინის საყიდლად გამგზავნიდა, თან მეტყოდა, რომელ სამიკიტნოში მეყიდა. ხალისიანად გავრბოდი და იმაზე ვფიქრობდი, როგორმე თონეში შემეხედა და პურის ჩაკრობის დროს კიდევ ერთხელ მენახა თონეში ჩაყირავებული ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ფეხების ტერფები უჩანდა. მაოცებდა ეს სანახაობა, მაგრამ რა ვიცოდი, რომ იყო შემთხვევები, როცა მეპურე პურის ჩაკრობისას გავარვარებულ ნაკვერჩხლებში ჩავარდნილა.
ძალიან მხიბლავდა ჭიჭინაძის სამიკიტნო მალაკნის ქუჩა #14 სახლში რომ იყო. აქ, კართან, ხელმარცხნივ, დიდი კარადის მსგავსი არღანი იდგა. მოქეიფენი შაურს ჩააგდებდნენ არღანში და ის თვითონ იწყებდა დაკვრას. კედლები ბნელ ფონზე დახატული სურათებით იყო დაფარული. პატარა მაგიდებთან სამიკიტნოს სტუმრები დინჯად ბაასობდნენ. ასე იყო დღისით, მაგრამ საღამოს და დაღამებისას, აქ მოქეიფეების ყაყანი, ჩოჩქოლი იდგა, არღნის და დუდუკის გაბმული ხმა ისმოდა. მოედნის მეორე მხარეს ქეიფის იგივე ატმოსფერო სუფევდა. აქ უფრო დიდი სამიკიტნოები იყო, რომელთა კედლები ასევე გახლდათ მოხატული. დიდი ალბათობით ავჭალის მოედნის სამიკიტნოების კედლები ფიროსმანის მიერ იყო მოხატული.
საბჭოს ქუჩის მარცხენა მხარე, ავჭალის მოედნიდან დაწყებული, რკინიგზას მიჰყვება და ბნელ ხიდთან მთავრდება. აქ, რკინიგზის ორ ხიდს შორის მოქცეულ მყუდრო ქუჩაზე, თითქმის ოთხი ათეული წელი ვცხოვრობდი. ჩემი ბავშვობისა და ყრმობის დროს ვერ ვამჩნევდი, როგორ იცვლიდა თავის სახეს ძველი თბილისი, მეტადრე პირველი მსოფლიო ომის და რევოლუციის პერიოდში. თანდათან იშვიათი ხდებოდა თბილისისთვის დამახასიათებელი სცენები, ზოგი კი თვალსა და ხელს შუა ისპობოდა.
აღარ არსებობდა ფიროსმანის უბანში თულუხჩები, თუმცა მეზობლად, ჩუღურეთში ისინი ჯერ კიდევ ზურგით უზიდავდნენ მოსახლეობას წყალს. იშვიათად თუ გამოჩნდებოდა და ეზოში შემოვიდოდა თაბახით თავზე, ზურგგაშეშებული, კოლორიტულ ტანსაცმელში გამოწყობილი კინტო და შემოგთავაზებდა სეზონის პროდუქტებს. მასთან სიტყვა "კინტოს" თქმა არ შეიძლებოდა. ეწყინებოდა და სამაგიეროს მკვახედ გეტყოდა.
ერთი-ორჯერ გამოჩნდა მოხეტიალე, განათლებული მუსიკოსი ილიკო ქურხული. მისი ვიოლინო და გარეგნობა სხვანაირ ყურადღებას იწვევდა მოსახლეობაში. მას პატივისცემით ვხვდებოდით და ვაცილებდით ეზოდან...
GzaPress
ხშირად, ჩვენი სახლის წინ ჩამოივლიდა შუახნის კაცი. ტანით საშუალოზე ცოტა მაღალი, წვერულვაშიანი, ჭაღარაშერეული, ჩაფიქრებული. იგი დინჯად ჩაგვივლიდა თამაშში გართულ ბავშვებს. თავი ოდნავ მარცხნივ ჰქონდა გადახრილი, ზოგჯერ უკან ხელდაკრეფილი; ნიკაპზე მოკლე წვერი ჰქონდა დატოვებული. თავზე კარტუზიანი ქუდი ეხურა, ისეთი, კინტოები რომ ატარებდნენ. ხალათი და პიჯაკი იყო მისი ჩაცმულობა. ყურადღებას გარემოს მიმართ თავისი გულგრილობით იქცევდა. ბოლოს ჩვენი თვალი იმდენად მიეჩვია ამ უცნობ ადამიანს, მისი გამოჩენა რაიმე გაკვირვებას არ იწვევდა.
ძალიან იშვიათად, სამუშაო ტანსაცმელში გამოივლიდა, ორი-სამი სხვადასხვა ზომის ცილინდრული ვედრით ხელში, საიდანაც სახატავი ფუნჯები მოჩანდა. როგორც ჩანს, მალაკნის ხმაურიან ქუჩას ერიდებოდა და ჩვენს წყნარ ქუჩაზე სიარულს ამჯობინებდა. რამდენჯერმე თვალი მოვკარი, როგორ ჩადიოდა მალაკნის ქუჩის #23 სახლის სარდაფში. შემთხვევით, ამ ადამიანის მუშაობის მოწმეც გავხდი. ჩვენს უბანში ფეერვერკოვის ქუჩაზე #27 სახლში ვინმე გვასალიას სამიკიტნო იყო. ერთხელ ჩვენთვის ეს ნაცნობი ადამიანი, ამ სამიკიტნოს წინ, ტროტუარის ნაპირას, სამიკიტნოსთვის აბრას ამზადებდა და ჩარჩოში ჩასმულ თუნუქზე ქვევრს ხატავდა. ბავშვები ცოტა მოშორებით ვიდექით და ვუცქერდით. ერთი ჩვენი უბნელი ახალგაზრდა მხატვარს გამოელაპარაკა. მხატვარმა ამოიოხრა და გულდაწყვეტილმა ისე თქვა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა: "ჰე, ერთი კარგი ფუნჯი და საღებავი მომცა, რა იქნებოდა?" ახალგაზრდამ უპასუხა: "ძია ნიკო, კარგი ფუნჯი და საღებავი რას უშველის, თუ მხატვარი უვარგისია?" ძია ნიკომ გაკვირვებულმა შეხედა, შეპასუხება არ მოიწონა და ოდნავ აღელვებულმა უთხრა: "აბა, ჰკითხე ხელოსანს, რას ნიშნავს მისთვის კარგი იარაღი? ისევეა მხატვრისთვის, კარგ ფუნჯს და კარგ საღებავებს დიდი მნიშვნელობა აქვს". ეს მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი იყო.
მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში დარჩენილ ფიროსმანს ვერაფერი ამოშლის. ბევრი რამ წავიკითხე მის შესახებ, ვნახე სცენაზეც და კინოშიც განსახიერებული ფიროსმანი და ყოველთვის სინანულის გრძნობა მაწუხებს. ხელოვნებაში გამოსახული ფიროსმანი ისეთი არ არის, როგორიც სინამდვილეში იყო.
გავრცელებულია ფოტოსურათი, რომელშიც ფიროსმანი სხვებთან ერთად გადაღებულია 1916 წლის ოქტომბერს, ნაძალადევის ეკლესიის ეზოში. სოფელ მეჯვრისხევის ბიბლიოთეკაში ფიროსმანის კარგი ფოტოსურათი ინახება. გაზეთ "კომუნისტის" 1962 წლის 16 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სურათში გამოსახული ადამიანი, რომელიც ქველმოქმედ დავით სარაჯიშვილის დასაფლავების დროს, 1911 წლის კინოფირში მოხვდა და გამოქვეყნებულია გაზეთში, როგორც ფიროსმანი, ფიროსმანი არ უნდა იყოს. იმ დროისთვის ფიროსმანი 49 წლის იყო და ეს ცხოვრებით გაწვალებული ადამიანი არ შეიძლება ასე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. გარდა ამისა, სახის ნაკვთებითაც არ ჰგვანან ერთმანეთს.
ფიროსმანი შლაპასა და კოსტიუმში, ესეც საეჭვოა. შეიძლება, იმ პერიოდში, როდესაც ვაჭრობას მისდევდა, ჰქონდა საშუალება და კარგადაც იცვამდა, მაგრამ იმ დროს შლაპა იშვიათად იხმარებოდა, მით უფრო, იმ წრეში, სადაც ფიროსმანი ტრიალებდა. 1912 წელს, ზაფხულში ძმები ზდანევიჩები პირველად შეხვდნენ ფიროსმანს. ილია ზდანევიჩის ჩანაწერიდან: "თეთრ კედელთან იდგა მხატვარი, დაგლეჯილ შავ პიჯაკსა და ფეტრის რბილ ქუდში". ჩაცმულობაში ასეთი კონტრასტი მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ფიროსმანის რბილი ქუდი სამუშაო ტანსაცმლის ისეთივე ნაწილი იყო, როგორც დაგლეჯილი შავი პიჯაკი.
ქართული ფილმის "ვერის უბნის მელოდიებში" მედროგე პავლეს ჩაცმულობა, ქცევა და თავდაჭერილობა ფიროსმანისას ჰგავს. მის გრიმში კორექტივების შეტანის შემდეგ, მსგავსება უფრო დიდი იქნებოდა.
ზდანევიჩების მეგობარმა კოლაუ ჩერნიავსკიმ სცადა ფიროსმანის საფლავის მოძებნა, მაგრამ ამ ცდამ უშედეგოდ ჩაიარა. ფიროსმანის ძებნის არე ძალიან მცირეა: 1918 წლის გაზაფხულის დამლევი და ზაფხულის დასაწყისი. სარეგისტრაციო ჟურნალები ორ საავადმყოფოში: არამიანცის და მიხაილოვის და სამი სასაფლაო: კუკიის, პეტრე-პავლეს და ხოჯევანის. დაბოლოს, იმ დროს ახალდაარსებული უნივერსიტეტის პროზექტურა.
31. 03. 1979 წელი. თბილისი".
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.