ათასჯერ უკეთესი ირაკლი
font-large font-small
ათასჯერ უკეთესი ირაკლი
"ღმერთო, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები..."

სამიოდე წლის წინ, მახსოვს, ბერების გალობას ვუსმენდი ზარზმაში და უსიამოვნოდ ჩემი ტელეფონის ხმაც გაისმა ტაძარში. დარცხვენილმა, როგორ დაარღვია ჩემმა კუთვნილმა პატარა მოწყობილობამ ძველქართული ჰიმნის ჰარმონია-მეთქი, სასწრაფოდ დავტოვე ეკლესია, უდროოდ დამრეკავისთვის რომ მეპასუხა. რბილი და ბზარშერეული ხმით იკითხა ჩემი სახელი და გვარი. ვუთხარი, რომ მე ვიყავი. თითქმის ერთი თვეა, თქვენს ნომერს ვეძებ, ჟურნალში თქვენი სტატია წავიკითხე აფხაზეთზე, მადლობა მინდოდა მეთქვა ჩემი ძმისა და სოხუმის მერის გახსენებისთვის, იმ უბრალო ადამიანების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, ვისზეც გეწერათ, ყველა ჩემი ნაცნობი იყო. მე ჟიული შარტავას და ვარ და მინდა, ჟურნალისტებმა ხშირად შეახსენოთ ხალხს, რა დაგვატოვებინეს ენგურს მიღმა, არ დაანებოთ დროს, არ მისცეთ უფლება, რომ უხილავი ძაფები ჩაწყდეს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორისო...


უცნაური სიხარულით მოცულმა, გულში გავამართლე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა და ვთქვი, რომ წელიწადში ერთხელ მაინც დავწერდი აფხაზეთზე! თან ეს ერთხელ დაწერა არ დაემთხვეოდა სოხუმის დაცემის დღეს - ჩვენი "თეთრი სანატორია" მარტო დაცემის დღეს როდი უნდა გვახსოვდეს... ირაკლი შამათავას მოგონებებით ერთხელ კიდევ მოვსინჯე, იმ უხილავი ძაფების გამაგრება, ჯერ კიდევ რომ გვაკავშირებს ენგურის ორ მხარეს დარჩენილ ერთ საქართველოს!

"პატარა ისტორიას გავიხსენებ წარსული დღეებიდან... აფხაზეთის ომისდროინდელი ამბავია. გალში ნათესავი გარდაიცვალა და ტრადიციისამებრ, მამა ყოველ მიზეზგარეშე უნდა დასწრებოდა დაკრძალვას. მისთვის ასეთ დროს ვერანაირ ბარიკადს ვერ აღმართავდი, ვერც ბარიერებით შეაშინებდი, როგორიცაა უპასპორტობა, საზღვრის გადაკეტვა, კონფლიქტის გამწვავება. მოკლედ, მამა წავიდა აფხაზეთში; წასვლა კი არა, უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვა, ოჯახიდან გაიპარა... სამგზავროდ 300 ლარამდე ჰქონდა და წესით, არათუ გალში, ეს ფული ბევრად შორსაც წაიყვანდა... რამდენიმე დღეში, მამა რეკავს სახლის ნომერზე (ფოთში): - ირაკლი, სამგზავრო თანხა არ დამრჩა და დედას სთხოვე, ეგებ გამომიგზავნოს ნათესავი გოგოს ხელით (სიტყვა "ეგებ" ყველაფრის მთქმელი აღმოჩნდა იმ წუთში ჩემთვის). - კი, მაგრამ, რა შეგემთხვა, მამა? - არაფერი! აქაურებს ვერ ვთხოვ, ისედაც გაუსაძლისი ყოფა აქვთ, - თქვა მორიდებით, დანანებით. წლების შემდეგ, როდესაც გალში ბიძის დაკრძალვაზე ჩავედი, იქაურმა მეზობელმა გაიხსენა: ერთხელ, მამაშენმა მთელი ავტობუსის ფული გადაიხადა, დაახლოებით 70-მდე მგზავრს გაუმასპინძლდა (ნაცნობს თუ უცნობს) და რომ ვკითხეთ, ასე გვითხრა: ომმა ჩვენს ხალხს ყველაფრის რწმენა დააკარგვინა, ვიდრე ტერიტორიას დავიბრუნებდეთ, პატარ-პატარა სიკეთეებით უნდა შევძლოთ ერთმანეთის დაბრუნებაო! მართლაც დიდებული კაცი იყო მამაჩემი... მის ნამოქმედარ სიკეთეებს გზადაგზა ვიგებ მამას გარდაცვალების შემდეგ.
GzaPress
მამა მე-9 კლასის მოსწავლე იყო, დამოუკიდებლად სახლი რომ ააშენა. და ის 1993 წლის საომარი მოქმედებისას დაგვიწვეს, მაგრამ მაინც გადავხურეთ გაეროს დახმარებით. როდესაც სახლი დაგვიწვეს, მამას ურჩიეს, შენი დარგული ხე რომაა ეზოში, იქიდან ერთი ოთახის სამყოფი ფიცარი მაინც გამოვა და მოჭერიო. მამამ იუარა, სიკვდილამდე სულ იმას ჩამჩიჩინებდა, როდესაც დაბრუნება იქნება, ახალ წელს ნაძვი საგანგებოდ ნათურებით და სათამაშოებით მოვრთოთ და შენ ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე გექნებაო. მას მერე რამდენი წელი გავიდა... მამის გარდაცვალების შემდეგ ნაძვის სიგრძე გავზომე, ეს გასულ წელს მოხდა. სიმაღლე 23 მეტრი აღმოჩნდა. დღემდე, ყოველ ღამით ამ ხის ფოტოს ვათვალიერებ და ვიდრე სიზმრებით ჩემს ოდაბადეში არ აღმოვჩნდები, არ მეძინება. ზღაპრები არასდროს მყვარებია, ისინი მხოლოდ მაშინ დავაგემოვნე, როდესაც ჩემმა დისწულმა ხელში ასტრიდ ლინდგრენის "სახურავის ბინადარი კარლსონი" შემომაჩეჩა. თხრობა ფანტასტიკური, ამაღელვებელი ისტორიებით იყო გაჯერებული. ფოტოფირივით აკინძულ ამბავს მუცლით მეზღაპრე ბავშვურად მიამბობდა. მეც კი, ჭკუადამჯდარს, მსიამოვნებდა "მოგონებული ტყუილი, შემჭევრებული ამბავი, რომელნი ივლტიან ბილწ-ჰამბობასა" და მივხვდი, რომ ბავშვობადაკარგულ თაობას ვეკუთვნოდი, რომელსაც ბრძოლის წესები, სამხედრო ლიტერატურა და ომის სურათები თვალწინ გადაუშალეს; ტკივილიანი, სისხლიანი ანბანის გარშემოწერილობით კი შეაგონეს, შენ დაკარგული სამოთხიდან ხარო. იმავე მოთხრობის ფინალში კი შემზარავ სიმართლეს მეუბნება მამა: უცხო კლიმატში გადარგული თავმოყვარე ხე თავს გაიხმობდა, ჩვენ კი... უკეთურობას შევემთხვიეთ და გვეამა, უბედურება გადაგვეღობა და გულში ჩავიკარით, ხელმოცარულ მარტოობას დავუზავდით და მერე ისე შევეჩვიეთ ამ ყოფას, რომ არამც და არამც, არ გავიბრძოლეთ დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად. სამოთხე სხვა კი არაფერი არის, შვილო, თვინიერ სამშობლოსი. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდით. მას მერე, სწორედ რომ უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ბ-ა მაწუხებს. მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ოდესმე იქ დავბრუნდებით!
ახლა კი სხვა რამ უნდა მოგითხროთ, მოგონებების სკივრიდან, ანუ რამდენიმე ფრაგმენტი მამაჩემის გარდაცვალების შესახებ...
9 ივნისი, 2007 წელი იყო. საშინელი სიზმარი ვნახე! მამა თითქოს საავადმყოფოში გადავიყვანეთ "სასწრაფოს" მანქანით. წინასწარ ვხედავ სამგლოვიარო პროცესიას, ყველა წვრილმანს, რაც თან ახლავს ჭირისუფლობას... ვფხიზლდები! შიშის ბრალია, სიკვდილზე ფიქრის, ასე ვხსნი სიზმარს. სიზმარს გამდინარ წყალთან და ცეცხლთან ვყვები (ესეც ხომ ცრურწმენაა, მაგრამ მშველის ხანდახან). მაინც მეშინია... ზუსტად ვიცი, ერთხელაც მამასთან უთუოდ მოვა სიკვდილი, დაუპატიჟებელი სტუმარივით. უნივერსიტეტის პირველი კურსის ფინალური გამოცდები მაქვს. 12 საგნიდან 11-ში ფრიადი მივიღე (93, 95, 98, 99, 100 ქულაც კი). მრჩება მხოლოდ სისხლის სამართლის გამოცდა. ლექტორს ვეუბნები, - ვგრძნობ, მამა კვდება, იქნებ გამათავისუფლოთ და პირდაპირ გადაბარებაზე მოვალ-მეთქი.
ბევრჯერ მსმენია მსგავსი მიზეზები და ისტორიები! გა-მო-რი-ცხუ-ლია, ან ახლა, ან ხელმეორედ გაივლი საგანს, შემოდგომის სემესტრში. რას იზამ? - მეკითხება გამომცდელი მზერით. ვდგები და საფინალო მე-12 გამოცდას ვტოვებ. არადა, ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც მაშინ 15 ლარს შეადგენდა, ძალიან მჭირდებოდა... ყურში ეჟვანივით ჩამესმის "მსგავსი მიზეზები და ისტორიები"... ნეტავ, სხვას ჩემებრ ვის გაუჭირდა?! სასწრაფოდ მივდივარ ფოთისკენ. გამგზავრებამდე, მეგობრის მობილურიდან ვურეკავ დედას და ვეკითხები: - მამა როგორ არის! (ის მეგობარიც ტრაგიკულად გარდაცვლილია, უმამო ბიჭი იყო და უთქმელად ესმოდა ჩემი...)
- კარგად, ძალიან კარგად. ერთი ეგაა, რომ ყოველდღე გკითხულობს. როდის რჩები გამოცდებს?
- 5 საათში სახლში ვიქნები.
ვთიშავ ტელეფონს.
GzaPress
საღამოს ჩავდივარ. მამა სიხარულით აღარ არის. რაკი ჩამოხვედი, აწი რა მომკლავს. შენ ყველაზე კარგად გამოგდის ჩემი სუნთქვის დარაჯობაო... 10 ივლისი, 7 საათი.
მოსაღამოვდა. დედამ ბაზრიდან თევზი მოიტანა და დასუფთავებას შევუდექი. უეცრად დის და დედის შეკივლების ხმა და... მამა იატაკზე გონდაკარგული ესვენა. ვცადე ჩვეული მეთოდით ენის დაჭერა, მაგრამ ეს შემთხვევა არ ჰგავდა მანამდე ათასგზის ნანახს თუ განცდილს!
"სასწრაფოს" მანქანით გადავიყვანეთ, გული საშინლად ცუდს მიგრძნობდა, მაგრამ რაკი ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა, იქნებ უფალმა ახლაც სასწაული დაუშვას? ვებღაუჭები იმედს... საავადმყოფოს მოსაცდელში ვარ. ფრჩხილებს ვიკვნეტ და ღმერთს ვეუბნები: ღმერთო, სადაც ხარ და როგორც ხარ, ამ ერთხელაც გადაარჩინე მამაჩემი და გპირდები, ასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდები...
მამა ხელოვნური სუნთქვის აპარტზეა მიერთებული. ფანჯრიდან ვუყურებ და ზუსტად ვხედავ (უფრო ვგრძნობ), თვალები ცრემლით აქვს სავსე. შიგნით არ მიშვებენ ექიმები, მეც ვდგავარ და ველოდები საფინალო განაჩენს, ოღონდ ეს ისეთი მტანჯველი არაა, როგორიც სისხლის სამართლის გამოცდა...
სრული უიმედობა. ვრეკავ ყველგან, ეგებ ჩამოუსწრონ ძმებმა და დებმა... ომის მერე ნაწილი აფხაზეთშია, ნაწილი ზუგდიდში, ზოგიც აქვე - ფოთში. 26-საათიანი ბრძოლის შემდეგ მამამ დალია სული... 11 ივლისი, დაახლოებით 12 საათი. მამიდაჩემის შეშლილი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში, მეგრული ტრადიციის აღსრულებას ითხოვდა: როგორმე, ძმის სული ძაფით უნდა დავაბრუნოთ ოჯახშიო... მამის ცხედარს მივასვენებთ სახლისკენ. საავადმყოფოს გასასვლელთან, ჭიშკარში ბიძები შემომხვდნენ, მდინარე ენგური გადმოეცურათ, რომ ჩამოესწროთ მომაკვდავი ძმისთვის. ჩემი გმირი ბიძები... აფხაზეთის ტრაგედიების თვითმხილველები, ყოველდღე ვაჟკაცურად რომ იგერიებდნენ ომის საშინელებებს, ისე საწყლად და მდუმარედ იდგნენ კართან, რომ... მხოლოდ ეს იკითხეს:
რამდენი საათი დავაგვიანეთ? ორი? სამი? მეტი?..
მხოლოდ 15 წუთი! - ვუპასუხე და დღემდე ვფიქრობ, რატომ გავიმეტე ისინი ასეთი მტკივნეული სიმართლისთვის. ხომ აჯობებდა, მეთქვა, რომ მთელი საათების წინ გარდაიცვალა მამა... ახლა ეს 15 წუთი უნდა გამხდარიყო მუდმივი სინანულის მიზეზი... ძაფის გორგალი დავიჭირე ხელში, რომლითაც მამის სული სახლამდე უნდა დამებრუნებინა და გახევებული, ტკივილისგან დაკლაკნილი გავუყევი გზას.
მიცვალებული რომ დავასვენეთ, ზუსტად ის სურათი აღმიდგა, სიზმარში რომ მქონდა ნანახი. გამოდის, წინათგრძნობა ახდა! დეპეშა მივიღე, სისხლის სამართლის ლექტორი მისამძიმრებდა მამის გარდაცვალებას, ჯგუფელმა მითხრა, რომ სტიპენდია მაინც დამენიშნა, მაგრამ უკვე რა აზრი ჰქონდა ასეთ წვრილმანობებს! ვფიქრობდი მარტო იმას, ღმერთო, კი ვერ/არ გადამირჩინე საწყალი მამაჩემი, მაგრამ მე მაინც ვეცდები, ასჯერ კი არა, ათასჯერ უკეთესი ირაკლი გავხდე...
ჰოდა, ეს ყოველივე იმას მოვაყოლე, რომ 11 ივლისს, 13 წელი შესრულდება, რაც აღარ ხარ, მამა! მე კი გეუბნები, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე არც ერთი დღე არ მიგრძნია უშენოდ...
და კიდევ, გუშინ აფხაზეთელმა, საუკეთესო მეგობარმა (მწერალმა) ნესვზე რომ დამპატიჟა, უარი ვუთხარი. იმ მიზეზით, რომ ნესვის ჭამა უდიდეს ტკივილს აღძრავს ჩემში და წლებია, მასზე უარი ვთქვი... იმ ბედნიერ დროს მახსენებს, ნაძვის ხის ქვეშ რომ დავსხდებოდით ნათესავები და ბედნიერად შევექცეოდით, თან დედისგან მომზადებულ სანაქებო აჯიკას გადავუსვამდით. ის, რაც გასაგიჟებლად ბედნიერს მხდიდა, ახლა უდიდეს მწუხარებას მანიჭებს. მინდა, რაღაცამ კვლავ ტკივილი მომანიჭოს, რადგან ახლა ისეთი მძიმე დღეები მოდის, უმამობა რომ მეტად შეგრძნებადი ხდება. გამახსენდა, მაცივარში ნესვი დევს (სხვა მეგობრებისგან მოტანილი)... ჰოდა, ავდექი და ვჭამე, ასე გავეპასუხე ტკივილს!
ვჭამე არა სიყვარულის ან მონატრების გამო, არამედ იმისთვის, რომ გამხსენებოდა ყველაფერი, რაც ომამდელ აფხაზეთს უკავშირდებოდა და მიწას, სადაც წესით, შენ უნდა განგესვენა, მამა...
P.S. სიტყვაზე მენდეთ, ირაკლი შამათავამ დანაპირები აასრულა. ასჯერ კი არა, ათასჯერ უკეთესია, როგორც აღუთქვა უფალს. ისე გაიზარდა ცხოვრებასთან და ტკივილთან ბრძოლაში, როგორც ენგურს გადაღმა, შამათავების ეზოში ის ხე, მამამ რომ არ მოჭრა. ეს ის ხეა, რომელიც ფესვებით იჭერს აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ერთობას...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.