"სქელმა ქურთუკმა გადამარჩინა, თორემ დანა მეც რამდენჯერმე მომხვდა..."
font-large font-small
"სქელმა ქურთუკმა გადამარჩინა, თორემ დანა მეც რამდენჯერმე მომხვდა..."
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?

16 წლის თათა ოქროპირიძე ინგლისში ცხოვრობს და ტანსაცმლის დიზაინის სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს: სამოდელო სააგენტო "კატრინთან" ერთად, გოგონა პროექტს - Every Life Matters. One Knife, One Life - ახორციელებს, რითაც საქართველოსა და მთელ მსოფლიოში თინეიჯერებს შორის ძალადობას ეხმაურება. მოზარდებს შორის ძალადობის საკითხი თათასთვის უცხო არ არის: ის თავადაც კინაღამ მოძალადის დანას ემსხვერპლა...


- თათა, ამ პროექტის იდეა როგორ, რატომ გაგიჩნდა?
- სამწუხაროდ, ინგლისში, მოზარდებს შორის დაპირისპირებისა და ჩხუბის დროს დანის გამოყენება, რის შედეგადაც ხშირად ბევრი ახალგაზრდა იღუპება, სერიოზული პრობლემაა... პროექტს - "სიცოცხლე მშვენიერია, ერთით ნაკლები დანა, ერთით მეტი სიცოცხლე" - სამოდელო და სილამაზის საერთაშორისო კონკურსების ხელმძღვანელ ეკა მგალობლიშვილთან ერთად ვახორციელებ. პანდემიის პერიოდში, დედაჩემის დახმარებით, ქალბატონ ეკას დავუკავშირდი, რადგან სურვილი მქონდა, მოდის სფეროში პირველი ნაბიჯები ჩემს ქვეყანაში გადამედგა... 25 "ლუქი" დავხატე. გადავწყვიტე, კოსტიუმები საქართველოში შექმნილიყო. ჩვენება ჩვენს ქვეყანაში გაიმართება, როდესაც საქართველოსა და ინგლისს შორის ავიამიმოსვლა აღდგება. მინდა, ჩემს დედიკოს - მაკა ოქროპირიძეს მადლობა გადავუხადო, რადგან ოცნების ასრულებაში მეხმარება. ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემი პირველი "ლუქის" ფოტოსესიაში მონაწილეობდა, რომელშიც გამოვიყენეთ ძეგლი სახელწოდებით - "დანის ანგელოზი". ის სხვადასხვა ზომის დანებისგანაა შექმნილი. სულ ასი ათასი დანაა გამოყენებული. ეს ძეგლი მოძრავია და მესიჯის სახით, სხვადასხვა ქალაქში გადააქვთ. თითქმის ერთი წელი ჩვენს ქალაქშიც იდგა. მისი ყოველი დანახვისას ვჩერდებოდი და თვალებზე ცრემლები მადგებოდა... შეიძლება ითქვას, ჩემი კოლექციის ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო ეს ძეგლია...
GzaPress
- ძალადობის ფაქტს პირადად თუ შესწრებიხარ?
- დიახ. ასეთი ფაქტების შემსწრე პირადად ვყოფილვარ. ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა და დაზარალდა. ერთ-ერთი ფაქტის შესახებ გიამბობთ: საღამოს 6 საათი იქნებოდა, როდესაც 5 მეგობართან ერთად, შინ ვბრუნდებოდი. ერთ-ერთი დაჯგუფების წევრებმა (აქ ბევრი დაჯგუფებაა, სხვადასხვა მეტსახელით), რომლებიც დანებით, ბეისბოლის ჯოხებით, რკინის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, გვკითხეს, ვიცოდით თუ არა, სად იმყოფებოდა კონკრეტული პიროვნება. როდესაც ჩვენგან ინფორმაცია ვერ მიიღეს, მათ უმოწყალოდ სცემეს ჩემს მეგობრებს, 2 მათგანს სერიოზული ჭრილობა მიაყენეს. როდესაც მეგობრებთან დასახმარებლად მივედი, ჩემმა სქელმა ქურთუკმა გადამარჩინა, თორემ დანა მეც რამდენჯერმე მომხვდა... სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ ლონდონში კი არა, საქართველოსა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია.
- რამდენი ხანია, რაც ინგლისში ცხოვრობ? შენი ცხოვრების შესახებ გვიამბე.
- ინგლისში დავიბადე და გავიზარდე. წელს Caludon Castle Business Academy-ში სწავლა დავასრულე. ვაპირებ, სწავლა კოლეჯში გავაგრძელო, შემდეგ კი - უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში სხვადასხვა სპექტაკლში აქტიურად ვმონაწილეობდი, როგორც პატარა მსახიობი, მაგრამ ბოლო 5 თვეა, რაც თეატრალურ ფაკულტეტზე ჩაბარება გადავიფიქრე... ძალიან მიყვარს მოგზაურობა, წიგნების კითხვა, ხატვა... ამჟამად, ოჯახთან ერთად, ქოვენთრიში ვცხოვრობ. ეს არის პატარა ქალაქი ინგლისის ცენტრში. მულტიკულტურული ქალაქია, უამრავი პარკით, უძველესი ისტორიით, ბევრი ღირსშესანიშნაობით. აქ სხვადასხვა ეროვნების ბევრი ადამიანი ვცხოვრობთ. ჩემს ვიწრო სამეგობრო წრეში არიან: ქართველები, ინგლისელები, ლიეტუველები, პაკისტანელები, იამაიკელები... მე, დედ-მამა და ჩემი 5 წლის და ლუსი ერთად ვცხოვრობთ. მცირე ასაკის მიუხედავად, ლუსი უკვე საქართველოში, ინდოეთში, ესპანეთში სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია: სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელ ეკატერინე მგალობლიშვილთან აქტიურად თანამშრომლობს... პირადად მე, დიზაინის სფეროში საკუთარი თავი ვიპოვე. დარწმუნებული ვარ, ეს სფერო საშუალებას მომცემს, იდეები ნახატზე გადავიტანო და სამოსზე ავსახო. ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ვდგამ და იმედი მაქვს, წარმატებებს მივაღწევ.
GzaPress
ეკატერინე მგალობლიშვილი:
- ვაგრძელებ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანაში ქართველი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას. წლების წინ, ლუსის დედა დამიკავშირდა - სურვილი ჰქონდა, ლუსი საერთაშორისო ფესტივალებში ჩართულიყო. მერე რა, რომ გოგონა ინგლისში დაიბადა და იქ იზრდება? საქართველოს სახელით, საერთაშორისო ფესტივალზე წავიყვანე, რადგან ქართველია. ინდოეთში "პატარა მის და მისტერ დედამიწა" ჩატარდა, სადაც პატარა ლუსიმ გრან-პრი აიღო. სხვა ფესტივალებშიც მონაწილეობდა. შემდეგ თათამ თავისი ნახატი გამომიგზავნა, რომ შემეფასებინა და იმ ინციდენტის შესახებ მიამბო, რაც მას და მის მეგობრებს შეემთხვათ. ერთობლივად წამოვიწყეთ პროექტი. მსურდა და ამაში თათაც მაშინვე დამეთანხმა, რომ პირველი ჩვენება საქართველოში გამართულიყო. გვინდოდა, მსოფლიოსთვის მიგვეწოდებინა მესიჯი: "ერთით ნაკლები დანა, ერთით მეტი სიცოცხლე". მოგეხსენებათ, მოზარდებს შორის ძალადობის თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ბავშვი თინეიჯერებს შორის დაპირისპირებაზე, დანის გამოყენებაზე (რასაც არაერთი ახალგაზრდა შეეწირა) საუბრობს. ეს ძალზე მტკივნეული საკითხია... პროექტის ქავერის ფოტოზე, "დანის ანგელოზის" ქანდაკების ფონზე, ჩვენი სააგენტოს წარმატებული მოდელი - ნინი გრძელიშვილია გამოსახული. მას თათა ოქროპირიძის დიზაინით შექმნილი, შავ-თეთრი კაბა აცვია, რაც კიდევ ერთი მესიჯის მატარებელია: კანის ფერს მნიშვნელობა არა აქვს, ყველა ადამიანი თანასწორია. მშვიდობიანად, ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. პროექტის მესიჯი მსოფლიომ აიტაცა... იმედია, სექტემბერში პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესდება. მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი პროექტი გადაიდო. 2020 წელს არანაირი კონკურსი, ფესტივალი თუ მოდის კვირეული არაა დაგეგმილი... მოგეხსენებათ, სექტემბერში გრანდიოზულ პროექტს - "მის და მისტერ პლანეტა" ვახორციელებთ. მეშვიდე წელია, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გვსტუმრობენ. ამ დღეებში სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა დამირეკა - ბილეთები დავჯავშნოთო? პასუხს ვერ ვეუბნები, რადგან სიტუაცია გაურკვეველია, თუმცა ფარ-ხმლის დაყრა არ მინდა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვფიქრობ, პროექტების განხორციელებას შევძლებთ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.