ბოტანიკურ ბაღში გატარებული 56 წელი
font-large font-small
ბოტანიკურ ბაღში გატარებული 56 წელი
ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს

ჟუჟუნა ავალიშვილი სოფელ კიცხში დაიბადა, ხარაგაულში. აგვისტოში 81 წლის გახდება, მაგრამ ასაკს არ ეპუება და კვლავაც ეზოში დაფუსფუსებს, უნდა თავისი ხელით მოუაროს ყვავილებსა და მცენარეებს. ამბობს, რომ არა მცენარეები, ამდენ ხანს ვერ გავძლებდიო. 56 წელი იმუშავა ბოტანიკურ ბაღში, ვარდის კულტურის შესახებ კარგა ხანია, წიგნიც მზად აქვს, რომელიც კარგი სახელმძღვანელო იქნება მებაღეებისა და სტუდენტებისთვის, მაგრამ უსახსრობის გამო დღემდე ვერ მოხერხდა მისი დაბეჭდვა.


- სკოლის დამთავრების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავაბარე. ბიოლოგიურ ფაკულტეტზე მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ხომ იცით, მაშინ როგორც ხდებოდა მოწყობა? მითხრეს, დიდი კონკურსია და ფულით ეწყობიან, სასოფლოზე შეიტანე საბუთებიო. საბედნიეროდ, კარგ წრეში მოვხვდი, საუკეთესო ლექტორები მიკითხავდნენ ლექციებს. სახელმწიფო გამოცდებზე ვიკითხე, სადიპლომო რაზე გავაკეთო-მეთქი და რაზედაც გინდა, ოღონდ სიმინდი, ლობიო და სოია არ გაგვაგონოო. გადაღეჭილი თემა იყო, ერთმანეთისგან იწერდა ყველა. ამ დროს მე უკვე ვმუშაობდი ბოტანიკურ ბაღში, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი კრწანისის ექსპერიმენტულ ბაზაზე გადამიყვანეს. დირექტორმა, გოგოლიშვილი იყო გვარად, ვარდის კულტურა ჩამაბარა. ყველაზე უკეთ მაგ კუთხით წახვალ, რადგან ბევრი რამ იცი ვარდის შესახებო და მართლაც, ამაზე საუკეთესო კულტურაზე რაზე უნდა მემუშავა? 56 წელი ბოტანიკური ბაღიდან აღარსად წავსულვარ, სამსახურს შარშანღა დავანებე თავი. ფეხი მოვიტეხე და მაინც დავდიოდი, იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე. ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი - მულჩირება პირველმა მე შემოვიტანე. მულჩი - ეს მასალაა, რომლითაც მიწის ზედაპირი იფარება და წინააღმდეგობას უწევს სარეველების ამოსვლას, ასევე, წყლის აორთქლებას, ნიადაგი რომ არ გამოშრეს.
GzaPress
- თქვენთვის ვარდი რისი სიმბოლოა? ალბათ განსაკუთრებით გიყვარდათ ეს ყვავილი?
- ვარდი უზომო სიყვარულისა და მშვენიერების სიმბოლოა ჩემთვის. ძველთაგანვე ვარდის სიმბოლიკა ანდაზებშიც კი აისახა: "ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია", "კარგი შვილი დედის გულის ვარდია", "ვარდი მოკრიფე და ეკალს ცეცხლი წაუკიდე"... ვარდის სიყვარულთან არის დაკავშირებული ჩვენში გავრცელებული სახელები და გვარები: ვარდო, ვარდიკო, ვარდიაშვილი, ვარდუკაძე, ვარდოსანიძე. თბილისში, მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას ვარდისუბნის ქუჩა ერქვა. შეიძლება, ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ძველ ვერაზე, ამ უბანში შესანიშნავი ბაღი ყოფილა გაშენებული. ვარდის სიყვარულზე მიუთითებს ისიც, რომ ქართველი დედები შვილებს უმღერიან "იავნანა, ვარდოვნანა, იავნანინა", ბავშვებს კი გულის ვარდს უწოდებენ... წინათ საქართველოში ასეთი წესი იყო: მაისის საღამოს ვაჟებს ტყიდან მოჰქონდათ ცოცხალი დეკორატიული ხის ტოტები და ვარდყვავილების კონები, რომლითაც რთავდნენ იმ სახლს, სადაც სატრფო ეგულებოდათ. თუ ქალი თანაუგრძნობდა, მაშინ ვარდყვავილებს სახლში შეიტანდა და მეორე დღეს იმ ვარდებით მოირთვებოდა. თუ ქალს ვაჟთან მეგობრობა არ სურდა, მაშინ ყვავილებს ხელს არ ახლებდა. ეს გარკვეული უსიტყვო პასუხი იყო ვაჟის მიმართ. წითელი ვარდი იყო სიყვარულის, ქორწინების, ბედნიერების სიმბოლო, თეთრი - სიყვარულზე უარის ნიშანი. მე მინიატიურული ვარდები მიყვარდა განსაკუთრებით. საერთოდ, ვარდთან მუშაობა რთულია, ჯერ ერთი, ეკლების გამო. თანაც, თუ ზედ არ ჰყვები და მზრუნველობას არ იჩენ, არაფერი გამოვა. რთული კულტურაა კლასიფიკაციით, ფერებით, ჯიშებით. მსოფლიოს მევარდეები მუდმივად ახალ-ახალ ჯიშზე მუშაობენ. მოსკოვის ბოტანიკური ბაღიდან მეც ჩამომქონდა კალმები, ტოტები და ვამრავლებდი, იქ უკვე გამოცდილ ვარდებს ჩვენს პირობებში ვცდიდი, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში. მეყვავილეობისთვის თბილისი და მისი შემოგარენი რთული რეგიონია. გამოცდის შემდეგ რეკომენდაციებს ვაძლევდი, რომელი ჯიში უფრო შეეგუებოდა აქაურ პირობებს. ჩემს წინამორბედს, მელიტა ექვთიმიშვილს ახალი ჯიშები გამოჰყავდა და ამაზე მეც დავიწყე მუშაობა. ხვიარა ვარდები წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავის და კარგა ხანს გრძელდება მისი ყვავილობა. მიზნად დავისახე, გამომეყვანა ისეთი რემონტანტული ხვიარა ვარდი, ანუ ისეთი, რომელიც ამ პირობებს შეეგუებოდა და კიდევ იყვავილებდა. რამდენიმე ჯიშმა გამიმართლა. ერთ-ერთი ფანჩატურზე გავაკეთე და როდესაც ამერიკელებმა ნახეს, რომ აგვისტოში ხვიარა ვარდი ყვაოდა, ძალიან გაუკვირდათ. ისე მოულოდნელად დამადგნენ და მკითხეს, ვარდის ამ ჯიშებს რა ჰქვიაო, რომ უცებ ჩემი შვილების სახელები ვუთხარი, შალვა და ელისო-მეთქი, ერთს "მამულაშვილი" დავარქვი, ერთსაც - "დედა". მოკლედ, ამერიკელებმა გვთხოვეს, კალმები მოგვეცით და გამოვცდითო, მაგრამ ეს ჯიშები დაკანონებული არ იყო. ამას სჭირდებოდა მოსკოვში წაღება, 2-3 წელი იქ უნდა მემუშავა, რეკომენდაცია რომ მიმეცა. ჯიშთა გამოცდა საქართველოში მაშინ ასეთ დონეზე არ ხდებოდა. მოკლედ, ამერიკელებმა ეს ჩემი გამოყვანილი ჯიში წაიღეს და მოვიდა ცნობა, რომ ერთმა მათგანმა 5 ქვეყანაში გაიარა ჯიშთა გამოცდა. სხვათა შორის, ამერიკელებმა დააფასეს ჩემი შრომა და ვარდების ასოციაციის წევრი გამხადეს. ამ ასოციაციის პრეზიდენტმა თქვა მაშინ, ეს ჯიშები თუ დამტკიცდა, ამ ბიზნესიდან ჟუჟუნას 45% ეკუთვნისო, მაგრამ მალევე გარდაიცვალა და ეს ამბავიც დამთავრდა. მერე იყო 90-იანი წლები, ბოტანიკურში ხანძარი გაჩნდა და ბევრი რამ განადგურდა. არც ხელფასი გვქონდა, არც შუქი, არც წყალი, მაგრამ მაინც დავდიოდი სამსახურში, თანაც - ფეხით. ხელახლა მოვკიდე ხელი ვარდების კოლექციის მოშენებას, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. 120 ჯიში შევაგროვე და გავაშენე, თითოეულს თან ვყვებოდი. მერე ვითომ როზარიუმი უნდა გაკეთებულიყო ბოტანიკურ ბაღში, რაც, სხვათა შორის, ზურიკოს იდეა იყო, შევარდნაძის. ისე მოხდა, რომ როზარიუმის გაკეთების იდეა იდეად დარჩა. ჩემი კოლექცია კი ქოთნებში მოაქციეს, რაც ვარდისთვის დამღუპველია. გამოვიდა, რომ წყალში ჩაიყარა ჩემი შრომა, რადგან უკვე 2 წელია, ქოთნებშია ჩემი ვარდები, არადა, როზარიუმი იქნებოდა ბაღის სავიზიტო ბარათი.
- რა არის მთავარი თქვენს პროფესიაში, მებაღეობაში?
- რასაკვირველია, სიყვარული ბაღისა და ვარდების. 81 წელი ცოტა არ არის, შვილო, მაგრამ ეს ეზო მაცოცხლებს. ხან რას ვაკეთებ, ხან რას, ცოტას მაინც ვეხმარები ჩემს შვილს, ახლა ის უვლის აქაურობას. ჩემმა მეუღლემ სამჯერ მიშოვა სამსახური აქვე, სახლთან ახლოს, რადგან ბავშვები პატარები მყავდა და სამსახურში ყოველდღე სიარული მიჭირდა. ერთხელ დავწერე კიდეც განცხადება და წავედი, რომ ჩამებარებინა, მაგრამ შუა გზაზე ფურცელი გადავხიე და უკან წამოვედი. ჩემს შვილებს ბევრი რამ დავაკელი, მათ გვერდით რომ არ ვიყავი, ყველაფერს თავისით მიაღწიეს.
GzaPress
- მამულაშვილის მოწაფე იყავით...
- ძალიან ვუყვარდი და ძალიან მიყვარდა, მაგრამ გაცნობისთანავე მისი რისხვა დავიმსახურე. ერთხელ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა მითხრა, მიშამ დამირეკა, ცუდად ყოფილა და მთხოვა, ვარდები გასასხლავი მაქვს და იქნებ ვინმე გამომიგზავნოთო. წავედი, დილიდან საღამომდე გავსხალი და რომ ნახა, დაურეკა დირექტორს, ეს ვინ გამომიგზავნე, დავუღუპივარო. მოუვლელი ვარდები ჰქონდა და გავაახალგაზრდავე. ვუთხარი, ჩემი საქმე კარგად გავაკეთე და რამდენიმე ხნის მერე დარწმუნდებით-მეთქი. დარეკა მერე, ეს რა ვნახე, ვარდებმა გაიხარესო. ამ ამბის შემდეგ დავმეგობრდით, გვირგვინების კეთებაც კი მასწავლა. ბევრი ვერ იტყოდა, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვსო, რადგან უცნაური ხასიათი ჰქონდა, აი, ჩემთან კი კარგად იყო. წარმოსახვის საოცარი უნარი ჰქონდა, არაჩვეულებრივ კომპოზიციებს ქმნიდა და ამისთვის კენჭს, ბალახს, ჯირკსაც კი იყენებდა. ერთხელ მოსკოვში ვიყავით, ახალი მაღაზია იყო აშენებული, უცნაური ფერის ვიტრინა ჰქონდა. იქაურები თავს დასტრიალებდნენ. რა ხდებაო, დაინტერესდა მიშა. ვერაფერი მოვუხერხეთ ამ ვიტრინას, როგორ გავაფორმოთ, ვერ გადავწყვიტეთო. გამგზავნა და ოფელია ვარდების ერთი კონა მომატანინა, გახსნა ეს კონა და ისროლა პირდაპირ. ისე დაეფინა ვარდები ვიტრინას, სპეციალურად რომ მოგენდომებინა, ვერ მოახერხებდი. ეს სასწაული იყო, მთავრობიდან იმდენი ხალხი ესწრებოდა ამ ამბავს, მეგონა, რაღაც მოხდებოდა...
- ზურა შევარდნაძემ თქვა, რომ თქვენ შეასწავლეთ ყველა სამებაღეო ხრიკი, ხერხი და ფანდი, რომელსაც მხოლოდ გამოცდილი, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები ფლობენ და რომელსაც ვერც ერთ წიგნსა თუ პუბლიკაციაში ვერ ამოიკითხავ.
- წიგნიდან ბევრ რამეს სწორად ვერ გაიგებ და გააკეთებ. ზურიკოს მართლაც ბევრი რამ ვასწავლე, ისეთი მონდომებული იყო, ვერ წარმოიდგენთ. მოგიყვებით, როგორ გავიცანი. დოდო აბაშიძის ბიუსტთან არაჩვეულებრივი მცენარე - ფიტოსპორუმი იდგა. ხალხი იყო შეგროვილი, ვიღაცები ჩხუბობდნენ. ახლოს მივედი და დავინახე ჭრიდნენ, ერთი ტოტიღა იყო დარჩენილი. გავიგე, ვიღაც პატარა ბიჭი ეუბნებოდათ, თქვენ არ იცით, ეს რა მცენარეა, როგორ მოჭერითო? ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე. ჯერ კი ბევრი არაფერი მისწავლია, მაგრამ ეს მცენარე ვიციო, მითხრა. ბოტანიკურ ბაღში მივდიოდი და დამემგზავრა, რუსთაველზე ფანჯარაში რა მცენარეც დაინახა, ყველაზე იცოდა ინფორმაცია. გავგიჟდი, იმხელა სიყვარული იგრძნობოდა მის თითოეულ სიტყვაში. სწორედ ამ სიყვარულმა შეაქმნევინა არაფრისგან ისეთი სამოთხე, როგორიც გარდენიაა.
- რა უნდა იცოდეს დამწყებმა მებაღემ?
- დამწყებმა მებაღემ, რა თქმა უნდა, ნიადაგის დამუშავება უნდა იცოდეს. მნიშვნელოვანია ექსპოზიციის შერჩევა, გემოვნება და რაც მთავარია, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარულია. ამის გარეშე ვერანაირი საქმე ვერ გამოგივა...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ალბათ, კომპლექსები ბავშვობის ეტაპმა დამაძლევინა"
"ღვინის წარმოების მიმართ მსოფლიო გარკვეულ წესებსა და სტანდარტებს მოითხოვს"
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება
გაჩნდა იდეა, სხვადასხვა საოჯახო ნივთი თუ აქსესუარი თიხის, მინისა და ხის სინთეზით შეექმნათ
რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო
ქართველი დიზაინერი, რომელიც ბარსელონაში საკუთარ პროდუქციას წარმატებულად ყიდის
რატომ თქვა ონლაინსწავლებაზე უარი მამუკა ლომაშვილმა
რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის თემას ეხმაურება?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.