ქალაქიდან სოფლად გაქცეული 26 წლის გოგონას ამბავი
font-large font-small
ქალაქიდან სოფლად გაქცეული 26 წლის გოგონას ამბავი
"აქაურობა იცლებოდა, ახლა კი ახალგაზრდები ბრუნდებიანო..."

როდესაც მსოფლიო "კოვიდ 19"-ის პირველ შემოტევებს ებრძოდა, უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, ხმაურიან ქალაქს გაშორებოდა და ცხოვრება სოფლის მშვიდ გარემოში გაეგრძელებინა. ზოგი წინაპრის სახლ-კარს დაუბრუნდა, წლების წინ დაკეტილი სახლის კარი გააღო, იქაურობას მოუარა და მერე სულ დარჩენა მოუნდა.


26 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ყველაფერი ტრიალ მინდორში დაიწყო, სადაც ხეც კი არ ხარობდა, რომ მოეჩრდილებინა. ახალი რეგულაციებით დაწესებული შეზღუდვებისას, ჩაკეტილობას ვერ გაუძლო და ბავშვობის ოცნების ახდენას შეუდგა. ჰოდა, ერთ დღესაც ოჯახის კუთვნილი 6 ჰა მიწა შემოღობა და სოფლის ყოველდღიურობა, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებთან "ურთიერთობა" ხმაურიან და საყვარელ საქმიანობად აქცია.

- მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ სოფელში სახლი მქონოდა, სადაც სტუმრად კი არ ჩავიდოდი, არამედ - ჩემს საკუთარ სახლში, რომელსაც დროთა განმავლობაში, ჩემი გემოვნებით პატარა წალკოტად ვაქცევდი... ადგილი, სადაც დიდი გეგმები მაქვს დასახული, ტრიალი მინდორი იყო, ალაგ-ალაგ ეკალ-ბარდებით.
თბილისში უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ვეღარ დავასრულე, რადგან მუშაობა დავიწყე და სწავლას ვერ ვუთავსებდი. ფრინველები, ცხოველები და საერთოდ, ბუნება, ყოველთვის მიყვარდა. სოფელში არასდროს მიცხოვრია, მაგრამ სურვილი ყოველთვის მქონდა, განხორციელება რთული იყო, რადგან ფინანსებთან, შემართებასთან, რისკებთან, უამრავ რამესთან იყო დაკავშირებული. კარანტინმა უამრავი პრობლემა შექმნა, მაგრამ პლუსებიც აქვს, - ისევე, როგორც სხვები, მეც ჩავიკეტე სახლში და ვერსად გავდიოდი, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო. ჰოდა, ერთ დღესაც, ისე, რომ ბევრი არც მიფიქრია, მე და მამამ, რომელიც ყოველთვის ჩემი გულშემატკივარია, ჩემი დიდი ხნის ოცნების ახდენა დავიწყეთ.
GzaPress
- რა იყო პირველი ნაბიჯი?
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში ოჯახს მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც შემოღობილიც კი არ იყო, საძოვარს წარმოადგენდა. იურიდიულად გაფორმებულიც არ გვქონდა და სწორედ ამით დავიწყეთ. მერე შემოვღობეთ და მიწის დამუშავებაც დავიწყეთ, რაც ადვილი არ არის, მაგრამ მამასთან ერთად, ყველა საქმეში მეხმარებიან მეზობლებიც. რადგან დამწყები ვარ, უამრავი რამე არ ვიცი და ბევრი სირთულის წინაშე დავდექი. ამიტომ ერთი მიმართულება არ მაქვს, ერთდროულად უამრავ რამეს ვაკეთებთ, - ვაშენებ სახლს, მოვაშენე თითქმის ყველანაირი შინაური ფრინველი და ცხოველი, ქათმები, ინდაურები, იხვები, ბატები, გედები, ძროხები, ღორები, რომელთაც ახლა ვუშენებთ სახლს... მხოლოდ მოშენება ხომ არ არის, შემდეგ რეალიზაციის გზებზეც უნდა ვიზრუნოთ. თან მინდა, ყველაფერი ბიოლოგიურად სუფთა იყოს.
- გამოცდილება არ გქონიათ - ესე იგი, მოვლასაც თანდათან სწავლობთ, არა?
- დიახ, გამოუცდელი ვარ, მაგრამ ინტერნეტში თუ რაიმე ფრინველებისა და ცხოველების ჯგუფებია, ყველგან გავწევრდი, რათა გამოცდილი ადამიანებისგან რჩევები მიმეღო.
- სახლს ვიშენებო, თქვით...
- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ დაჩქარებული ტემპით. ჯერჯერობით მხოლოდ პატარა სახლუკა მაქვს, თავშესაფარი, მაგრამ სამომავლოდ დიდი გეგმები დავისახე. აქ, ჩემს სამოსახლოში, მეგობრებმაც უნდა შეძლონ ჩამოსვლა და დარჩენა, რათა ერთმანეთს იდეები გავუზიაროთ.
- ფიზიკური შრომა არ გღლით, მით უმეტეს, რომ შეუჩვეველი ყოფილხართ?
- არა, ფიზიკური შრომა არ მღლის, მაგრამ დასვენებისთვის შესაბამისი პირობები არ გვაქვს, ეზოში წყალიც კი არ მოდის და მუშაობის შემდეგ, რომ მოგვწყურდება, შორიდან მოგვაქვს ან წინასწარ ვიმარაგებთ. ჭის გათხრა დავიწყეთ და მალე ჩემი ეზოს წყალსაც მივირთმევთ. არც ბუნებრივი აირი და დენი გვაქვს შემოყვანილი, მაგრამ შეკვეთა მიცემული გვაქვს და ძალიან მალე ეს პროცესი უნდა დასრულდეს... მიუხედავად ამისა, თავდაუზოგავად ვშრომობთ. სოფელს სხვა მადლი აქვს, აქაურებთან ურთიერთობა იმედით მავსებს, რომ ყველაფერს შევძლებ, რადგან, რომ უყურებენ, როგორ ნულიდან ვიწყებ ჩემი ოცნების ხორცშესხმას, უამრავი რამით მეხმარებიან. დღე არ გავა, რომელიმე მათგანი არ დაგვეხმაროს, არ მოგვიკითხონ, - აბა, რა გჭირდებათო?.. საკუთარი ინიციატივითაც მოაქვთ ბევრი რამე, ესეც დაგჭირდებათო.
- თქვენი საქციელი ალბათ ბევრისთვის მოტივაციაა, არა?
- შესაძლოა, ასეც არის. წარმოშობით ზუგდიდელი ვარ, ქალაქში გავიზარდე... როდესაც ახალგაზრდები სოფლიდან გამორბოდნენ, გულის სიღრმეში მიკვირდა, - ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა წავიდნენ-მეთქი?!. მათიც მესმის, არავის განვსჯი, უბრალოდ, მე პირველი არ ვარ. ვინც სოფელში მიდის, ყველას მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა, - უკვირთ. თუმცა, ძალიან უხარიათ, რადგან წლების წინ, აქაურობა იცლებოდა და ახლა ახალგაზრდები ბრუნდებიანო.
- ახლობლებსაც უკვირთ?
- დიახ, ჩემს მეგობრებსაც ძალიან უკვირთ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რადგან აქამდე უფრო გართობასა და სალონურ ცხოვრებას ვიყავი შეჩვეული. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს აზრი სულ მქონდა გულში, ვიცოდი, რომ ერთ დღეს, როდესაც შესაფერისი მომენტი დადგებოდა, აუცილებლად წავიდოდი სოფელში, ეზოში უამრავ ყვავილსა და ხელს დავრგავდი, ბევრ რამეს მოვაშენებდი, დილით ადრე ავდგებოდი და გვიანობამდე ვიშრომებდი, მიწასთან, ცხოველებთან ახლო ურთიერთობა მექნებოდა და ბედნიერი ვიქნებოდი... "კორონამ" ამ ნატვრის ახდენა დააჩქარა... ვისაც უთქვამს, - შენ ამას როგორ შეძლებო, - ახლა, რომ მიყურებენ, როგორ ვუვლი ყველაფერს, ჩემი ხელით ვაჭმევ ფრინველებს, წიწილებს, ცხოველებს, რომლებიც ჩემს დანახვაზე წიოკს ატეხებ ხოლმე, - ყველა რწმუნდება, რომ შემიძლია ამის გაკეთება და გამომდის კიდეც.
- საერთოდ, საბოლოოდ სოფელში დასახლებას აპირებთ?
- დიახ, როდესაც ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებ და ელემენტარული პირობები მექნება, ვაპირებ, სოფელში სამუდამოდ დავსახლდე. მანამდე ღამე მამა რჩება, რათა დილით ადრე ფრინველები და ცხოველები გამოკვებოს, ხანდახან კი მეც ვრჩები, რადგან შემდეგ, შუადღის მზე ძალიან აცხუნებს და მუშაობა მიჭირს. ზოგჯერ, ფარნის შუქზეც გვიწევს მუშაობა მე და მამას, მაგრამ დრო ძალიან მნიშვნელოვანია: ვიდრე აცივდება, ბევრი რამ უნდა მოვასწროთ.
- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
- შემოდგომაზე ხეების დარგვას ვაპირებ. რადგან აქაურობა საძოვარი იყო, გარშემო ერთი ხეც არ გვაქვს. უკვე დავრგე ყვავილები, რომ ეზოსთვის ფორმა მიმეცა და აქაურობა გამელამაზებინა. კიდევ ერთი გეგმა მაქვს - როგორმე დრო უნდა გამოვნახო და ვეტერინარის სპეციალობას დავეუფლო, თორემ ასე, მთელი ცხოვრება სხვების გამოკითხვით, გავწვალდები. თან, ფერმისა და სათბურის აშენებასაც ვგეგმავ, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება. კიდევ, ჩემს სამოსახლოში მეგობრული სოფელი უნდა შევქმნა, მით უმეტეს, რომ მყავს მეგობრები, ვისთან ერთადაც ამ მიმართულებით გარკვეული პროექტები მაქვს ჩაფიქრებული, სოფლის განვითარების, სათბურების გაშენებისა და მეფრინველეობა-მეცხოველეობის მოშენების მიმართულებით. პლუს ვეტერინარების სკოლაც გვჭირდება. ზუგდიდში გვყავს ამ საქმის კარგი სპეციალისტი, მაგრამ ერთი ცოტაა, მით უმეტეს, რომ სოფელში დაბრუნებით ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. მე და ჩემს მეგობარს, რომელიც იმავე საქმეს აკეთებს, ინტერნეტგვერდის გაკეთება გვინდა, რათა ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს მიმოწერისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამიტომ ვაპირებ, ეს ყველაფერი მათ ფოტო და ვიდეოკადრებით გავაცნო - როგორ ვმუშაობ, რას და როგორ ვაკეთებ, იქნებ სხვებსაც გაუჩნდეთ მოტივაცია და ჩემსავით ახალბედებიც საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.