გერმანე გოგიტიძე - "ქართული სინემას" პირველი პროდიუსერი
font-large font-small
გერმანე გოგიტიძე - "ქართული სინემას" პირველი პროდიუსერი
რამდენიმე ამბავი "ქრისტინეს" გადასაღები მოედნიდან

1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლისთავზე, გაზეთ "ერთობის" პირველ გვერდზე განთავსებული რეკლამა თბილისში, კინოთეატრში "აპოლო", მაყურებელს ოთხმოქმედებიანი დრამის - "ქრისტინეს" სანახავად ეპატიჟებოდა. ინტერესი მაშინვე გაჩნდა. ხალხმა კინოთეატრის დარბაზი გაავსო...


პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ქრისტინე" 1916-1918 წლებშია გადაღებული. მუნჯი ფილმის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა გახლდათ, მაგრამ ამ საქმეში მთავარი როლი პირველმა ქართველმა პროდიუსერმა, გერმანე გოგიტიძემ შეასრულა. სწორედ მას ეკუთვნის ქართული ფილმის გადაღების იდეა, ფინანსების მოზიდვა, "ქრისტინეს" ბოლო სცენების ავტორობა და სხვა მრავალი, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დეტალი.

1910 წელს საფრანგეთიდან საქართველოში იურისტი გერმანე გოგიტიძე დაბრუნდა და მეუღლესთან ერთად, ოზურგეთში დასახლდა. კინოსა და თეატრზე შეყვარებულმა კაცმა, ოზურგეთში თეატრის აშენება გადაწყვიტა და 1914 წლის ზაფხულში ოზურგეთელებს 300-ადგილიანი თეატრის შენობა ჰქონდათ. გოგიტიძე იქ დამდგმელი რეჟისორიც იყო, მსახიობიც, რეკვიზიტორიც და ბილეთების გაყიდვაზეც თავად ზრუნავდა. მოგვიანებით, სპექტაკლის წარმოდგენებთან ერთად, კინოჩვენებების დაწყება გადაწყვიტა და დარბაზს "ილუზიონი" უწოდა. ფილმის წარმოდგენებმა კარგი შემოსავალი მოიტანა. ერთხელაც, გერმანე გოგიტიძე საკუთარ კინოდარბაზში სოციალურ თემაზე შექმნილ იტალიურ ფილმს უყურებდა, როცა ახალი იდეა დაებადა: ჩვენი, ეროვნული კინო გადაეღო.
გოგიტიძის არჩევანი ეგნატე ნინოშვილის მწვავე სოციალურ დრამაზე - "ქრისტინე" - შეჩერდა, რადგან ეს ლიტერატურული ნაწარმოები მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მოთხრობის სიუჟეტი რევოლუციამდელ საქართველოში ვითარდება და ღარიბი გლეხი ქალის, ქრისტინეს ტრაგიკულ ამბავს მოგვითხრობს. გოგონა აზნაურისგან ორსულდება, იასონი მასზე პასუხისმგებლობას იხსნის და მიატოვებს. შეურაცხყოფილი ქრისტინე ვეღარ უძლებს ოჯახის, გარშემო მყოფთა საყვედურებს და თავის დახრჩობას გადაწყვეტს. თუმცა, გამვლელი გადაარჩენს. ქრისტინე უკანონოდ გაჩენილ ბავშვს მშობლებთან ტოვებს და ქალაქში მიდის. იქ საროსკიპოში მოხვდება და სხეულის ვაჭრობით ირჩენს თავს. ნელ-ნელა მძიმდება ქრისტინეს ფსიქოლოგიური, მორალური მდგომარეობა, სასმელს მიეძალება, ქუჩა-ქუჩა მათხოვრობს და საბოლოოდ სრულიად უპატრონოდ გარდაიცვლება.

XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში კინოს არავინ აღიქვამდა ხელოვნების დარგად და სერიოზულად არ უყურებდნენ. ამიტომ მეცენატები და ბანკირები ამ სფეროს განვითარებაში ფულის ჩადებისგან თავს იკავებდნენ. გოგიტიძემ დაფინანსების თხოვნით ბევრს მიმართა, გადამღები აპარატის შოვნაც ჭირდა, ამიტომ იდეის განსახორციელებლად მრავალ სირთულეს წააწყდა. დეტალურად თუ მივყვებით მის ყველა ნაბიჯს, შეიძლება გაოცდეთ და იფიქროთ, როგორ არ თქვა უარი გოგიტიძემ ჩანაფიქრზე, თუმცა, როგორც ჩანს, ძლიერი პიროვნება გახლდათ და ბოლოს მაინც მოახერხა სპონსორების მოზიდვა. ფილმის რეჟისორად ალექსანდრე წუწუნავა მოიწვია. გადაწყდა, რომ "ქრისტინეს" სამხედრო ოპერატორი ალექსანდრე შუგერმანი გადაიღებდა, ხოლო მხატვრობაზე დიმიტრი შევარდნაძე იზრუნებდა.
GzaPress
მოსკოვში ნასწავლი წუწუნავა ჯერ ჭიათურაში დგამდა სპექტაკლებს, შემდეგ თბილისში, ზუბალაშვილების სახალხო სახლში. ამას მოჰყვა სხვადასხვა ქალაქში დადგმული წარმოდგენები. 1918 წელს წუწუნავა თბილისის ოპერის ხელმძღვანელიც გახდა...
ალიოშა წუწუნავას სარეჟისორო სცენარი უკვე მზად ჰქონდა, როცა მასა და პროდიუსერს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. მთავარი გმირის როლის შემსრულებელთან დაკავშირებით, მათი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. გერმანე გოგიტიძეს სურდა, ქრისტინეს როლი ახალგაზრდა მსახიობს, 20 წლის ანეტა ქიქოძეს შეესრულებინა, რომელიც იმ პერიოდში ამ როლს თეატრში უკვე თამაშობდა, ხოლო წუწუნავა ანტონინა აბელაშვილის კანდიდატურას უჭერდა მხარს, რომელიც 35 წელს იყო გადაცილებული. ნინოშვილის გმირის ასეთი ასაკი ფილმში არ მოსწონდა გოგიტიძეს, მაგრამ წუწუნავამ მაინც თავისი გაიტანა.
გადაღებები გურიაში რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, ბოლოს თბილისში ჩამოვიდნენ. ფილმში მსახიობები ერთი შეხედვით, ცოტა უცნაურად გამოიყურებიან, რადგან თვალის გარშემო ადგილი ყველას ჩამუქებული აქვს. ასეთი "გრიმი" ოპერატორის მოთხოვნით გაკეთდა, რადგან იმდროინდელი ფირი სახეს განსაკუთრებით განათებულად აჩენდა. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ ოპერატორი და რეჟისორი, შუგერმანი პროდიუსერსაც არ მოსწონდა, მაგრამ ახალი თანამშრომლის მოსაძებნად მას არც დრო ჰქონდა, არც რესურსი და არც ფული. ფილმის გადაღება დასასრულს უახლოვდებოდა, როცა წუწუნავა როსტოვის თეატრში მიიწვიეს მთავარ რეჟისორად და მან დატოვა როგორც გადასაღები მოედანი, ისე თბილისი.
გერმანე გოგიტიძე მარტო დარჩა. იმ დროს საქართველო დატოვა შუგერმანმაც და პროდიუსერი იძულებული გახდა, ჩანაფიქრი სისრულეში თავად მოეყვანა. ალექსანდრე დიღმელოვი, ანუ დიღმელაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც "ქრისტინეს" ბოლო სცენების გადაღებას მოჰკიდა ხელი. ორთაჭალის, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიისა და პავილიონების გარდა, ფილმის ერთი სცენა დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრის სხვენშიცაა გადაღებული. ახლა უკვე რეჟისორს, ასისტენტსა და არაერთი შავი სამუშაოს შემთავსებელ გოგიტიძეს იქ საკუთარი ხელით აჰქონდა დეკორაციები.
1917 წლის შემოდგომაზე, გოგიტიძემ ფირები გაამჟღავნა და ოზურგეთში, საკუთარ კინოთეატრში შეინახა. დამონტაჟებას აპირებდა, როცა 1918 წლის გაზაფხულზე საქართველოში ვითარება დაიძაბა. თურქებმა აჭარისა და გურიის რეგიონები დაიკავეს. სხვებთან ერთად, ოსმალებმა გოგიტიძის სახლ-კარი და თეატრის შენობაც დაწვეს. შესაბამისად, განადგურდა "ქრისტინეს" ფირებიც.
თბილისში დაბრუნებული გოგიტიძე დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაკავდა. ერთ-ერთის მონტაჟის დროს, "ქრისტინეს" ნეგატივების ნაწილი აღმოაჩინა, თუმცა, ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ფილმი აღედგინა. თავად დაამონტაჟა, სავარაუდოდ - დიღმელოვის დახმარებით.

საზოგადოებაში კინოხელოვნებისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდებოდა.
1904 წელს თბილისში უკვე რამდენიმე კინოსალონი ფუნქციონირებდა, სადაც 50-60 კაცი ეტეოდა. 1905 წელს მუშტაეთის ბაღში 150-ადგილიანი ღია კინოთეატრი აშენდა, 1907-ში კი "აპოლო" გაიხსნა. სწორედ "აპოლოში" გაიმართა "ქრისტინეს" პრემიერაც.
იმხანად კინოპროდუქცია ბევრნაირი იყო. ევროპაში შექმნილ ისტორიულ და დრამატულ ფილმებთან ერთად, კრიმინალურ, ეროტიკულ და პორნოგრაფიული შინაარსის ფილმებსაც უჩვენებდნენ. ფილმების მუსიკალური გაფორმება უშუალოდ კინოსეანსის დროს, ცოცხლად ხდებოდა. სცენაზე განთავსებულ ფორტეპიანოს მუსიკოსი მიუჯდებოდა და სხვადასხვა მელოდიას ასრულებდა...
თბილისის კინოთეატრებში "ქრისტინეს" ჩვენების შემდეგ, გოგიტიძემ ფილმი სინემატოგრაფიულ ლენტზე გადაიტანა და საქართველოს რეგიონებში გატანა დაიწყო. პროდიუსერი თავად ჩადიოდა სოფელ-ქალაქად და ამა თუ იმ ადგილას ფილმის ჩვენებას ორგანიზებას უწევდა.
პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე", რომლის ქრონომეტრაჟი თავდაპირველად 50 წუთი იყო, მოგვიანებით კინოდრამატურგმა კარლო გოგოძემ აღადგინა. 2003 წელს კი "ქრისტინეს" ციფრული ვარიანტი შეიქმნა. ასე რომ, როცა "ქრისტინეს" ავტორად ალექსანდრე წუწუნავას მოვიხსენიებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გერმანე გოგიტიძე.
ფილმის პროდიუსერი 1945 წელს "საეჭვო კავშირების" გამო დააკავეს და "სამშობლოს მოღალატის" სტატუსით გადაასახლეს. "შემიყვანეს რომელიღაც საიდუმლო ოთახში, გამაშიშვლეს, დამაწვინეს იატაკზე და მათრახით ცემა დამიწყეს. მხეცი მურადოვი (გამომძიებელი) ფეხებით შემდგა და თიაქარზე მაწვებოდა. სული მეხუთებოდა..." - ასეთი არაადამიანური წამების შემდეგ, გოგიტიძემ "დანაშაული აღიარა". ის 1956 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს. პატიმრობის შემდეგ თბილისში, კოსტავას ქ #9-ში ცხოვრობდა და 1960 წელს აქვე გარდაიცვალა.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.