ბუმბულებიანი ფერწერა, ლექსებად აკინძული გრძნობები და გვიან გამობრწყინებული მუზა
font-large font-small
ბუმბულებიანი ფერწერა, ლექსებად აკინძული გრძნობები და გვიან გამობრწყინებული მუზა
ნიჭი უცნაური რამაა. სულისა და გულის კუნჭულში თავისთვისაა მოკალათებული და როდის ინებებს გამობრწყინებას, არავინ უწყის. რუსუდან კაციტაძემ თავისი ნიჭის გამომზეურება გვიან შეძლო... თუმცა, ამის წინა პირობა ის ზღაპრული რაჭა გახლავთ, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობაში გაბნეული ლამაზი მოგონებები, დაუვიწყარი ემოციები მძივებად აკინძა და ლექსებში, ჩანახატებსა და ფერწერაში გამოფინა. თავისთვის სულ წერდა, უფრო დღიურებს... მერე და მერე კი, როცა ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან საქებარი სიტყვები მოისმინა, გათამამდა და სოციალურ ქსელში, მრავალათასიან "სამეგობროსაც" გაუზიარა თავისი "გულის წამალი" და "სულის პური".


- წარმოუდგენლად მიმაჩნია დღევანდელი უდიდესი გატაცების გამოვლენა ჩანასახის გარეშე. ნუთუ, ბავშვობაში არ მეგობრობდით კალამთან ან ფუნჯთან?
- ჩემს ბავშვობას რაჭა ჰქვია. ჩემი სოფელი საოცარი ნიკორწმინდაა. მიყვარდა ხატვა (როგორც ყველას პატარაობაში), მაგრამ გამორჩეული ნიჭი არ მქონია. კალამთან უფრო ვიყავი მიჯაჭვული. ყოველდღიურ ნაფიქრს და განცდილს დღიურებად ვწერდი. ზოგჯერ მეგონა, თუ არ დავწერდი, გავგიჟდებოდი. წლების მერე, დღიურებმა ჩანახატებისა და ნოველების სახე მიიღეს. პირველი ლექსი კი მერვეკლასელმა დავწერე, ავად ვიყავი, სიცხე მქონდა. ბავშვურად მიამიტი, ლირიკული და რაღაცნაირი სევდიანი ლექსი იყო. მერე, სტუდენტობაში დავწერე რამდენიმე, სულ ეგ იყო... 5 წლის წინ კი პოეზიის კარი შევაღე და ვეღარც გამოვბრუნდი. მონუსხულივით ვარ. საკმარისია ემოციური ფონი, რომ სტრიქონები თავისთავად ამოიშალონ და ფურცელზე ლექსებად დალაგდნენ. ოღონდ ეგაა, თუ ემოციამ სული არ გამოიარა, არ შემძრა, თუ არ მეტკინა, ისე ვერაფრით დავწერ.
ჩემი ლექსები, ძირითადად, პირველ პირშია... სწორედ ამიტომ, ბევრს ჰგონია, რომ გადმოცემული ჩემს თავს ხდება, მაგრამ ასე არაა... სხვის ტკივილსაც და სიხარულსაც ისევე ვითავისებ, როგორც საკუთარს... როცა პირველად ხევსურეთში ვიმოგზაურე, ისე მომხიბლა იქაურობამ, საღამოს თავისით წამოიშალნენ სტრიქონები: "სასთუმლად სიყვარულს დაგიგებ,/ სამზეოს არცრა სხვა არ გვიღირს,/ ნაუბარს მოგისმენ, გაგიგებ,/ შამაგფენ "მთის ქალას" ღიმილს./ იქ, გული ხაკისფერ ჭაუხთა,/ კაცობის სხვა ზარებს არისხებს,/ თუ ცხადს ეს, ნასიზმრი აუხდა,/ პირსაც კი არ ვიზამ ბარისკენ".
GzaPress
ეს კი, შეყვარებული, მაგრამ გულგაბზარული ქალის ემოციაა: "სულს ნუ ამიშლი,/ ყოფამ ისეც არივ-დარია,/ ნურც ჩემს ფიქრებში ნუ გაიდგამ ფესვებს სისხლისფერს,/ დღემდე არ ვიცი, მხრებს რომ მიწვავს, ქრისტეს ჯვარია,/ თუ ნებით, თავად ავიკიდე ლოდი სიზიფეს,/ არ გინდა, ნუ შლი ცარიელი სიტყვების კარავს,/ უღვთისმადლოდ ხომ ეწერია საყანე ახო,/ ზოგჯერ მდუმარე ლოცვასავით მზერაც კი კმარა,/ რომ დაიჯერო იმ თვალების მიღმა შენ სახლობ./ მოეფერება დაისის მზე ჰორიზონტს ცისფერს,/ მერე კი, გუდანაბადივით სხივებს აიკრავს,/ დაბინდდება და "მეს" ნაფლეთებს ბალიშზე მივფენ,/ არ გინდა, ნუღარ შემოაღებ ჩემი სიზმრის კარს..."
- ბუნებით ტკბობა ყველა რომანტიკოსის სუსტი წერტილია. თქვენი მუზისთვის ალბათ, უპირველესი საზრდო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებაა.
- ასეა. როცა შევყურებ ჩვენი ქვეყნის ულამაზეს სანახებს, მთებს, ჩანჩქერებს, ზღვას, მდინარეებს და მდელოს, ისე ვივსები, დიდხანს მყოფნის სულის საგზლად. სვანეთის და ხევსურეთის სიდიადემ დიდხანს მატარა აღფრთოვანებული, აჭარის და გურიის სილამაზემ ბევრი რომანტიკული დღე მისახსოვრა და მაინც, რაჭა ჩემთვის უმთავრესია: "ხის სახლი ძველებურ, მისტიურ სურნელით,/ ეზოში ფიცრების სასახლე-გოჯილა,/ ნაწილი იმ ეზოს, იმ მთის და იმ ღელის,/ მშობლებს რომ მინახავს, იმ მიწის გოჯი ვარ.../ ბებო რომ ცვილისგან სანთელს ჩამოქნიდა,/ ლოცვით რომ ანთებდა იმ სანთლის ღვენთი ვარ,/ ნაომრის ტყის ფიჭვთა ერთი ნაფოტი და/ კამკამა შავწყალას პატარა წვეთი ვარ".
GzaPress
- ალბათ, ბუნებაში ყოფნისას დაიბადა ახალი გატაცება - ბუმბულებით ფერწერა...
- ბუმბულებით ფერწერა გვიან მოვიდა ჩემთან. 37 წლის ვიყავი, ყვითლად დაზოლილი შავი ბუმბულები რომ ვნახე და გადავწყვიტე, ბუნებრივი ფერებით კომპოზიციები შემექმნა. ადრე გამხმარი ყვავილებითა და ფოთლებით ვფანტაზიორობდი. თავიდან ფონად ხავერდს ვიყენებდი და მარტივ ნატურმორტებს ვაკეთებდი, მერე კი გავთამამდი და ვეცადე, ნახატებშიც სული ჩამეტია. თავს ვერც პოეტს ვუწოდებ, ვერც მწერალს და მით უმეტეს, მხატვარს. ეს ყველაფერი ჩემი შინაგანი სამყაროს რეალიზების ფორმაა. ჩემსავით რამდენი ადამიანია, ვინ მოთვლის? ზოგი ახერხებს ნიჭის გამომზეურებას, ზოგიც - ვერა. მე გამიმართლა. როგორც კი ოჯახმა შეამჩნია ჩემი გატაცებები, შვილებმაც და მეუღლემაც მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი.
- რაში გამოიხატება მათი ხელშეწყობა?
- უპირველესად იმაში, რომ არ მზღუდავენ და არ მიშლიან მოგზაურობას. იციან, ჩემთვის ეს გატაცებაზე მეტია, თან მერე საოცარი ენერგიით ვიმუხტები... ჩემი ოცნებაა ვენეციისა და ინგლისის ნახვა. ოდესღაც ალბათ, მოვახერხებ, საქართველო კი შეძლებისდაგვარად მოვიარე. ეს ერთადერთი ფუფუნებაა, რის უფლებასაც საკუთარ თავს ვაძლევ. ერთი დღითაც ქალაქის დატოვება, განსაკუთრებით მთაში წასვლა, საკუთარი "მეს" გამთლიანებაშიც მეხმარება და მუზასაც კვებავს. ჩვენ ხომ მართლაც უნიკალური და საოცარი ქვეყანა გვაქვს.
GzaPress
- პროფესიით ფიზიკოსი ხართ... ამ გადასახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ თავის დროზე სწორი არჩევანი არ გააკეთეთ?
- არა, არა მგონია, რომ პროფესიის არჩევაში შევცდი. ბავშვობიდან მინდოდა მასწავლებლობა. თითქმის ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი, მაგრამ ფიზიკა განსაკუთრებულად მიყვარდა. ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე პედაგოგად (რაჭაშიც და თბილისშიც ფიზიკას ვასწავლიდი). მერე შვილებს უფრო დავჭირდი და სახლში ჩავჯექი. მოგვიანებით კვლავ დავიწყე მუშაობა, მაგრამ სხვა სფეროში, სკოლას ვეღარ დავუბრუნდი. დღეს ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებით ვცხოვრობ...
- ჩვეულებრივს ვერ დავარქმევ იმ ქალის ცხოვრებას, რომელიც ხატავს, წერს, მოგზაურობს და ოჯახსაც მშვენივრად უძღვება. მინდა, ისევ ბუმბულებიან ნახატებზე გკითხოთ: საოცარი ფერებია თითოეულში, ემოციაც კარგად ჩანს. ალბათ, ჯერ ესკიზს აკეთებთ და მერე ავსებთ ბუმბულით.
- კი, ჯერ ფანქრით ვაკეთებ მონახაზს, მერე უკვე ბუმბულებით ვიწყებ მუშაობას. ყველამ იცის ჩემი გატაცების შესახებ და ნაირ-ნაირები მოაქვთ. ყველა ნატურალურია, ასე ვთქვათ, "ცოცხალი". ბუნება ხომ ისეთ ფერებს ქმნის, ადამიანი ვერასდროს რომ ვერ მოახერხებს.
- როდის ვიხილავთ ამ საოცარ ნამუშევრებს ერთად თავმოყრილს?
- ჩემი წიგნი დაკაბადონების პროცესშია, მინდა მისი სამზეოზე გამოსვლის დღეს გამოფენაც მოვაწყო.
GzaPress
- საქართველოს კუთხეებში მოგზაურობამ, სულის საზრდოსთან ერთად, რა ემოციები დაბადა თქვენში?
- აღტაცებას ყოველთვის თან ახლავს გულისწყვეტაც. დაცლილ ულამაზეს სოფლებს ცრემლის გარეშე ვერ ვუმზერ. სამწუხაროდ, ერი მიეჩვია ქრონიკულ იმედგაცრუებას. აქა-იქ არიან თავიანთ კუთხეზე შეყვარებული და გულანთებული ადამიანები, მაგრამ თუ ხელისუფლებამ ასეთებს მაქსიმალურად ხელი არ შეუწყო, რეალობა ვერ შეიცვლება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რეგიონის განვითარების გარეშე საქართველო ვერ გაძლიერდება.
- დაბოლოს, რა არის უმთავრესი თქვენს ცხოვრებაში?
- ჩემს ცხოვრებას, ყოფას, გატაცებებს - ამქვეყნად არაფერს ექნებოდა აზრი შვილების გარეშე. ორი ვაჟკაცი მყავს. მეამაყება, რომ კარგები არიან. დედაშვილობა ყველაზე ჭეშმარიტი ბედნიერებაა. ვისურვებდი, საქართველოს და სრულიად სამყაროს ბედნიერი დედების თვალები ანათებდეს.
მარინა ბაბუნაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.