"90-იანებში ქუჩაში ათვისებული აგრესია მიმქონდა სოფლად, სადაც მხვდებოდა ფერადი გარემო"
font-large font-small
"90-იანებში ქუჩაში ათვისებული აგრესია მიმქონდა სოფლად, სადაც მხვდებოდა ფერადი გარემო"
ნავაზელების ამბავი და გზავნილი დანარჩენ საქართველოს

მცხეთაში ერთი პატარა სოფელია, სადაც ძალიან კარგი და მე ვიტყოდი, მისაბაძი ამბები ხდება. ამ სოფელს ნავაზი ჰქვია. ნავაზში ერთი ბიბლიოთეკაა, ოთარ ჭილაძის სახელობის და მას ოტია მუზაშვილი ხელმძღვანელობს. ის რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად თბილისიდან სოფელში გადავიდა და იდეების ნაწილი, რომლებიც შესაძლოა, ზოგს ერთი ადამიანის ახირებად აღექვა, უკვე რეალობად აქცია.



ოტია მუზაშვილი:
- თბილისელი ბიჭი ვიყავი, 90-იანი წლების მოხულიგნო, წიგნს დაცილებული თაობის აგრესიული წარმომადგენელი. საოცრად გამიმართლა, მუსიკის პედაგოგთან მიყვანისას გამოტანილი ვერდიქტით - "მუსიკალური სმენა ნული კი არა, მინუს 200". ავიცილე ქუჩაში წამოძახება: "ვა, სკრიპკა!" (აქ ვიოლინო სიტყვის მასალაა, თორემ ინსტრუმენტს არ ჰქონდა მნიშვნელობა, მუსიკაზე სიარული სამარცხვინოდ ითვლებოდა). დედამ გერმანული ენის მასწავლებელთანაც მიმიყვანა, მაგრამ სკოლა ისე დავასრულე, მხოლოდ წერა-კითხვა ვიცოდი. ერთს, რასაც ქუჩას ვერ დავუკარგავ, ეგოიზმი არ ამართლებდა. წარმოიდგინეთ, ეს იყო დრო, როცა შეძლებისდაგვარად უნდა მიგებაძა "ავტორიტეტებისთვის" და ჩვენც ვხულიგნობდით. პატარა ჯიხურს რომელიღაც ჩვენგანი უკანა მხრიდან დაუბრახუნებდა და როცა გამყიდველი კედლისკენ მიბრუნდებოდა, ყველაზე ხელგრძელი "ფორტოჩკიდან" გამოლალავდა "ლუნას", "პიკნიკს", "ბაბოლს" ან რაიმე იაფფასიან ტკბილეულს... ყველაზე უკეთესი მაინც, რაც იმ ბნელი დროიდან მახსოვს, იყო თავისუფალ ჭიდაობაზე ვარჯიშის დაწყება. მალე მივხვდი, მუსიკისა და გერმანულის არ იყოს, არც სპორტში მქონდა დიდი პერსპექტივა, რადგან დავაგვიანე ვარჯიშის დაწყება. ჩემზე ბევრად პატარები მეტს აღწევდნენ და მეც ოთხწლიანი "სპორტსმენობა" დავასრულე ხელის ჩაქნევით, მაგრამ მეგობრის მშობლებმა შემომთავაზეს, მათ კერძო სკოლაში დამეწყო ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობა. პირველი ხელფასი, ნამდვილად, არ იყო ცოტა იმ ასაკისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ერთ დღეს სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა და მეც დავესწარი. ერთი სული მქონდა, დასრულებულიყო, ძალიან შემრცხვა ჩემი უწიგნურობისა და გაუნათლებლობის. ამ სირცხვილმა მაიძულა, წიგნი ამეღო ხელში და ის გზა გამევლო, რაც ჩემმა ძმამ ბავშვობისას გაიარა. ჩვენ შორის დიდი სხვაობა იყო: ვიდრე მე ქუჩით თავს ვიქცევდი, ის მიზანმიმართულად კითხულობდა, თან - ძალიან ბევრს, ზოგჯერ ლამპის შუქზეც კი. თვალნათლივ დავინახე ჩემში სიცარიელე. 23 წლის გავხდი აბიტურიენტი. ქუჩის "წესებიდან" გამომდინარე, რეპეტიტორებთან ღამით დავდიოდი, რომ არავის შეემჩნია ჩემი "შკოლნიკობა" და ერთი მეგობრის რჩევით, რომელიც ახლა სასულიერო პირია, დავიწყე "საღვთო სჯულის" კითხვა. ჩავირიცხე სასულიერო სემინარიის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მეორე წელს კი ბედი თეოლოგიაში მოვსინჯე. მესამეკურსელი, სკოლაში ვასწავლიდი რელიგიის ისტორიას. ამით დასრულდა ჩემთვის ის პერიოდი, რომელსაც "ვულკანიზაციიდან" გამოტანილი საბურავების ნამწვის სუნი ასდიოდა...
სოფელთან სულ კავშირი მქონდა. ნავაზში ბებოს ვეხმარებოდი ლობიოს მოსავლის აღებაში; სიმინდისა და ხილის მოგროვება ჩემთვის უცხო არ იყო. როცა სოფელში მივდიოდი, თან მიმქონდა "ქალაქური" აგრესია, თავხედობა და უსაფუძვლო სიამაყე. მაშინ ვიყავი ბავშვი, რომელიც თითქმის ყოველ საღამოს ანთებული საბურავის გარშემო შემოკრებილ ბავშვებთან ერთად ამუშავებდა მორიგი "ბუტკის გაძარცვის" გეგმას, ასევე - პურის რიგში შეძრომისა და გამოტანის სტრატეგიებს. ასეთი იყო შავ-თეთრი 90-იანი წლების თბილისი. არ იყო სწავლა სკოლაში, არ იყო კინო და თეატრი, რა უნდა მეკეთებინა, და ქუჩაში ათვისებული აგრესია მიმქონდა სოფლად, სადაც მხვდებოდა ფერადი გარემო, რომელიც ქალაქის უსახურობას ბევრად სჯობდა...
სოფლად სხვა გემო ჰქონდა ხიდან ნაყოფის გაურეცხავად ჭამას. სულ სხვა იყო ბებოს თონეულები, ტოლებთან ერთად ხილის მოპარვა, მდინარეზე ბანაობა, სოფლის ალალმართლობა და სისუფთავე, მოსავლის აღება... მერე სრულდებოდა აგვისტო და ფერადი სამყაროდან ისევ უსახურ, შავ-თეთრ უპერსპექტივო ქალაქში დაბრუნება მიწევდა, სადაც მელოდებოდა უსწავლელად ატესტატის აღება, გადაჭარბებული ოპტიმიზმი, რომ სპორტში რამეს მივაღწევდი ან კიდევ - ქუჩის ფილოსოფიით გავბედნიერდებოდი. ქალაქში სწავლისა და მუშაობის გამო რვაწლიანი წყვეტა მქონდა სოფელთან.
ერთ მარიამობა დღეს, დილის ექვს საათზე ბიძაჩემი გარდაიცვალა. ტრაგედიით ელდანაცემები ჩავედით სოფლად და გარდაცვლილის გარდა, ბებიაზე ვფიქრობდით, როგორ გადაიტანდა შვილის სიკვდილს. მოულოდნელობა ის იყო, რომ ბებია დამხვდა პეშვში მოქცეული ოქროს ნივთებით და მითხრა: "ეს კარი არ უნდა დაიკეტოს!"

ოტიამ 2012 წელს შექმნა ორგანიზაცია სახელწოდებით - "მომავლის სოფელი". ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მცირე საგრანტო პროექტების მოგების შანსი გაზრდილიყო. მანამდე, ზამთრის მოსაწყენ საღამოებზე შეშის ღუმელთან იბადებოდა იდეალისტური იდეები. საიდან შეიძლება დაიწყო იდეალიზმის დაფუძნება?! საკუთარი თავიდან, ბუნებრივია. ხალხს უნდა ესაუბრო ქვეტექსტებისა და ქვეგრძნობების, ფარული სტრატეგიების გარეშე. სათქმელსაც მოზომვა უნდა და ყველა სიტყვას ისე უნდა მოუფრთხილდე, როგორც თვალისჩინს. სათქმელსა და თქმულს შორის არ უნდა იყოს განსხვავება. იდეალიზმი რწმენასა და რელიგიებშია. მთავარია, როგორ გადმოიტან მას ცოდვებით დამძიმებულ მიწაზე. პირველი იყო ილიას დღე, რომელმაც დაიწყო ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ქალაქელი "ბიჭი" უკვე ნავაზელი იყო. მერე იყო გოდერძი ჩოხელის და გიორგი ზანგურის საღამოები, მეგობრებისა და სოფლის მოსახლეობის თანადგომით გამართული. ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკა როცა გაკეთდა სოფლად, საქელეხო დარბაზის შენობაში, ოტია ფიქრობდა, რომ წიგნთსაცავი კი არა, რაღაც ორგანული უნდა შექმნილიყო. "პადონებით" აწყობილი საბიბლიოთეკო ინვენტარი ახლა ისე ამართლებს თავის დანიშნულებას, როგორც არსად...
სწორედ აქ შეკრებილმა ადამიანებმა დაინახეს უკეთ სოფლის პრობლემებიც, მათი მოგვარების გზებიც. სკოლიდან განთესილი (არსებობს ასეთი ტერმინი!) მოსწავლეები მიუბრუნდნენ დამამთავრებელ კლასებს, ზოგმა მათგანმა უმაღლესი განათლებაც მიიღო. ბავშვებზე არანაკლებ ბედნიერდებიან მშობლებიც, რომლებიც თავდაზღვეულები არიან ამ ბიბლიოთეკით - შვილებს კალაპოტიდან ამოვარდნის ყველა შანსი ესპობათ. ერთი სტუდენტი, ფილოლოგის პოზიციიდან, მოსწავლეებს ეხმარება. ვიღაცები ფიქრობენ არაფორმალური კურსის გაძლიერებას ბიბლიოთეკის ბაზაზე. აქ უკვე იციან, რომ დიპლომი ზუსტად ასე ითარგმნება ბერძნულიდან - "ორად გაკეცილი ფურცელი" და ის ყოველთვის ვერ ადასტურებს განათლებას. ამბობენ, ჯობს, იცოდე უდიპლომოდ, ვიდრე არ იცოდე დიპლომით. თავად ოტია მოსწავლეებს ჟოლოს მოვლასა და მოყვანას ასწავლის. საკუთარ ნაკვეთში სადემონსტრაციოდ გაშენებულმა კენკრის ბაღმა ბევრს აჩვენა სიტყვა საქმიანი. თურმე სახელმწიფო პროგრამით სასარგებლო საქმეების კეთება შეიძლება, მთავარია, გინდოდეს...
იდეალიზმს უხდება მწერლობა. სოფელში 22 ქუჩა ქართველი მწერლების სახელს ატარებს და ეს უკვე ზნეობრივი პოლიციის ფუნქციაა. აბა, როგორ არ შეგრცხვება, გრიგოლ რობაქიძის ქუჩიდან გამოხვიდე უწიგნური და პირი შოშიასავით დააფჩინო, როცა განათლებულ პუბლიკაში მოხვდები?! იდეალიზმს ხელს უწყობს სპორტიც. მალე ნავაზში ფეხბურთის მწვრთნელიც გამოჩნდება, რომელიც ორი თვე უფასოდ და მერე მიზერული ხელფასით ბავშვების ფიზიკურ მომზადებაზე იზრუნებს. იდეალიზმს არ უხდება მატერიალიზმი, მაგრამ ამის გარეშეც რთულია ცხოვრება. ფანატიზმს ვერ მოსთხოვ ყველას, ვერც ქალაქელ იდეალისტს მოსთხოვ, რომელიც სოფლად გადავიდა საცხოვრებლად!
მინისახელმწიფო, უკიდურესად სოციალური და ჰუმანისტური მინდა იმისთვის, რომ მშვიდი სიბერე მქონდესო, ამბობს ოტია და ესაა სულ მისი ანგარება, ალტრუისტულ-იდეალისტური გემოთი...

ოტია:
- სოფელი დაცარიელებული იყო, მათ შორის - კულტურისგან. ამ სოფელში დაბრუნებით, თითქოს ჩემი ბავშვობა თავიდან დაიწყო. ნავაზელ ახალგაზრდებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. მაშინ 27 წლის ვიყავი, ის ბავშვები ახლა სტუდენტები არიან და ვეუბნები, თქვენ ჩემი ბავშვობის მეგობრები ხართ-მეთქი.
ერთია, როცა იდეებით მიდიხარ და მეორეა, როდესაც ადგილზე კარგი "მასალა" გხვდება. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ჩემზე მეტად გონიერები, განათლებულები, მონდომებულები არიან, მათ თავიანთ სოფლებში დაიწყეს მსგავსი აქტივობები, მაგრამ არ გამოუვიდათ. მე აშკარად გამიმართლა. ნავაზი აგრესიული და კონფლიქტური სოფელი არ არის, აქ ხისტი ხალხი არ ცხოვრობს, ძალიან მონდომებულები არიან, ახლა ერთი გუნდი ვართ.

ერთობა კი მათი მთავარი ძალაა. ნავაზელი სტუდენტები თანასოფლელ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ამეცადინებენ. 2012 წელს ე.წ. საქელეხო დარბაზს ფორმა უცვალეს. ეს ფერისცვალებაც სიმბოლური აღმოჩნდა, სიკვდილი დაასრულეს და ახალი სიცოცხლე დაიწყეს. ფიცრის მაგიდებისგან სცენა ააწყვეს, ე.წ. პალატკა კი მიწაზე დააფინეს, იატაკის მაგივრობა გასწია. ეს სივრცე თანასოფლელთა შეკრების მთავარ ადგილად იქცა.
GzaPress
- 2012 წელს პოლიტიკურად აქტიური პერიოდი დაგვემთხვა, ადამიანების პოლიტიკური პრანჭიკელობა ხელს გვაძლევდა. რემონტი დავიწყეთ, იატაკი დავაგეთ. ვხვდებოდით, უკვე იურიდიულ პირად უნდა ვქცეულიყავით, რომ დონორებთან მოლაპარაკება გვეწარმოებინა. 2014 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფელი" ჩამოვაყალიბეთ. ბიბლიოთეკაში წიგნებისთვის თაროები არ გვქონდა, ეს შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეც კი არ იყო აყვანილი. თაროები "პალეტებისგან" თავად გავაკეთეთ. სოფელში ხელმარჯვე ხალხი ცხოვრობს.
ზოგჯერ რეგიონში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ერთი ადამიანის ინიციატივას პიროვნების ახირებად უფრო აღიქვამენ, ვიდრე იდეად. წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები რომ მოდიოდნენ, შეხვედრებს ვესწრებოდი. უნდა გენახათ, ამომრჩევლებთან როგორი პრიმიტიული დამოკიდებულება ჰქონდათ. ხალხს ჰპირდებოდნენ: "სახლის წინ რუს გაგიწმენდ", "დენი გექნება".
მორიგი შეხვედრისას, როცა ბიბლიოთეკა უკვე მოწყობილი გვქონდა, დავგეგმეთ, კიდევ რა გვსურდა, ჩვენს რჩეულს ჩვენთვის რა უნდა გაეკეთებინა. გვინდოდა, საზოგადოება დავხვედროდით. არ არის საჭირო, რუს გაწმენდაში ბიუჯეტიდან თანხა დაიხარჯოს, ჩვენ თავად გამოვალთ და ჩვენი სახლების წინ გავწმენდთ. ეგ თანხა კი გვინდოდა, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბის მოსაგვარებლად გამოგვეყენებინა, ჩვენ კულტურული განვითარება გვინდოდა.
აქვე ვიტყვი, ადამიანმა სულიერ კომფორტში რომ იცხოვრო, პირველი ინტელექტია. იქ, სადაც არ არის კულტურა და განათლება, ადამიანები ცხოველური ინსტინქტით იმართებიან. ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც არსებობის დონეზეა დარჩენილი, გარკვეულწილად, საშიშიც არის.

ნავაზში 13 აგვისტოს საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს. ქუჩებს მწერლების სახელები დაარქვეს, ახალგაზრდებმა ეს სახელები პატარა ფიცრის ბანერებზე თავად ამოტვიფრეს და ადგილები მიუჩინეს. ნავაზელების სტუმარი მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი გახლდათ.

- არ მინდოდა, ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების საცავი ყოფილიყო, სადაც კარისკაცად ვიმუშავებდი. ვარჩიე, ისეთ სივრცედ მექცია, სადაც ადამიანი საკუთარი თავის სრულად გამოვლენას შეძლებდა. ლიტერატურული დებატების გამართვა დავიწყეთ. ბევრს ეგონა, ბიბლიოთეკაში რომ შემოვიდოდა, მას გარკვეული დონე უნდა ჰქონოდა, თავდაპირველად დისკომფორტსაც კი განიცდიდნენ, ზოგს კომპლექსი ჰქონდა, წაკითხულიდან აზრი გამოეთქვა, ემსჯელა. გარკვეული კომპლექსები ერთად გადავლახეთ. თავდაპირველად შეკრებები ფილმების ჩვენებით დავიწყე. მინდოდა, ადამიანებისთვის ეს სივრცე საინტერესო გამეხადა, მინდოდა, ამ ადგილს მისჩვეოდნენ.
ჩვენთან მწერალი გურამ მეგრელიშვილი ძალიან ახლოსაა, გვეხმარება. მისი იდეა იყო და ჩვენც მის აზრზე ვიყავით, რომ ქუჩებისთვის მწერლების სახელები დაგვერქმია. სოფელში 16 უბანია, თითო უბანს საინიციატივო ჯგუფში 2 წარმომადგენელი ჰყავს. რომელი მწერლის ქუჩაზე უნდა ეცხოვრათ, უბნების წარმომადგენლებმა თავად აირჩიეს. დავაც იყო, - ეს მწერალი მე მინდა, - არა, მე მინდაო, - მაგრამ საკითხი კენჭისყრით მოვაგვარეთ. სტუმარი რომ მოდის ან სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას იძახებ, ოჯახის ასე მიგნება გაცილებით იოლია. სოფლის მთავარი ქუჩა 300 არაგველის სახელს ატარებს, ეს სოფელი არაგვის ხეობაშია.
- თქვენ რომელი მწერლის ქუჩაზე ცხოვრობთ?
- ოთარ ჭილაძის სანაპიროსა და გრიგოლ რობაქიძის კვეთაზე ვცხოვრობ. ბიბლიოთეკა და მდინარის მთელი სანაპირო ამ მწერლის სახელს ატარებს. ახლა ნავაზში 220 კომლია, სოფელში კი ცარიელ სახლს ვერ ნახავთ. შარშან სკოლაში 17 ბავშვი მივიდა. განათლების კუთხით სოფელი მისახედია. სკოლაში მეტად განათლებული ახალგაზრდა პედაგოგებია საჭირო. არავის ვაკნინებ, მაგრამ მარტივ მაგალითს გეტყვით: 6 წლის ბავშვი სკოლაში რომ მიდის და 75 წლის პედაგოგი ხვდება, მასწავლებლის ეკონომიკურ მდგომარეობას, უხასიათობას ახალი ნერგი მსხვერპლად არ უნდა შეეწიროს.
სოფელში ოჯახს ვერ ნახავ, 2000 კვადრატული მეტრი მიწა რომ არ ჰქონდეს. პროექტის - "დანერგე მომავალი" - ფარგლებში, ვისაც სურვილი ჰქონდა, კენკროვანი კულტურა გააშენა. ამ პროექტში თავად ჩავერთე, ჟოლო დავრგე. ეს ძალიან კარგი საშუალებაა სტუდენტებისთვის.
ჩვენ ხომ მუდამ თავისუფლებისკენ ვისწრაფვით. ოღონდ თავისუფლება სწორი ფორმით უნდა გავიგოთ, ახალგაზრდებს შეუძლიათ, სწავლის ფული თავად გამოიმუშაონ. აღნიშნულ ფართობზე ჟოლო რომ გააშენო, 3 წლის შემდეგ, როცა მოსავალს სრული დატვირთვით იძლევა, სეზონზე 5.000 ლარი მაინც შეიძლება დაგრჩეს. თან ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეგეშლება და დამატებით სხვა სამსახურიც შეიძლება გქონდეს.
საზოგადოება რა არის? შემდგარი ადამიანების ერთობაა. მინდა, ჩემი სიბერე ამ სოფელში, შემდგარი ადამიანების გარემოცვაში გავატარო: ზოგი პედაგოგი იქნება, ზოგი - ელექტრიკოსი, ზოგი - დურგალი, მაგრამ ყველა - თავის პროფესიაში შემდგარი.
თეოლოგი ვარ, სულ მაინტერესებდა, რა იყო ხატება და მსგავსება ღვთისა, რადაც ღმერთმა შეგვქმნა? ეს შემდგარი ადამიანია, რომელიც სწორად აზროვნებს და კულტურის მატარებელია.

ნავაზელებს მორიგი შეკრება 27 სექტემბერს აქვთ. ტკივილი, რომელიც სოხუმის დაცემიდან მოგვყვება, არასდროს განელდება. ნავაზელების გზავნილიც ეს იქნება, მომავალში ერთობის სურვილით, საკუთარ სახლებზე ეროვნულ დროშებს აღმართავენ.

- დაბოლოს, რას ეტყვით სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, სულ არ მოსწონთ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ ფარ-ხმალი აქვთ დაყრილი, საკუთარ თავში ცვლილებების ძალას ვერ ან არ პოულობენ, რომლებიც თვლიან, რომ მათზე ბევრი არაფერია დამოკიდებული?
- ერთ-ერთ ახლობელს სიმსივნე აღმოაჩნდა. ყველა ანუგეშებდა, ვინ რას არ ეუბნებოდა, მაგრამ უმრავლესობის სიტყვები იყო ტრაფარეტული, გაუაზრებელიც, რაც იმ პიროვნებას მეტად ამძიმებდა. ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც ეს გზა გავლილი ჰქონდა, მან სულ ერთი წინადადება უთხრა: იმედი არ დაკარგოო. ეს იმდენად დიდი ნუგეში აღმოჩნდა, იგრძნო - ტკივილი, რომელსაც თავად განიცდიდა, იმ ადამიანს უკვე განცდილი ჰქონდა. ეს რატომ გავიხსენე?.. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ: მთავარი მონდომებაა. ჩვენ არაერთი ღონისძიება ჩაგვეშალა, ბევრი დაბრკოლება გვქონდა, მომავალშიც გვექნება, მაგრამ დათმენაც უნდა შევძლოთ. მთავარია, საკითხისადმი სწორი მიდგომა ვისწავლოთ, ერთმანეთში ნდობის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. იქ, სადაც ნდობაა, ყველაფერი კარგად მიდის.
როლანდ ხოჯანაშვილი
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.