"მშობლებმა უნდა დაიჯერონ, რომ ბავშვებს გვაქვს სუპერძალები"
font-large font-small
"მშობლებმა უნდა დაიჯერონ, რომ ბავშვებს გვაქვს სუპერძალები"
წარმატებული გოგონას ფერადი და ჯადოსნური სამყარო

ძალიან ლაღი და ფერადი ანა ზოიძე მესამეკლასელია. უამრავი გატაცება აქვს, მაგრამ ყველაფერზე მეტად, ხატვა და სიმღერა უყვარს. ახლა პერსონალური გამოფენისთვის ემზადება, სადაც გეგმავს, რომ თავისი წიგნისა და ე.წ. მადლიერების ბლოკნოტების პრეზენტაციაც გამართოს.


- 8 წლის ვარ. მომწონს ხატვა, სიმღერა, ცეკვა, ვსწავლობ სხვადასხვა ენას. ბევრი რამ მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად - ხატვა და სიმღერა. სხვადასხვანაირი ოცნებაც მაქვს: ზოგი დიდია, ზოგიც - პატარა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, როცა გავიზრდები, უზარმაზარი სახელოსნო მქონდეს, სადაც ბევრი ბავშვი მოვა და მე მათ ვასწავლი ხატვას, სიმღერას, იმ ყველაფერს, რისი ნიჭიც მაქვს... მთავარი ოცნებაა, მთელი მსოფლიოს ბავშვები ბედნიერები იყვნენ და მე მათი ცხოვრება გავალამაზო, გავახალისო.
რაც შეეხება პატარ-პატარა ოცნებებს, ჩემი ნახატების გამოფენა მინდა; ასევე მსურს, ისეთი სიმღერა დამიწეროს ჩემმა მასწავლებელმა მზექალამ, მთელი მსოფლიო რომ დააინტერესოს და ყველამ სიამოვნებით მოისმინოს. ასევე, მინდა წიგნი გამოვცე. არ ვიცი, თქვენ იცით თუ არა, მაგრამ დავწერე "ალექსანდრე და ალექსანდრა".
GzaPress
- რას გვასწავლის შენი წიგნი?
- ჩემს წიგნში იმაზეა ლაპარაკი, ზოგჯერ მშობლებს და ბავშვებს რომ არ ულაგდებათ ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს ეჩხუბებიან, უყვირიან და ა.შ. ერთმანეთს თავიანთ საიდუმლოებებს არ უყვებიან და ძალიან მეცოდება მე ისინი ამის გამო... არ მინდა, რეალურ ცხოვრებაში ასე ხდებოდეს და ზუსტად ამაზე დავწერე წიგნი. ტყუპს - ალექსანდრეს და ალექსანდრას ერთი ნატვრა აქვს: უნდათ, დიდები იყვნენ და მშობლებმა მათაც მოუსმინონ, ესაუბრონ, მათი აზრებიც გაითვალისწინონ. მათ მშობლებს კი ეს არ აინტერესებთ და არც იმაზე ფიქრობენ, რომ ყველა ბავშვი, რომელმაც წერა-კითხვა იცის, უკვე დიდია... ჩემმა დიდმა პაპამ (შალვა ამონაშვილი. - ავტ.) მითხრა, ყველა ბავშვი, ვინც წერა-კითხვა იცის, უკვე დიდი ადამიანიაო. ზუსტად ამაშია საქმე, ეს უნდა გაიზიარონ უფროსებმა. ჩემს პერსონაჟებს აქვთ დაბადების დღე. ალექსანდრეს სურს, დაეხმაროს დედას და თეფშები მაგიდაზე დააწყოს, მაგრამ მამა ამის უფლებას არ აძლევს, ყველაფერს დაამტვრევო - ეს ცუდია. მშობლებს უნდა სჯეროდეთ საკუთარი შვილების და იმისაც, რომ ბავშვებს სუპერძალები აქვთ.
- ხატვამ როგორ გაგიტაცა?
- სამი წლის ვიყავი და სხვა ბავშვების მსგავსად, მეც რაღაცებს ვჯღაბნიდი. ერთხელ მზექალა ბერძენიშვილი გვესტუმრა და თქვა, ნახეთ, ეს ბავშვი რა კარგად ხატავსო. ჰოდა, მას მერე ვხატავ და ვხატავ ბევრ რამეს: ქათმებს, ფოთლებს, ჰოროსკოპებს, ჩიტებს... ქათმებზე ვამბობდი, რომ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან და ეგ აზრი ისე მომეწონა, რომ ახლა მინდა, კიდევ ერთი სერია გავაკეთო. სულ ვხატავ და შეიძლება ითქვას, რომ ამით ვცხოვრობ.
- ისეთ ფერად სახლებსაც ხატავ, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებდი...
- ორნაირ სახლებს ვხატავ: ერთი ნაწილი წიგნის ფორმისაა. წიგნებში ხომ იწერება ადამიანის ცხოვრების შესახებ და ზუსტად ასე იწერება სახლებშიც ადამიანების ისტორია - ზოგი სევდიანი, ზოგი ხალისიანი, სიყვარულის შესახებ და ა.შ. მეორე სერიას თვით სახლის ფორმები აქვს და ფერად-ფერადია. ნახატებს ერთად რომ ვალაგებ, ქუჩა გეგონება, რომელიც ძალიან ლამაზია. ფერადი იმიტომ არის, რომ შიგნით ფერადი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, სიკეთით აქვთ გული სავსე, ერთურთს ეხმარებიან და გონიერებიც არიან.
GzaPress
- გამოფენაზე ვოცნებობო, მითხარი...
- კი და სექტემბერში ან ოქტომბერში მექნება. მთელი გულით, ძალიან, ძალიან ვემზადები ამისთვის.
- ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი?
- ძალიან მიყვარს მიქელანჯელო. სიქსტეს კაპელაში რომ ვიყავი, ჭერს რომ ავხედე, გავოცდი: მსგავსი რამის გაკეთება თუ შეეძლო ადამიანს, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. საოცრადაა მოხატული... იცით, რატომ მიყვარს ხატვა? ის აჩვენებს, შინაგანად როგორი ხარ. ზოგი სულ ჭრელ რაღაცებს ხატავს, რადგან უხარია ცხოვრება, ზოგი ყველაფერს შავ ფერებში ხედავს, რადგან მოწყენილია. მეც ხატვის მეშვეობით ვაჩვენებ ადამიანებს, თუ როგორი ვარ შინაგანად.
- ანა, სამ ენას ვსწავლობო, მითხარი. რომელი ენებით დაინტერესდი?
- ვსწავლობ ინგლისურს, გერმანულს, რუსული ხომ უკვე ვიცი და ვიცი... მინდა ვისწავლო კიდევ 3 ენა: ესპანური, ჩინური და ალბათ კორეულიც, რადგან დედას ძალიან უყვარს კორეული რაღაცები... ენების სწავლა მშობლებმა მირჩიეს, დანარჩენი, რასაც ვაკეთებ, თვითონ მინდოდა. ძალიან სწორი ქნეს, რომ რჩევა მომცეს, ენების ცოდნა ყოველთვის გამომადგება. როცა ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან აქ ჩამოდიან, მათთან ურთიერთობა მიადვილდება და როცა გავიზრდები, მეც ხომ წავალ სხვა ქვეყანაში და იქაც გამომადგება, ხომ უნდა შევძლო, ადამიანებს სათქმელი გავაგებინო.
- რას ნიშნავს შენთვის სიმღერა?
- სიმღერა ჩემთვის ბედნიერებაა. სანამ არ დავდიოდი ვოკალზე, ჩემთვის ჩუმ-ჩუმად შევდიოდი ოთახში, ვიკეტებოდი, ტელეფონით ვუსმენდი სიმღერებს, მეც ვყვებოდი და თან, საწოლზე ვცეკვავდი. იცით, ადრე ძალიან, ძალიან მეშინოდა სცენაზე დგომის. ვკანკალებდი, როცა ბევრ ხალხს ვხედავდი და თან ხომ უნდა მემღერა, ამ დროს ვიბნეოდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და ისიც მავიწყდებოდა, იქ რატომ ვიყავი. მერე ეს შიში დავძლიე და ახლა თავისუფლად გავდივარ. მინდა ვუთხრა ბავშვებს: როცა რაღაცის გაკეთება გინდათ, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ. იცოდეთ, რაღაც ერთხელ თუ არ გამოგივათ, მეორედ უნდა სცადოთ; ისევ არ გამოვა? კიდევ სცადეთ: მესამეჯერ, მეოთხეჯერ... აკეთეთ მანამ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევთ.
- შიში როგორ დასძლიე?
- ოთახში ვვარჯიშობდი სარკის წინ, როგორ უნდა გამოვსულიყავი. მერე იმაზეც დავფიქრდი, მშობლებს რა გაუხარდებოდათ... ერთხელ მეხვეწებოდნენ, მაგრამ არ გავედი, რადგან მეშინოდა, მეორედაც ასე მოხდა, მესამედ კი დავძლიე ეს შიში, რადგან ჩემს მშობლებზე ვიფიქრე, რომ მათ ჩემი წარმატება გაახარებდა. პირველად ცეკვით გავედით მე და ჩემი მეგობრები სცენაზე, რაც დედაჩემისთვის სიურპრიზი იყო. ძალიან მოეწონა და ისე გაუხარდა, მივხვდი, აღარ უნდა შემშინებოდა. ბავშვებო, თქვენც გირჩევთ, მოულოდნელი და სასიხარულო სიურპრიზები გაუკეთეთ მშობლებს, ეს ძალზე სასიამოვნოა.
- ამას წინათ ნეკა სებისკვერაძესთან ერთად შეასრულე მისი სიმღერა...
- არ დაგვიგეგმავს. მოულოდნელად ჩამოვიდა ის "ფერიების ქალაქში", რომ ერთად სიმღერით საღამო გაგველამაზებინა. იმ დღეს ნეკაც ფერია იყო და სხვებიც, მაგრამ მე ყველაზე მთავარი ფერია ვიყავი და ჩემთვის ეს დღე ყველაზე სამახსოვრო იყო.
- ანა, ხომ არ დაგღალე ამდენი კითხვით?
- არა, რა დავიღალე, პირიქით - მიხარია, როცა ჩემი ცხოვრებით ინტერესდებიან.
GzaPress
- მაშინ მოდი, შენი და მშობლების ურთიერთობაზეც მიამბე...
- მე არც ერთი საიდუმლო არ მაქვს, მშობლებს ყველაფერს ვუზიარებ. მათ იციან, რომ მე და ჩემს ძმას ყველაფერი შეგვიძლია, სუპერძალები გვაქვს და რაც უნდა გავაკეთოთ, ყველაფერში მხარს გვიჭერენ, განსაკუთრებით - მამა. რაღაც არ გამომდის? მეუბნება: ეგრევე რატომ ანებებ თავს? გააკეთე კიდევ ერთხელ და სანამ არ გამოგივა, არ გაჩერდეო. მამხნევებს... მე და ჩემი ძმა ძირითადად, მამას ვეთამაშებით, რადგან დედას სულ საქმე აქვს და არ სცალია, მაგრამ როცა საჭიროა, ისიც ყოველთვის გვეხმარება, თუ თავისუფალ დროს გამონახავს, აუცილებლად გვეთამაშება. სხვადასხვა თამაშს ვიგონებთ ხოლმე და ეს ძალიან საინტერესოა. ერთმანეთს ვუკეთებთ "კვესტებს"... იცით, მთავარი ისაა, რომ მშობლებმა და შვილებმა ერთმანეთს მხარი დაუჭირონ, გულით აკეთონ საქმე, ცუდი არასდროს გააკეთონ და რაც მთავარია, ერთმანეთი უყვარდეთ, ენდობოდნენ, ყველა საიდუმლო გაუზიარონ... დედაჩემი სულ იმას ცდილობს, მიზნების მიღწევაში დაგვეხმაროს. ოცნებობს, რომ უცხო ქვეყნებში მივიღოთ განათლება და ძალზე წარმატებულები ვიყოთ.
- რა არის მეგობრობა და შენ როგორი მეგობრები გყავს?
- მეგობარი კეთილი, ერთგული უნდა იყოს და შენი გულის ფიქრები ესმოდეს. მე კარგი მეგობრები მყავს, მათ უხარიათ ჩემი დანახვა სცენაზე. როცა იგებენ, რომ რაღაც წარმატება მაქვს, სულ მწერენ, მირეკავენ, მილოცავენ. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი წარმატებით მათაც მოტივაცია ეძლევათ, რომ საყვარელი საქმე გააკეთონ, მიზნებს მიაღწიონ. უნდებათ ხატვა, სიმღერა და საკუთარი ოცნებებისკენ თამამად მიდიან, წარმატებებს უახლოვდებიან.
- შენს დიდ პაპაზეც მიამბე რამე - ბატონი შალვა ძალიან პოპულარული პედაგოგი და ფსიქოლოგია. ხშირად გაძლევს რჩევას?
- ჩემი დიდი პაპა ჩემი მეგობარია. მას სჯერა, რომ ჩვენ უკვე დიდები ვართ, ყველაფერი შეგვიძლია, სუპერძალები გვაქვს. ის არასდროს გვიბრაზდება. იცის, რომ ჩვენ აქ, დედამიწაზე ჩამოვედით რაღაც მისიისთვის. ხშირად მაძლევს რჩევას და ერთ-ერთს გაგიმხელთ. ერთხელ მითხრა: ღამე იმისთვის კი არაა, რომ დახუჭო თვალები და გადახვიდე სიზმრების სამყაროში. ღამე რაღაც დიდი ამოცანა უნდა ამოხსნა, დიდი აზრი ჩაიტოვო ტვინში, რომ ადვილად ამოხსნა რთული ამოცანაო, ანუ ღამეც უნდა იშრომოს ადამიანის გონებამ. მომწონს მისი რჩევები.
- დაბოლოს, შეგიძლია მითხრა, როგორია შენი ცხოვრება?
- ჩემი ცხოვრება როგორც ტკბილი ბამბის ნაყინი, ფუმფულა, ფერადია და რაც მთავარია, ყველას მოსწონს. მე ძალიან, ძალიან ლამაზი ცხოვრება მაქვს.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვა