როდის მოვა დორა?
font-large font-small
როდის მოვა დორა?
"ქუჩაში გაყრილი თოჯინების მერე გიკვირთ, რომ ბავშვებს კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიიყვანენ ხოლმე?!"

სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაგვის ურნებთან დაყრილი სათამაშოების ფოტოები, რომლებმაც ცალსახად უარყოფითი ემოცია გამოიწვია. ერთმა ემიგრანტმა ესპანეთიდან მომწერა, რომ ძალიან უნდოდა, თავისი ისტორია მოეთხრო მკითხველისთვის და მერე მკითხველს თავად გამოეტანა დასკვნა.



"დიდი ხანია, საქართველოდან წავედი; წავედი არა იმიტომ, რომ მიხაროდა საქართველოს და შვილის მიტოვება, მოხუცი მშობლების თვალსაწიერიდან ჩამოცილება! ეს იყო იძულება! ან ოჯახი უნდა გამეწირა შიმშილისთვის, ან მე უნდა გავწირულიყავი ყველაფრის მონატრებისთვის. ქმარი სარკომით გარდამეცვალა, ძალიან კარგი ადამიანი იყო, მოსიყვარულე ქმარი, მამა და ზოგადად, მართლა კაცი! ერთადერთი შვილი გამიზარდეო, - ტკივილით დაღლილმა მავედრებელი თვალებით მითხრა სიკვდილის წინ და მომიბოდიშა, როგორ დროს გტოვებ ამ მხეც სამყაროში მარტოო...
უკანასკნელი ძალა, რაც მქონდა, დამჭირდა იმისთვის, რომ მშობლები დამერწმუნებინა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში - ემიგრაციაში უნდა წავსულიყავი. დედამთილმა უფრო იოლად გამიგო. ქმრის დატოვებული ბინა გავყიდე იმ ფასად, რაც ბარსელონაში ჩასვლასა და ორიოდე დღის სარჩოდ რომ მეყოფოდა იქ. დედამთილმა ჩემს მშობლებს უთხრა, თქვენ არ იცნობთ ჩემს რძალს კარგად, მე მისი იმედი მაქვს, არც თავს შეირცხვენს, არც ჩემი შვილის სახელს, სოფლად გადმოვალ თქვენთან საცხოვრებლად, ლალიკოს ერთად გავზრდით, სოფელსაც ერთად მივხედოთო... მოკლედ, დედამთილი და შვილი სოფლად გადავიყვანე და შევევედრე ყველას, რომ გაეძლოთ წუთისოფლისთვის. არ მქონდა უფლება, ჩემი ცრემლი დაენახათ არც უფროსებს, არც ჩემს შვილს და ყელში ბურთგაჩხერილივით გავედი სახლიდან ერთი დიდი ჩანთით და იმ იმედით, რომ მალე სამშობლოში დავბრუნდებოდი. ქალური სისუსტე მაინც გამომიმჟღავნდა. გზად ჩემი შვილის პერანგი და ის წიგნი წავიღე, რომელსაც ლალიკოს დაძინებამდე ვუკითხავდი ხოლმე. ჰელენა შმაჰელოვას "როდის მოვა დორა" ჩემი საყვარელი წიგნი იყო. თითქოს სამხიარულო უნდა ყოფილიყო ეს წიგნი, სინამდვილეში, სევდიანი ზღაპარი შემრჩა ხელში. თითქმის დავიზეპირე ყველა გვერდი. ყოველ საღამოს გარინდული მისმენდა ჩემი შვილი, თითქოს უნდოდა, დორა დროზე მისულიყო თოჯინებთან და ყველას მიშველებოდა, ყველა დაეხსნა უპატრონობისგან. ეს წიგნი და შვილის ფლანელის პერანგი წავიყოლე იმისთვის, თუ ოდესმე ჩემი ქალური ბუნება დაივიწყებდა დედობასა და ქვრივი ქალის სტატუსს, წამეკითხა და მეგრძნო შვილის საჭიროებები...
GzaPress
ბარსელონაში ჩასულს ია და ვარდი მართლა არ დამხვედრია. თავიდან მოხუც ცოლ-ქმარს ვუვლიდი. ჯერ ბაბუა გარდაიცვალა, მერე მის ქვრივს ორ წელს შევყურებდი თვალებში, რომ არაფერი სწყენოდა. საუცხოო ხალხი იყვნენ, არასდროს ითხოვდნენ ზედმეტს და განსაკუთრებულს. ცდილობდნენ, ესპანურად მესაუბრა მათთან. ბოლოს, როცა მოხუცმა ქალმა დაუძლურება იგრძნო, შვილებს მოუხმო და ბოლო ოჯახური თათბირი გამართა. არ ვიცი, რას ელაპარაკა თავიდან, მაგრამ ბოლოს მიხმეს და მამცნეს, რომ საკუთარ თავზე იღებდნენ ჩემს საკვალიფიკაციო კურსებზე გაგზავნას. ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდნენ. მარიამ, საბოლოოდ თეთრ როიალს თავისი ძარღვებდატყობილი ხელი არისტოკრატიულად გადაუსვა და თქვა, - ჩვენ, დიდებული სისხლი დაგვიდის ძარღვებში და ეს სისხლი გვავალებს, კარგი საქმე გავაკეთოთო...
საოფისე საქმე ვისწავლე. მარიამ თავისუფალი დრო მომცა სწავლისათვის. დღეს და ღამეს ვასწორებდი, რომ იმედი არ გამეცრუებინა ჩემი თავისთვის, მარიასა და ოჯახისთვის. იმ დროს დავიწყე "როდის მოვა დორას" თარგმნა ესპანურად. ღამით, როცა ქალბატონი დაიძინებდა, ვეწვალებოდი სიტყვებს და მომდევნო საღამოს კრიტიკულად ვაფასებდი ჩემს თარგმანს. ეს ვარჯიში ძალიან წამადგა. ახლა ესპანურს იმ დონეზე ვფლობ, რასაც სახელმწიფო ენის ფლობა ჰქვია. მარია რომ გარდაიცვალა, მეც შვილებთან ერთად ვიდექი მოტირალთა შორის და გულწრფელი ცრემლები მცვიოდა, თან ვფიქრობდი, მარია ჩემი მფარველი ანგელოზი იყო თუ უბრალოდ, შევეცოდე და სიკვდილამდე გადაწყვიტა, რომ ღმერთთან წარსადგენად გაეკეთებინა ამხელა საქმე?.. მე მინდოდა, პირველი ყოფილიყო და ასე მჯერა ახლაც. ის მოხუცი, რომელსაც ზღაპრულად თეთრი თმა, მშვიდი თვალები და დახვეწილი თითები ჰქონდა, ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. ხშირად მიყვებოდა ამბებს თავისი ცხოვრებიდან და ყოველთვის ცდილობდა, ჩემების მონატრება როგორღაც გადამელახა. ხშირად მახსენებდა, რომ შვილს დავლაპარაკებოდი თუნდაც იშვიათად, მაგრამ აზრიანად და დედაშვილურად.
ჩემი შვილიც "სკაიპით" გაზრდილი თაობისაა. უსაშველოდ მადლობელი ვარ ყველაფრის. ცხოვრებამ დიდი გამოცდა მომიწყო, მაგრამ მე ამას გავუძელი შვილის, ქმრის ხსოვნისა და ბევრი რამის გამო. ახლახან ვნახე, როგორ გამოაქვეყნეს ურნებთან დაყრილი სათამაშოების ფოტოები. ახლა კი გეკითხებით: რა გიკვირთ, თუ მშობლები შვილების მკვლელებად გვევლინებიან ან კიდევ, შვილები მშობლებს აზარტისა და ნარკოტიკის გამო გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ? განა რა უნდა დააშავოს ერთმა სათამაშომ ისეთი, თუ მას თქვენი სახლის ერთი ოთახის ერთ კუთხეს მიუჩენთ? გასაგებია, ბევრი თქვენგანი ისე გამდიდრდა, რომ ის იაფი სათამაშოები აღარ უხდება ახალ დიზაინს, გემოვნებას, მაგრამ გავიწყდებათ, რა ფასდაუდებელი იყო "ლომი", "ცუგა" ან სხვა რომელიმე? იცით, როცა სათამაშოს გარეთ მოისვრიან, მაშინ აგდებენ კეთილგონიერებას, სითბოს, კეთილშობილებას?! ამას მიჰყვება სადღაც, ქაოსით შეშლილ სამყაროში ჩვენი ბავშვების სიმშვიდე, რადგან მჯერა, იმ სათამაშოებს კავშირი აქვს ყველა ჩვენგანთან. დაუფასებლობა სხვა რამეა კიდევ; უფრო იმაზე ვფიქრობ, რომ ამ სათამაშოებს ესმით ჩვენი შვილების და გარეთ, ჭუჭყიანი მტვრისა და წვიმის ქვეშაც, საკუთარ ბედსა და ადამიანებზე დარდობენ მანამ, ვიდრე ხსოვნის ნამცეცები ექნება მათ თათებს, ბრიყვი შესახედაობის თვალებს... ყოველთვის არ მივა დორა გადაყრილ სათამაშოებთან, არ დააბრუნებს მათ იქ, სადაც ყოფნა უყვართ და საჭიროა! გაფრთხილდით! ბრტყელი სიტყვების ძახილს, რომ დეჰუმანიზაცია იპყრობს სამყაროს, სჯობს გააცნობიეროთ, რომ ეს ჩვენი ბრალია...
GzaPress
არაადამიანური გახდება სამყარო, როცა გარეთ მოისვრი სათამაშოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაძველდა "მორალურად" და შვილს ხელში შეაჩეჩებ კომპიუტერსა და ტაბლეტს, რომ გაერთოს... ეგებ და ვინ იცის, მხოლოდ იმიტომ აჩეჩებთ ბავშვებს ასეთ თამაშს, რომ თქვენ იოლად გადააგოროთ ცხოვრება. იოლად კი არ შეიძლება ცხოვრება, გემო სირთულეების გადალახვას აქვს. არ ვიცი, ვინმეს დააინტერესებს თუ არა, მაგრამ ჩემი შვილი ახლა დედაა და თან, კარგი დედა. ძალიან მარტივად დამიფასა შრომა, ქმარ-შვილსაც ჰპატრონობს, ჩემს სამ მოხუცსაც თან ჰყვება. ნამდვილი ქალიაო, ასე მითხრეს მასზე. მისი ქალობა კი სათამაშოებს უკავშირდება, ჩემს მაგივრობას რომ უწევდნენ! ასე რომ, ნუ გადაყრით სანაგვეზე სათამაშოს. ყველაზე ცუდ ვარიანტში, ბოდიში მოუხადეთ და სხვას აჩუქეთ! ისე, უმჯობესია, ყველა სათამაშოსთვის იყოთ დორა. მიდით ხშირად ძველ სათამაშოებთან და მოეფერეთ, რადგან მათ ეს უყვართ...
ჰო, როცა ჩემი შვილი დედა გახდა, ესპანეთიდან ყველაზე ძვირფასი რაც ჩავუტანე, წიგნი იყო. "როდის მოვა დორა" ახლა ჩემი შვილიშვილის საძინებელში ყველაზე ძვირფასი საგანია. ამ წიგნმა გადამირჩინა ჩემი და ჩემი შვილის ადამიანობა..."
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.