"ჩემი ოცნებაა, ოდესმე ჩემს სამშობლოში ხალხს უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალება ჰქონდეს!"
font-large font-small
"ჩემი ოცნებაა, ოდესმე ჩემს სამშობლოში ხალხს უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალება ჰქონდეს!"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა

ალაა ტალიაა სირიელი ფოტოგრაფია, რომლის გადაღებული ფოტოები ცოტა ხნის წინ, გერმანიაში მცხოვრებმა მეგობარმა მაჩვენა და გადავწყვიტე, მასთან ინტერვიუ ჩამეწერა. პროექტი, რომელიც ჰამბურგში მდებარე კულტურის ცენტრის თაოსნობით ხორციელდება, ლტოლვილთა პორტრეტების სერიაა, სახელწოდებით "შემდეგი ნაბიჯები" და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და პროფესიის, გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თავიანთ კულტურას, ტრადიციას წარმოაჩენენ.


პროექტში მონაწილეობს წარმოშობით ქართველი ორი გოგონაც - ლეა სესილ ჰართმანი და ვივიენ ოლი. თუმცა, ისინი ლტოლვილები არ არიან, მათ ქართველი დედები და გერმანელი მამები ჰყავთ, ქართული სულისა და კულტურის წარმოჩენის დიდი სურვილი ჰქონდათ და ჩვენს ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა მოზარდებმა პროექტის მესვეურებს ქართული ცეკვა და სიმღერა წარუდგინეს. ფოტოგამოფენა ნოემბერში გაიმართება.
- როგორ გაჩნდა ამ პროექტის იდეა და რა მიზანი აქვს მას? რა არის მთავარი ჩანაფიქრი? რის მიხედვით შეარჩიეთ ის მოზარდები, რომლებიც ფოტოსესიაში მონაწილეობენ?

სონია ენგლერი, ჰამბურგის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი:
GzaPress- ალაა ტალიაამ ფოტოგრაფიული დოკუმენტაციის პროექტზე მუშაობა 2019 წლის შემოდგომაზე მოხალისედ მას შემდეგ დაიწყო, რაც უკვე მუშაობდა ფოტოგრაფად სირიაში და პროფესიულ მომავალს იწყობდა გერმანიაში, ფოტოგრაფიისა და მედიის დიზაინის მიმართულებით. ჩვენ ერთობლივად განვავითარეთ ლტოლვილთა პორტრეტების სერია, სახელწოდებით "შემდეგი ნაბიჯები". პროექტის მთავარი იდეა ფოტოსერიის სათაურშია. გვინდა ვაჩვენოთ, თუ რა პერსპექტივა აქვთ ფოტოებში ასახულ ადამიანებს მათი პირადი მომავლისთვის და რა ანიჭებს მათ სტაბილურობას. ფოტოებიც თავად პიროვნების მიერაა არჩეული. პროექტის ერთ-ერთი მიზანია ალაა ტალიაას მხარდაჭერა გაუწიოს გერმანიაში პროფესიონალად დამკვიდრებისა და მხატვრულად გამოხატვის მიზნით.
ჩვენ ასევე გვინდა ინდივიდუალური სახე მივცეთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან გამოიქცნენ და გერმანიაში ახალი ცხოვრება დაიწყეს. სურათები მეტყველებენ თავად ამ პიროვნებებზე და არა - როგორც "ლტოლვილებზე".
პროექტის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, ისინი ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობენ გადასახლებაში და ყოველთვის ცდილობენ, თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. მათი უმეტესობა სირიიდანაა, თუმცა, ასევე არიან ერაყიდან, ავღანეთიდან, თურქეთიდან, ჰაიტიდან, განიდან და ასევე, ბავშვები საქართველოდან, რომლებიც არ არიან ლტოლვილები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ნაციონალური სამოსი მოგვეწონა, გადავიღეთ. ყველას რაღაც განსაკუთრებული ნივთი აქვს სამშობლოდან წამოღებული და საგულდაგულოდ ინახავს. ზოგი ნაციონალურ ტანსაცმელსაც ატარებს ამ ნივთებთან ერთად, რაც ტრადიციას და სამშობლოს ისტორიას უსვამს ხაზს. ზოგ შემთხვევაში აქცენტი მარტო საგანზე ან პიროვნებაზე გავაკეთეთ. გადაღების ადგილი კულტურის ცენტრი Zinnschmelze იყო, რაც ცუდ და წვიმიან, ჰამბურგულ ამინდს უწყობდა ხელს.
აღსანიშნავია, რომ Zinnschmelze ოქტომბრის თვიდან ასევე გეგმავს მრავალ თაობათა პროექტს, ეს იქნება კულტურათაშორისი შეთავაზება ბავშვებისთვის, მშობლებისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის, რომელიც შეიქმნა ეთნოლოგთან და მუსიკოს თინა ბუროვასთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია გააერთიანოს ჰამბურგში მცხოვრები სხვადასხვა კულტურისა და თაობის წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეული "იავნანათი" ურთიერთგამდიდრება უზრუნველყოს. მეგრულ "ნანას", მრავალხმიანი ჟღერადობით, უცხოელები შეასრულებენ.

ალაა ტალიაა, სირიელი ფოტოგრაფი:
- საქართველოში სამწუხაროდ ნამყოფი არ ვარ და მხოლოდ ის ვიცოდი, თუ სად მდებარეობს და რომ წარსულში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, შემდგომ კი დამოუკიდებლობა დაიბრუნა. როცა გერმანიაში ჩამოვედი, რამდენიმე ქართველი გავიცანი, რომლებიც ძალზე სასიამოვნო ხალხია და მათგან უფრო მეტი გავიგე. ჩემს პროექტში ქართველ ბავშვებს (რომლებიც მამების ხაზით გერმანელები არიან და გერმანული გვარები აქვთ) თავიანთი ნაციონალური სამოსი აცვიათ და ქართულ კულტურას წარმოაჩენენ. ვფიქრობ, საინტერესო ფოტოები გამოვიდა და დამთვალიერებელს მოეწონება.
- ფოტოგრაფია რა არის თქვენთვის? რა მიმართულებაა უფრო საინტერესო?
- ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა და როცა კამერა არ მქონდა, ობიექტებს თვალით ვაფიქსირებდი, თითქოს ფოტოებს მეხსიერებით, წარმოსახვით "ვიღებდი", ვიმახსოვრებდი. თავიდან ფოტოგრაფია ჰობი იყო, მოგვიანებით კი მომინდა, ჰობი პროფესიად მექცია. 2008 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკა ცნობილ ფოტოგრაფთან გავიარე და 2009 წლის ბოლოს უკვე საკუთარი ფოტოსტუდია გავხსენი, რომლის დახურვაც ომის დაწყებისას მომიხდა. ფოტოგრაფია არის მდგომარეობა, როდესაც გარშემო ყველაფერს ვივიწყებ და სამყაროს ობიექტივით ვხედავ.
სიამოვნებით ვუღებ ფოტოებს ყველას და ყველაფერს, რაც სულიერ სიმშვიდეს გამოხატავს - ადამიანებს, ქუჩებს, ბუნებას. მახსენდება 2011 წლის ომის დასაწყისი სირიაში, მაშინ არ მინდოდა ფოტოების გადაღება, რადგან ისინი იმ ტკივილს გამახსენებდნენ, რასაც ომი იწვევდა ჩემში. ეს ყველაფერი მალე უნდა დაგვევიწყებინა და ახალი ცხოვრება დაგვეწყო.
- როგორ ცხოვრობდით სირიაში?
- სირიის ერთ პატარა სოფელში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაშიც იქ დავდიოდი და მართლაც დაუვიწყარი ბავშვობა გავატარე მშობლებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, ყოველი დღით ვტკბებოდი. ჩვენ 8 და-ძმა ვიზრდებოდით სიყვარულით სავსე ოჯახში. და-ძმები ერთ ოთახში ვცხოვრობდით და ბევრს ვთამაშობდით. დღეში სამჯერ, მთელი ოჯახი აუცილებლად ერთად მივირთმევდით საჭმელს, რაც მეტ სიყვარულს, სიძლიერეს და ერთობას გვმატებდა.
ჩვენი სოფელი სირია-ისრაელის საზღვარზე, ალ-გოლანის მაღლობზე მდებარეობს და როგორც ცნობილია, 70-იან წლებში, სანამ მე დავიბადებოდი, ომის ზონად ითვლებოდა, ამიტომ მამაჩემი იძულებული იყო, მოსწავლეებისთვის გაკვეთილები სახლში ჩაეტარებინა. მამა ერთადერთი მასწავლებელი იყო არა მარტო მთელ სოფელში, არამედ მთელ რეგიონში და ყველა მეკითხებოდა, - მასწავლებელ ალის შვილი არ ხარო? რითაც ძალიან ვამაყობდი.
- რაზე ოცნებობდით?
- ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ყველაზე კარგი ნიშნები მქონოდა და პილოტი გამოვსულიყავი; მეორე ოცნება კი იყო ის, რომ მამაჩემისთვის მანქანა მეყიდა, რადგან მას ფეხების პრობლემა ჰქონდა. ამის ასრულება, მის გარდაცვალებამდე მხოლოდ ცოტა ხნით ადრე შევძელი...
GzaPress
- როგორ მოქმედებს ბავშვზე, მოზარდზე ისეთ გარემოში გაზრდა, სადაც ხშირია ომი, უყურებენ დანგრეულ შენობებს, გარემო სტრესული და დამთრგუნველია. როგორია იქაური ყოველდღიურობა?
- სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ომის დროს შვილი არ მყავდა. ჩემმა დამ თავის ოჯახთან ერთად, ომის დასაწყისში საკუთარი სახლი მიატოვა და ჩვენთან შეაფარა თავი. ერთ საღამოს ჩემმა სიძემ მითხრა: არ ვიცი, ასეთ სიტუაციაში შვილები როგორ უნდა გავზარდოთ, ირგვლივ ყველაფერი უცნაურად ვითარდება, ჩვენ ჩვენს მიწა-წყალს ვანადგურებთ და ჩვენ შორის დისტანცია უფრო და უფრო იზრდება, უარესდება. არ არსებობს წესები და კანონები, ძალაუფლება პოლიციას აქვს. სკოლები თითქმის დახურულია და გზა სკოლამდე - საშიში. ბავშვები ხედავენ და ესმით, რაც ხდება ირგვლივ. იმასაც ხედავენ, რომ განათლებული ადამიანები სუსტები არიან და თავიანთ ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგეს. ამ სიტუაციაში როგორ გინდა ბავშვს აუხსნა, რომ სკოლაში უნდა წავიდეს და წესები, კანონები ამ ქვეყნისთვის ისწავლოსო?.. ამ ომში ბევრმა შვილი დაკარგა, ჩემმა დამაც, სამწუხაროდ და ახლა, მისი ცხოვრება აღარაა ისეთი, როგორიც მანამდე იყო...
- სამწუხაროა... ცხოვრება ომში რთულია, მაგრამ სად არის ნათელი წერტილი? რა აფერადებს ბავშვობას სირიაში?
- ჩემთვის ბავშვობის ნათელი და საყვარელი ფერები მწვანე და ცისფერია, რადგან მამას ხშირად ვეხმარებოდი მინდორში მუშაობისას, წვიმასა და მზეში. ბუნებამ და ამ ფერებმა მოახდინა დიდი გავლენა ჩემს ცხოვრებაზე.
- როგორია იქაური სკოლა და როგორ განათლებას იღებს მოზარდი?
- 70-იან წლებში მამაჩემი სახლში რომ ატარებდა გაკვეთილებს, ყოველთვის ამაყობდა, ეს შესაძლებლობა რომ ჰქონდა. 1975 წელს, მან სკოლა გახსნა, სადაც მოსწავლეები მეექვსე კლასამდე სწავლობდნენ. 8 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა საშუალო სკოლა, რომელშიც სწავლა 3 წელი გრძელდება. შემდგომი ეტაპი კი პოლიტექნიკური ან საერთო სასწავლებელია, რომლის დამთავრების მერე აბიტურიენტი ხდები და უნივერსიტეტში ან ინსტიტუტში ჩაბარების საშუალება გეძლევა.
- რთული იყო სამშობლოს და ახლობლების დატოვება? როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
- ყოველთვის მენატრება ჩემი სამშობლო და ჩემი ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია გერმანიაში ვარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი ერთი ნაწილი ჩემს სამშობლოში დარჩა. 32 წელი სირიაში გავატარე და ეს არ შეიძლება დავივიწყო. იმ დროისთვის ვიცოდი, რომ ბევრი არ უნდა მეფიქრა, სხვა გამოსავალი არ მქონდა, მე უნდა დამეტოვებინა სამშობლო, რათა მეცოცხლა, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი.
GzaPress
- გერმანიაზე რას იტყვით? როგორ შეგიფარათ ამ ქვეყანამ?
- გზა სირიიდან გერმანიამდე დაახლოებით 20 დღეს გაგრძელდა, რადგან ჯერ გემით, შემდეგ კი დიდი, გასაბერი ნავით გადმოვცურეთ. არც მიზანი მქონდა და არც წარმოდგენა, საით მივდიოდი. ყველაფერი, რაც იმწუთას თავში მიტრიალებდა, ის იყო, რომ მშვიდობით გადამელახა ზღვა და ბოლოს გერმანიას მივადექი. გერმანიაში საკვები, ტანსაცმელი და კონსტიტუცია მოგვცეს, რათა ჩვენი უფლებები და გერმანიის წესები გვცოდნოდა. იმ მომენტში მივხვდი, რომ მე სწორ ქვეყანაში ვარ და აქ ყველა თანასწორუფლებიანია.
- როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოს სირიისთვის?
- ვფიქრობ, მსოფლიოს ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია ჩვენთვის, თუ თვითონ არ ვუშველით საკუთარ თავს. ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და სათანადო გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ბევრის იმედი არ მაქვს, სანამ ორივე მხრიდან იარაღის ყიდვა-გაყიდვა და სამხედრო მხარდაჭერა არ დამთავრდება.
- ამ ეტაპზე, რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?
- ჩემი ოცნებაა, ოდესმე ჩემს სამშობლოში ჩავიდე და იქ ხალხს უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალება ჰქონდეს!
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
შემთხვევითი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.