"სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა მათში კვლავ გააღვიძეს მიძინებული მონსტრი"
font-large font-small
"სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა მათში კვლავ გააღვიძეს მიძინებული მონსტრი"
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"

"სუიციდის შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა და ვფიქრობ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა თითზე ჩამოსათვლელია, მთავრობა ვალდებულია, ყველა სახელმწიფოებრივი რესურსი გამოიყენოს საიმისოდ, რომ უბედური შემთხვევები თავიდან აიცილოს. დედისთვის არანაირი შეღავათია იმის მტკიცება, თუ როგორ, სად და რა ვითარებაში მოხდა თინეიჯერის ამ მდგომარეობამდე მიყვანა. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ყველა თავისი მოქალაქე. ჩვენი მოძრაობის კატეგორიული მოთხოვნაა, დაიბლოკოს ონლაინსივრცე; ძვირია, მაგრამ ქვეყანას უნდა უღირდეს მისი გადახდა, რადგან მზარდია სუიციდის სტატისტიკა", - წერს "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმომადგენელი, ქალბატონი თამარ ჯაფარიძე.


ლუდომანია - აზარტული თამაშის გაგრძელების დაუძლეველი სურვილია, მიუხედავად ნეგატიური და ხშირად, დამღუპველი შედეგისა.
თამაშდამოკიდებულება ბოლო წლებში საქართველოს ეპიდემიასავით მოედო. არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი თამაშობს, მათ შორის - არასრულწლოვნებიც. ლუდომანიამ უკვე რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
GzaPress
თამარ ჯაფარიძე:
- რომ არა ჟურნალისტები, ალბათ ჩემი ორგანიზაცია ცნობილი კი არა, კარგა ხნის დამარხული იქნებოდა. ჩვენ არავინ გვაფინანსებს და არც დიდი ძალა გვიმაგრებს მხარს. ისიც ვერ ვიკადრე, რომ ორგანიზაციის გასაძლიერებლად ანგარიშის ნომერი დამედო სადმე და ისედაც გამწარებული ოჯახებისთვის, დედებისა და მამებისთვის დახმარება მეთხოვა. არადა, საქმის კეთება რომ შევძლოთ, ამას ფინანსებიც სჭირდება. ის, რაც შეიძლებოდა არსებობის 4 წლის მანძილზე საკუთარი რესურსებით გვეკეთებინა, ნამდვილად გავაკეთეთ და ახლაც ვაგრძელებთ შრომას.
- როცა ბოლოს გესაუბრეთ, სამთავრობო ჯგუფთან ერთად კანონპროექტზე მუშაობდით...
- ასეა. ვიმუშავეთ კიდეც მათთან ერთად კანონზე, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე თაროზეა შემოდებული და არც კი დაძრულა. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ეზრუნა სათამაშო ობიექტების შემცირებაზე, მათი რაოდენობა პირიქით, მაქსიმალურად იზრდება. ახლა არ დავასახელებ, ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების ცენტრი უნდა იყოს, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან ახლოს, "ბეთი" გახსნეს და სხვა ადგილებშიც ფართოვდებიან. 1000-ზე მეტი ობიექტი არსებობს უკვე და სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფოა მათი "გამპრავებელი" და პიარის გამკეთებელი. რომ არა ეს ფაქტი, წუთითაც არ მისცემდნენ უფლებას, აყვავებულიყო.
დღეს ისკო დასენი არსად ჩანს საპარლამენტო სიებში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, დასენის მაგივრად სხვა სახელი და გვარით იქნება პარლამენტში ადამიანი, ჩვეულებრივი პაიკი, რომელსაც წვდომა ექნება ამ ბიზნესზე და ხელს არასოდეს დააჭერს ღილაკს სათამაშო ბიზნესის საწინააღმდეგოდ. მოგეხსენებათ, ანტირეკლამური კამპანია გავმართეთ. პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, სათამაშო ბიზნესის დარეკლამება რომ აკრძალულიყო და 140 დეპუტატიდან 82-მა, როგორც "პოზიციის", ისე ოპოზიციის წარმომადგენელმა, ღილაკზე თითი არ დააჭირეს. მათ არც მწვანე აირჩიეს და არც - წითელი. ამ ადამიანებს შორის იყვნენ: გია ვოლსკი, რომან გოცირიძე, ბექა ოდიშარია, სოფიო კილაძე და ა.შ. აი, ეს არის კატასტროფა, ანუ კანონპროექტი მიზანმიმართულად ჩააგდეს.
ამ პროექტის ჩაგდებიდან დღემდე, უამრავი სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. უახლეს ამბავს გეტყვით, კასპის რაიონში, დაახლოებით 2 კვირის წინ, 32 წლის ბიჭმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, ოჯახი დატოვა... მანამდეც კასპის რაიონში მოხდა მსგავსი შემთხვევა: ოჯახმა ერთადერთი შვილი დაკარგა და მესამეც - კასპში: ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა, საბედნიეროდ გადაარჩინეს, მაგრამ ახლა ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული... ვინმემ გაიგო, რომ ამას წინათ ვარკეთილში, ერთ-ერთ ბაღში 19 წლის ბიჭმა დემონსტრაციულად ჩამოიხრჩო თავი? იცით, რამდენი მსგავსი ინფორმაცია მოდის ჩემამდე? გული მტკივა, მეტირება, რადგან უსინდისო ადამიანების ხელშია საქართველო. ნუთუ არ ადარდებთ, ახალგაზრდები ხელიდან რომ გვეცლებიან? დროა, თვალები გავახილოთ ყველამ და ხმა ამოვიღოთ ამ პრობლემის წინააღმდეგ, თორემ კარგ შედეგს ვერ მივიღებთ...
- მთავრობის წევრებიდან არავის გამოუთქვამს სურვილი, მხარში რომ ამოგდგომოდათ?
- მერწმუნეთ, ასეთები ერთეულები არიან და სამწუხაროდ, მათაც ბევრი არაფერი შეუძლიათ. ძველიც და ახალიც, არაფერს აკეთებდა ამ ბიზნესის უკან დასახევად. უთქვამთ, - მხარი დამიჭირე და ამა თუ იმ პრობლემას მოგიგვარებო. ამას ამბობენ, მაგრამ დამიჯერეთ, სადაც ჩვენ ვიყავით და ვიბრძოდით, რეალურად გაკეთებული საქმე ვერსად ვნახეთ. აღარ მინდა ძველი ამბების ქექვა, ერთს ვიტყვი მხოლოდ: ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს...
ჟურნალისტებმა მაინც იცით, რომ ჩვენი ორგანიზაცია კეთილსინდისიერად მუშაობს, მაგრამ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ზურგი შეგვაქცია. რატომ? - იკვებებიან ამ შავი ფულით და იმიტომ! რომ მეგონა, ზოგიერთი პოლიტიკური პერსონა მაინც იყო გულმართალი, მათაც იმედი გამიცრუეს. ყველას საკუთარი თავის პიარი უფრო ადარდებს, ვიდრე საქმის კეთება. დარწმუნებული ვარ, რომ მებრძოლა, "20-20"-ის არჩევნების მონაწილეები თავიანთ წვლილს შეიტანდნენ, თვალის ასახვევად საქმეს სანახევროდ მაინც გააკეთებდნენ. ეს არის ის უბედურება, რომელსაც ვერავინ მოერევა, თუ არა გულწრფელი ადამიანების მასა და არა - ორგანიზაცია. ამ მასის მობილიზება დედებმა მაქსიმალურად შევძელით, მაგრამ ეტყობა, ეს არ არის საკმარისი. გულწრფელად ვაღიარებ, რომ აქ უნდა ჩაერთოს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
- პოლიტიკაში უნდა წავიდეო, - თქვენი პოსტი ვნახე.
- ნამდვილად ვაპირებ, მაგრამ ამ არჩევნებიდან უსინდისოდ მომისროლეს. ჩათვალეს, თუ ჩვენ გვერდით თამრიკო ჯაფარიძე იქნება, მას თავისი ელექტორატი ჰყავს, სერიოზული ძალაა და შეიძლება გაგვიჭირდესო. ჰოდა, ამიტომ მომისროლეს. იმ დონეზე შეგვიყოლიეს დედების ორგანიზაცია, რომ უკვე ყველა დრო და ვადა ამოიწურა, მაგრამ ერთი წელი წინ არის, თვითმმართველობის არჩევნები უფრო რეალურია, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. დედების ორგანიზაციას გადაწყვეტილი აქვს, კარდაკარ, ისევე, როგორც დღემდე, ჩვენი ძალებით მოვამზადოთ საჭირო მასალა, ძალიან ჭკვიან ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, რომელთა სახელსაც ჯერ არ ვამხელ, არ მივიჩნევ ამას საჭიროდ. გვსურს, ადამიანების მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ. როცა ცნობიერება ამაღლებულია, იქ აზარტული თამაშიც დამარცხებულია, ნარკომოხმარებაც და არა მარტო ნებისმიერი მავნე ადექცია, სახელმწიფო ბიუროკრატიაა დამარცხებული და საზოგადოება მართავს სახელმწიფოს.
მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ დამეხმარება და მოდი, იმაზე ვისაუბროთ, თუ რატომ არ იზამს ამას. სახელმწიფო ამ არაჯანსაღი ფულით იკვებება. 2019 წელს სათამაშო ბიზნესს 18 მილიარდი ჰქონდა წლიური ბრუნვა. საბანკო სექტორსაც თითქმის უტოლდება სათამაშო ბიზნესი. თვეში, ოფიციალური სტატისტიკით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მილიარდ-ნახევარია. ეს თანხა, ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, არ არის საქართველოს ფული. ამიტომ, მათი აკრძალვა ჩვეულებრივ პარლამენტარს და მაღალჩინოსანს ვერ ხელეწიფება, მას უფრო დიდი "მამები" აწარმოებენ, მათთან ჭიდილი ძალიან რთულია. აი, ამიტომ მოქალაქეობრივი ცნობიერების დონე უნდა ამაღლდეს, რომ ეს მონსტრთა ჯგუფი, რომელიც მარტო საქართველოში კი არა, ნებისმიერი ოფშორული ზონიდან შეიძლება იყოს, დავამარცხოთ. ცნობიერებიდან მოდის თავისუფლება, ხელოვნური ჩარჩოების არქონა. დღეს მილიონი მოთამაშეა საქართველოში და ეს მილიონი ადამიანი ცნობიერებადაკაბალებულია. არა მარტო ერთი მოთამაშე, მისი ოჯახიც დაკაბალებული და გაუბედურებულია და ხელი აქვს ჩაქნეული, არ გვეშველება არაფერიო... არადა, თუ გავერთიანდებით, ყველაფერს მივაღწევთ.
- როგორც ვიცი, თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობა, ისინი თავად გიკავშირდებიან... ასეთებს როგორ ეხმარებით?
- ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა და მადლობა უფალს, რომ შემაძლებინა ეს ყველაფერი. ადრე, როცა თქვენთან ვიყავი ინტერვიუზე (და რა ცუდია, რომ ისევ ამ თემაზე გვიწევს ლაპარაკი), ძალიან ბევრ შემთხვევაზე გავამახვილე ყურადღება. ახლა ბევრი ახალგაზრდა თვითონ მიკავშირდება. თითქმის ყოველ დილას ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ როგორ დავეხმარო კონკრეტულ ადამიანს. მაქვს ჩემი "კეთილი ქსელი". მადლობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს, ქალბატონ ეკა ნონიაშვილს, ნინო ოკრიბელაშვილს, რომლებიც მაძლიერებენ და მხარში მიდგანან. არადა, სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროს ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრი მიტოვებული აქვს. ფსიქიკურად აშლილი ადამიანების მოვლა-პატრონობა სახელმწიფომ გადასწია 30-ე ხარისხოვნად. ჩვენ რომ მოვათავსებთ იქ ადამიანს და ვითხოვ, ეს კაცი "მძიმეა", მეშვიდე სართულიდან ხტებოდა, ყოველგვარი ანგარების გარეშე, იმწუთში მეხმარებიან და იწყებენ ზრუნვას. მიხარია, რომ ყველასგან მიტოვებული ადამიანების დახმარებაზე უარს არ მეუბნებიან.
- როგორ ფიქრობთ, ყველა მოთამაშეს სჭირდება ფსიქოლოგის თუ ფსიქიატრის კონსულტაცია?
- კი, ყველას სჭირდება! "მძიმეები" არიან. მათი უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა. იმიტომ ვლაპარაკობ ცნობიერების ამაღლებაზე, რომ როგორც მას სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, ისე სჭირდებათ მისი ოჯახის წევრებსაც. დედებმა, ცოლებმა, მამებმა, ახლობლებმა უნდა ვისწავლოთ ამ ადამიანებთან თანაარსებობა და მათ ხელი კი არ ვკრათ, დავეხმაროთ ჩიხიდან გამოსვლაში.
ვიმეორებ, დედების ორგანიზაცია გულმართალი, მოუსყიდავი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. სარეკლამო ბანერები რომ აიკრძალა, ამაში ლომის წილი დედებს, საპატრიარქოსა და სანდრო ბერაძის ოჯახს მოუძღვით, რომელიც სუპერადამიანებისგან შედგება და სუპერმეგობრები ჰყავთ. იმდენად კეთილსინდისიერი და კეთილმოტივირებული ადამიანები არიან, რომ არც კი აპიარებენ თავიანთ საქმეს. "სანდრიკას თასიც" კი დააწესეს, ფეხბურთის მატჩი ჩაატარეს, საოცარი გოგო-ბიჭები არიან. ყველა ერთად ვუპირისპირდებით სათამაშო ბიზნესს, ჩვენ გვერდით იყო ქალბატონი ანა დოლიძე და საზოგადოებაც, მაგრამ დამიჯერეთ, ვერც ერთი პოლიტიკური პერსონა ვერ მიიწერს ვერაფერს, რადგან ეს ეროვნული საქმეა და გული მწყდება იმის გამო, რომ ვიღაცები რაღაცებს სათავისოდ იყენებენ. წლების წინ, ერთ-ერთ პარტიაში უამრავი ზარი განვახორციელე, მაგრამ ჩვენთვის დახმარების გაწევის დიდი სურვილი არ გამოუთქვამთ. სამაგიეროდ, დღეს, როცა ამ გუნდის ხელმძღვანელის შვილს აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკაში მოსვლა, ჩვენი კვლევები სათავისოდ გაასაჯაროეს, წყარო მაინც მიეთითებინათ... როდესაც გულანთებული დედები წლების წინ მხარში დგომას სთხოვდნენ, მშრომელთა პარტიამ ყურადღება არ მოგვაქცია, რადგან ყველა ამ ფულით იკვებება - ეჭვი სერიოზულია. პოლიტიკაში მყოფმა ნებისმიერმა ადამიანმა მეტ-ნაკლებად თუ არ გაასაჯაროვა თავისი ფინანსები, ჩათვალეთ, რომ აქედან აქვს შემოსავლები.
- როცა მოთამაშე გადის ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მკურნალობას, იწყებს ამ სენისგან გამოჯანმრთელებას, არის შანსი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ გახდეს თამაშის ცდუნების მსხვერპლი?
- არაჩვეულებრივი კითხვაა და მადლობა ამისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გადავარჩინეთ. იყვნენ ისეთები, რომლებსაც მთელი 6 თვე შეწყვეტილი ჰქონდათ თამაში და ამის შემდეგ, როცა სათამაშო ბიზნესის მესვეურებმა მონაცემთა ბაზას გადახედეს და ეს ადამიანები "მკვდარ სულებად" მონიშნულები ნახეს, სწორედ მათ დაუგზავნეს მაცდუნებელი შეთავაზებები, გააღვიძეს მათში მიძინებული მონსტრი, ბოროტი ძალა და თავისკენ წაიყვანეს. სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება...
ახლა არ დავასახელებ არავის, მაგრამ ერთ ადამიანს, რომელსაც ჩვენი დახმარება ხელეწიფებოდა, ვთხოვე, შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომლის მეშვეობითაც მოთამაშეების უფლებას დავიცავთ, ამ ადამიანებს კრიმინალისგან ვიხსნით-მეთქი და ყური ამარიდა. ვიფიქრე, შესაძლებელია ეს მოუცლელობის ბრალია, "დატვირთულები" ვართ, მაგრამ ახლა გავიგე, რომ ამ თემას დამოუკიდებლად მოჰკიდა ხელი, - მე გავაკეთებო. მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართო: "ვერაფერსაც ვერ გააკეთებ!" დედებს ყველანაირი დოკუმენტაცია გვაქვს გამზადებული, იურისტებთანაც გავდივართ ახლა კონსულტაციას და აუცილებლად მაგალითების სახით, უფლებადარღვეული მოთამაშეების სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს როგორც სახელმწიფოს, ასევე სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ. გირჩევთ, შეირგოთ სავარძლები და იდეების მიტაცებას შეეშვით, თორემ საქმე ცუდად წაგივათ.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ტელესკოლის პედაგოგი, რომელსაც სამადლობელ წერილებს სწერენ
ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც ამერიკის ხელოვნების აკადემიაში სწავლის შანსი მიეცა
საბერძნეთში პოპულარული ჯორჯ გურენის გულახდილი ინტერვიუ
40 წლის მზევინარ ირემაძე ხულოში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელ ღორჯომში ცხოვრობს.
"შემოდგომის ყველაზე კარგი ფერები 20 ოქტომბრიდან იწყება"
75 წლის მამაკაცი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ეხმარება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.