უნდა ვესაუბროთ თუ არა ბავშვს სექსზე?
font-large font-small
უნდა ვესაუბროთ თუ არა ბავშვს სექსზე?
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო

უნდა ვესაუბროთ თუ არა ბავშვს სექსზე? როგორ? რა ასაკში და საჭიროა თუ არა, დეტალურად ყველაფრის ახსნა? - ეს კითხვები ალბათ აქტუალურია ბევრი მშობლისთვის. როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ბავშვების ცნობისმოყვარეობა ამ თემის გარშემო, ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრება.


- ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც პირველ რიგში შემიძლია მოგცეთ, ეს არის: იყავით გულახდილი, ნუ ღელავთ და დოზირებულად მიაწოდეთ ბავშვს ინფორმაცია. არასდროს დაარცხვინოთ და დასცინოთ. ის, თუ რა ინფორმაციას მიაწვდით და როგორ, არა მარტო თქვენი შვილის დამოკიდებულებას განსაზღვრავს მომავალში ამ საკითხისადმი, არამედ მის ბედნიერ, თუ არცთუ ისე ბედნიერ ინტიმურ ცხოვრებასაც. საერთოდ, კითხვა - "როგორ გავჩნდი?" - ძალიან მნიშვნელოვანია - პირველად ჩნდება 3-დან 5 წლამდე ასაკში და ეს ბავშვის ნორმალური განვითარების ნიშანია. მთავარია, მშობელმა სიმშვიდე შეინარჩუნოს და სიმართლე თქვას. თუ ის მზად არ არის სასაუბროდ, ჯობს უთხრას: ძალიან საინტერესო კითხვა დამისვი, დავფიქრდები და საღამოს ან ხვალ ერთად დავლიოთ ჩაი და ამ თემაზე ვისაუბროთ. მთავარია არ დააიგნოროს, არ გააჩეროს, არ უთხრას: "რა დროს შენი ეს კითხვებია?" და მსგავსი ფრაზები, რადგან ბავშვი მაინც გააგრძელებს კითხვაზე პასუხის მოძიებას, ოღონდ - სხვა ინსტანციებში. ინფორმაცია, რომ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვეს, ბავშვის ტვინში უარყოფითად ილექება. 8-დან, 9-დან 11 წლამდე ბავშვში ჩნდება ინტერესის მეორე ტალღა. ეს დიალოგი პირველი ინტერესის გამოვლენისას მიღებულ პასუხზე უნდა დაშენდეს, მაგრამ თუ არკვევს, რომ დედამ ან მამამ წარსულში სიმართლე არ უთხრა, მას მშობლის მიმართ აგრესია და ბრაზი უჩნდება, რადგან უკვე ნდობა აქვს დაკარგული და ის ემოციური სიახლოვე, რომელიც მშობლის მიმართ უნდა ჰქონდეს, იკარგება. აქედან გამომდინარე, მოზარდი ინფორმაციის მოძიებას იწყებს ინტერნეტით, თანატოლებსა და სხვადასხვა წყაროში, რომელიც არ იქნება ოჯახის ღირებულებების რეალობის შესაბამისი. მშობელს აქვს შესაძლებლობა, ბლოკი დააყენოს პორნოსაიტებზე, მაგრამ ესეც დროებითია. შესაბამისად, კარგი იქნება, როცა მოზარდი ამ სახის ინფორმაციას წააწყდება ინტერნეტში, ინფორმაციით აღჭურვილი დახვდეს, რომ პორნოფილმებში გადაჭარბებული, გაზვიადებული სცენებია და რეალობას არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, გოგონებსაც და ბიჭებსაც შეიძლება გაუჩნდეთ ძალიან ბევრი კომპლექსი, არასწორი ინფორმაცია ნორმის შესახებ, რაც შეიძლება იყოს როგორც სასქესო ორგანოების ზომით დაწყებული, ისე კონტაქტების რაოდენობითა და გზებით დამთავრებული.
- პორნოფილმების ნახვის შემდეგ ხომ არ ჩნდება ბავშვებში ერთგვარი ზიზღი მშობლებისადმი?
- დიახ, რადგან პორნოფილმებში სექსი ამაზრზენი ფორმით არის გადმოცემული და როცა ბავშვი ამ ყველაფერს უყურებს და წარმოიდგენს, როგორ გაჩნდა, შეიძლება ზიზღი და უარყოფა არა მხოლოდ მშობლების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც გაუჩნდეს. აქედან გამომდინარე, დეტალური აღწერა საჭირო არ არის, მაგრამ 3-5 წლის ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის სიყვარულის ნაყოფია, დედ-მამის უჯრედები გაერთიანდა დედიკოს მუცელში, ჩაისახა, 9 თვე იზრდებოდა და სამშობიარო გზით ან მუცლის გაჭრით ექიმმა ამოიყვანა. აქვე კიდევ ერთ, ბავშვისთვის ტრავმულ საკითხს შევეხები: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი მშობლების სექსუალურ აქტს შეესწრო? პირველ რიგში, ეს რომ არ მოხდეს, მასში უნდა აღვზარდოთ საკუთარი საზღვრების პატივისცემა. აქედან გამომდინარე, ბავშვის ოთახში დაკაკუნების გარეშე არასოდეს შევიდეთ, არა აქვს მნიშვნელობა, 3 წლისაა თუ მეტის. ამით მას ვასწავლით, რომ თვითონაც ასე უნდა მოიქცეს. თუ ეს მაინც მოხდა და სექსს შეესწრო, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ერთად ავუხსნათ, რომ ეს ნორმალური საქციელია, არის სიყვარულის აქტი და მამა დედას არაფერს ტკენს, არ ახრჩობს და ა.შ. თუ გავჩუმდებით და შეგვრცხვება, ბავშვი იფიქრებს, რომ რაღაც ცუდი ხდება და დაიძაბება.
GzaPress
- რამდენად სწორია, როცა მშობელი ბავშვს ეუბნება: "წერომ მოგიყვანა", "კომბოსტოში გიპოვეთ", "მაღაზიაში გიყიდეთ"?
- ამ ყველაფერს ჩვენს თანამედროვეობაში დაემატა - "ინტერნეტით გამოგიწერეთ". ეს მკვეთრად უარყოფითი ახსნაა. 3-5 წლამდე ბავშვისთვის მშობელი ავტორიტეტია და რასაც ამბობს, კრიტიკას არ ექვემდებარება. თუ ეუბნება, რომ "წერომ მოგიყვანა", ის ამას რეალურად წარმოიდგენს და თანატოლებთან პირველსავე ურთიერთობისას განიცდის სოციალიზაციის კრახს, რადგან სხვებისთვის ეს ინფორმაცია იქნება სასაცილო და შესაბამისად, ბავშვი დაცინვის ობიექტი გახდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ბევრ მშობელს აკლია განათლება ამ საკითხში. ისინი იმ თაობის შვილები არიან, როცა "საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო" და ამ თემაზე საუბარი რთულია. ბევრი მშობლისგან მსმენია: "ბავშვმა სექსზე რამე რომ მკითხოს, ალბათ მოვკვდები". იგივე ხდება სიტყვების განმარტებებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, ბავშვმა გაიგონა - "მსუბუქი ყოფაქცევის ქალი" - და მამას განმარტება მოსთხოვა. ჩემს ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა მსგავსი შემთხვევა 5 წლის შვილთან და კაცი დაიბნა. ავუხსენი, არ არის საჭირო დეტალები, უბრალოდ შეიძლება უთხრა, რომ ეს არის ქალი, რომელსაც გვერდით არ ჰყავს ერთი საყვარელი ადამიანი, არამედ - ბევრი; ხან ერთი უყვარს, ხან მეორე და ხან მესამე. ამით ინტერესი დაკმაყოფილდება და მას აღარ ექნება შინაგანი დაძაბულობა იმ საკითხის მიმართ, რომელიც არ იცის. 9 წლამდე ამ საკითხს აღარ მიუბრუნდება.
- რამდენად კარგია ეს თუ ცუდი, ანუ ამ თემის გავრცობა საჭირო არ არის?
- რა თქმა უნდა, კი, ამიტომ ისიც უნდა ვუთხრათ, რომ დედიკოს რომ მამიკო უყვარს, ეს ბევრად კარგია. ასე თანდათან ხდება ღირებულებების ჩამოყალიბება და როცა ის გაიზრდება, 14-15 წლის გახდება, მხოლოდ ტექნიკური საკითხები იქნება მასთან განსახილველი. ამ დროს მშობელს უკვე მაქსიმალური ჩართულობა მოეთხოვება. კარგი იქნება, თუ წინასწარ მოემზადება. საზღვარგარეთ უამრავი შესაბამისი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის. ბავშვები, რომლებსაც ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არა აქვთ, უფრო დიდი ალბათობით შეიძლება გახდნენ პედოფილისა და მოძალადის მსხვერპლი, ვიდრე ისინი, ვინც ინფორმაციას ფლობს. თუ ვიღაც ცდილობს მოზარდთან ურთიერთობის დამყარებას, ეს არასწორია და მაშინვე მიმართავს მშობელს ან სხვა ზრდასრულს. ეს უსაფრთხოებაცაა და ამით ჩვენს შვილებს დავიცავთ.
- ერთ მაგალითს გიამბობთ: დაწყებითი კლასის მოსწავლეები თანაკლასელთან შეიკრიბნენ; მასპინძელმა - 8-9 წლის ბიჭმა სტუმრებს პორნოფილმები ჩაურთო და შესთავაზა, მოზრდილებისთვის მიებაძათ. ნაწილი დათანხმდა, მეორე ნაწილს შერცხვა და ოთახი დატოვა. მშობლებმა შვილების მონაყოლით შეიტყვეს ამის შესახებ. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? მსგავსი ფაქტები თქვენთვის უცხო არ იქნება...
- ეს არის რეალური თამაშები, რაც პრინციპში, ნორმალურია და თუ ადამიანი გულწრფელი იქნება, აღიარებს, რომ ათიდან რვა-ცხრას მაინც, ბავშვობაში მსგავსი გამოცდილება ჰქონდა. კარგია, თუ ამ ასაკისთვის ბავშვს ექნება ინფორმაცია, რომ "ეს" უნდა გააკეთოს მხოლოდ საყვარელ ადამიანთან და თან - მას შემდეგ, როცა გაიზრდება. ამ შემთხვევაში, ბავშვი იოლად არ წამოეგება შეთავაზებას და არ ჩაერთვება თამაშში, რადგან მას უკვე ექნება საკუთარი ღირებულებების გარკვეული ჩანასახი, რომლითაც იხელმძღვანელებს.
ძალიან ბევრჯერ მოსულან ჩემთან ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც ბავშვობის მსგავსი გამოცდილება ტრავმის სახით აქვთ. მათ უკვე აქვთ სქესობრივი ცხოვრება, ზოგს - ქორწინებაში, ზოგს - ქორწინების გარეშე, მაგრამ ბევრი კომპლექსი აწუხებთ, რომელიც სათავეს ბავშვობიდან იღებს. სწორედ ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, რომ მშობელმა დროულად აუხსნას ბავშვს სექსის მნიშვნელობა, რათა შემდეგ, უკვე ზრდასრულმა, სექსის დროს არ იფიქროს, რომ კი უყვარს ადამიანი, მაგრამ მასთან მიუღებელი და ამაზრზენი რაღაცით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, ლაპარაკი აღარ არის სიამოვნებაზე, პირიქით - ყოველ ჯერზე, როცა ინტიმური ურთიერთობა აქვს, ეს მისთვის საკუთარ თავზე ძალადობაა. ხშირად გვიწევს ამგვარი ტრავმის გადამუშავება, რომ ადამიანს ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეს.
- ვფიქრობ, ასეთი ფაქტი ხშირი იქნება; ნაწილი სპეციალისტს მიმართავს, მაგრამ უფრო მეტი - არა მგონია...
- დიახ, ძალიან ხშირია. რაც უფრო დიდია ამ თემაზე შფოთვა, მით უფრო რთულია ფსიქოთერაპევტთან საუბარი. ჩვენს საზოგადოებას ჯერ არა აქვს ბოლომდე გააზრებული, რომ ფსიქოთერაპია არის საშუალება, გადაამუშაო შენი შინაგანი პრობლემები და პროცესები. "ფსიქოლოგმა რა უნდა მირჩიოს?!." - ხშირად მოისმენთ. ბევრს ჰგონია, რომ ფსიქოლოგი ტექნიკურ რჩევებს მისცემს, სინამდვილეში, ის შინაგანი შფოთვის, მიუღებლობის, აკრძალვებისა და შიშების მოხსნა-გადამუშავებაში გეხმარება.
- სექსთან დაკავშირებით, კიდევ რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს?
- ასევე ხშირია "ვაგინიზმი", მენჯისა და საშოს კუნთების უნებლიე შეკუმშვა, როცა სასქესო აქტი შეუძლებელი ხდება. ეს ძირითადად, პირველი აქტის შემთხვევაში ხდება, თუმცა ზოგი წყვილი რამდენიმე წელი ცხოვრობს ერთად და აქვთ სუროგატი და არ აქვთ ფიზიკურად სასქესო აქტი. ქალბატონს აქვს ტკივილის შიში. მიმართავენ ნევროლოგებს, სექსოლოგებს და ბოლოს - ფსიქოთერაპევტებს. როდესაც ვიწყებთ მუშაობას, აღმოვაჩენთ ხოლმე ღრმა ქვეცნობიერ აკრძალვას ინტიმურ ცხოვრებაზე, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ტრავმა, ღირებულებები და ა.შ. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის გადასაჭრელად გინეკოლოგი, სექსოლოგი, ფსიქოთერაპევტი ერთად უნდა მუშაობდნენ, მაგრამ რომ არ გაჩნდეს, სწორედ ამიტომაა აუცილებელი დროულად მშობლების ჩართულობა. ზრდასრულთა სექსუალური პრობლემების 80% მშობლების ტრავმიდან და აკრძალვებიდან მოდის.
- როგორც წესი, ადამიანებში, მით უფრო მოზარდებში "აკრძალული ხილისადმი სწრაფვა" დიდია. როგორ უნდა ავუხსნათ, რომ ადრეულ ასაკში სექსი, ორსულობა და პარტნიორების ხშირი ცვლა თავიდან ავარიდოთ?
- მოზარდებში, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, ორი სახის მოქმედება გვაქვს: დამორჩილება და ოპოზიციაში ყოფნა. გარდატეხის ასაკის გარკვეულ მონაკვეთში, მშობლის ავტორიტეტი ქარწყლდება და მისი ყველა აზრი უმნიშვნელო ხდება. დაუმორჩილებლობით, მოზარდი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს. ძალიან ხშირად, ინტიმური ცხოვრება არის ერთგვარი საპროტესტო აქცია მშობლების მიმართ. მოზარდი არ არის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მომზადებული ამ ყველაფრისთვის და სწორედ ამიტომ ვიღებთ ბევრ არასასურველ ფეხმძიმობას, სასქესო გზებით გადამდებ დაავადებებს და ა.შ. სწორედ ამიტომ არის საჭირო ბავშვის თავიდანვე მომზადება და მასთან ამ პრობლემებზე საუბარი. საკმაოდ ხშირად მოუყვანიათ ჩვენთან პატარა გოგონები, რომლებსაც აბორტის შემდეგ რთული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. მათ მშობლები აიძულებენ ფეხმძიმობის შეწყვეტას. მოზარდისთვის ეს დიდი ტრავმაა და სანამ ასე მოხდება, ბევრად უფრო მარტივია დავსხდეთ და ავუხსნათ, თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, როგორ დაიცვას თავი... მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ნდობა და ემოციური კავშირი იმ ადამიანთან, რომელიც ელაპარაკება, არა აქვს მნიშვნელობა სქესს და ეს უნდა ხდებოდეს ჩვეულებრივად, ისევე, როგორც ვესაუბრებით თავის მოვლაზე, ჩაცმულობაზე, სწავლაზე და ა.შ.
- სკოლებთან დაკავშირებით, თემა სადავოა, იქ სხვადასხვა ღირებულებისა და წარმომავლობის ადამიანები სწავლობენ, მაგრამ თქვენი აზრით, უნდა იყიდებოდეს და მასობრივად ვრცელდებოდეს საზოგადოებაში ლიტერატურა სექსუალური ცხოვრების შესახებ?
- რა თქმა უნდა, არა. ყველას ერთ ყაიდასა და წესზე ვერ აღვზრდით, რადგან ღირებულებები ოჯახიდან მოდის. არსებობენ მორწმუნე ოჯახები, რომლებსაც თავიანთი პრინციპები აქვთ, ასეთ ოჯახში გათხოვებამდე ან ცოლის მოყვანამდე ინტიმური ცხოვრება მიუღებელია. ურწმუნო ოჯახებში აბსოლუტურად თავისუფალია ეს თემა. გარდა ამისა, ზოგიერთ ბავშვს 12 წლამდე სულ არ აინტერესებს ეს საკითხი და ეს შეიძლება გახდეს მისთვის ზედმეტი, ამიტომ სკოლებში ამგვარი ლიტერატურის შეტანა საჭიროდ არ მიმაჩნია, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი ლიტერატურის გაყიდვა მოხდება და მშობლებს ინტერესი გაუჩნდებათ ასეთი წიგნებისადმი. მართლა ბევრი პრობლემაა ამ თემის გარშემო და ვფიქრობ, ამ გზით, თემის უკეთ გაცნობითა და პრობლემების გააზრებით, ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ტელესკოლის პედაგოგი, რომელსაც სამადლობელ წერილებს სწერენ
ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც ამერიკის ხელოვნების აკადემიაში სწავლის შანსი მიეცა
საბერძნეთში პოპულარული ჯორჯ გურენის გულახდილი ინტერვიუ
40 წლის მზევინარ ირემაძე ხულოში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელ ღორჯომში ცხოვრობს.
"შემოდგომის ყველაზე კარგი ფერები 20 ოქტომბრიდან იწყება"
75 წლის მამაკაცი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ეხმარება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.