მოხუცი მისტერ მასტერი
font-large font-small
მოხუცი მისტერ მასტერი
75 წლის მამაკაცი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ეხმარება

"კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?" - ილია ჭავჭავაძის ეს ლექსი ყველა ქართველისთვის ცხოვრების დევიზი უნდა იყოს, რადგან მასში სრული ჭეშმარიტებაა. მე განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ვცდილობ, მუდამ სიკეთე ვთესო, ადამიანებს დავეხმარო და ამით ბედნიერი ვარ", - ამბობს 75 წლის ქუთაისელი ჯონი მესხი. იგი ქალაქის "წითელი ჯვრის" მოხალისეა და წლებია, მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უანგაროდ ეხმარება - შინ აკითხავს, მათთვის საჭირო ნივთები მიაქვს და საოჯახო საქმეებშიც ეხმარება. ბატონ ჯონის უყვარს თავისი ქალაქი. უმეტესად ფეხით დადის და მისი გამოჩენა ყველას უხარია.

- ძირძველი ქუთაისელი გახლავართ, აქ დავიბადე და გავიზარდე. კოლორიტულ უბანში, თბილისის ქუჩაზე ვცხოვრობდი. მას ადრე ინტელიგენციის უბანს ეძახდნენ. ყველა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, სითბოთი და სიყვარულით იყვნენ ერთმანეთთან. ძალიან კარგი მეზობლობა გვქონდა. რომ იტყვიან, მეზობელი მეზობლის ხატიაო, მართლა ასეა, ძალიან ვაფასებთ ერთმანეთს. ამ უბანში განათლებული და წიგნიერი ხალხი ცხოვრობდა. თითქმის ყველა ექიმი იყო. მამაჩემი პროფესიით იურისტი გახლდათ, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მოსკოვში დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. დედა ბავშვთა ექიმი იყო. დედის მხრიდან ყველანი ექიმები არიან. ჩემი ძმაც ტრავმატოლოგია. მეც ვსწავლობდი ვორონეჟის სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ იქ ვერ გავძელი, იმდენად ვიყავი ოჯახს მიჯაჭვული, სხვა ქვეყანაში მარტო ყოფნა არ შემეძლო და ოჯახთან შეთანხმებით დავბრუნდი ჩემს სახლში. ბავშვობიდან ჩხირკედელაობა მიყვარდა. ჩემი ბებია და ბაბუა მდიდრები იყვნენ, საქართველოში ცნობილი მექუდეები. იტალიიდან და ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოჰქონდათ ქუდების შესაკერად საჭირო მასალები, რომელიც მერე ოქროზე იყიდებოდა. მათ ხშირად ვეხმარებოდი. დღემდე მახსოვს ბებიას პირველი საჩუქარი. ძვირად ღირებული ნორჩი ტექნიკოსის სამუშაო იარაღის კომპლექტი მაჩუქა და ამ საჩუქარმა შემდგომში პროფესიონალად ჩემს ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი ითამაშა. ყველა ხელსაქმე მეხერხება, ამიტომ ქუთაისში მისტერ მასტერს მეძახიან.
აქტიური ახალგაზრდა ვიყავი, კარგი მუსიკალური განათლება მივიღე, ვუკრავდი ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, გამოვდიოდი კონცერტებზე და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული ვარ დღემდე. დავამთავრე პროფესიული ინსტიტუტი და მედტექნიკაში ვმუშაობდი. დღემდე საქმიანობას ჩემს ქუთაისში ვაგრძელებ. აქ მართლაც ყველა მიცნობს. როგორც კი ქუჩაში გამოვჩნდები, გაიძახიან, ჯონი მისტერ მასტერი მოდისო და თუ ვინმეს რამე აქვს გასაკეთებელი, ყველაფერს ჩემთან მოარბენინებს. ყველაფერი გამომდის, ყველას ვეხმარები, სიკეთის კეთება მიყვარს.
- ბატონო ჯონი, "წითელი ჯვრის" მოხალისე ხართ. როგორ აღმოჩნდით ამ ორგანიზაციაში?
- როცა გავიგე, ჩამოყალიბდა "წითელ ჯვართან" არსებული ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი, იქ გავწევრდი და 2004 წლიდან ამ ცენტრში დავდივარ. ალბათ ერთადერთი მოხალისე მამაკაცი ვარ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და დავრდომილ მამაკაცებთან სახლში დავდივარ და ვეხმარები. ისინი ადრე ჩვენი ხანდაზმულთა ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ. სამწუხაროდ, ახლა არ შეუძლიათ გადაადგილება, მარტოხელები არიან, დამხმარეც არავინ ჰყავთ. ამჟამად 3 ასეთი მამაკაცი მყავს და მათზე ვზრუნავ. გაერთიანებული ვარ შინ მოვლის პროგრამაში, როგორც მოხალისე და თითოეულთან სახლში მივდივარ. იცით, რამ განაპირობა ჩემი ასეთი ქმედება? როგორც გითხარით, დედა ექიმი, პედიატრი გახლდათ, ომის ვეტერანი იყო, კაპიტნის წოდება ჰქონდა. ბევრი რამ ჰქონდა გადატანილი ომის დროს. 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, რომ იტყვიან, სიბერემდე სიქაჩლეო, ასე დაემართა. ეს უძლიერესი ქალი ჩემი მოსავლელი გახდა. ბოლო დროს უმწეო იყო და ხელით დამყავდა, ველოლიავებოდი, თავს ვევლებოდი. მას მერე მოხუცს რომ დავინახავ, სულ დედაჩემი მიდგება თვალწინ და მინდა, მათთვის სიკეთე ვაკეთო. ამბობენ, სიკეთეს თუ აკეთებ, ამას გველისგანაც სიკეთე მოსდევსო - სწორი ნათქვამია. ჩემი გაცემული სიკეთე ასჯერ მეტად მიბრუნდება თუნდაც იმით, რომ 75 წლის კაცი ვარ და კი არ დავდივარ, დავფრინავ. ენერგია და ჯან-ღონე მაქვს. ვმონაწილეობ ღონისძიებებში, ვმღერი, ვცეკვავ და ყოველდღე ვფიქრობ, ვის რა გავუკეთო კარგი, როგორ ადამიანებს დავეხმარო. ილიას სიტყვები ტყუილად კი არ გითხარით - კაცმა მართლა ყოველდღე უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, აბა, მე დღეს ვის რა ვარგეო? გაცემულ სიკეთეს კი მხოლოდ ღმერთი ითვლის.
GzaPress
- დაოჯახებული არ ყოფილხართ?
- სამწუხაროდ, მარტოხელა ვარ. ახალგაზრდა რომ ვიყავი, დაოჯახებაზე არ მიფიქრია. მაშინ მშობლები ძალიან ერეოდნენ შვილების ცხოვრებაში. მით უმეტეს, ჩემს დედას ისეთი რძალი უნდოდა ჰყოლოდა, რომლის მსგავსი ამ ქვეყანაზე მეორე არ იქნებოდა და მართლაც, ჩემთვის მეორე ნახევარი არ დაბადებულა. ვარ უცოლო, დაუოჯახებელი და ამაზე მწყდება გული. გვიანი სიყვარული კი მეწვია, გვიანზე გვიანი და აუსრულებელი. ჩვენთან სოციალურ ცენტრში ბევრი ქალბატონია გაუთხოვარი, ახლაც ამაყობენ, რომ ქალიშვილები არიან. მე ყველას ვურჩევ, ქალს თუ კაცს, აუცილებლად დაოჯახდეს, იპოვოს თავისი მეორე ნახევარი. მარტოხელობაზე უარესი ამქვეყნად არაფერია. კარგი იქნებოდა ოჯახი რომ შემექმნა. ქუთაისში რუსული სკოლა დავამთავრე. სკოლის პერიოდში ერთი გოგო მიყვარდა, სვეტა, მაგრამ ჩვენი გზები გაიყარა. მერე მუსიკალურში რომ ვსწავლობდი, კარგი ბიჭი ვიყავი და იქაც შევუყვარდი ერთ გოგოს. მეც მიყვარდა, მაგრამ მომტაცეს და დავრჩი საბოლოოდ მარტო, რაც ცუდია. ვფიქრობდი, ალბათ გამოჩნდება ვიღაცა-მეთქი და ვაპირებდი ოჯახის შექმნას, მაგრამ 75 წლის ადამიანს აწი ვინ გამომყვება?!. ალბათ იმასაც მკითხავთ, ვისი იმედი მაქვს სიბერეში?.. პირველ რიგში, ჩემი თავის, ჩემი გაკეთებული სიკეთეების და რაც მთავარია, მყავს არაჩვეულებრივი ძმა და ძმისშვილები, ჩემი ნინუცა და გიორგი, ძმის შვილიშვილი, პატარა მაშიკო. ღმერთმა მათი თავი არ მომიშალოს! მე ჯერ არ მჭირდება სხვების დახმარება.
- რომ მიდიხართ მარტოხელა მოხუცებთან, რას გეუბნებიან?
- ყველაზე დიდი წამალი მათთვის ადამიანის გამოჩენაა. წამალზე მეტად, ადამიანთან დალაპარაკება გვინდაო, ამბობენ... ძალიან უხარიათ, რომ დამინახავენ. როცა მივდივარ, მიმაქვს საკვები, მაწონი, "ბულკი"... სულ ცოტაც უხარიათ და ამით კმაყოფილდებიან. ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი, ზოგს - ხელი, თავის მოვლა უჭირთ. ხან წამალზე გავეგზავნები, ხან მაღაზიიდან რამეს მივუტან. გადასახადებს გადავუხდი, შეშას დავუჩეხავ და ასე გამოვიყვან გაჭირვებიდან. როცა მოვლა სჭირდებათ ფიზიკურად და თუ ამას მარტო მე ვერ ვახერხებ, მაშინ ჩვენი ამხანაგებიც წამომყვებიან და ერთად ვაკეთებთ. თუ ქალია მოსავლელი, მასთან ქალს შევუშვებთ, თუ კაცია - კაცს. სამრეცხაო გვაქვს დღის ცენტრში და იქ მიგვაქვს მათი სარეცხი. "წითელ ჯვარში" არაჩვეულებრივი, თბილი გარემოა, ლამარა გოქსაძე კარგი მენეჯერია. ყველას ძალიან უყვარს და რომ მივდივარ, მახვედრებს ამბავს, იმ დღეს ვის რა დახმარება სჭირდება და მეც ვერთვები ამ ფერხულში. ხან სათვალეებს ვარემონტებ, ხან - ქოლგებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. ფოტოხელოვნებაც შევისწავლე და ჩემი გადაღებული უამრავი ფოტოა "წითელ ჯვარში", რომელიც ჩვენს დღევანდელ ყოფას ასახავს.
დილის 7 საათზე ფეხზე ვარ. როცა ირიჟრაჟებს, მაშინვე მინდა გამოვვარდე გარეთ და დავეხმარო, ვისაც უჭირს. ძალიან მიყვარს ცენტრში ყოფნა. პიანინოზე მეც კარგად ვუკრავ, განსაკუთრებით მიყვარს სიმღერები ქუთაისსა და თბილისზე. ხშირად ჩვენს პიანისტს, მაყვალა დარასელიას ვეუბნები, რომ დაუკრას. ერთად ვმღერით და ვილამაზებთ დღეებს.
- ახლა პანდემიის დროს გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ქუჩაში სიარულისგან. თქვენც ასაკში ხართ და თქვენს ჯანმრთელობას თუ უფრთხილდებით?
- პირბადე მიკეთია, ხელთათმანებს ვიკეთებ და ისე გადავაადგილდები. სულ თან დამაქვს სადეზინფექციო ხსნარი და ხშირად ვიყენებ. ვერიდები ჯგუფურ შეკრებებს. თუ ჩემი მოხუცისთვის რამე მაქვს საყიდელი, უცებ შევალ მაღაზიაში, ვიყიდი და გამოვვარდები გარეთ, ხელებს სადეზინფექციო სითხით დავიმუშავებ. ჯანმრთელობას არ ვუჩივი. არასოდეს დამილევია ღვინო, არც სიგარეტი მომიწევია და ასე შემინარჩუნა ბუნებამ ჯანმრთელობა. ხომ ხედავთ, ახალგაზრდულად გამოვიყურები და როცა ჩემს ასაკს იგებენ, უკვირთ. ასაკი არ მეტყობა. ფეხით დავდივარ ძირითადად. დაღლასაც ვერ ვგრძნობ. თავს ყოველთვის ვუვლიდი. ვვარჯიშობდი, ადრე დავდიოდი მძლეოსნობაზეც, ფრენბურთს, კალათბურთს ვთამაშობდი.

ქალბატონი ლამარა გოქსაძე ქუთაისის "წითელი ჯვრის" ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის მენეჯერია. მისი თქმით, დღის ცენტრში მყოფები თვითონ ილამაზებენ დღეებს:
- ჩვენი სოციალური ცენტრი 2004 წლიდან ფუნქციონირებს. დიდი ბრიტანეთის "წითელი ჯვრის" კვლევის საფუძველზე შეიქმნა და ეს კვლევა ითვალისწინებდა ქუთაისში ხანდაზმულთა ცხოვრების პირობების შესწავლას. პირადად ამ კვლევის მონაწილე ვიყავი, როგორც სოციალური მუშაკი და 2004 წლიდან მენეჯერი ვარ. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია აქ მათი ყოფნა. არ მინდა ისე გაგვიგონ, თითქოს სიდუხჭირის გამო არიან ეს ადამიანები აქ. ეს არის თავშეყრის საუკეთესო ადგილი და მათთვის მართლა ყველა პირობაა შექმნილი, რომ ცხოვრება გაილამაზონ. აქ ახდენენ თავიანთი შესაძლებლობის რეალიზებას. შექმნილია სხვადასხვა საქმიანობის ჯგუფები: ჭრა, კერვა, ქსოვა, მოხალისეობა, ადვოკატირება, სანიტარიულ-ჰიგიენური და ა.შ. ვაწყობთ ლამაზ საღამოებს, გამოფენებს, ვიწვევთ ახალგაზრდებს და მიდის საუბრები ხანდაზმულებთან. დაგვყავს ისინი ექსკურსიებზე, იხდიან დაბადების დღეებს, რაც ყველაზე მეტად უხარიათ ხოლმე. დაბადების დღეს მათი ღვაწლის შესახებ ვსაუბრობთ. აქ მართლაც, ღვაწლმოსილი და საუკეთესო წარსულის ადამიანები არიან შეკრებილი. ბევრს ოჯახი აქვს, შვილები, შვილიშვილები ჰყავთ, მაგრამ აქ სიარული მაინც უყვართ, რადგან თანატოლებთან ერთად არიან და თავს მარტო არ გრძნობენ, სოციალურ იზოლაციაში არ არიან. ქუთაისში სულ 2 ხანდაზმულთა სოციალური ცენტრია და ამჟამად 186 ხანდაზმულია აქ გაწევრებული. მათი უმეტესობა ქალბატონია, მხოლოდ 55 მამაკაცია. ასაკის მიუხედავად, ვინც აქ დადის, ძალიან ჯანმრთელები არიან და კარგად გამოიყურებიან. 90 წელს გადაცილებული 8 ადამიანი გვყავს, მათგან ორი - 96 წლისაა; 80 წელს გადაცილებული 65 პირი დადის ჩვენთან. 16 წელია, ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ და საოცრად კარგი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ხანდაზმულებთან. ქალი თუ კაცი, ყველა მიყვება თავის გულისნადებს და ვისმენ მათი ცხოვრების საინტერესო ამბებს. ბევრი დაუოჯახებელია და ძალიან სწყდებათ გული, ოჯახები რომ არ შექმნეს. უმრავლესობა ძველ სიყვარულს მისტირის. სამწუხაროდ, მაშინ მშობლები მართლა ერეოდნენ შვილების ცხოვრებაში. ერთმა მიამბო, სოფელში ვცხოვრობდი და ჩემი შეყვარებული მემანქანე იყო, მისი მოსვლის დრო რომ ახლოვდებოდა, გამოვიდოდი სახლიდან, შემაღლებულზე დავდგებოდი, ხელში ცხვირსახოცი მეჭირა, ხელს დავუქნევდი, რომ გამოჩნდებოდა, ის იქიდან სიგნალს მომცემდაო... გულწრფელად უყვარდათ მაშინ, მართლა სუფთა და სპეტაკი გრძნობით... ყველა ასეა - ვცხოვრობთ წარსულის მოგონებებით. მათ შორის მეც ვიკვებები ჩემი მოგონებებით, ჩემი წარსულით, მეგობრებთან ურთიერთობით. ეს საუკეთესო წლები იყო. ადრე ვმუშაობდი ავტოქარხნის რაიაღმასკომში, ასევე ვკითხულობდი ლექციებს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. აქ ყველაფერზე მიდის მსჯელობა. მოვიფიქრე და წესად ვაქციე, აღდგომის წინადღეს ვაკეთებ გარდაცვლილთა მოხსენიების დღეს, მღვდელს ვიწვევ ჩვენს ოფისში და გარდაცვლილებს პანაშვიდს ვუხდით. გაოცდა მღვდელი, რამ მოგაფიქრებინაო?! 400 ცალ კოკორს ვაკეთებ და კვერცხებს ვღებავ ამ დღისთვის. ისეთი გახარებულები არიან, რადგან იციან, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და ჩვენც ვიღაც მოგვიხსენიებსო... არაჩვეულებრივი მეგობრობა იციან. როცა სახლში რძალთან აქვთ კონფლიქტი, სახლიდან გაბრაზებულები მიდიან და მეგობართან რჩებიან. გვინდა, დროებითი თავშესაფარიც გვქონდეს ასეთი შემთხვევებისთვის. ამას წინათ, ახალგაზრდა კაცი მირეკავს, მეუბნება, - ქალბატონო ლამარა, იქნებ დამეხმაროთ და დედა მომაძებნინოთ; 2 დღეა, სახლიდან გავიდა და ვერსად ვპოულობო. ბიჭი ძალიან ნერვიულობდა. ცრემლები მომდის ახლაც, რომ ვიხსენებ, ძალიან განიცდიდა და არც ის დაუმალავს, რომ დედას მის ცოლთან კონფლიქტი მოუხდა: რაღაც ფილმს უყურებდა დედაჩემი, ჩემს ცოლს გადაურთავს და ამის გამო შეიქნა დიდი ამბავი, ავდექი და გაბრაზებულმა ტელევიზორს ფეხი ვკარი, დავამსხვრიე; ცოლმა კი მიტლიკინა ენა, მაგრამ დედაჩემმა ჩუმად, ხმაამოუღებლად დაიხურა ქუდი, სახლიდან გავიდა და ვერ ვპოულობო. დედა ვაპოვნინე - ჩვენმა ბენეფიციარმა შეიფარა თურმე. შვილმა მიაკითხა და რომ მიჰყავდა, მითხრა, - პირობას გაძლევთ, დედას ენას არ შევუბრუნებ არასოდეს და გულს არ ვატკენო...
ყველას შევახსენებდი ოთარ ჭილაძის სიტყვებს, - ფრთხილად, ახალგაზრდებო, წინ სიბერეა. ყველამ უნდა იზრუნოს თავის მოხუცზე და იმაზე, რომ ერთმანეთს გული არ ატკინონ. ძალიან მნიშვნელოვანია ხანდაზმულების უფლებების დაცვა. ხშირად ცდილობენ მათ მოტყუებას, მაგრამ ჩვენ ვეხმარებით, რომ ეს არ მოხდეს. ერთი პენსიონერი, რუსი ეროვნების მარტოხელა მოხუცი ქალბატონი დაიმტვრა; არ უკეთებდნენ ოპერაციას, მძიმედ იყო და თავზე ვადექი. მერე გაუკეთდა ოპერაცია და ამ ქალბატონს მისმა დაქალმა მომვლელი უპოვა. თურმე იმ ქალმა რაღაც გზებით მოახერხა და ავადმყოფი მოხუცის ბინა ჩუმად გადაიფორმა. როცა გამოჯანმრთელდა, აღმოაჩინა, რომ ბინა მისი აღარ იყო. ჩვენ დავეხმარეთ და ეს ბინა სასამართლოს გზით დავუბრუნეთ. ასეთი ფაქტებიც ხდება და ვცდილობთ, ხანდაზმულებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ. ყველას მოვუწოდებ, მხარში ამოუდგეთ ერთმანეთს, სულიერად გავამხნევოთ. გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ ყველა მოხუცის გაჭირვება. სიკეთე გადაარჩენს ადამიანს და დიდი სიამოვნებაა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა, ყურადღების გამოჩენა.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო სწყდება გული პედაგოგად და ფეხბურთელად დაბადებულ თამაზ ჯავახიშვილს
ახლახან ნათელა იანქოშვილის ერთი მხატვრის მუზეუმმა საქართველოს თანამედროვე მხატვართა საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლა.
ქართველი მხატვრის კიდევ ერთი წარმატება საზღვრებს მიღმა
წარმატებული კარიკატურისტის გამარჯვებები და... სატკივარი
თუ გინდა იყო ბედნიერი, გააშენე ბაღი
"შემეცვალა აზრი, მეტად დავაფასე საკუთარი ქვეყანაც და ქართველი ბიჭებიც..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.